ტერმინს „ბოდვა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბოდვა (მრავალმნიშვნელოვანი).

ბოდვა — მყარი რწმენა, რომელსაც არაადექვატური საფუძელი აქვს. მასზე არ ზემოქმედებს რაციონალური არგუმენტები და ფაქტები, რომლებიც საპირისპირო ვითარებაზე მიუთითებს. ასეთი რწმენა ატიპიურია მოცემული პიროვნებისთის, რომელსაც გარკვეული სახის განათლება აქვს და გარკვეული კულტურისა და რელიგიის წარმომადგენელია. ამ განსაზღვრების მიზანია განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ბოდვითი იდეა, რომელიც მძიმე ფსიქიკური აშლილობის ძირიღად სიმპტომს (კონკრეტულად ფსიქოზის სიმპტომს) წარმოადგენს, სხვა ტიპის პათოლოგიური აზრებისაგან და იმ მტკიცედ დამკვიდრებული რწმენებისაგან, რომლებსაც ჯანმრთელ ადამიანებთან ვხვდებით. გარკვეული პრობლემების არსებობის მიუხედავად, მოცემული განსაზღვრება (როგორც ამოსავალი წერტილი) საკმარისია იმისთვის, როომ ბოდვის ფენომენი უფრო დეტალურად განვიხილოთ. ბოდვის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება (რომელიც არ შედის მოცემულ განმარტებაში) არის ის, რომ იგი, მტკიცედ დაფიქსირებული ნორმალური რწმენის მსგავსად, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს პიროვნების გრძნობებსა და ქცევაზე. ქცევითი რეაქცია ბოდვაზე შეიძლება თავად იყოს შეუსაბამო და ზოგჯერ უცნაურიც კი. ამის გამო, ხშიად სწორედ ეს ქცევითი რეაქციაა ფსიქიატრის ყურადღების უპირველესი საგანი, რადგან ის ბოდვის გამოვლენის საშუალებას იძლევა. ზოგჯერ ბოდვითი იდეები მცირე ზეგავლენას ახდენს ემოციებსა და ქცევებზე. მაგ: პაციენტს შეიძლება სჯეროდეს, რომ ის სამეფო ოჯახის წევრია და ამავე დროს კმაყოფილი იყოს საერთო საცხოვრებელში ცხოვრებით. ამგვარ გაორებას ორმაგი ორიენტაცია ეწოდება და ის, ჩვეულებრივ, ქრონიკული შიზოფრენიის დროს იჩენს თავს.[1]

ბოდვა
დარგი ფსიქიატრია, ფსიქოლოგია Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 F22.
ICD-9 297
MeSH D003702

განარჩევენ ბოდვას დარღვეული ცნობიერების დროს, რომელიც გვხვდება ინფექციური დაავადების განვითარების უმაღლეს სტადიაზე, აგრეთვე შხამებით და ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევებში, ბოდვას ნათელი ცნობიერების დროს. უკანასკნელი უფრო თანამიმდევრული და მყარია. ჩვეულებრივ ახლავს ფსიქიკურ დაავადებებს - შიზოფრენიას, ინვოლუციურ ფსიქოზს, ფსიქოგენურ რეაქციებს და სხვა. ბოდვითი იდეები მთლიანად იპყრობს პიროვნებას, ვერავითარი ფაქტი და არგუმენტი ვერ დაარწმუნებს ავადმყოფს მისი აზრების მცდარობაში. ბოდვას ახასიათებს ლოგიკური აზროვნების დარღვევა, აფექტური დაძაბულობა და ეგოცენტრიზმი.[2]

გუნებ-განწყობილების მიხედვით ბოდვა დეპრესიული ან ექსპანსიურია. სტრუქტურის მიხედვით - სისტემური (გარკვეული თანამიმდევრობითი ჩამოყალიბებული აზრები) და უსისტემო (წყვეტილი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცვალებადი აზრები), კონკრეტული შინაარსით კი - დევნის, მოწამვლის, ეჭვიანობის, განდიდების გამოგონების და სხვა.[2]

ბოდვა ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთი არსებითი ნიშანია და მისი უკუგანვითარება ავადმყოფური მდგომარეობის საერთო გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. გელდერი მ., ჰარისონი პ., ქოუენი ფ., ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში, თბილისი, 2012, ISBN 978-9941-0-4605-6.
  2. 2.0 2.1 2.2 ნანეიშვილი ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 441.