ბაღვაშები — მსხვილ ფეოდალთა საგვარეულო IX-XIII საუკუნეებში საქართველოში, არგვეთის (ზემო იმერეთი) ძველი მფლობელები. IX საუკუნის 70-იან წლებში გვარის უფროსი წარმომადგენელი ლიპარიტ ბაღვაში დავით I ქართველთა კურაპალატის (876-881) ყმობაში (ვასალობაში) შევიდა, მიიღო მისგან მიწა-წყალი თრიალეთში და შექმნა ძლიერი კლდეკარის საერისთავო. მის შთამომავლებს ერისთავთ-ერისთავის ტიტული ჰქონდათ. ბაღვაშების მეორე შტოს წარმომადგენლები იყვნენ რაჭის ერისთავები კახაბერისძენი. ბაღვაშებთა კლდეკარის შტოს პოლიტიკური ძლიერების ბაზას წარმოადგენდა მათი სამამულო სამფლობელო არგვეთი და პატრონყმობის საფუძველზე მიღებული კლდეკარის საერისთავო. კლდეკარის ბაღვაშები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯერ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დავაში მიწა-წყლისათვის, შემდეგ საქართველოს სამეფო-სამთავროთა ბრძოლაში პირველობისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის. გაძლიერებული ბაღვაშები ცდილობდნენ საერისთავო მიწა-წყალი მამულად გადაექციათ.

საგვარეულოს არსებობის მთელ მანძილზე ისინი ოპოზიციაში ედგნენ გაერთიანებული საქართველოს მეფეებს (ლიპარიტ IV, ლიპარიტ V, რატი I, ივანე ლიპარიტის ძე). ამ შტოს უკანასკნელი წარმომადგენლის დავით IV აღმაშენებლის დროის პოლიტიკური მოღვაწის, რატის გარდაცვალების შემდეგ მეფემ კლდეკარის საერისთავო გააუქმა. XII-XIII საუკუნეებში ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში იყვნენ ბაღვაშების რაჭის შტოს წარმომადგენლები - კახაბერისძენი. ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი კახაბერ კახაბერისძე მონღოლთან კავშირის გამო მკაცრად დასაჯა დავით VI-მ (1245-1293).

წყარო რედაქტირება

  • არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია , ე. ცაგარეიშვილის გამოც. თბ., 1974;
  • მატიანე ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ.1, თბ., 1955;
  • ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, იქვე;
  • ჟამთააღმწერელი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959

ლიტერატურა რედაქტირება