ბატკანძერი

მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა

ბატკანძერი,[1][2][3][4] კრავიჭამია[1][2][4] (ლათ. Gypaetus barbatus) — მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 100–115 სმ, ფრთების შლილი 245–272 სმ,[3] მასა 5–7 კგ.[5] აქვს გრძელი და ვიწრო ფრთები, რომბისებური ან სოლისებრი კუდი.[6] თავი და მუცლის მხარე მოყვითალო ან მოთეთროა, თუმცა იმის გამო, რომ ხშირად იღებება წითელი ფერის თიხებში, ეს ადგილები მონარინჯისფრო უხდება.[3] ტანი და ფრთები მოშავოა,[1] ზემოდან მონაცრისფრო ელფერით.[3] ნისკარტი და ფეხები რუხი. გალო თითებამდეა შებუმბვლილი.[7] ნისკარტის ორივე მხარეს ჩამოშვერილია ჯაგრისებრი ბუმბულის ორი კონა — „წვერი“.[1][3][6][7] ერთი წლის ფრინველის კისერი და თავი შავია. ზრდასრულის შეფერილობას 5 წლის ასაკში ღებულობს.[3] ხმა — დაბალი სტვენა და თავისებური კნავილი. გავრცელებულია ევროპის, წინა და ცენტრალური აზიისა და აფრიკის მთებში, იშვიათად დაბლობშიც ჩამოდის.[3] საქართველოში გვხვდება სვანეთში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მთათუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში (4800 მეტრამდე ზღვის დონიდან[1]). მაღალმთის ბინადარია, თავს აფარებს კლდოვან ნაპრალებს, სუბალპური და ალპური სარტყლების ღია, ქვიან ან კლდიან ადგილებს.[4] მკვიდრი ფრინველია.[6] საკვები რაციონის ძირითად ნაწილს დაღუპული ცხოველების ლეში წარმოადგენს,[1][3] ზოგჯერ წვრილი ცხოველებითაც იკვებება (მაგ., ვირზაზუნა).[7] საკბილოს მაღლა ფრენის დროს აკვირდება. შეუძლია დიდი ძვლებისა და კუს ბაკნის დამტვრევაც, ამისათვის მას დიდი სიმაღლიდან ძირს ახეთქებს. ენის განსაკუთრებული აგებულება საშუალებას აძლევს ლულოვანი ძვლიდან მოიპოვოს ძვლის ტვინი.[7] თანამედროვე დროში ზამთრის პირობებში მისი საკვები ბაზა გაუარესდა. გამრავლების ციკლი მეტად თავისებურია: შეწყვილება ნოემბერში იწყება და თებერვლამდე გრძელდება. ბუდობს კლდეებში; ბუდე წარმოადგენს ტოტების გროვას, სადაც ხანდახან ძვლებიცაა შერეული და დაფარულია ბალახით და ხავსით. დეკემბერში ან თებერვალ-მარტში დებს 2 (იშვიათად 1) მოთეთრო კვერცხს, ყავისფერი ლაქებითა და წინწკლებით.[6] ინკუბაცია 55–60 დღე-ღამე გრძელდება. მართვეები იჩეკებიან თებერვლის ბოლოს – მარტის დასაწყისში, რომელთაგან უმცროსს გამოჩეკიდან რამდენიმე დღეში მშობლები კლავენ და ჭამენ. ბუნებრივ კონკურენტებს შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ორბი, სვავი, ყაჯირი, მთის არწივი. ჰყავთ მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკში, მათ შორის, 1976 წელს 2 ბატკანძერი ჰყავდათ თბილისის ზოოპარკშიც. დაფიქსირებულია ტყვეობაში გამრავლების ფაქტიც (1 მართვე, 1973, ალმა-ათის ზოოპარკი).[4] შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.[8]

ბატკანძერი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  კრავიჭამია
სახეობა:  ბატკანძერი
ლათინური სახელი
Gypaetus barbatus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Vultur barbatus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22695174
გავრცელება

  მკვიდრი
  გამოზამთრება
  სავარაუდოდ გამქრალი
  გამქრალი
  სავარაუდოდ გავრცელებული (მკვიდრი)
  არსებული და რეინტროდუცირებული (მკვიდრი)

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 229.
  2. 2.0 2.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 11, 103.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 30, თბ., 2002.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, მთ. რედ. ვ. კაჭარავა, გვ. 33–34, თბ.: გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1982.
  5. Lammergeier (Gypaetus barbatus). BirdID's Bird Guide. BirdID. ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2020.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 126. 432 с.
  8. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2020.