ბეატრის კასტილიელი (1293-1359)

ბეატრის კასტილიელი (ესპ. Beatriz de Castilla, პორტ. Beatriz de Castela; დ. 8 მარტი, 1293 — გ. 25 ოქტომბერი, 1359) — ივრეას დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიის მეფე სანჩო IV-ისა და დედოფალ მარია დე მონილას ასული. პორტუგალიის დედოფალი 1325-57 წლებში როგორც აფონსუ IV-ის მეუღლე. მეფე პედრუ I-ის დედა.

ბეატრის კასტილიელი
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 7 იანვარი, 1325
მმართ. დასასრული: 28 მაისი, 1357
წინამორბედი: ისაბელ არაგონელი
მემკვიდრე: ლეონორ ტელესი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 მარტი, 1293
გარდ. თარიღი: 25 ოქტომბერი, 1359, (66 წლის)
მეუღლე: აფონსუ IV, პორტუგალიის მეფე
შვილები: მარია, კასტილიის დედოფალი
პედრუ I, პორტუგალიის მეფე
ლეონორი, არაგონის დედოფალი
დინასტია: ივრეა
მამა: სანჩო IV, კასტილიის მეფე
დედა: მარია დე მოლინა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბეატრისი დაიბადა 1293 წლის 8 მარტს. იგი იყო კასტილიისა და ლეონის მეფე სანჩო IV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია დე მონილას ქალიშვილი. მისი ექვსი დედმამიშვილიდან აღსანიშნავია კასტილიის მეფე ფერდინანდ IV და დედოფალი ისაბელ კასტილიელი, რომელიც ჯერ არაგონის მეფეზე დაქორწინდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბრეტანის ჰერცოგზე.

1309 წლის 12 სექტემბერს, ბეატრისი დააქორწინეს პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე აფონსუზე, რომელიც ტახტზე მხოლოდ 1325 წელს ავიდა აფონსუ IV-ის სახელით, რითაც ბეატრისი დედოფალი გახდა.

პორტუგალიის დედოფლები და მათ შორის ბეატრისიც, ყოველთვის გამოირჩეოდნენ საოცარი ქველმოქმედებით. დედოფალმა ბეატრისმა დააფინანსა უამრავი ეკლესია-მონასტრის, ხიდისა და საავადმყოფოს აშენება. იგი თავის დედამთილთან, ისაბელ არაგონელთან ერთად უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, რისთვისაც ისაბელი შემდგომში წმინდანად შერაცხეს. 1357 წელს, მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი პედრუ I გამეფდა, რომელმაც დედას შემოსავალი კიდევ უფრო გაუზარდა. აფონსუს გარდაცვალებიდან მალე, 1359 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა ბეატრისიც, 66 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს ლისაბონის კათედრალის კოლიდორის იატაკში, აფონსუს გვერდით.

შვილები რედაქტირება

  1. მარია (1313-1357), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე ალფონსო XI-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე პედრო I;
  2. აფონსუ (1315-1317), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. დინიში (1317), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. პედრუ I (1320-1367), პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო კონსტანცა მანუელა, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ფერნანდუ I, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მალულად იქორწინა ინეს დე კასტროზე, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. მისი არალეგიტიმური ვაჟი იყო ავისის დინასტიის დამაარსებელი და შემდეგში მეფე ჟუან I;
  5. იზაბელი (1324-1326), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ჟუანი (1326-1327), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. ლეონორი (1328-1348), ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე პედრო IV-ს, თუმცა ქორწილიდან ერთ წელიწადში შავმა ჭირმა შეიწირა;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Lourenço Menino, Vanda Lisa (2008). "Cartas de Arras da Rainha D. Beatriz (1309-1359)" (PDF). Estudios humanísticos. Historia (in Portuguese) (7). León: Universidad de León: Servicio de Publicaciones. pp. 349–358. ISSN 1696-0300.
  • Rodrigues Oliveira, Ana (2010). Rainhas medievais de Portugal. Dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de História (in Portuguese). Lisbon: A esfera dos livros. ISBN 978-989-626-261-7.
  • González Mínguez, César (2004). "Fernando IV de Castilla (1295-1312): Perfil de un reinado" (PDF). Espacio, Tiempo y Forma, Serie III, Historia Medieval (in Spanish) (17). Madrid: Universidad Nacional de Educación a Distancia (UNED), Facultad de Geografía e Historia. pp. 223–244. ISSN 0214-9745.