ბერლინის კედლის მემორიალი

ბერლინის კედლის მემორიალი (გერმ. Gedenkstätte Berliner Mauer) ბერლინის მიწისა და სრულიად გერმანიის ეროვნული ძეგლია, რომელიც იხსენებს ბერლინის კედელსა და მის მსხვეპლთ. აშენდა 1998 წელს ბერლინის ცენტრში, ბერნაუს ქუჩაზე, შემდეგ კი გაფართოვდა. დღეს იგი მოიცავს შერიგების კაპელას, ბერლინის კედლის სადოკუმენტაციო ცენტრს, კედლის 60 მეტრის სიგრძის ნარჩენს, ხსოვნის ფანჯარასა და დამთვარიელებელთა ცენტრს.

მემორიალის დასავლეთი მხარე
მემორიალის აღმოსავლეთი მხარე)
სასაზღვრო ზოლის ნაწილი, რომელიც მემორიალის კედლის მემორიალის შემადგენლობაშია
აკერშტრასესა და ბერნაუს ქუჩის გადაკვეთა 1963 და 2011 წლებში
შერიგების კაპელა
შემორჩენილი კედელი
სადოკუმენტაციო ცენტრის კოშკი
ხსოვნის ფანჯარა

ისტორია რედაქტირება

ბერლინის კედლის მემორიალის ისტორია იწყება 1994 წლიდან, როდესაც გერმანიის ისტორიულმა მუზეუმმა და ფედერალურმა მთავრობამ იდეების კონკურსი გამოაცხადეს. შერჩეული იქნენ არქიტექტორები კოლჰოფი და კოლჰოფი (Kohlhoff & Kohlhoff). კონკურსისა და მშენებლობის ღირებულება განისაზღვრა 2,2 მილიონი გერმანული მარკით. მშენებლობის ხარჯები ფედერაციამ დაფარა, კონკურსის ხარჯებზე კი ბერლინის მიწა იყო პასუხისმგებელი[1].

2008 წლის 11 სექტემბერს ბერლინის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, ბერლინის კედლის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის მემორიალი და მარიენფელდეს ლტოლვილთა ბანაკის მუზეუმი ფედერალური მიწის (ბერლინის) საკუთრებაში ბერლინის კედლის ფონდში გაეერთიანებინა.

2013 წლამდე დაგეგმილია ბერლინის კედლის მემორიალის გაფართოება. ამ მიზნით სასაზღვრო ობიექტები ნაწილები არქეოლოგიური ფანჯრის სახით ან რკინის კონსტრუქციით იქნება წარმოდგენილი. ყოფილი საზღვრის ადგილას გაივლის უჟანგავი რკინის წნელები. ერთ-ერთი ყოფილი სასაზღვრო საკონტროლო კოშკი შტრელიცის ქუჩაზე წარმოდგენილი იქნება ორიგინალური სიმაღლის ფოლადის კონსტრუქციით. მემორიალის ტერიტორია სამომავლოდ დაიყოფა ოთხ თემატურ ნაწილად:

  • კედელი და აკრძალული (სასიკვდილო) ზონა
  • ქალაქის განადგურება
  • კედლის მშენებლობა
  • ეს კედელთან მოხდა

ბერნაუსა და გარტენის ქუჩების გადაკვეთაზე გახსნილია დამთვარიელებელთა ცენტრი, სადაც დტუმრები მემორიალის ყველა ობიექტის შესახებ იღებენ ინფორმაციას. 2010 წლიდან მემორიალის შემადგენლობაშია ე. წ. ხსოვნის ფანჯარა, რომელიც ბერლინის კედლის მსხვერლებს ეძღვნება[2].

მემორიალის ობიექტები რედაქტირება

ბერლინის კედლის ნარჩენი რედაქტირება

მემორიალის ნაწილია კედლის 60-მეტრიანი ნარჩენი, რომელიც იმავე მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც იგი ბერლინის კედლის დაცემისას იმყოფებოდა. დასავლეთიდან ბეტონის L-ის ფორმის დეტალებისაგან აგებულ კედელს მოსდევს ქვიშის ზოლი, შემდეგ ლამპიონებით განათებული საპატრულო გზა და სასიგნალო ღობე. ეკლიანი მავთულები შემორჩენილი არაა. მოგვიანებით ამ ყველაფერს დაემატა საგუშაგო კოშკი. ეს ობიექტები დამთვალიერებელთათვის დაკეტილია.

60-მეტრიან კედელს ორივე მხრიდან ასრულებს რკინის კედლები. ამათგან ჩრდილოეთის კედელზე გაკეთებულია წარწერა[3]:

In Erinnerung an die Teilung der Stadt vom 13. August 1961 bis zum 9. November 1989 und zum Gedenken an die Opfer kommunistischer Gewaltherrschaft.
ქართული თარგმანი: 1961 წლის 13 აგვისტოდან 1989 წლის 9 ნოემბრამდე ქალაქის გაყოფის სახსოვრად და კომუნისტური ტირანიის მსხვერპლთა მოსაგონრად.

ბერლინის კედლის სადოკუმენტაციო ცენტრი რედაქტირება

ბერლინის კედლის სადოკუმენტაციო ცენტრი მდებარეობს ბერნაუს ქუჩის მეორე მხარეს. მასში განთავსებულია სასემინარო აუდიტორიები და თემატური გამოფენები. ცენტრის შენობის ერთ ნაწილს წარმოადგენს ხუთსართულიანი საგუშაგო კოშკი, რომლიდანაც შესაძლებელია ბერლინის კედლის შემორჩენილი სასაზღვრო ობიექტების დათვალიერება.

შერიგების კაპელა რედაქტირება

შერიგების კაპელის არქიტექტორები არიან პეტერ ზასენროთი და რუდოლფ რაიტერმანი. კაპელა წარმოადგენს ოვალური ფორმის ეკლესიას, რომლის ფასადიც მთლიანად ხის ჩხირებითაა დაფარული. ინტერიერში მოწყობილია სამლოცველო. მშენებლობისას გამოყენებული იქნა ასევე ამ ადგილზე არსებული დანგრეული შერიგების ეკლესიის ნარჩენებიც, მათ შორის ძველი ზარები. კაპელის გარეთ შემოხაზულია ის ადგილი, სადაც შერიგების ეკლესია იდგა. ახალი შერიგების კაპელა 2000 წლის 9 ნოემბერს აკურთხეს.

ჭვავის მდელო აკრძალულ ზონაში რედაქტირება

ბერლინელი ხელოვანის მიქაელ შპენგლერის იდეის მიხედვით 2005 წლიდან ბერნაუს ქუჩის ყოფილ სასაზღვრო აკრძალულ ზონაში იზრდება ჭვავის ყანა. ყანას უვლის ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ფაკულტეტი[4].

ჭვავის მდელოს იდეა იყო ბერლინის ისტორიის სხვადასხვა ეპოქების ასოციაციების წარმოჩენა, სოფლური წარსულისა და გდრ-ის აკრძალული ზონის მძაფრი ისტორიების ერთგვარი შეზავება.

მდელოზე ჭვავს სექტემბრის მეორე ნახევარში თესავენ, მოსავალს კი ივლისში იღებენ. მიღებული მოსავლის რაოდენობა სამიდან ოთხ ცენტნერამდეა.

ძველად კაპელის გარშემო მცირე მინდორზე მოპოვებული ჭვავი გამოიყენებოდა სპეციალურად საღამოს ვახშმისათვის, ჭვავის პურისა და სამადლობელი ღვთისმსახურებისათვის პურის დასამზადებლად; ასევე, მხატვრული აქციის ჩარჩოებში, აქ აღებული ჭვავისაგან მზადდებოდა ვისკი.

ხსოვნის ფანჯარა რედაქტირება

2010 წელს ბერლინის კედლის მემორიალი გააფართოვეს და დაამატეს ე. წ. ხსოვნის ფანჯარა, რომელიც წარმოადგენს თორმეტი მეტრის სიგრძის უჟანგავი რკინის კედელს 162 ფანჯრით. ფანჯრებში მოთავსებულია 136 იმ ადამიანის პორტრეტი, რომლებიც ბერლინის კედელთან დაიღუპნენ ან დახვრიტეს. ფოტოების ქვემოთ მსხვერპლთა სახელები და ცხოვრების წლებია ამოტვიფრული. ხსოვნის ფანჯარა მდებარეობს ბერნაუს ქუჩის სამხრეთით; ეს ტერიტორია ძველად ბერლინის სოფიის სასაფლაოს ერთ-ერთი ნაწილს წარმოადგენდა. სასაფლაოს ეს ნაწილი 1960-იან წლებში გაანადგურეს, რათა აქ სასაზღვრო ზოლის ობიექტები აეშენებინათ[5][6][7].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება