ბაყაყისებრნი (ლათ. Ranidae) — უკუდო ამფიბიების ოჯახი. აერთიანებს 400-ზე მეტ სახეობას. გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში, ახალი ზელანდიისა, ავსტრალიის, პოლარული ქვეყნების, სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილისა და ოკეანიის ზოგი კუნძულის გარდა. საქართველოში გვხვდება 3 სახეობა. ამ ოჯახის წარმომადგენლებს კბილები მხოლოდ ზედა ყბებზე აქვს, გავის მალის განივი მორჩები ცილინდრული ან ოდნავ გაგანივრებულია. ფალანგებს არ გააჩნია ჩანართი ხრტილები. საქართველოში თითქმის ყველგაა ტბის ბაყაყი, ზოგ ადგილას ბინადრობს კავკასიური ბაყაყი და ამიერკავკასიური ბაყაყი. იკვებებიან მწერებით, ჭიებით, პატარა თევზებითა და ამფიბიებით, ლიფსიტებითა და თავკომბალებით. ანადგურებენ მავნე მწერებს, რითაც სარგებლობა მოაქვთ, მაგრამ ლიფსიტებისა და პატარა თევზების მოსპობით თევზის მეურნეობას ზიანს აყენებენ. საყურადღებოა გოლიათი ბაყაყი, რომლის სხეულის სიგრძე 32-49 სმ აღწევს, ხოლო წონა - 3,5 კგ. უკუდო ამფიბიებს შორის იგი უდიდესია; გვხვდება ტროპიკულ აფრიკაში (უმეტესად კამერუნში). აღსანიშნავია აგრეთვე ხარბაყაყი, რომლის სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს, ხოლო უკანა ფეხებისა - 25 სმ. იწონის 600 გ-მდე. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. დიდი ზომის ბაყაყები იკვებებიან თევზებით, წვრილი ბაყაყებით, წყლის გველებით, წყლის ფრინველის (იხვებისა და სხვა) მართვეებით, პატარა ძუძუმწოვრებით, აგრეთვე ნაირგვარი უხერხემლო ცხოველებით. სასარგებლო ცხოველების განადგურებით აზარალებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ბაყაყისებრთა ოჯახის ზოგ სახეობას იყენებენ საკვებად. განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში.

ბაყაყისებრნი

ჩვეულებრივი ბაყაყი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  უკუდო ამფიბიები
ოჯახი:  ბაყაყისებრნი
ლათინური სახელი
Ranidae

ლიტერატურა რედაქტირება