სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეგი.

ბეგი (თურქ. beg, bey — მბრძანებელი, მთავარი, ბატონი) — ბეი, გვაროვნულ და ფეოდალურ დიდკაცობის ტიტული ახლო და შუა აღმოსავლეთ ქვეყნებში. თავდაპირველად ეწოდებოდა თურქი ტომების ზედაფენის წარმომადგენლებს. X საუკუნეში ყარახანიდების ბატონობის პერიოდში ტერმინი გავრცელდა შუა აზიაში. ოქროს ურდოს ხანი უზბეკი (1312—1342) ბეგის წოდებას ანიჭებდა იმ მონღოლ ფეოდალებს — ნოინებს, რომლებიც მუსლიმანობას იღებდნენ. XI საუკუნიდან ტერმინი „ბეგი“ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა. ოსმალეთში ბეგს უწოდებდნენ ადმინისტრაციულ ერთეულების — სანჯაყების მმართველებს (სანჯაყბეგი). XVI საუკუნის ბოლო მეოთხედიდან — გამაჰმადიანებულ მესხ ფეოდალებს (მაგ., ბასიანის ბეგი). ამ ტიტულს ფლობდნენ აგრეთვე ზოგიერთი კატეგორიის სახელმწიფო მოხელეები, XIX საუკუნიდან კი არმიისა და ფლოტის უფროსი ოფიცრები. ტიტული თურქეთში 1934 წელს გაუქმდა. მუსლიმანური აღმოსავლეთის ქვეყნებში „ბეგი“ სოციალური შინაარსის ტერმინი იყო — ასე მიმართავდნენ „კეთილშობილებს“ — ფეოდალებს, მოხელეებსა და სხვებს. ტუნისში 1705—1957 წლებში ბეგები იყვნენ ქვეყნის მემკვიდრეობითი მმართველები. ირანის ზოგ რაიონში ბეგის ტიტული ჰქონდათ ტომის მეთაურებს. კავკასიის თურქულენოვან ხალხებში თავად-აზნაურები იწოდებოდნენ ბეგებად.

ლიტერატურა რედაქტირება