ბორანდუხტი (სპარს. پوراندخت; გ. ივნისი, 632, ქტესიფონი) — სასანიანთა დინასტიის წარმომადგენელი. სპარსეთის მეფე ხოსრო II-ისა და დედოფალ მარიას ქალიშვილი. სპარსეთის ორგზის დედოფალი 629-630 და 631-632 წლებში. დაქორწინებული იყო თავის ძმაზე, მეფე კავად II-ზე, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია.

ბორანდუხტი
სპარსეთის დედოფალი
მმართ. წლები: 17 ივნისი, 629 - 16 ივნისი, 630
წინამორბედი: შაჰრბარაზი
მემკვიდრე: შაპურ შაჰრვარაზი
სპარსეთის დედოფალი
მმართ. წლები: ივნისი, 631 - ივნისი, 632
წინამორბედი: აზარმედუხტი
მემკვიდრე: იეზდიგერდ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: ივნისი, 632
ქტესიფონი
მეუღლე: კავად II
დინასტია: სასანიდები
მამა: ხოსრო II
დედა: მარია ბიზანტიელი
რელიგია: ზოროასტრიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბორანდუხტის დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია. იგი იყო სასანიანთა სპარსეთის მეფე ხოსრო II-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარიას ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ დედის მხრიდან იგი ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსის შვილიშვილი იყო.

628 წელს მისმა ძმამ, კავად II-მ სიკვდილით დასაჯა მამამისი, მეფე ხოსრო II და თავიანთი ძმები, რის შემდეგაც ტახტი დაიკავა. გამეფებიდან მალევე კავადს ცოლად გაჰყვა ბორანდუხტი, რომელის სპარსეთის დედოფალ კონსორტად გვევლინება, თუმცა ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა. მას შემდეგ, რაც კავადი 628 წელს გარდაიცვალა, სულ რამდენიმე თვეში ორი მეფე ავიდა ტახტზე და ორივე მათგანი შეთქმულებმა მოკლეს. ასეთ ვითარებაში, როგორც ხოსრო II-ის ასული და კავად II-ის ქვრივი, სპარსეთის ისტორიაში პირველად მონარქი ქალი გახდა, ბორანდუხტის სახით.

629 წლის 17 ივნისს, დედაქალაქ ქტესიფონში ბორანდუხტი სპარსეთის დედოფლად ოფიციალურად გამოაცხადეს, თუმცა მისი სქესის გამო ბევრი მტერი გამოუჩნდა, რის გამოც ტახტის უზურპაციის რისკი საკმაოდ მაღალი იყო. მომხრეთა გასაჩენად დედოფალმა ბორანდუხტმა ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შექმნა განიზრახა, რისთვისაც იგი დაუზავდა ბიზანტიის იმპერიას. ცნობილია, რომ სირიაში, ალეპოს სასახლეში კათალიკოს იშოიაჰბ II-ის შუამავლობით დედოფალი ბორანდუხტი პირადად შეხვდა იმპერატორ ჰერაკლეს.

უკან დაბრუნებულმა ბორანდუხტმა მიზნად იმპერიის ხელახლა აღორძინება დაისახა, რისთვისაც მან ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას, მოჭრა ახალი ფულის ერთეული, შეამცირა გადასახადები და დაიწყო ბიზანტიასთან ომის დროს დანგრეული ციხესიმაგრეებისა და სასახლეების აღდგენა. მიუხედავად მცდელობისა, მან ვერ მოახერხა ცენტრალური ხელისუფლების აღდგენა, რომლის მოსპობასაც ყველანაირად ცდილობდა კონსტანტინოპოლი და რომი, რასაც საბოლოოდ სამოქალაქო ომის განახლება მოჰყვა. გუბერნატორებმა უარი განაცხადეს აკრეფილი გადასახადების სამეფო ხაზინაში შეტანაზე, რასაც მათი აჯანყება მოჰყვა.

630 წლის 16 ივნისს, დედოფალი ბორანდუხტი ჩამოაგდეს სპარსეთის ტახტიდან, რის შემდეგაც ტახტს შაპურ V იკავებს, რომელიც მალევე ჩაანაცვლა ბორანდუხტის დამ, აზარმედუხტმა. აღსანიშნავია, რომ ისინი სპარსეთის ისტორიაში პირველი და უკანასკნელი ქალი მონარქები გახდნენ. დედოფალ აზარმედუხტის მმართველობამ ძალიან ცოტა ხანს გასტანა.

აზარმედუხტის მმართველობით უკმაყოფილო დიდებულები კვლავ აჯანყდნენ და ტახტზე კვლავ ბორანდუხტი დასვეს. 631 წელს მან საბოლოოდ აღიდგინა თავისი ძალაუფლება, თუმცა ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან ამავე წელს არაბმა დამპყრობლებმა ორჯერ დაამარცხეს სპარსული ჯარები. დედოფალმა ბორანდუხტმა მოახერხა ჯარების ხელახლა შეკრება და არაბების ბრძოლაში დამარცხება, თუმცა მალევე ჯანმრთელობამ უმტყუნა და 632 წლის ივნისში, დედაქალაქ ქტესიფონში უშვილოდ გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტახტი იეზდიგერდ III-მ დაიკავა, რომელიც უკანასკნელი სასანიანი მმართველი გახდა, რადგან მის შემდეგ სპარსეთი არაბეთის დაქვემდებარებაში შევიდა, რა დროსაც ამ ქვეყანაში ზოროასტრიზმი ისლამმა ჩაანაცვლა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Neusner, Jacob; A history of the jews in Babylonia v. later sassanian times, pag. 118. Ed. Brill Archive.
  • Cavendish, Marshall; World and Its Peoples: The Middle East, Western Asia, and Northern Africa, psg. 470. Ed. Cavendish Marshall (2006). ISBN 978-0-7614-7571-2.
  • D. J. Paruck, Furdoonjee; Sasanian coins, pag. 117. Ed. Indological Book Corp (1976).
  • Bunson, Matthew; A dictionaru of the Roman Empire, pag. 376. Ed. Oxford University Press US (1995). ISBN 978-0-19-510233-8.
  • G Sayles, Wayne; Ancient coin collecting VI: Non-classical cultures. Ed. Klause Publications (1999). ISBN 978-0-87341-753-2.
  • Farrokh, Kaveh, y McBride, Angus; Sassanian elite cavalry AD 224-642, pag. 63. Ed. Osprey Publishing (2005). ISBN 978-1-84176-713-0-
  • W. Winkler, Dietmar, y Baum, Wilheim; The Church of the East: a concise history, pp 40-41. Ed. Routledge (2003). ISBN 978-0-415-29770-7.
  • Walker, Harlan; Milk: beyond the dairy: proceedings of the Oxford Symposium on Food and Cookery 1999, p.66. Ed. Prospect Books (2000). ISBN 978-1-903018-06-4.