გაბრიელ გარსია მარკესი

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გაბრიელ გარსია მარკესი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გაბრიელ გარსია მარკესი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

გაბრიელ ხოსე დე ლა კონკორდია გარსია მარკესი (ესპ. Gabriel José de la Concordia García Márquez; დ. 6 მარტი, 1927, არაკატაკა — გ. 17 აპრილი 2014, მეხიკო) — კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, გამომცემელი, ლათინურ ამერიკაში სიყვარულით ცნობილი, როგორც გაბო. მიჩნეულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად. 1972 წელს მან მიიღო ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, 1982 წელს კი ნობელის პრემია ლიტერატურაში.[23] იგი მხარს უჭერდა თვითგანათლებას, რაც იმით დასრულდა, რომ სამართლის სკოლას თავი დაანება და ჟურნალისტური კარიერის გაკეთებას შეუდგა. ამ სფეროში, საწყის ეტაპზე, აკრძალვების გარეშე აკრიტიკებდა კოლუმბიისა და უცხოურ პოლიტიკას. 1958 წელს მარკესი დაქორწინდა მერსედეს ბარჩაზე; მათ ორი ვაჟი შეეძინათ — როდრიგო და გონსალო.[24]

გაბრიელ გარსია მარკესი
ესპ. Gabriel García Márquez
დაბადების თარიღი 6 მარტი, 1927(1927-03-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი არაკატაკა[11]
გარდაცვალების თარიღი 17 აპრილი, 2014(2014-04-17)[14] [15] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] [10] [11] [12] [13] (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი მეხიკო[16] [11]
საქმიანობა რომანისტი, ნოველისტი, ჟურნალისტი[8] , დრამატურგი, მწერალი[8] [11] [12] , გამომცემელი, პოეტი ადვოკატი, ავტობიოგრაფი, სცენარისტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი[17]
ენა ესპანური ენა
მოქალაქეობა  კოლუმბია
ალმა-მატერი National University of Colombia
ჟანრი რომანი
Magnum opus მარტოობის ასი წელიწადი, პატრიარქის შემოდგომა, სიყვარული ჟამიანობის დროს, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, The Story of a Shipwrecked Sailor და პოლკოვნიკს არავინ სწერს
ჯილდოები ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია[18] , რომულო გალიეგოსის პრემია, Common Wealth Award of Distinguished Service, საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, ნობელის პრემია ლიტერატურაში[19] , Premio Nacional de Periodismo Simón Bolívar, Order of the Aztec Eagle, Orden al Mérito Docente y Cultural Gabriela Mistral, საპატიო ორდენი და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[20]
მეუღლე მერსედეს ბარჩა პარდო[21]
შვილ(ებ)ი როდრიგო გარსია[22]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

მას შემდეგ, რაც გარსია მარკესმა ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, წერდა ბევრ ხმაურიან არამხატვრულ ნაშრომსა და მოთხრობას. თუმცა, იგი უფრო ცნობილია თავისი რომანებით, როგორებიცაა „მარტოობის ასი წელიწადი“ (1967), „პატრიარქის შემოდგომა“ (1975) და „სიყვარული ჟამიანობის დროს“ (1985). მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია და ფართომასშტაბიან კომერციული წარმატებას მიაღწია, ძირითადად ლიტერატურის იმ სტილის პოპულარიზაციისთვის, რომელსაც მაგიური რეალიზმი უწოდეს. ეს სტილი ჩვეულებრივ, რეალისტურ სიტუაციებთან ერთად იყენებს მაგიურ ელემენტებსა და მოვლენებს. მარკესის ზოგიერთი ნამუშევრის მოქმედება ხდება გამოგონილ სოფელ მაკონდოში (რომელიც ძირითადად შთაგონებულია მარკესის მშობლიურ ქალაქ არაკატაკათი) და მათი უმრავლესობა მარტოობის თემატიკას მიჰყვება.

2014 წლის აპრილში მწერლის გარდაცვალების შემდეგ, კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მარკესს უწოდა „ყველა დროის ყველაზე დიდი კოლუმბიელი“.[25]

ბიოგრაფია

ადრეული ცხოვრება

 
გარსია მარკესის ბილბორდი არაკატაკაში: „თავს ლათინური ამერიკის ყოველი ქვეყნის შვილად მივიჩნევ, მაგრამ მუდამ თან მდევს ჩემი მშობლიური არაკატაკის ნოსტალგია, სადაც, ერთ მშვენიერ დღესაც მე დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ ჩემი სამუშაოს ნედლი მასალა რეალობასა და ნოსტალგიას შორის იყო“, — გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ გარსია მარკესი დაიბადა კოლუმბიაში, მაგდალენას დეპარტამენტის პატარა ქალაქ არაკატაკაში, 1927[26] წლის 6 მარტს, გაბრიელ ელიხიო გარსიასა და ლუისა სანტიაგა მარკესის ოჯახში.[27] მისი დაბადებიდან სულ მალე, მამამისი ფარმაცევტი გახდა და მეუღლესთან ერთად ქალაქ ბარანკილიაში გადავიდა, პატარა გაბიტო კი არაკატაკაში დატოვა.[28] მისი აღზრდა დედის მხრიდან პაპა-ბებიამ, დონია ტრანკილინა იგუარანმა და გენერალმა ნიკოლას რიკარდო მარკეს მეხიამ ითავეს.[29] 1936 წლის დეკემბერში, მამამისმა გაბრიელი და მისი ძმა ქალაქ სინსეში გადაიყვანა, 1937 წლის მარტში კი პაპა გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ოჯახი თავდაპირველად ბარანიკილიაში ბრუნდება, შემდეგ კი სუკრეში გადადის, სადაც მამამისმა ფარმაცევტად დაიწყო მუშაობა.[30]

როდესაც მის მშობლებს ერთმანეთი შეუყვარდათ, მათ ურთიერთობას წინააღმდეგობა შეხვდა ლუისა სანტიაგა მარკესის მამის მხრიდან. გაბრიელ ელიხიო გარსია არ იყო იმ ტიპის კაცი, რომელსაც გენერალი თავისი ქალიშვილის გულის სწორად ისურვებდა. ელიხიო გარსია კონსერვატორი იყო და მექალთანის რეპუტაციით სარგებლობდა.[31][32] იგი ლუისას უძღვნიდა სასიყვარულო სერენადებს, ლექსებს, აურაცხელ წერილს. მას შემდეგ კი, რაც მამამისმა ლუისა წყვილის დაშორების მიზნით სხვაგან გაგზავნა, გაბრიელ ელიხიო სატელეგრაფო წერილებსაც სწერდა. მშობლები შეყვარებული მამაკაცის მოსაშორებლად ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ უკვე აშკარა იყო, რომ გულგრილი არც მათი ქალიშვილი იყო.[31] ამის შემდეგ, ოჯახმა ლუისას გაბრიელზე გათხოვების უფლება მისცა[33][34] (ამ ტრაგიკომიკურ ისტორიაზე დაყრდნობით, მოგვიანებით მათმა შვილმა დაწერა რომანი „სიყვარული ჟამიანობის დროს“[32][35]).

რამდენადაც ცხოვრების საწყის ეტაპზე გარსია მარკესის მშობლები მისთვის მეტნაკლებად უცნაურები იყვნენ,[36] გაბრიელის ადრეულ განვითარებაზე ძლიერი გავლენა იქონიეს პაპა-ბებიამ.[37][38] პაპამისი, რომელიც მას „პაპალელოს“ ეძახდა,[37] ათასდღიანი ომის ლიბერალი ვეტერანი იყო.[39] კოლუმბიელი ლიბერალების მიერ ეს გენერალი გმირად იყო შერაცხილი და დიდი პატივით სარგებლობდა.[40] იგი კარგად იყო ცნობილი თავისი უარით სიჩუმე შეენარჩუნებინა ე. წ. ბანანის ხოცვა-ჟლეტის ფაქტზე, რაც იმ პერიოდში მოხდა, როდესაც გარსია მარკესი დაიბადა.[41] გენერალი, რომელსაც გაბრიელი აღწერდა, როგორც „მთავარ სიმს ისტორიითა და რეალობით“,[42] ამავე დროს შესანიშნავი მთხრობელიც იყო.[43] იგი გარსია მარკესს ლექსიკონიდან გაკვეთილებს უტარებდა, ყოველ წელს ცირკში დაჰყავდა; სწორედ იგი იყო ის ადამიანი, რომელმაც შვილიშვილს პირველად აჩვენა ყინული — United Fruit Company-ს მაღაზიაში მოთავსებული „სასწაული“.[44] დროგამოშვებით ის თავის ახალგაზრდა შვილიშვილს იმასაც უყვებოდა, რომ „შენ არ შეგიძლია წარმოიდგინო, რამდენს იწონის მკვდარი ადამიანი“,[45][46] — ეს იყო გაკვეთილი, რომელიც შემდეგ გარსია მარკესმა თავის რომანებს შეურწყა.

 
გარსია მარკესის სახლ-მუზეუმი მის მშობლიურ ქალაქ არაკატაკაში, კოლუმბია

გარსია მარკესის პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვები პაპამისის მიერ მოყოლილი ამბებით ჩამოყალიბდა.[45] ამის შესახებ მარკესი თავის მეგობარ პლინიო აპულეიო მენდოსას ინტერვიუშიც უყვებოდა: „ჩემი გენერალი პაპა ლიბერალი იყო. ჩემი პოლიტიკური შეხედულებების დასაწყისი ალბათ მისგან მომდინარეობს, რადგან პატარაობისას, ჯადოსნური ზღაპრების ნაცვლად, მიყვებოდა ბოლო სამოქალაქო ომის შემაძრწუნებელ ამბებს, ომისა, რომელშიც თავისუფლად მოაზროვნენი და ანტი-კლერიკალები კონსერვატორულ მთავრობას ებრძოდნენ“.[47][48] ამან იმდენად იმოქმედა მის პოლიტიკურ შეხედულებებსა და ლიტერატურულ ტექნიკაზე, რომ „ამავე დროს მისი სამწერლობო კარიერა ჩამოყალიბდა კოლუმბიური ლიტერატურის სტატუს-კვოს საგრძნობი ოპოზიციის სახით, გარსია მარკესის სოციალისტური და ანტი-იმპერიალისტური ხედვები მტკიცე წინააღმდეგობაშია შეერთებული შტატების მიერ გაბატონებულ გლობალურ სტატუს-კვოსთან“.[49]

გარსია მარკესის აღზრდაში, ასევე, დიდ როლს თამაშობდა მისი ბებია, დონია ტრანკილინა იგუარან კოტასი.[50] მისი წყალობით, სახლი სავსე იყო აჩრდილების, წინათგრძნობებისა და მომასწავებელი ნიშნების ისტორიებით,[51] რომელსაც მისი ქმარი გულომდგინედ უგულებელყოფდა.[37] გარსია მარკესის თანახმად, ის იყო „რეალობის მაგიური, ცრურმორწმუნეობრივი და ზებუნებრივი ხედვების წყარო“.[42] მას დიდად ართობდა ბებიამისის მიერ ამბების თხრობის უნიკალური მეთოდი. რაც არ უნდა დაუჯერებელი ამბავი ყოფილიყო, ის მას ისე წარმოაჩენდა, როგორც შეუვალ ჭეშმარიტებას. ამ უემოციო სტილმა, ოცდაათი წლის შემდეგ, ძლიერი ასახვა ჰპოვა მისი შვილიშვილის ყველაზე პოპულარულ რომანში „მარტოობის ასი წელიწადი“.[52]

ჟურნალისტის კარიერა

გარსია მარკესმა ჟურნალისტის კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ის კოლუმბიის ეროვნულ უნივერსიტეტში სამართალს სწავლობდა. 1948 და 1949 წლებში იგი კარტახენის გაზეთ El Universal-ში წერდა. შემდეგ, 1950-დან 1952 წლამდე ბარანკილიის გაზეთ El Heraldo-ში აკეთებდა „უცნაურ“ სვეტს ვინმე „სეპტიმუსის“ სახელით.[53] მარკესი El Heraldo-ში მუშაობის პერიოდს შემდეგნაირად იხსენებს: „ვწერდი ნაწყვეტებს და ისინი ამაში სამ პესოს მიხდიდნენ, ხოლო სარედაქციო წერილში კიდევ დამატებით სამს“.[54] ამ პერიოდში ის ჟურნალისტებისა და მწერლების არაფორმალური ჯგუფის აქტიური წევრი გახდა, რომელსაც ბარანკილიის ჯგუფს ეძახდნენ. ეს იყო ასოციაცია, რომელმაც მას ლიტერატურულ კარიერაში დიდი მოტივაცია და შთაგონება მისცა. იგი მუშაობდა ისეთ სულისჩამდგმელ ფიგურასთან, როგორიც იყო რამონ ვინიესი, რომელიც მარკესმა შემდეგში, „მარტოობის ას წელიწადში“ კატალონიელ წიგნების მაღაზიის მფლობელად წარმოსახა.[55] ამავე პერიოდში, გარსია მარკესი ასევე გაეცნო ისეთი მწერლების ნამუშევრებს, როგორებიც იყვნენ ვირჯინია ვულფი და უილიამ ფოლკნერი. ფოლკნერის თხრობის ტექნიკამ, ისტორიულმა თემებმა და სასოფლო დასახლებების გამოყენებამ მრავალ ლათინოამერიკელ მწერალზე მოახდინა გავლენა.[56] ბარანკილიის გარემომ გარსია მარკესს მსოფლიო დონის ლიტერატურული განათლება მისცა და კარიბულ კულტურაში უნიკალური პერსპექტივა ჩამოუყალიბა. 1954-დან 1955 წლამდე მარკესმა დრო ბოგოტაში გაატარა, სადაც რეგულარულად წერდა ბოგოტურ გაზეთ El Espectador-ისთვის. იგი ძირითადად დაკავებული იყო ფილმების კრიტიკით, რამაც მას ფილმებისადმი ინტერესი აღუძრა.

1957 წლის დეკემბერში გარსია მარკესი კარაკასის გაზეთ El Momento-ში მუშაობას დათანხმდა. ამავე წლის 23 დეკემბერს ის ვენესუელის დედაქალაქში ჩავიდა და მუშაობას შეუდგა. ის ასევე ეხმარებოდა ვენესუელის 1958 წლის პუტჩს, რის შედეგადაც პრეზიდენტი მარკოს პერეს ხიმენესი დაამხეს. ამ მოვლენის შემდეგ, მარკესმა დაწერა სტატია „სამღვდელოების მონაწილეობა ბრძოლაში“, რომელშიც აღწერს ვენესუელის ეკლესიის ბრძოლას პრეზიდენტ ხიმენესის რეჟიმის წინააღმდეგ. 1958 წლის მარტში მარკესი კოლუმბიაში გაემგზავრა, სადაც ის მერსედეს ბარჩაზე დაქორწინდა და შემდეგ ისინი ერთად დაბრუნდნენ კარაკასში.

ჩაძირული მეზღვაურის ამბავი

გამოცემა El Espectador-ისთვის ადგილობრივად დაწერილი ბოლო სარედაქციო წერილი იყო ახალი ამბების სტილის 14 სტატია,[55][57] რომლებშიც მან გამოააშკარავა დამალული ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ჩაიძირა კოლუმბიის ფლოტის ხომალდი „რადგან მასზე არსებულმა დიდი რაოდენობის ცუდად დაწყობილმა კონტრაბანდულმა ტვირთებმა გემბანი დააზიანა“.[58] მარკესმა ამბავი იმ ახლაგაზრდა მეზღვაურთან ინტერვიუთი დაასრულა, რომელიც გემის ჩაძირვისას ცოცხალი გადარჩა.[57] სტატიის გამოქვეყნებას სახალხო დაპირისპირება მოჰყვა, რადგან მას ეჭვი შეჰქონდა ამ მოვლენასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც გემის ჩაძირვის მიზეზი შტორმი იყო.

გამოწვეული მღელვარების შემდეგ, El Espectador-მა გარსია მარკესი ევროპაში, უცხოეთის კორესპონდენტად გააგზავნა.[59] თუმცა, მას მუშაობა გაზეთ El Independiente-სთვის მოუხდა, რომელმაც ხელისუფლებაში გენერალ გუსტავო როხას პინილიას სამხედრო მთავრობის მოსვლის შემდეგ უმალ ჩაანაცვლა El Espectador-ი,[60] სულ მალე კი მთავრობამ ისიც დახურა.[56] გარსია მარკესის ჟურნალისტური წარსული მის სამწერლობო კარიერაში ფუნდამენტური ბაზისი აღმოჩნდა. როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი ბელ-ვილიადა აღნიშნავს, „ჟურნალისტური გამოცდილების წყალობით, გარსია მარკესი ამჟამად მცხოვრებ ყველა მწერალზე დიდებულია, ერთადერთია, რომელიც ყველაზე ახლოსაა ყოველდღიურ რეალობასთან“.[61]

QAP

გარსია მარკესი ახალი ამბების კოლუმბიური რადიოსადგურ QAP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელიც 1992-1997 წლებში მაუწყებლობდა.[62] ის პროექტს მას შემდეგ შეუერთდა, რაც სარედაქციო და ჟურნალისტური დამოუკიდებლობის პირობა მიიღო.

ქორწინება და ოჯახი

გარსია მარკესი მომავალ მეუღლე მერსედეს ბარჩას მაშინ შეხვდა, როცა ეს უკანასკნელი კოლეჯის სტუდენტი იყო. წყვილმა ქორწინება იმ დროისთვის გადაწყვიტა, როცა მერსედესი სასწავლებელს დაამთავრებდა. თუმცა, ამ პერიოდში გაბრიელი საზღვარგარეთის კორესპონდენტის ამპლუაში ევროპაში გაგზავნეს და მერსედესი მის დაბრუნებას ბარანკილიაში ელოდა. ბოლოს, ისინი 1958 წელს დაქორწინდნენ.[63][64] მომდევნო წელს წყვილს პირველი ვაჟი, როდრიგო გარსია შეეძინა, რომელიც ამჟამად სატელევიზიო და კინორეჟისორია.[64] 1961 წელს ოჯახი გრეიჰაუნდის ხაზების ავტობუსით სამოგზაუროდ გაემგზავრა სამხრეთ შეერთებულ შტატებში, საბოლოოდ კი მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში დასახლდა.[65] მარკესს მუდმივად სურდა შეერთებული შტატების სამხრეთი ნაწილის მონახულება, რადგან უილიამ ფოლკნერის ნაწერებით იყო შთაგონებული.[66] სამი წლის შემდეგ, მეხიკოში წყვილს მეორე ვაჟი — გონსალო შეეძინა.[67] გონსალო ამჟამად გრაფიკული დიზაინერია მეხიკოში.[66]

ფოთოლცვენა

„ფოთოლცვენა“ (La Hojarasca) გაბრიელ გარსია მარკესის პირველი ნოველაა, რომლის დასაბეჭდადაც გამომცემელს ის შვიდი წლის მანძილზე ეძებდა; საბოლოოდ ნაწარმოები 1955 წელს დაიბეჭდა.[68] როგორც მარკესი აღნიშნავს, „მათ შორის, რაც კი მას დაუწერია (1973 წლისთვის), ფოთოლცვენა მისთვის ყველაზე საყვარელი იყო, რადგან ის გრძნობდა, რომ ეს ნოველა ყველაზე გულწრფელი და სპონტანური იყო“.[69] მთელი ნოველის მოქმედება ერთ ოთახში ხდება, 1928 წლის 12 სექტემბერს, ოთხშაბათი დღის ნახევარი საათის მანძილზე. ეს არის მოხუცი გენერლის ისტორია (მარკესის პაპის მსგავსის), რომელიც ცდილობს ჩვეული ქრისტიანული წესით დაასაფლაოს არაპოპულარული ფრანგი ექიმი. გენერალს მხარს მხოლოდ ქალიშვილი და უფროსი ვაჟი უჭერენ. ნოველა იკვლევს ბავშვის პირველ გამოცდილებას სიკვდილთან მიმართებაში, რასაც მოსდევს მისი შემდგომი ცნობიერების ნაკადი. ნოველა ასევე ააშკარავებს გენერლის ქალიშვილის, ისაბელას პერსპექტივას, რომელიც ფემინისტური ხედვებითაა განმსჭვალული.[55]

მარტოობის ასი წელიწადი

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარსია მარკესი თვრამეტი წლის იყო, სურდა დაეწერა რომანი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა თავის პაპა-ბებიის სახლის ამბებზე, სადაც ის გაიზარდა. იგი მტკიცედ განაგრძობდა ბრძოლას აზრებთან, ფიქრობდა წერის ხელსაყრელ სტილსა და იდეაზე. ერთ დღესაც, მან ამ ყველაფერზე პასუხი მაშინ მიიღო, როდესაც ოჯახთან ერთად მანქანით აკაპულკოსკენ მიემართებოდა. მარკესმა მანქანა გზიდან მოატრიალა და ოჯახი სახლში დაბრუნდა, რათა მას წერა დაეწყო. ავტომობილიც გაყიდა, რადგან იმ პერიოდში, როცა ის წერით იქნებოდა დაკავაბული, ოჯახს საარსებოდ ფული ესაჭიროებოდა. მაგრამ რომანმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ის ვარაუდობდა, თვრამეტი თვის მანძილზე მარკესი ყოველდღე წერდა. მისი მეუღლე საკვებს ნისიად იღებდა, ბინის მეპატრონისთვის კი ცხრა თვის ქირა დაუგროვდათ გადასახდელი.[70] მას შემდეგ, რაც 1967 წელს წიგნი დაიბეჭდა, იგი მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული რომანი გამოდგა — მარტოობის ასი წელიწადი; გაიყიდა ნაწარმობის დაახლოებით 30 მილიონი ასლი.[71] სიუჟეტი აღწერს ბუენდიების ოჯახის რამდენიმე თაობის ქრონიკებს, იმ დროიდან, რაც მათ ფიქციური სამხრეთამერიკული სოფელი მაკონდო დააარსეს, მათ ცხოვრებას და სირთულეებს, ინცესტის მაგალითებს, დაბადებებსა და გარდაცვალებებს. კრიტიკოსების მიერ მაკონდო ხშირად განზოგადებულია ლათინური ამერიკის სასოფლო დასახლებებთან ან მარკესის მშობლიურ ქალაქ არაკატაკასთან.[72][73]

რომანმა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა, ავტორს კი 1972 წელს ნობელისა და რომულო გალიეგოსის პრემიები მოუტანა. რომანს ამერიკელი მწერალი უილიამ კენედი უწოდებდა „პირველ ლიტარატურულ ნაწარმოებს, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, „დაბადების“ შემდეგ, რომელიც მთელმა კაცობრიობამ უნდა წაიკითხოს“.[74] „მარტოობის ასი წელიწადის“ საპასუხოდ გამოქვეყნდა ლიტერატურული კრიტიკის ასობით სტატია და წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა მრავალი აღიარება მოიპოვა, გარსია მარკესს მის წარმატებაში მაინც ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ მან შენიშნა: „ბევრ კრიტიკოსს ავიწყდება, რომ ისეთი რომანი, როგორიცაა „მარტოობის ასი წელიწადი“, სულ მცირედითაა ოხუნჯობა, მაგრამ სავსეა ახლო მეგობრობის სიგნალებით; აქედან გამომდინარე, წიგნის შეფასებასთან ერთად, ისინი იღებენ მისი შიგთავსის გაშიფვრის პასუხისმგებლობას და საკუთარი თავების გასულელების რისკს.[73]

სახელის მოხვეჭა

 
გარსია მარკესი ავტოგრაფს ტოვებს „მარტოობის ასი წელიწადის“ ასლზე. ჰავანა, კუბა.
 
სამახსოვრო აბრა პარიზში, Hôtel des 3 Collèges-ში, სადაც 1956 წელს ცხოვრობდა მარკესი

„მარტოობის ასი წელიწადის“ დაწერის შემდეგ, მარკესი ევროპაში დაბრუნდა და მომდევნო წელი ოჯახთან გაატარა, ესპანეთში, ბარსელონაში.[67] რომანის გამოქვეყნებამ მარკესს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ის, როგორც ფასილიტატორი ჩართულიყო რამდენიმე მოლაპარაკებაში კოლუმბიის მთავრობასა და პარტიზანებს შორის, მათ შორის ყოფილ 19 აპრილის მოძრაობასთან (M-19), კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან (FARC) და ეროვნულ-განმანთავისუფლებელ არმიასთან.[75][76] გარდა ამისა, მისი ნაწარმოების პოპულარობამ მარკესს შესძინა მრავალი მეგობარი, მათ შორის ძლევამოსილი ლიდერები, ისეთები, როგორებიც იყვვნენ კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო, რაც აღწერილია ნაწარმოებში „გაბო და ფიდელი: მეგობრობის პორტრეტი“.[77] ამავე პერიოდში, 1976 წელს, მეხიკოში, ერთ-ერთ საღამოზე პერუელმა მწერალმა მარიო ვარგას ლიოსამ მარკესს სახეში მუშტი ჩაარტყა, რაც მათ შორის და ზოგადად თანამედროვე ლიტერატურაში ერთ-ერთი უდიდესი მტრობის მიზეზი გახდა. ისინი ერთნამეთს 30 წლის მანძილზე არ ეპლაპარაკებოდნენ. 1982 წელს, ჟურნალისტ კლაუდია დრეიფუსთან ინტერვიუში მარკესი აღნიშნავს, რომ მისი მეგობრობა კასტროსთან ძირითადად ლიტერატურაზეა დამყარებული: „ჩვენ ინტელექტუალური მეგობრები ვართ. შესაძლოა ფართო საზოგადოებისთვის ეს ნაკლებ ცნობილია, მაგრამ ფიდელი ძალიან კულტურული ადამიანია. როცა ჩვენ ერთად ვართ, აურაცხელს ვლაპარაკობთ ლიტერატურაზე“.[78] ამ ურთიერთობას 1992 წელს გამოცემულ მემუარებში (Antes de que Anochezca - დაღამებამდე) აკრიტიკებდა კუბელი დევნილი მწერალი რეინალდო არენასი.[79]

იმის გამო, რომ გარსია მარკესი დაუფარავად საუბრობდა ამერიკის შეერთებული შტატების იმპერიალისტურ ზრახვებზე, მრავალი წლის მანძილზე, აშშ-ის იმიგრაციის სამსახურის მიერ მასზე ვიზის გაცემა აკრძალული იყო.[80] მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად ბილ კლინტონი აირჩიეს, მან მარკესის შესვლაზე აკრძალვა მოხსნა და „მარტოობის ასი წელიწადი“ თავის საყვარელ რომანად გამოაცხადა.[81]

პატრიარქის შემოდგომა

მას შემდეგ, რაც მარკესის თვალწინ მოხდა ვენესუელის დიქტატორის — მარკოს პერეს ხიმენესის დამხობა და გაქცევა, მწერალმა გადაწყვიტა დაეწერა დიქტატორული რომანი (ლათინოამერიკული ლიტერატურის ჟანრი). როგორც ის იხსენებს, „ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან ლათინურ ამერიკაში დიქტატორის დამხობა იხილა“.[82] 1968 წელს მარკესმა „პატრიარქის შემოდგომის“ (El otoño del patriarca) წერა დაიწყო და დასრულებას 1971 წლისთვის ვარაუდობდა, თუმცა, რომანის დახვეწა-შელამაზებას ის უფრო დიდხანს მოუნდა და საბოლოოდ, წიგნი 1975 წელს ესპანეთში გამოიცა.[83] როგორც მწერალი იხსენებს, ეს რომანი „პოემაა ძალაუფლების მარტოობისა“, რადგან ის აღწერს უცხოელი დიქტატორის ცხოვრებას, რომელსაც გენერლის სახით წარმოსახავს. რომანი მიჰყვება გენერლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ანეკდოტთა სერიას, არაა დაცული არანაირი ქრონოლოგია.[84] მიუხედავად იმისა, რომ ამბის ვითარების ადგილი რომანში დაზუსტებული არაა, წარმოსახვითი ქვეყანა მდებარეობს სადღაც კარიბის აუზში.[85]

სიუჟეტთან დაკავშირებით გარსია მარკესს საკუთარი ახსნა აქვს:

ჩემი განზრახვა ყოველთვის იყო შემექმნა ლათინური ამერიკის, განსაკუთრებით კი კარიბის აუზის ყველა დიქტატორის სინთეზი. მით უმეტეს, რომ ხუან ვისენტე გომესის (ვენესუელა) პიროვნება საკმაოდ ძლიერი იყო, ამას დამატებული ის ფაქტი, რომ მე ის მაჯადოებდა, განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენდა და უდავოა, რომ პატრიარქს მას ვადარებ და არა ვინმე სხვას.[85]

„პატრიარქის შემოდგომის“ გამოქვეყნების შემდეგ, მარკესი და მისი ოჯახი ბარსელონიდან საცხოვრებლად მეხიკოში გადასახლდა[67] და მწერალმა პირობა დადო, რომ არაფერს აღარ გამოაქვეყნებდა, სანამ ჩილეს დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი არ დაემხობოდა. თუმცა, მან მაინც გამოაქვეყნა „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, მიუხედავად იმისა, რომ პინოჩეტს კვლავ ეპყრა ჩილეს სადავეები. მარკესის თქმით, მან პირობა იმიტომ დაარღვია, რომ „მას არ შეეძლო დუმილი უსამართლობისა და რეპრესიების საპასუხოდ“.[86]

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ (Crónica de una muerte anunciada) აღწერს მკვლელობას, რომელიც კოლუმბიაში, სუკრეს დეპარტამენტში მოხდა 1951 წელს. პერსონაჟი სახელად სანტიაგო ნასარი ეფუძნება მარკესის ბავშვობის კარგ მეგობარს, კაეტანი ხენტილე ჩიმენტოს.[87] პალეიო ამ რომანს აკლასიფიცირებს როგორც ჟურნალიზმის, რეალიზმისა და დეტექტივის კომბინაციას.[88]

რომანის ფაბულა სანტიაგო ნასარის მკვლელობის ირგვლივ ვითარდება. მთხრობელი მოქმედებს როგორც დეტეტქივი და მკვლელობის დეტალებს წამი-წამში ხსნის.[89] როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი რუბენ პალეიო შენიშნავს, ეს ამბავი აცოცხლებს გარდასულ მოდას. წინ წაწევის ნაცვლად... სიუჟეტი უკუღმა ვითარდება“.[90] პირველ თავში მთხრობელი მკითხველს დაწვრილებით უყვება ვინ მოკლა სანტიაგო ნასარი და მთელს დარჩენილ წიგნში არ ჩანს, რატომ.

„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ 1981 წელს გამოქვეყნდა, ერთი წლით ადრე, სანამ 1982 წელს მარკესს ნობელის პრემიით დააჯილდოვებდნენ ლიტარატურის დარგში.[87] 1987 წელს რომანის მიხედვით იტალიელმა რეჟისორმა ფრანჩესკო როზიმ ფილმი გადაიღო.[89]

სიყვარული ჟამიანობის დროს

„სიყვარული ჟამიანობის დროს“ (El amor en los tiempos del cólera) პირველად 1985 წელს გამოქვეყნდა. იგი მიიჩნევა სიყვარულის არატრადიციულ ისტორიად, ვინაიდან „შეყვარებულებმა სიყვარული თავიანთ „ოქროს წლებში“, 70 წელს გადაცილებულებმა იპოვეს, როდესაც მათ თავს სიკვდილი დასტრიალებთ“.[91]

„სიყვარული ჟამიანობის დროს“ ეფუძნება ორი შეყვარებული წყვილის ისტორიას. ფერმინა დასას და ფლორენტინო არისას ახალგაზრდული სიყვარულის ამბავი მარკესის მშობლების სიყვარულის ისტორიას ეფუძნება.[92] თავად მარკესი ინტერვიუში ამ ყოველივეს შემდეგნაირად ხსნის: „ერთადერთი განსხვავება (ჩემი მშობლებისგან) ისაა, რომ ისინი დაქორწინდნენ. და როგორც კი ისინი შეუღლდნენ, იმ წამიდან ისინი უკვე აღარ იყვნენ ლიტერატურულად საინტერესო ფიგურები“.[92] მოხუცებული ადამიანების სიყვარული დამყარებულია გაზეთში გამოქვეყნებულ ამბავზე ორი გარდაცვლილი ამერიკელის შესახებ, რომლებიც 80 წლისანი იყვნენ და ერთმანეთს ყოველწლიურად აკაპულკოში ხვდებოდნენ. ერთ დღესაც მათ ნავით გასეირნება მოინდომეს, რა დროსაც ორივე მათგანი მენიჩბემ მოკლა ნიჩბებით. გარსია მარკესი შენიშნავს: „სიკვდილის შემდეგ, მათი საიდუმლო რომანი გამჟღავნდა. მე მათ მომაჯადოვეს. თითოეული მათგანი სხვა ადამიანზე დაქორწინდა“.[93]

ადამიანის გატაცების უწყება

„ადამიანის გატაცების უწყება“ (Noticia de un secuestro) პირველად 1996 წელს გამოქვეყნდა. იგი არამხატვრული წიგნია, რომელშიც მოთხრობილია ადამიანთა გატაცებასა და ნარკო-ტერორისტებთან დაკავშირებული ამბები, რასაც 1990-იანი წლების დასაწყისში კოლუმბიაში მედელინის კარტელი სჩადიოდა. ეს იყო ნარკო-კარტელი, რომლის დამფუძნებელი და მმართველიც პაბლო ესკობარი იყო. წიგნში აღწერილია ადამიანთა გატაცება, დაპატიმრება და კოლუმბიის წამყვანი ფიგურების გათავისუფლება, მათ შორის პოლიტიკოსებისა და პრესის წარმომადგენლების. ამ წიგნის იდეა მარკესს შესთავაზეს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა მარუხა პაჩონ კასტრომ და კოლუმბიელმა დიპლომატმა ლუის ალბერტო ვილიამისარ კარდენასმა. ორივე მათგანი პაბლო ესკობარის იმ მრავალ მსხვერპლთა შორის იყო, რომელთა საშუალებითაც ეს უკანასკნელი კოლუმბიის მთავრობაზე ზეწოლას ცდილობდა, რათა შეეჩერებინა მისი ექსტრადიცია ადამიანთა გატაცების, მკვლელობებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით.[94]

იცხოვრო, რათა მოჰყვე და ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს

2002 წელს გარსია მარკესმა გამოაქვეყნა საკუთარი მემუარები „იცხოვრო, რათა მოყვე“ (Vivir para contarla) — სამტომიანი მემუარების პროექტის პირველი ნაწილი. 2003 წელს წიგნი ინგლისურად ითარგმნა.[95] 2004 წლის ოქტომბერში მარკესმა გამოსცა ნოველა „ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს“ (Memoria de mis putas tristes), სიყვარულის ისტორია, რომელიც აღწერს 90 წლის მოხუცი კაცისა და მისი სექსუალურად ჯერ კიდევ მოუმწიფებელი საყვარლის ამბავს. ამ ნაწარმოებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ირანში, სადაც 5 000 ასლის გაყიდვის შემდეგ წიგნი აიკრძალა.[96][97]

კინო და ოპერა

 
გარსია მარკესი კოლუმბიის კულტურის მინისტრ პაულა მორენოსთან (მარცხნივ) ერთად გვადალახარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, გვადალახარა, მექსიკა, 2009 წლის მარტი.

მარკესის წარმოსახვის ენას კრიტიკოსები ხშირად ვიზუალური და გრაფიკული უნარის მქონედ მიიჩნევენ;[98] თავად მარკესი კი თავის თითოეულ ნაწარმოებს „ვიზუალური გამოსახულებით“ შთაგონებულს უწოდებს.[99] ეს არცაა გასაკვირი, რადგან მას ფილმებთან ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა. იგი კინოკრიტიკოსი იყო, მან დაარასა და აღმასრულებელი დირექტორის რანგში უძღვებოდა ჰავანის კინოს ინსტიტუტს,[98] მარკესი ამავე დროს იყო ლათინური ამერიკის კინოს ფონდის თავმჯდომარე, მასვე დაწერილი აქვს რამდენიმე კინოსცენარი.[56] პირველ სცენარზე იგი კარლოს ფუენტესთან ერთად მუშაობდა; ეს იყო ხუან რულფოს El gallo de oro. სხვა სცენარებს შორისაა ფილმები „სიკვდილის დრო“ (1966) (Tiempo de morir) და „ძალიან მოხუცი ადამიანი უზარმაზარი ფრთებით“ (1988) (Un señor muy viejo con unas alas enormes), ასევე სატელევიზიო სერიალი „რთული სიყვარული“ (1991) (Amores difíciles).[98][100]

ზოგიერთი მისი ნაწერი სხვა მწერლებისა და რეჟისორებისთვის გახდა შთაგონების წყარო. 1987 წელს იტალიელმა რეჟისორმა ფრანჩესკო როზიმ მარკესის რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“.[101] რამდენიმე ფილმი გადაიღეს მექსიკაში, მათ შორის „მონტიელის ქვრივი“ (1979) (La Viuda de Montiel), ხაიმე უმბერტო ერმოსილიოს „მარია ჩემს გულში“ (1979) (Maria de mi corazón)[102] და არტურო რიპსტეინის „გენერალი არავის სწერს“ (1998) (El coronel no tiene quien le escriba).[103]

ბრიტანელმა რეჟისორმა მაიკ ნიუელმა რონალდ ჰარვუდის სცენარის მიხედვით, კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში გადაიღო „სიყვარული ჟამიანობის დროს“. ფილმის პრემიერა შეერთებულ შტატებში 2007 წლის 16 ნოემბერს შედგა.[104]

მის ნოველაზე „სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ ფილმი გადაიღო კოსტა-რიკელმა რეჟისორმა ილდა იდალგომ, რომელიც ჰავანის კინოს ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, სადაც მარკესი ხშირად ატარებდა სცენარების წერის ლექციებს. იდალგოს ფილმი 2010 წლის აპრილში გამოვიდა. იგივე ნოველის მიხედვით უნგრელმა კომპოზიტორმა პეტერ ეტვიოშმა შექმნა ოპერა „სიყვარული და სხვა დემონები“, რომლის პრემიერაც 2008 წელს გლაინდბორნის ოპერის ფესტივალზე შედგა.

შემდგომი ცხოვრება და გარდაცვალება

ჯანმრთელობის გაუარესება

 
მარკესი 2009 წელს

1999 წელს გარსია მარკესს ლიმფური კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.[81] ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში გავლილი ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ დაავადებამ უკან დაიხია.[81][105] ამ მოვლენამ მარკესს მემუარების წერის დაწყება გადააწყვეტინა: „მინიმუმამდე შევამცირე ურთიერთობა მეგობრებთან, გამოვრთე ტელეფონი, გავაუქმე მოგზაურობები და ყველა უახლოესი გეგმა“, - უთხრა მწერალმა კოლუმბიურ გაზეთ El Tiempo-ს, „...ჩავიკეტე და ყოველდღიურად, შეუჩერებლად დავიწყე წერა“.[105] სამი წლის შემდეგ, 2002 წელს მან გამოაქვეყნა მემუარების დაგეგმილი ტრილოგიის პირველი ტომი — „იცხოვრო, რათა მოყვე“ (Vivir para Contarla).[105]

2000 წელს, პერუულმა გაზეთმა La República-მ შეცდომით გაავრცელა ცნობა მარკესის გარდაცვალების შესახებ. მეორე დღესვე, სხვა გაზეთებმა გამოაქვეყნეს გამოსამშვიდობებელი ლექსი „ლა მარიონეტა“ (თოჯინა); გამოცემების მტკიცებით, ლექსი მარკესს ეკუთვნოდა, თუმცა მარკესმა უმალ უარყო მისი ავტორობა. აღოჩნდა, რომ ლექსი მექსიკელ მეზღაპრეს ეკუთვნოდა.[106][107][108]

როგორც მარკესი იხსენებს, „2005 წელი პირველი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ერთი ხაზიც კი არ დამიწერია. ჩემი გამოცდილების შედეგად, უპრობლემოდ შემეძლო დამეწერა ახალ რომანი, მაგრამ ხალხი ადვილად აღმოაჩენდა, რომ მასში ჩემი გული არ იდებოდა“.[109]

2008 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მარკესმა მუშაობა დაასრულა ახალ ნაწარმოებზე „სიყვარულის რომანი“, რომელიც წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნებულიყო.[110] თუმცა, 2009 წლის აპრილში მწერლის აგენტმა კარმენ ბალსელსმა ჩილეურ გაზეთ La Tercera-ს განუცხადა, რომ საეჭვო იყო, მარკესს კიდევ რამე დაეწერა.[109] მას არ დაეთანხმა რენდომ „ჰაუზ მონდადორის“ გამომცემელი კრისტობალ პერა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მარკესმა დაასრულა ახალი რომანი სახელად „შევხვდებით აგვისტოში“ (En agosto nos vemos).[111]

2008 წლის დეკემბერში გარსია მარკესმა გვადალახარის წიგნის ბაზრობაზე თაყვანისმცემლებს განუცხადა, რომ წერამ იგი გამოფიტა.[109] მიუხედავად მისი ლიტერატურული აგენტისა და ბიოგრაფის მტკიცებისა, რომ მარკესის სამწერლობო კარიერა დასრულდა, 2009 აგვისტოში მარკესმა კოლუმბიურ გაზეთ El Tiempo-ს განუცხადა: „არცერთი არ ამბობს სიმართლეს. ერთადერთი, რასაც ვსაქმიანობ — ვწერ“.[109][112]

2012 წელს მწერლის ძმამ, ხაიმემ განაცხადა, რომ მარკესს დემენცია (შეძენილი ჭკუასუსტობა) ტანჯავდა. [113]

2014 წლის აპრილში გარსია მარკესი მექსიკის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. მას ფილტვებსა და საშარდე სისტემაში რესპირატორული ინფექცია ჰქონდა, ასევე სტანჯავდა გაუწყლოება (დეჰიდრატაცია). ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ მწერლის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამ დროს მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო საკუთარ ტვიტერზე წერდა: „მე მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“. ასევე ტვიტერზე, კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი კი წერდა, რომ მისი ქვეყანა მწერალზე ფიქრობდა და „სრულიად კოლუმბია სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს ყველა დროის უდიდეს ადამიანს — გაბრიელ გარსია მარკესს“.[114]

სიკვდილი და დაკრძალვა

2014 წლის 17 აპრილს, მეხიკოში, გაბრიელ გარსია მარკესი 87 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა.[115][116] მისი სიკვდილი ტვიტერზე დაადასტურეს ახლობელმა ფერნანდა ფამილიარმა[117] და მისმა ყოფილმა გამომცემელმა კრისტობალ პერამ.[118]

მარკესის გარდაცვალებას გამოეხმაურა კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი: „მარტოობის ასი წელიწადი და ნაღველი ყველა დროის უდიდესი კოლუმბიელის სიკვდილის გამო“.[117] კოლუმბიის ყოფილმა პრეზიდენტმა ალვარო ურიბემ კი განაცხადა: „ოსტატო გარსია მარკეს, მადლობა სამუდამოდ, პლანეტის მილიონობით ადამიანს ჩვენი ქვეყანა შენ მიერ გაბმული მომაჯადოებელი ძაფების წყალობით შეუყვარდა“.[119] მარკესს მეუღლე და ორი ვაჟი დარჩა.[118]

მარკესის გვამის კრემაცია მეხიკოში, ოჯახურ გარემოში მოხდა. 22 აპრილს, მეხიკოში, სადაც მარკესმა ცხოვრების ბოლო სამ ათეულ წელზე მეტი გაატარა, ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ კოლუმბიისა და მექსიკის პრეზიდენტები. დამკრძალავმა პროცესიამ მარკესის სახლიდან მწერლის ფერფლი ხელოვნების სასახლეში გადაიტანა, სადაც სამახსოვრო ცერემონია გაიმართა. უფრო ადრე კი, სიმბოლური დაკრძალვის ცერემონია მოაწყვეს კოლუმბიაში, მწერლის მშობლიური არაკატაკის მაცხოვრებლებმა.[120]

სტილი

 
მარკესი ხშირად ატარებდა კოლუმბიის კარიბული რეგიონისათვის დამახასიათებელ ქუდს „სომბრერო ვუელტიაო“

მიუხედავად იმისა, რომ მარკესის ნაწერებში არის ზოგიერთი ასპექტი, როდესაც თითქმის ყოველთვის მკითხველს შეიძლება რაღაცის მოლოდინი ჰქონდეს, მაგალითად იუმორის, იგი არ ჯდება რაიმე გარკვეული და წინასწარ გადაწყვეტილი თარგის სტილში. მარლისე სიმონსთან ინტერვიუში, მარკესი შენიშნავს:

ყოველ წიგნში, მე ვცდილობ სხვადასხვანაირ გზას გავყვე [...]. არ ვირჩევ სტილს. შენ შეგიძლია გამოიძიო და სცადო აღმოჩინო, რა სტილი იქნებოდა ამ თემისთვის უკეთესი. მაგრამ სტილი გადაწყვეტილია საგნებით, დროთა განწყობით. თუ შეეცდები გამოიყენო რამე ისეთი, რაც არაა შესაფერისი, ის უბრალოდ, არ იმუშავებს. ამის შემდეგ, მის გარშემო კრიტიკოსები შეთხზავენ თეორიებს და დაინახავენ საგნებს, რომლებიც მე ვერ დავინახე. მე მხოლოდ ჩვენი ცხოვრების გზას ვეპასუხები, კარიბული ცხოვრების გზას.[121]

გარსია მარკესი ასევე აღნიშნავდა, რომ ცდილობდა აღეწერა გარეგნულად მნიშვნელოვანი დეტალები და მოვლენები, რის გამოც მკითხველი უფრო მეტად იჭრება როლში და თითქოს მოვლენის განვითარების თანამონაწილე ხდება. მაგალითად, ნოველაში „გენერალს არავინ სწერს“, მთავარ გმირებს არ აქვთ სახელები. ეს პრაქტიკა შთაგონებულია ბერძენი ტრაგიკოსების, მაგალითად ანტიგონესა და მეფე ოედიპუსის მიერ, რომლებთანაც მნიშვნელოვანი მომენტები სტადიების გარეშე ხდება და მინდობილია მკითხველის წარმოსახვას.[122]

რეალიზმი და მაგიური რეალიზმი

მარკესის ყველა ნაშრომში რეალიზმი მნიშვნელოვანი თემაა. როგორც მან თავის ადრეულ წიგნებზე თქვა („ფოთოლცვენის“ გამოკლებით) — „გენერალს არავინ სწერს“, „ავბედით საათში“ და „დიდედის დასაფლავება“ — ყველა მათგანი ასახავს კოლუმბიური ცხოვრების რეალობას და სწორედ ეს თემა განსაზღვრავს წიგნების რაციონალურ სტრუქტურას. არ ვნანობ, რომ ისინი დავწერე, მაგრამ ისინი მიეკუთვნება იმ წინასწარგანზრახულ ლიტერატურას, რომელიც გვთავაზობს რეალობის ზედმეტად სტატიკურ და ექსკლუზიურ ხედვას“.[123]

თავის სხვა ნაშრომებში, მარკესმა სცადა რეალობის ნაკლებ ტრადიციული მიდგომით ასახვა, ისე, რომ „ყველაზე საზარელი, ყველაზე უჩვეულო საგნები და მოვლენები აღწერილია უემოციოდ“.[124] ამის ზოგადი მაგალითია „მარტოობის ასი წელიწადის“ ერთ-ერთი პერსონაჟის ფიზიკური და სულიერი აღმასვლა სამოთხეში, გასაშრობად ჩამოკიდებული თეთრეულით. ამ ნამუშევრების სტილი ერგება „სასწაულებრივ სამეფოს“, რასაც კუბელმა მწერალმა ალეხო კარპენტიერმა მაგიური რეალიზმი უწოდა.[125] ლიტერატურის კრიტიკოსი მაიკლ ბელი მარკესის სტილის ალტერნატიულ გაგებას ემხრობა და მაგიური რეალიზმის კატეგორიას აკრიტიკებს, რადგან მისი აზრით, ის ორად გაყოფილი და ეგზოტიკურია: „რაც მართლა რეალურია თავიდანვე, ეს ფსიქოლოგიური მოქნილობაა, რასაც შესწევს უნარი არასენტიმენტალურად ჩასახლდეს ყოველდღიურ მსოფლიოში, თუმცა ღია დატოვოს ზრახვები იმ სფეროებისა, რომლებიც თანამედროვე კულტურას აქვს, და ეს ყველაფერი თავისი შინაგანი ლოგიკის წყალობით, აუცილებელი მარგინალიზაციით ან რეპრესიით“.[126] გარსია მარკესი და თავის მეგობარი პლინიო აპულეიო მენდოსა მის ნაშრომს იგივენაირად განიხილავენ:

„იმ ხერხს, რომლითაც შენ რეალობას გადმოსცემ შენს წიგნებში, მაგიური რეალიზმი უწოდეს. მეჩვენება, რომ შენი ევროპელი მკითხველი როგორც წესი, შეიგრძნობს შენი მონათხრობის მხოლოდ მაგიას, მაგრამ მის მიღმა დამალულ რეალობას ვერ ხედავს...“ „ეს უდავოა, რადგან საკუთარი რაციონალიზმი მათ იმის საშუალებას არ აძლევს, რათა დაინახონ, რომ რეალობა მხოლოდ პომიდვრისა და კვერცხის ფასით არ იფარგლება“.[127]

მოტივები

მარტოობა

გარსია მარკესის ნამუშევრების უმეტესობას მოტივად მარტოობის თემატიკა გასდევს. როგორც რუბენ პალეიო შენიშნავს, „სიყვარული ჟამიანობის დროს, მარკესის სხვა ნაწარმოებების მსგავსად, წარმოაჩენს როგორც ინდივიდუალურ, ისე კაცობრიობის მარტოობას... გამოხატავს სიყვარულისა და შეყვარებულის მარტოობას“.[128]

პლიონიო აპულეიო მენდოსას კითხვას: „თუკი ყველა შენი წიგნის თემატიკა მარტოობაა, სად უნდა ვეძიოთ ჩვენ ამ ზღვარს გადასული ემოციის ფესვები? შენს ბავშვობაში?“ — მარკესმა უპასუხა: „მე ვფიქრობ, ეს პრობლემა ყველას აქვს. ყველას საკუთარი გზა და მისი გამოხატვის საშუალებები აქვს. შეგრძნებებითაა გაჟღენთილი არაერთი ავტორის ნაშრომები, თუმცა, ზოგიერთი მწერალი ამას გაუცნობიერებლად გამოხატავს“.[129]

ნობელის პრემიის გადაცემისას წარმოთქმულ მოხსენებაში „ლათინური ამერიკის მარტოობა“, მარტოობის თემას მარკესი ლათინური ამერიკის გამოცდილებას უკავშირებს: „ჩვენი რეალობის ინტერპრეტაცია იმ მოტივების მეშვეობით, რომლებიც საკუთრივ ჩვენი არაა, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენ უფრო მეტად უცნობი, ნაკლებად თავისუფალი და უფრო მარტოსული გაგვხადოს“.[130]

მაკონდო

გარსია მარკესის ბევრ ნაწარმოებში სხვა მნიშვნელოვანი თემაა სოფელი, რომელსაც ის მაკონდოს უწოდებს. სავარაუდოდ წარმოსახვითი დასახლების პროტოტიპად იგი თავის მშობლიურ პატარა ქალაქს — არაკატაკას იყენებს, მაგრამ ამ სოფლის გამოსახულება რაიმე სპეციფიკური ტერიტორიით არაა შემოსაზღვრული. მარკესი აღნიშნავს: „მაკონდო არა იმდენად ადგილი, არამედ წარმოსახვითი სახელმწიფოა, რომელიც შენ საშუალებას გაძლევს დაინახო ის, რაც გინდა და დაინახო ისე, როგორც გინდა“.[131] მაშინაც კი, როცა მისი ნაწარმოებების სიუჟეტი მაკონდოში არ ვითარდება, ხშირად ადგილმდებარეობის სპეციფიკურობის შეთავსებულობის ნაკლებობა იგრძნობა. მაშინაც, როდესაც „ვითარება კარიბის ზღვის სანაპიროებსა თუ ანდების სიღრმეში ხდება, ადგილმდებარეობა მაინც დაუზუსტებელია, გარსია მარკესის მცდელობასთან ზუსტ თანხმობაში, რომ წარმოაჩინოს უფრო რეგიონული მითები, ვიდრე სპეციფიკური პოლიტიკური ანალიზი“.[132] ეს გამოგონილი სოფელი სახელგანთქმული გახდა მთელს ლიტერატურულ სამყაროში. როგორც სტეივენსი მაკონდოსთან დაკავშირებით შენიშნავს, „მის გეოგრაფიასა და მაცხოვრებლებს გამუდმებით იშველიებენ მასწავლებლები, პოლიტიკოსები და ა. შ.“.[133] „ფოთოლცვენაში“ გარსია მარკესი აღწერს ბანანის ბუმის რეალიებს მაკონდოში, რაც მოიცავს დიდი კეთილდღეობის პერიოდს, როდესაც იქ ამერიკული კომპანიები იმყოფებოდნენ და მათი წასვლის შედეგად გამეფებულ დეპრესიის ხანას.[134] „მარტოობის ასი წელიწადის“ მოქმედება კი მთლიანად მაკონდოში ხდება და მარკესი აღწერს დასახლების დაარსებისა და მისი გაქრობის სრულ ისტორიას.[135]

თავის ავტობიოგრაფიაში, გარსია მარკესი ხსნის თუ როგორაა იგი მოჯადოებული მაკონდოს სამყაროთი და კონცეპტით. მწერალი აღწერს უკვე ყმაწვილობის დროს, დედამისთან ერთად არაკატაკაში მოგზაურობას:

მატარებელი გაჩერდა სადგურზე, რომლის სიახლოვესაც არანაირი დასახლება არ იყო. სულ ცოტა ხანში კი, მას შემდეგ, რაც ის დაიძრა, გზის გასწვრივ გამოჩნდა ბანანის პლანტაცია, რომელსაც შესასვლელთან ეწერა: მაკონდო. ეს სიტყვა ჩემს ყურადღებას ჯერ კიდევ მაშინ იქცევდა, როდესაც პაპაჩემთან ერთად მივემგზავრებოდი ხოლმე, მაგრამ მხოლოდ მოზარდმაღა აღმოვაჩინე, რომ მე ამ სიტყვის პოეტური რეზონანსი მომწონდა. არასოდეს არავისგან გამიგია, ეს სახელი ეხსენებინა და არც არავისთვის მიკითხავს, თუ რას ნიშნავდა ის... მხოლოდ შემდეგ, ენციკლოპედიაში წავიკითხე, რომ ის სეიბას მსგავსი ტროპიკული ხის სახელია.[136]

ლა ვიოლენსია

რამდენიმე ნაწარმოებში, მათ შორის „გენერალს არავინ სწერს“, „ავბედითი საათი“ და „ფოთოლცვენა“, მარკესი ეხმიანება ლა ვიოლენსიას (ძალადობა), „1960-იან წლებში მიმდინარე სასტიკ სამოქალაქო ომს კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის, რომელმაც ასობით ათასი კოლუმბიელის სიცოცხლე შეიწირა“.[57][137] მარკესის ყველა რომანში, თუნდაც შეუმჩნევლად მაინც განხილულია ლა ვიოლენსიას თემა. მაგალითად, პერსონაჟები ცხოვრობენ ისეთ უსამართლო სიტუაციებში, როგორებიცაა კომენდანტის საათი, პრესის ცენზურა, არსებობს იატაკქვეშა გაზეთები.[138] „ბოროტების საათი“, მიუხედავად იმისა, რომ ის მარკესის არც თუ ისე ცნობილი ნაწარმოებია, გამოირჩევა ლა ვიოლენსიას თემის გაშუქებით, „მისით გამოწვეული სოციალური დეზინტეგრაციის ფრაგმენტული აღწერით“.[139] მიუხედავად იმისა, რომ მარკესი მკაფიოდ აღწერს ამ პერიოდის მახინჯ ბუნებასა და უსამართლობას, ის ყოველთვის უარყოფდა, რომ თავის ნაწარმოებებს პოლიტიკური პროპაგანდის პლატფორმისთვის იყენებდა. „მისთვის რევოლუციური მწერლობის მოვალეობა კარგად წერის საშუალებაა, იდეალური რომანი ისაა, რომელსაც შეუძლია მკითხველი თავის პოლიტიკურ და სოციალურ შიგთავსზე გადაიყვანოს, ამავე დროს, თავისი ძალაუფლებით შეაღწიოს რეალობაში და მისი სხვა მხარე გააშიშვლოს“.

მემკვიდრეობა

 
მარკესი ბრაზილიელ მწერლებთან, ჟორჟი ამადუსთან (ჩვენგან მარჯვნივ) და აგიარ ფილიუსთან ერთად
 
გაბრიელ გარსია მარკესის კულტურის ცენტრი, ბოგოტა, კოლუმბია
ბელეტრისტიკითა თუ არაბელეტრისტიკით, ეპიკური რომანითა თუ მოთხრობით, დღეისათვის მარკესი მთელს მსოფლიოში აღიარებულია, როგორც კარლოს ფუენტესი ამბობს, „ესპანურონოვან მწერალთა შორის სერვანტესის შემდეგ ყველაზე განთქმულ და ალბათ საუკეთესო მწერლად“. იგი იმ იშვიათ ხელოვანთა შორისაა, რომლებმაც საგამომცემლო საქმიანობაში წარმატებას მიაღწიეს არა მარტო თავიანთ ქვეყანაში, არამედ მთელს კონტინენტზე, გარდა ამისა, სიტყვის დიდოსტატის შესახებ როგორც ერთხელ The New York Review of Books-მა თქვა „ყოველი გვერდიდან გვაიძულებს შევიგრძნოთ სიცოცხლის საოცრება და ექსტრავაგანტულობა“.[140]

გარსია მარკესის ღვაწლი ლათინოამერიკული ლიტერატურის ბუმის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.[141] მისმა ნაწარმოებებმა აიძულა კოლუმბიური ლიტერატურის კრიტიკოსები გამოსულიყვნენ კონსერვატორული კრიტიციზმიდან, რაც დომინირებდა „მარტოობის ასი წელიწადის“ წარმატებამდე. ლიტერატურული კრიტიკის მიმოხილვაში რობერტ საიმსი შენიშნავს:

გარსია მარკესი აგრძელებს კოლუმბიის, ლათინური ამერიკისა და შეერთებული შტატებისთვის ხანგრძლივი საბურველის მოხსნას. 1982 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის კრიტიკულმა ნაშრომებმა ინდუსტრიულ თანაფარდობას მიაღწია და მისი შემცირების ნიშნები არ ჩანს. უფრო მეტიც, გარსია მარკესმა კოლუმბიურ ლიტერატურას უზარმაზარი მამოძრავებელი ძალა მისცა და სრულიად უპრეცედენტო გზაზე დააყენა. მართლაც, მთელი ამერიკის მასშტაბით, მისი ნაშრომები ლიტერატურისა და კრიტიციზმის ერთგვარ საზომად იქცა. მისმა ნაწარმოებებმა კრიტიკოსებსა და მწერლებში ერთდროულად სიმტატია და ზიზღი გამოიწვია, თუმცა ამ დროს, როგორც წესი, მკითხველი ახალი პუბლიკაციების ხარბად შთანთქმას აგრძელებს. არავის არ შეუძლია იმის უარყოფა, რომ გარსია მარკესი დაეხმარა გაახალგაზრდავებაში, გარდაქმნაში და რომ მან კოლუმბიისა და მთელი დანარჩენი ლათინური ამერიკის ლიტერატურისა და კრიტიკის რეკონტექსტუალიზაცია მოახდინა.[142]

ნობელის პრემია

1982 წლის 8 დეკემბერს, „თავის რომანებისა და მოთხრობებისთვის, რომლებშიც ფანტასტიკა და რეალობა შერწყმულია მდიდრული წარმოსახვის სამყაროში, ირეკლავს რა კონტინენტის ცხოვრებასა და კონფლიქტებს“, გარსია მარკესმა ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში. დაჯილდოებისას მის მიერ წარმოთქმულ მოხსენებას „ლათინური ამერიკის მარტოობა“ უწოდეს.[143] მარკესი პირველი მწერალი იყო კოლუმბიიდან და მეოთხე ლათინური ამერიკიდან, ვინც ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში.[144] მას შემდეგ, რაც ნობელის ლაურეატი გახდა, მწერალმა ერთ-ერთ ჟურნალისტს უთხრა: „ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ პრემიის გადმოცემით, მათ მხედველობაში მიიღეს მთელი სუბკონტინენტის ლიტერატურა და ჩემთან ერთად, მთლიანად ეს ლიტერატურა დააჯილდოვეს“.[86]

ბიბლიოგრაფია

რომანები

ნოველები

მოთხრობები

არამხატვრული

ლიტერატურა

დამატებითი საკითხავი

რესურსები ინტერნეტში

ფილმები

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Gabriel García Márquez
  2. 2.0 2.1 Echevarría R. G. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. 4.0 4.1 NooSFere — 1999.
  5. 5.0 5.1 filmportal.de — 2005.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 BeWeB
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
  12. 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Munzinger Personen
  14. http://www.latintimes.com/gabriel-garcia-marquez-dies-famed-colombian-author-and-nobel-laureate-dead-87-pneumonia-166280
  15. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  16. Deutsche Nationalbibliothek Record #118537601 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  17. Czech National Authority Database
  18. https://www.neustadtprize.org/1972-neustadt-laureate-gabriel-garcia-marquez/
  19. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  20. Gabriel Garcia Marquez
  21. ¿Quién era Mercedes Barcha, la musa de Gabriel García Márquez? // The New York Times / J. KahnManhattan, NYC: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2020. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  22. https://www.jornada.com.mx/notas/2021/09/22/politica/la-extincion-de-la-memoria/
  23. The Nobel Prize in Literature 1982. ციტირების თარიღი: 18 April 2014.
  24. Author Gabriel Garcia Marquez dies, BBC News, 17 April 2014.
  25. http://www.theguardian.com/books/2014/apr/19/gabrielgarciamarquez-colombia
  26. "On Sunday 6 March 1927, at 9am, in the midst of an unseasonal rainstorm, a baby boy, Gabriel José García Márquez, was born." he died on 17 April 2014. (Martin 2008, p. 27)
  27. Martin 2008, p. 27
  28. Martin 2008, p. 30
  29. García Márquez 2003, p. 11
  30. Martin 2008, p. 58–66
  31. 31.0 31.1 Saldívar 1997, p. 82
  32. 32.0 32.1 García Márquez 2003, p. 45
  33. Apuleyo Mendoza და García Márquez 1983, p. 11–12
  34. Saldívar 1997, p. 85
  35. Saldívar 1997, p. 83
  36. Saldívar 1997, p. 87
  37. 37.0 37.1 37.2 Saldívar 1997, p. 102
  38. Apuleyo Mendoza და García Márquez 1983, p. 96
  39. Saldívar 1997, p. 35
  40. Saldívar 1997, p. 103
  41. Saldívar 1997, p. 105
  42. 42.0 42.1 Simons 1982
  43. Saldívar 1997, p. 106
  44. Saldívar 1997, p. 104
  45. 45.0 45.1 Saldívar 1997, p. 107
  46. Apuleyo Mendoza და García Márquez 1983, p. 13
  47. Apuleyo Mendoza და García Márquez 1982, p. 96
  48. Saldívar 1997, p. 98
  49. Bell-Villada 1990, p. 63
  50. Apuleyo Mendoza და García Márquez 1983, p. 12
  51. Saldívar 1997, p. 96
  52. Saldívar 1997, p. 97–98
  53. Bell 1993, p. 6
  54. Bell-Villada 2006, p. 84
  55. 55.0 55.1 55.2 Pelayo 2001, p. 5
  56. 56.0 56.1 56.2 Bell 1993, p. 7
  57. 57.0 57.1 57.2 McMurray 1987, p. 6
  58. McMurray 1987, p. 7
  59. Pelayo 2001, p. 6
  60. (ესპანური) Lleras Camargo, Alberto, Biblioteca Luis Ángel Arango, http://www.lablaa.org/blaavirtual/biografias/lleralbe.htm. წაკითხვის თარიღი: 2 December 2008 დაარქივებული 19 October 2008[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  61. Bell-Villada 1990, p. 62
  62. "La última emisión de QAP." El Tiempo 30 December 1997:link
  63. Saldívar 1997, p. 372
  64. 64.0 64.1 Pelayo 2001, p. 7
  65. Bell-Villada 2006, p. xx–xxi
  66. 66.0 66.1 Pelayo 2001, p. 8
  67. 67.0 67.1 67.2 Bell-Villada 2006, p. xxi
  68. Of love and other demons. Penguin Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-29.
  69. Pelayo 2001, p. 28
  70. Apuleyo Mendoza და García Márquez 1983, p. 74–75
  71. BBC News - Tributes pour in for Colombian author Gabriel Garcia Marquez. Bbc.com (2014-04-18). ციტირების თარიღი: 2014-04-24.
  72. Pelayo და García Márquez 2001, p. 97
  73. 73.0 73.1 Apuleyo Mendoza და García Márquez 1983, p. 72
  74. García Márquez, One Hundred Years of Solitude, HarperCollins, ISBN 0-87352-535-3, http://www.harpercollins.com/books/9780060883287/One_Hundred_Years_of_Solitude/index.aspx
  75. (ესპანური) Vargas, Alejo, Gabriel García Márquez y la paz colombiana., ElColombiano.com, http://www.elcolombiano.com.co/BancoConocimiento/G/gabriel_garcia_marquez_y_la_paz_colombiana/gabriel_garcia_marquez_y_la_paz_colombiana.asp?CodSeccion=46. წაკითხვის თარიღი: 5 February 2008 დაარქივებული 26 September 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  76. (ესპანური) García Márquez media por la paz, BBC Mundo, 13 March 2007, http://news.bbc.co.uk/hi/spanish/latin_america/newsid_6444000/6444281.stm. წაკითხვის თარიღი: 5 February 2008
  77. Esteban და Panichelli 2004
  78. Bell-Villada 2006, p. 100
  79. Arenas 1993, p. 278
  80. Bell-Villada 1990, p. 67
  81. 81.0 81.1 81.2 Bell-Villada 2006, p. xxii
  82. Apuleyo Mendoza 19842, p. 81
  83. Kennedy 1976
  84. Williams 1984, p. 112
  85. 85.0 85.1 Williams 1984, p. 111
  86. 86.0 86.1 Maurya 1983, p. 58
  87. 87.0 87.1 Pelayo 2001, p. 111
  88. Pelayo 2001, p. 115
  89. 89.0 89.1 Pelayo 2001, p. 112
  90. Pelayo 2001, p. 113
  91. Pelayo 2001, p. 11
  92. 92.0 92.1 Bell-Villada 2006, p. 156
  93. Bell-Villada 2006, p. 157
  94. Maruja Pachón ex ministra de Educación, Enfoque - Edición Impresa Semana.com - Últimas Noticias (ესპანური)
  95. García Márquez 2003
  96. Sarkouhi, Faraj (26 November 2007). „Iran: Book Censorship The Rule, Not The Exception“. Payvands' Iran News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 29 March 2008.
  97. Ron, Jesus (4 December 2007). „Mayhem in Paris, author banned from Iran, Chavez at odds w/ Colombia & Spain“. Rutgers Observer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 29 March 2008.
  98. 98.0 98.1 98.2 Stavans 1993, p. 65
  99. Apuleyo Mendoza და García Márquez 1983, p. 26
  100. Gonzalez 1994, p. 43
  101. Gonzales 1994, p. 33
  102. Mraz 1994
  103. de la Mora და Ripstein 1999, p. 5
  104. Douglas 2007
  105. 105.0 105.1 105.2 Forero 2002
  106. García Márquez: "Lo que me puede matar es que alguien crea que escribí una cosa tan cursi.", El País, http://elpais.com/diario/2000/06/01/cultura/959810408_850215.html. წაკითხვის თარიღი: 10 July 2012
  107. García Márquez: "Lo que me mata es que crean que escribo así", Elsalvador.com, http://www.elsalvador.com/noticias/EDICIONESANTERIORES/2000/JUNIO/junio2/ESCENARIOS/escen3.html. წაკითხვის თარიღი: 26 March 2008
  108. (ესპანური) García Márquez Farewell Letter, Museum of Hoaxes, http://www.museumofhoaxes.com/marquez.html. წაკითხვის თარიღი: 26 March 2008
  109. 109.0 109.1 109.2 109.3 Hamilos, Paul (2 April 2009). „Gabriel García Márquez, literary giant, lays down his pen“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2 April 2009.
  110. Keeley, Graham (8 May 2008). „Magic triumphs over realism for García Márquez“. The Guardian. ციტირების თარიღი: 11 May 2008.
  111. Yin, Maryann (29 October 2010), Gabriel García Márquez Writing New Novel, Galleycat, http://www.mediabistro.com/galleycat/gabriel-garcia-marquez-writing-new-novel_b15480. წაკითხვის თარიღი: 23 მაისი 2014 დაარქივებული 13 December 2014[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  112. Flood, Alison (6 April 2009). „Gabriel García Márquez: I'm still writing“. The Guardian. ციტირების თარიღი: 6 April 2009.
  113. Alexander, Harriet (7 June 2012). „Gabriel Garcia Marquez suffering from dementia“. The Telegraph.
  114. Literary giant Gabriel García Márquez hospitalized. Edition.cnn.com. ციტირების თარიღი: 2014-04-18.
  115. Torres, Paloma (17 April 2014). „Gabriel García Márquez Dies: Famed Colombian Author And Nobel Laureate Dead At 87 From Pneumonia“. Latin Times. ციტირების თარიღი: 17 April 2014.
  116. Castillo, E. Eduardo; Bajak, Frank (17 April 2014). „Garcia Marquez, Nobel Laureate, Dies at 87“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 17 April 2014.
  117. 117.0 117.1 Author Gabriel Garcia Marquez dies. BBC (17 April 2014). ციტირების თარიღი: 17 April 2014.
  118. 118.0 118.1 Kandell, Jonathan (17 April 2014). „Gabriel García Márquez, Literary Pioneer, Dies at 87“. The New York Times. ციტირების თარიღი: 17 April 2014.
  119. El adiós a Gabriel García Márquez en Twitter Spanish. La Nación (17 April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 17 April 2014.
  120. Will Grant. BBC News - Mexico and Colombia hold Gabriel Garcia Marquez memorials. Bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 2014-04-24.
  121. Simons, Marlise (21 February 1988). „Gabriel Márquez on Love, Plagues and Politics“. The New York Times. ციტირების თარიღი: 30 July 2008.
  122. Bell-Villada 1990, p. 75
  123. Apuleyo Mendoza და García Márquez 1983, p. 56
  124. McMurray 1987, p. 18
  125. Maurya 1983, p. 57
  126. Bell 1993, p. 49
  127. Apuleyo Mendoza და García Márquez 1983, p. 35
  128. Pelayo 2001, p. 136
  129. Apuleyo Mendoza და García Márquez 1983, p. 54
  130. García Márquez 1982
  131. Apuleyo Mendoza 1982, p. 77
  132. Bell 1993, p. 70
  133. Stavans 1993, p. 58
  134. McMurray 1987, p. 15
  135. McMurray 1987, p. 17
  136. García Márquez 2003, p. 19
  137. Pelayo 2001, p. 43
  138. McMurray 1987, p. 16
  139. McMurray 1987, p. 25
  140. One Hundred years of Solitude, by Gabriel Garcia Marquez, 2003, Harper Collins: New York, ISBN 0-06-088328-6, post-script section entitled: 'P.S. Insights, Interviews & More' pgs 2–12
  141. Bacon 2001, p. 833
  142. Sims 1994, p. 224
  143. García Márquez 1982, see Pelayo 2001, p. 11
  144. Maurya 1983, p. 53