ბონა არტუელი (ფრანგ. Bonne de Artois; დ. 1396 — გ. 17 სექტემბერი, 1425) — ოს გრაფ ფილიპ არტუელისა და მარი ბერელის ასული. ნევერის გრაფინია 1413-5 წლებში როგორც ფილიპ II-ის, ხოლო ბურგუნდიის ჰერცოგინია 1424-5 წლებში როგორც ფილიპ III-ის მეუღლე. შვილები ჰყავდა მხოლოდ პირველ ქმართან.

ბონა არტუელი
ბურგუნდიის ჰერცოგინია, არტუას, ფლანდრიის, შაროლუასა და ნევერის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 30 ნოემბერი, 1424
მმართ. დასასრული: 17 სექტემბერი, 1425
წინამორბედი: მიშელ დე ვალუა
მემკვიდრე: ისაბელ პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1396
გარდ. თარიღი: 17 სექტემბერი, 1425, (28-29 წლის)
მეუღლე: ფილიპ II, ნევერის გრაფი
(ქ. 1413 - გ. 1415)
ფილიპ III, ბურგუნდიის ჰერცოგი
(ქ. 1424)
შვილები: შარლ I, ნევერის გრაფი
ჟან II, ნევერის გრაფი
მამა: ფილიპი, ოს გრაფი
დედა: მარი ბერელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბონა დაიბადა 1396 წელს არტუაში. იგი იყო ოს გრაფ ფილიპ არტუელისა და მისი მეუღლის, მარი ბერელის ქალიშვილი. დედამისი იყო ბერის ჰერცოგ ჟან დე ვალუას ქალიშვილი, რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის მეფე ჟან II-ის ვაჟი იყო.

1413 წლის 20 ივნისს ბონა მიათხოვეს ნევერის გრაფ ფილიპ II-ს, რომელიც იყო ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ გულადისა (ასევე მეფე ჟან II-ის ვაჟი) და მარგარიტა ფლანდრიელის ვაჟი.

ქორწინება არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა, ვინაიდან 1415 წელს ფილიპი აზენკურის ბრძოლაში მოკლეს, სადაც იგი ინგლისის მეფე ჰენრი V-სა და მის მოკავშირეს, მოღალატე ფრანგ დიდგვაროვან შარლ დ'ალბრეს ებრძოდა დოფინ შარლ დე ვალუას დასაცავად.

მიუხედავად ასეთი მოკლეხნიანი ქორწინებისა, ბონას ფილიპისგან ორი ვაჟი დარჩა. ცხადია, ფილიპის გარდაცვალების შემდეგ ნევერის გრაფი მათი უფროსი ვაჟი შარლ I გახდა, რომლის რეგენტადაც ბონა დაინიშნა. ბონა რეგენტის სტატუსით ნევერს 1415 წლიდან 1424 წლამდე მართავდა. მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი სრულწლოვანი გახდა და თავად დაიწყო მართვა, ახალგაზრდა ქვრივს მისმა მამიდამ, ჟანა არტუელმა ხელმეორედ გათხოვება ურჩია.

1424 წლის 30 ნოემბერს ბონა ცოლად გაჰყვა გარდაცვლილი მეუღლის ძმის შვილს, ბურგუნდიის ასევე დაქვრივებულ ჰერცოგ ფილიპ III-ს. იგი თავდაპირველად დაქორწინებული იყო საფრანგეთის მეფის ასულ მიშელ დე ვალუაზე, რომელიც 1422 წელს კიბიდან დაგორების შედეგად დაიღუპა, ისე, რომ მემკვიდრე ვერ დატოვა, ამიტომაც ეს ქორწინება ფილიპსაც აწყობდა, ვინაიდან მას იმედი ჰქონდა, რომ ახალგაზრდა მეუღლე მას ვაჟს გაუჩენდა.

ბონასა და ფილიპის ქორწინება კიდევ უფრო მოკლე ვადიანი აღმოჩნდა, ვიდრე მისი პირველი ქორწინება. ქორწილიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში, 1425 წლის 17 სექტემბერს ბონა გარდაიცვალა, ისე, რომ ფილიპს შვილი ვერ გაუჩინა. სწორედ ამიტომ, ფილიპმა მალევე იქორწინა ისაბელ პორტუგალიელზე, რომელთანაც შეეძინა მემკვიდრე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Anne Curry, The Battle of Agincourt: Sources and Interpretations, (The Boydell Press, 2002), 344.
  • Jules Michelet, Louis XI Et Charles Le Téméraire, ed. E. Renault, (Clarendon Press, 1907), 104.
  • Richard Vaughan, Philip the Good: The Apogee of Burgundy, (The Boydell Press, 2010), 8.