ბაღის ასპუჭაკა[1][2] (ლათ. Sylvia borin) — ფრინველი ასპუჭაკასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 13–14,5 სმ, მასა — 16–22 . ბუმბულის შეფერილობა ერთტონალური, მკრთალია, მორუხო-მურა, მცირედ შესამჩნევი ზეთისხილისფერი იერით; მკერდისა და კუდის ქვედა მხარე და მუცელი თეთრია. დედალი და მამალი ერთნაირი იერისანი არიან, ახალგაზრდა ფრინველის ბუმბული მეტად მკრთალია. გავრცელებულია თითქმის მთელ ევროპასა და დასავლეთ ციმბირში. ბინადრობენ ტყის პირებსა და ველობებში. უყვართ მდინარისპირა ბუჩქნარები. უმთავრესად იკვებებიან ხოჭოებით, მუხლუხებით, ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში ეტანებიან მოცვის, ანწლის, ჟოლოს კენკრას. გადამფრენი ფრინველია. იზამთრებს ტროპიკულ და სამხრეთ აფრიკაში. ბუდეს ძირითადად ახალგაზრდა ხეების ან ბუჩქების ტოტებზე იკეთებს, მიწიდან 1–2 მ სიმაღლეზე, იშვიათად — ბებერი ხეების ქვემო ტოტებზე. მის შენებას ჩამოფრენიდან 5–8 დღეში იწყებს, რასაც 6–10 დღეს ანდომებს. წელიწადში ჩვეულებრივ 2-ჯერ ბუდობს: პირველად 5 კვერცხს დებს, მეორედ – 4-ს. მათი ფერი განსხვავებულია, უმეტესად მორუხო-მოთეთროებია, მოყავისფრო ან მორუხო ლაქებით. კრუხობს ორივე მშობელი, რომლებიც ცვლიან ერთმანეთს. ინკუბაცია 11–12 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები სრულიად შიშვლები იჩეკებიან და ბუდეში მომდევნო 10–12 დღე რჩებიან. სქესობრივ სიმწიფეს 1 წლის ასაკში აღწევენ. სიცოცხლის ხანგრძლივობამ შესაძლოა 14 წელიც კი შეადგინოს.[3]

ბაღის ასპუჭაკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sylvia borin (Boddaert, 1783)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22716906
გალობა

აერთიანებს 2 ქვესახეობას:

  • S. b. borin (Boddaert, 1783) — ნომინალური ფორმა, გავრცელებული მთელ ევროპაში;
  • S. b. woodwardi (Sharpe, 1877) ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ციმბირამდე.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 642.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 101.
  3. Hüppop, K. O. Hüppop: Atlas zur Vogelberingung auf Helgoland, Teil 5, Vogelwarte 47 [2009], Seite 215