ბნელი საუკუნეები (ლათ. Saeculum obscurum) — პერიოდი რომის ეკლესიის ისტორიაში IX საუკუნის შუა ხანებიდან XI საუკუნის შუა ხანებამდე, როდესაც 80 წლის მანძილზე 25 პაპი გამოიცვალა. ამ პერიოდის პაპებს „ცუდ პაპებს“ უწოდებენ. ამ დროს მათი ავტორიტეტი დაცემულია და გაძლიერებულია სპოლეტოსა და ტოსკანის არისტოკრატიული პარტიები. ისინი თავად ნიშნავდნენ პაპებს. ამ პერიოდში პაპობა ყიდვა-გაყიდვის საგნად იქცა.

ამ პერიოდში პაპ სტეფანე VI-ის მიერ ჩატარდა „გარდაცვლილის საეკლესიო კრება“, რომელზეც ყოფილი პაპის, ფორმოზუსის გვამზე სასამართლო გაიმართა. გასამართლების შემდეგ ყოფილი პაპი ამოთხარეს და ის მდინარე ტიბრში გადააგდეს. თავის მხრივ, სტეფანე VI 897 წელს ციხეში ჩააგდეს და შემდეგ დაახრჩვეს. 897-903 წლებში შვიდი პაპი ცვლიდა ერთმანეთს, რომლებიც ძალადობრივი სიკვდილით მოკლეს. პაპმა სერგიუს III-მ ციხეში დაახრჩო მისი ორი წინამორბედი პაპი.

X საუკუნის დასაწყისში რომს მართავენ პაპის ხაზინადარ თეოფილაქტეს ოჯახის ქალები: მეუღლე თეოდორა, ქალიშვილი მაროცია და შვილიშვილი თეოდორა უმცროსი. პაპ სერგიუს III-ის დროს ამ ოჯახს დიდი გავლენა ჰქონდა პაპზე. მაროციამ იოანე X გაუშვა და პაპის ტახტზე საკუთარი შვილი 18 წლის იოანე XI აიყვანა, რომელიც პაპ სერგიუს III-სგან ჰყავდა. თუმცა, მაროციას უკანონო ვაჟიმა ალბერიხ სპოლეტოელი გადატრიალება მოახდინა, მან განდევნა დედამისის მესამე ქმარი — იტალიის მეფე ჰუგო, ხოლო დედამისი და იოანე XI-ს ციხეში ჩასვა. ალბერიხი 22 წლის მანძილზე მართავდა რომს. მისი 18 წლის ვაჟი ოქტავიანე, იოანე XII-ის სახელით პაპი ხდება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მანანა ჯავახიშვილი, პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში, თბ., 2015.