ბაშჩარშია (ბოსნ. Baščaršija; წარმოდგება თურქ. baš თავი, მთავარი და თურქ. çarşı ბაზარი[1]) — ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოს ერთ-ერთი ისტორიული უბანი და ბაზარი. უბანი ისა-ბეგ ისაკოვიჩმა დააარსა სარაევოსთან ერთად, მეთხუთმეტე საუკუნის შუა ხანებში.[2] მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, დიდი ხანძრის დროს ბაშჩარშიის თითქმის ნახევარი განადგურდა.

მეჩეთი ბაშჩარშიაში

ისტორია რედაქტირება

ოსმალების გამოჩენამდე სარაევოს ველზე არსებობდა სოფელი ტორნიკი, რომელიც დღევანდელი 'ალი-ფაშას მეჩეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. 1462 წელს ისა-ბეგ ისაკოვიჩმა ბაშჩარშიის ტერიტორიაზე გახსნა ქარვასლა მრავალი მაღაზიით. იმ პერიოდში, სარაევოს მოსახლეობა ძირითადად დღევანდელი სამეფო მეჩეთის მახლობლად ცხოვრობდა. ამიტომაც ისა-ბეგ ისაკოვიჩმა ააგო ხიდი მილაცკაზე, რათა სარაევოს ახალი ეკონომიკური ცენტრი და განსახლების ძირითადი არეალი დაეკავშირებინა.
დროთა განმავლობაში ბაშჩარშია რამდენიმე ბაზრად დაიყო – მთავარ შესასვლელში ბაზერჯანის ბაზარია, დასავლეთით – კაზაზის ბაზარი, ხოლო ჩრდილოეთით – სედლარი და სარაჩა. იმ პერიოდის არქიტექტურული ძეგლებიდან მნიშვნელოვანი მეჩეთები – ბაშჩარშიას მეჩეთი და ღაზი ხოსრო-ბეგის მეჩეთი – აიგო 1528 და 1530 წელს.
ღაზი ხოსრო-ბეგმა ასევე ააგო მადრასა, ბიბლიოთეკა, აბანო, საათის კოშკი და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები. ხოსრო-ბეგისა და მისი აზატყოფილი მეგობრის, მურად-ბეგ ტარდიჩის საფლავები ბაშჩარშიას ტერიტორიაზე, მისსავე აგებული მეჩეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ამავე პერიოდში კერძო მფლობელებმა ააგეს მრავალი სავაჭრო და სახელოსნო ნაგებობა – ბეზისტანები (ჩარდახიანი ბაზარი), ქარვასლები, ფუნდუკები და სხვა. სარაევოში, როგორც ბალკანეთის ვაჭრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრში, სამი ბეზისტანი იყო. ბაშჩარშიასთან ასევე მდებარეობდა ვენეციელი და რაგუზელი ვაჭრების ფაქტორიები. 1640 წლის მიწისძვრისა და ორი ხანძრის შემდეგ, ბაშჩარშიაში 12 ათასამდე სავაჭრო და სახელოსნო დაწესებულება მდებარეობდა, ვიდრე ევგენი სავოიელის ჯარებმა 1697 წელს სარაევო არ გადაწვეს და ააოხრეს. ევლია ჩელები, რომელიც სარაევოს ევგენი სავოიელის თავდასხმამდე ეწვია, წერს: "ბაშჩარშიაში ყველაფერია, ათასოთხმოცი რიგის სავაჭროები, რაც სიმშვენიერის მაგალითია. ეს ბაზარი ძალიან მიმზიდველია და ლამაზი დაგეგმარებითაა აგებული."
ქალაქი სარაევო მნიშვნელოვნად არ გაფართოებულა მეცხრამეტე საუკუნემდე. 1878 წელს, ბოსნიის ავსტროუნგრული ოკუპაციის შემდეგ, არქიტექტორებმა გადაწყვიტეს სარაევოს ხელახალი განაშენიანება, როგორც იმ დროისთვის თანამედროვე ევროპული ქალაქისა. ამას ხელი შეუწყო ხანძარმა, რომელმაც ძველი ქალაქის დიდი ნაწილი გაანადგურა და ბაშჩარშიის ნახევარი გაანადგურა.
სარაევოს მკვლელობის შემდეგ დაწყებული ანტისერბული მღელვარებისას 1914 წლის ივნისში ბაშჩარშიაში, ისევე როგორც მთელ სარაევოში სერბების კუთვნილი სავაჭრო და სახელოსნო დაწესებულებები დაარბიეს და გადაწვეს. 1945 წელს, სარაევოს განთავისუფლების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბაშჩარშიის დანგრევა და იქ თანამედროვე საცხოვრებელი უბნის აგება, მაგრამ მოგვიანებით ეს აღარ განხორციელდა და ბაშჩარშია დანგრევას გადაურჩა.[3]1992 წლის 1 მარტს სერბული ქორწილის დროს მექორწილეებმა სერბული დროშით გაიარეს ბაშჩარშიას ბაზართან. შეიარაღებულმა პირებმა ისინი გააჩერეს და მოსთხოვეს დროშის ჩამოხსნა. შელაპარაკება სროლაში გადაიზარდა, რასაც ნეფის მამა, ნიკოლა გარდოვიჩი (რომელსაც დროშა ეკავა) ემსხვერპლა.[4]
შენობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სარაევოს ალყის დროს. ეს კვალი დღესაც შესამჩნევია.

არქიტექტურული ძეგლები რედაქტირება

 
საათიანი კოშკი

სქოლიო რედაქტირება