ბიანკა მარია სფორცა

ბიანკა მარია სფორცა (იტალ. Bianca Maria Sforza; დ. 5 აპრილი 1472 — გ. 31 დეკემბერი 1510) — სფორცას დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგის, გალეაცო მარია სფორცასა და მისი მეორე ცოლის, ბონა სავოიელის ქალიშვილი. სავოიის ჰერცოგინია 1474-1482 წლებში როგორც ფილიბერტ I-ის მეუღლე. ავსტრიის ერცჰერცოგინია და რომაელ გერმანელთა დედოფალი 1494-1510 და საღვთო რომის იმპერატრიცა 1508-1510 წლებში როგორც იმპერატორ მაქსიმილიან I-ის მეუღლე.

ბიანკა მარია სფორცა
Bianca Maria Sforza
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: იანვარი, 1474
მმართ. დასასრული: 22 სექტემბერი, 1482
წინამორბედი: იოლანდ დე ვალუა
მემკვიდრე: ბიანკა მონფერატელი
რომაელ გერმანელთა დედოფალი და ავსტრიის ერცჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 16 მარტი, 1494
მმართ. დასასრული: 31 დეკემბერი, 1510
წინამორბედი: ელეანორა პორტუგალიელი
მემკვიდრე: ანა უნგრელი
საღვთო რომის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 4 თებერვალი, 1508
მმართ. დასასრული: 31 დეკემბერი, 1510
წინამორბედი: ელეანორა პორტუგალიელი
მემკვიდრე: ისაბელ პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 აპრილი, 1472
დაბ. ადგილი: პავია, მილანის საჰერცოგო, იტალია
გარდ. თარიღი: 31 დეკემბერი, 1510 (38 წლის)
გარდ. ადგილი: ინსბრუკი, ავსტრიის საჰერცოგო, საღვთო რომის იმპერია
მეუღლე: ფილიბერტ I, სავოიის ჰერცოგი
(ქ. 1474 - გ. 1482)
მაქსიმილიან I, საღვთო რომის იმპერატორი
(ქ. 1494 - გ. 1510)
დინასტია: სფორცა
მამა: გალეაცო მარია სფორცა
დედა: ბონა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბიანკა მარია დაიბადა 1472 წლის 5 აპრილს, მილანის საჰერცოგოს ქალაქ პავიაში. მამამისი იყო მილანის ჰერცოგი გალეაცო მარია სფორცა, ხოლო დედა, გალეაცოს მეორე ცოლი ბონა სავოიელი. ბიანკას ბებია-პაპა მამის მხრიდან იყვნენ მილანის ჰერცოგი ფრანჩესკო I სფორცა და მისი ცოლი, ჰერცოგინია ბიანკა მარია ვისკონტი, რომლის პატივსაცემადაც დაერქვა მას ეს სახელი. ხოლო დედის მხრიდან მისი ბებია-პაპა იყვნენ სავოიის ჰერცოგი ლუდოვიკო I და მისი ცოლი, ჰერცოგინია და ამავდროულად კვიპროსის პრინცესა, ანა კვიპროსელი.

როდესაც ბიანკა სულ ოთხი წლის იყო, მამამისი 1476 წლის 26 ნოემბერს წმინდა სტეფანის სახელობის ეკლესიაში მოკლეს. იგი სისხლისგან პირდაპირ ტაძარში დაიცალა.

1474 წლის 6 იანვარს[1], სულ რაღაც 21 თვის ბიანკა მარია მიათხოვეს მის ბიძაშვილს, სავოიის ჰერცოგ ფილიბერტ I-ს. ფილიბერტი იყო სავოიის ჰერცოგ ამადეო IX-ისა და საფრანგეთის პრინცესა იოანდე ვალუას ვაჟი.[2] ჰერცოგი ფილიბერტ I 1482 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა და 10 წლის ბიანკა მარია დაქვრივდა. ქვრივი ბიანკა მარია კვლავ მშობლიურ მილანში დაბრუნდა, სადაც უკვე ბიძამისი, ლუდოვიკო სფორცა მბრძანებლობდა. ლუდოვიკო ზრუნავდა მის განათლებაზე და კვლავ მის სარფიანად გათხოვებაზე დაიწყო ფიქრი.

სამი წლის შემდეგ, 1485 წლის 31 ივლისს ბიანკა დანიშნეს უნგრეთის ტახტის მემკვიდრეზე. ამ ქორწინებით ლუდოვიკოს სურდა უნგრეთის ძლევამოსილი სამეფო თავის მოკავშირედ ექცია და ამ გზით დაეშოშმინებინა საფრანგეთის და ავსტრიის პრეტენზიები მილანზე. 1487 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა საქორწინო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ბიანკა მარია უნგრეთის მომავალ დედოფლად ცხადდებოდა და მას რამდენიმე ვრცელი მამულიც გადაეცა უნგრეთში. თუმცა უნგრეთის დედოფალ ბეატრიჩე ნეაპოლელის ინტრიგების წყალობით, რომელსაც მილანელი რძალი არ სურდა, ქორწინება ჩაიშალა. 1492 წლიდან განიხილებოდა ბიანკა მარიასა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV-ის ქორწინება, თუმცა ჯეიმზმა ცოლად ინგლისის პრინცესა, მარგარეტ ტიუდორი შეირთო და მოლაპარაკებები ჩაიშალა. [3]

1494 წლის 16 მარტს ბიანკა მარია მეორედ დაქორწინდა ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ზე ტიროლიაში. მაქსიმილიანი აქამდე ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველი ცოლი გარდაეცვალა, მეორე კი გაცილდა და საფრანგეთის მეფეზე გათხოვდა. მას პირველ ცოლთან ორი შვილი ჰყავდა მარგარეტი და ფილიპე. ბიანკა მარიას საოცარი მზითვი გაატანეს. მაქსიმილიანი ზრუნავდა და დიდ ყურადღებას უთმობდა ახალ მეუღლეს.

ბიანკა მარიას მზითვში გარდა უძვირფასესი კაბებისა და ნივთებისა, 40 000 დუკატი გაატანეს.[4] ამასთან მაქსიმილიანის შთამომავლებს შეეძლოთ მილანის ჰერცოგობაზე პრეტენზიის გამოთქმა. მილანისა და გერმანიის ამგვარმა კავშირმა აღაშფოთა საფრანგეთის რეგენტი ანა დე ვალუა და მისი ძმა, მეფე შარლ VIII. ამიტომაც შარლმა იტალიაზე თავისი პრეტენზიები გამოთქვა და მის დასაპყრობად შეიჭრა, რითაც დაიწყო იტალიური ომები, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნიე მეორე ნახევრამდე გაგრძელდა.

ქორწინება უბედური აღმოჩნდა. ქორწილიდან მალევე მაქსიმილიანმა დაიჩივლა, რომ ბიანკა მარია შესაძლოა მის პირველ ცოლზე ლამაზი იყო, თუმცა მას სიბრძნე აკლდა. მაქსიმილიანი ამბობდა, რომ მისი ახალი ცოლი გაუნათლებელი იყო, იყო ძალიან გულუბრყვილო, უაზროდ საუბრობდა და უყვარდა ფულის ფლანგვა. მაქსიმილიანს ბიანკასთან შვილები უნდოდა, თუმცა არც ეს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენჯერმე დაფეხმძიმდა, ვერცერთხელ ვერ შეძლო ბავშვის გაჩენა.

1500 წლიდან მაქსიმილიანმა ბიანკას მიმართ ყველანაირი ინტერესი დაკარგა. ბიანკა ტიროლიაში ცხოვრობდა, მაქსიმილიანი კი სატახტო ქალაქში. ბიანკა მარიამ რამდენჯერმე სცადა მეუღლესთან ურთიერთობის გამოკეთება, თუმცა მაქსიმილიანი მას საძინებელში საერთოდ აღარ სტუმრობდა.

1508 წელს მაქსიმილიანი საღვთო რომის იმპერატორი გახდა, ხოლო ბიანკა მარია იმპერატრიცა.

ბიანკა მარია სფორცა 1510 წლის 31 დეკემბერს ქალაქ ინსბრუკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ქალაქ სტამში, მაქსიმილიანი მის დაკრძალვასაც კი არ დაესწრო. [5]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hellmut Andics: Die Frauen der Habsburger.. J&V, Wien, 1985
  • Hermann Wiesflecker: Maximilian I., Wien/München 1991
  • Thea Leitner: Habsburgs Goldene Bräute. Piper, 2005
  • Sigrid-Maria Größing: Maximilian I. – Kaiser–Künstler–Kämpfer. Amalthea, Wien 2002

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.manfred-hiebl.de/genealogie-mittelalter/_1_a_koenige/bianca_maria_sforza_1510/bianca_maria_sforza_koenigin_1510.html
  2. Charles Cawley, Medieval Lands, Dukes of Milan
  3. Hunt, Lynn; Martin, Thomas R.; Rosenwein, Barbara H.; Hsia, R. Po-chia; Smith, Bonnie G. (2007), The Making of the West, II (Second ed.), Boston: Bedford/St. Martin's, p. 458
  4. George R. Marek, The Bed and the Throne: The Life of Isabella D'Este, p. 42, Harper & Row, 1976
  5. Hermann Wiesflecker: Maximilian I , 1991, p. 81.