ბარტელემი ბოგანდა

ბარტელემი ბოგანდა (ფრანგ. Barthélemy Boganda; დ. 4 აპრილი, 1910, ბობანგი, საფრანგეთის ეკვატორული აფრიკა — გ. 29 მარტი, 1959, ბანგისთან ახლოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლიდერი. ფრანგულ თანამეგობრობაში შემავალი ცენტრალური აფრიკის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 1958 წლის 8 დეკემბრიდან 1959 წლის 29 მარტამდე.

ბარტელემი ბოგანდა
ბარტელემი ბოგანდა
ცენტრალური აფრიკის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 დეკემბერი, 1958 – 29 მარტი, 1959
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეაბელ ნგენდე ნგუბა

დაბადებული4 აპრილი, 1910
ბობანგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
გარდაცვლილი29 მარტი, 1959 (48 წლის)
ბანგისთან ახლოს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

ბიოგრაფია რედაქტირება

ბერტელემი ბოგანდა დაიბადა 1910 წლის 4 აპრილს გლეხის ოჯახში. წარმოშობით იგი ეკუთვნოდა მბაკას ეთნიკურ ჯგუფს. ის იყო პირველი კათოლიკე აფრიკელი მღვდელი საფრანგეთის კოლონია უბანგი-შარიში (დღევანდელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა). სწორედ კათოლიკური ეკლესიის დახმარებამ განაპირობა ბოგანდას გამარჯვება 1946 წელს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში, მაგრამ მან მალევე დაგმო კოლონიური სისტემისა და ნაწილობრივ კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკა და ხელი აიღო სასულიერო ცხოვრებაზე.

1949 წელს ბოგანდამ დააარსა მოძრაობა შავი აფრიკის სოციალური ევოლუციისთვის (MESAN), რომელიც მომდევნო 30 წლის განმავლობაში ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ პარტიად დარჩა. თავიდან დემოკრატიისა და ეროვნული ორიენტაციის პარტია, ბოგანდის ძმიშვილის, ჟან ბედელ ბოკასას მმართველობის პერიოდში გადაიქცა რეპრესიების ინსტრუმენტად.

რეგიონში ბოგანდას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ფრანგული კოლონიური ძალებიც კი მიხვდნენ, რომ მასთან დაპირისპირება უშედეგო იყო. ბოგანდა ასევე ცნობილია ცენტრალური აფრიკის გაერთიანების იდეით. ის იმავე პანაფრიკული იდეების მიმდევარი იყო, რისიც განის პრეზიდენტი კვამე ნკრუმა. 1957–1958 წლებში ბოგანდა იბრძოდა საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის ბაზაზე ერთიანი ფედერაციის შექმნისთვის. ამ ფედერაციას უნდა გაეერთიანებინა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, გაბონი და ფრანგული კონგო (დღევანდელი კონგოს რესპუბლიკა). დასკვნით ეტაპზე იგეგმებოდა „ლათინური აფრიკის შეერთებული შტატების“ ჩამოყალიბება, სადაც ასევე უნდა შესულიყვნენ ანგოლა, ბელგიის კონგო (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), რუანდა-ურუნდი (დღევანდელი რუანდა და ბურუნდი) და კამერუნი. თუმცა ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა.

ბოგანდა არის ავტორი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშისა და სახელმწიფო ჰიმნის ტექსტისა.

ბოკასას გარდა ბოგანდას ნათესავები იყვნენ რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი დავიდ დაკო და პრემიერ-მინისტრი ელისაბედ დომიტიენი (1975–1976).

ბარტელემი ბოგანდა დაიღუპა ავიაკატასტროფაში 8 დღით ადრე, სანამ ცენტრალურ აფრიკაში ჩატარდებოდა კოლონიური ეპოქის ბოლო არჩევნები. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დამაარსებლის სახელის უკვდავსაყოფად ბოგანდას გარდაცვალების დღე — 29 მარტი გამოცხადდა ეროვნულ დღესასწაულად. ბოგანდას სახელს ატარებს ეროვნული მუზეუმი და რესპუბლიკის მთავარი სტადიონი დედაქალაქ ბანგში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება