ბატალური ჟანრი(< ფრანგ. Bataille — ბრძოლა), სახვითი ხელოვნების ჟანრი, ასახავს ომსა და სამხედრო ცხოვრებას. ბატალურ ჟანრში მთავარი ადგილი უჭირავს ბრძოლის სცენებს (მათ შორის საზღვაოს) და სამხედრო ლაშქრობებს. მისი მიზანია აღბეჭდოს ომის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი მომენტი. გადმოსცეს ბრძოლის პათოსი, მებრძოლთა გმირობა, ზოგჯერ კი გახსნას საომარი მოვლენის ისტორიული არსი. ამით ბატალური ჟანრი ისტორიულ ჟანრს უახლოვდება.

ბატალური ჟანრი ჩამოყალიბდა XVI-XVII საუკუნეებში, მაგრამ ბრძოლებს ხელოვნებაში ჯერ კიდევ უძველეს დროში ასახავდნენ. ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების (ეგვიპტის, ასურეთის) კედლის მხატვრობასა და რელიეფში გამოსახული არიან მტერთან მებრძოლი მეფეები ან მხედართმთავრები, ალყაშემორტყმული ქალაქები, ლაშქრობები. ძველ ბერძნულ ლარნაკწერაში, ტაძართა ფრონტონებსა და ფრიზების რელიეფზე ასახულია მითური გმირების საბრძოლო მამაცობა. მაღალმხატვრულ დონეზეა ძვ. წ. IV—III საუკუნეების მოზაიკა — ალექსანდრე მაკედონელის ბრძოლა დარიოსთან (ჩვენამდე მოღწეულია ამ ნაწარმოების რომაული პირი). ძვ. რომაულ ტრიუმფულ თაღებსა და სვეტებზე ხშირად გამოხატავდნენ იმპერატორთა დაპყრობით ლაშქრობებს. ბრძოლების თემებზეა შექმნილი შუა საუკუნეების ქსოვილებსა და ხალიჩებზე გამოსახული კომპოზიციები („ბაიეს ხალიჩა“, ასახავს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობას, დაახლოებით 1073—1083), ევროპისა და აღმოსავლეთი ქვეყნების წიგნის მინიატიურები („დასურათებულ მატიანეთა კრებული“, მოსკოვი, XVI ს.). განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატალური თემატიკისადმი მიძღვნილი კომპოზიციები XV საუკუნის ქართულ მინიატურულ მხატვრობაში (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H, 1165), მხატვარი-მინიატიურისტი საქმის ცოდნითა და მაღალი პროფესიული ოსტატობით გადმოგვცემს ცხენოსანთა ბრძოლას, ალყაშემორტყმულ სიმაგრეებს, ლაშქრობებს, მებრძოლთა ცხოვრებას, დასჯის ეპიზოდებს და სხვა.

ბრძოლის სცენები ზოგჯერ ხატებზეც გვხვდება. ბატალური კომპოზიციები ხშირადაა გამოსახული რელიეფზე ჩინეთსა და კამბოჯაში, ინდოეთის კედლის მხატვრობაში, იაპონიის ფერწერაში. ბრძოლის თმის რეალისტურად გამოსახვა პირველად აღორძინების ეპოქის იტალიელმა მხატვრებმა სცადეს (პაოლო უჩელო (1397—1476), პიერო დელა ფრანჩესკა (1416 ან 1420—1492). ღრმა იდეური შინარსი ჩააქსოვა ლეონარდო და ვინჩიმ „ანგიარის ბრძოლის“ ფრესკისათვის (1503—1506) შესრულებულ კარტონებში. მხატვარმა დიდი ოსტატობით გვიჩვენა გააფრთრებული, სასტიკი შეტაკება და ძმათა შორის ომის „მხეცური უგუნურება“. ასევე დიდი ოსტატობითა და რეალისტურადაა ასახული ბრძოლის სურათები მიქელანჯელოს კარტონზე „კაშინის ომი“ (1504—1506). ტიციანმა ბრძოლის სცენებში რეალური გარემო შეიტანა (ე. წ. „ბრძოლა კადორთა“, 1537—1538), ტინტორეტომ კი ბატალურ კომპოზიციებში მებრძოლთა მრავალრიცხოვანი მასა შეიყვანა („ბრძოლა განთიადზე“, დაახლოებით 1585).

ლიტერატურა რედაქტირება