ბარნი სტინსონი (ინგლ. Barney Stinson), დაბადების სახელია ბარნაბას სტინსონი (ინგლ. Barnabas Stinson) — ამერიკული კომედიური ტელესერიალის „როგორ შევხვდი დედათქვენს“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, სადაც მის როლს ნილ პატრიკ ჰარისი ასრულებს. ბარნი გამოუსწორებელი მექალთანეა. იგი ქალთან ღამის გასატარებლად ყველაფერზეა წამსვლელი და ამ თემაზე წიგნიც კი აქვს დაწერილი. მას ასევე ძალიან უყვარს სმოკინგი და ცდილობს თავის მეგობარ ტედსაც შეაყვაროს. მისი საფირმო ფრაზებია „კოსტიუმი ჩაიცვი!“, „რა ხდება?!“, „ეს იქნება ლეგენ... მოიცადეთ... დარული!“ და „მამიკო სახლშია“. მთელი სერიალის განმავლობაში, ბარნის ცხოვრება სავსეა რამდენიმე სერიოზული ურთიერთობით, თავგადასავლებით, განქორწინებითა და ახალ-ახალი ღამის პარტნიორების ძიებით. უკანასკნელ ეპიზოდში მას უცნობი ქალისაგან შეეძინა თავისი ერთადერთი ქალიშვილი, სახელად ელი სტინსონი.

ბარნი სტინსონი
პირველი გამოჩენა „პილოტი“
ბოლო გამოჩენა „უკანასკნელად სამუდამოდ“
შემქმნელი კარტერ ბაისი
კრეგ ტომასი
მსახიობი ნილ პატრიკ ჰარისი
ტენერ მაგუირე (ბარნის ბავშვობა)
რილი ტომას სტიუარტი (ბარნის ბავშვობა)
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი სვარლი
სქესი მამრობითი
ოჯახი ლორეტა სტინსონი (დედა)
ჯერომ უაიტეკერი (მამა)
შერილ უაიტეკერი (დედინაცვალი)
ჯეიმზ სტინსონი (ნახევარ-ძმა დედის მხრიდან)
ჯერომ უაიტეკერ უმცროსი (ნახევარ-ძმა მამის მხრიდან)
კარლა უაიტეკერი (ნახევარ-და მამის მხრიდან)
მეუღლე(ები) რობინ შერბაცკი
(ქ. 2013 - განქ. 2016)
მეორე ნახევარი შენონი (ყოფილი შეყვარებული)
ნორა (ყოფილი შეყვარებული)
ქუინ გარვი (ყოფილი საცოლე)
N.N. (მისი ქალიშვილის დედა)
შვილები ელი სტინსონი (2020 წელს დაბადებული ქალიშვილი)
საცხოვრებელი ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნება ამერიკელი

პერსონაჟი რედაქტირება

მისი მნიშვნელობის მიხედვით, ბარნი სტინსონი რიგით მეხუთე პერსონაშია სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“. იგი დაახლოებით 30 წლის ასაკშია, ყოველთვის სმოკინგი აცვია და ძალიან უყვარს ქალები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებსაც მშობლებთან პრობლემები აქვთ, რაც მათ უფრო მარტივად „მოსაპოვებლებს“ ხდით მისთვის. იგი იმისათვის, რომ ქალთან ერთი ღამე გაატაროს ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის არც ცრუ ისტორიების გამოგონებასა და ფოკუსების გამოყენებას ერიდება. თავისი უცნაური თვისებებისა და მიდრეკილებების გამო, ბარნის უახლოესი მეგობრებიც კი სოციოპათს უწოდებენ. მისი საუკეთესო მეგობარი ტედ მოსბია, რომლის გარშემოც ხდება ვითარება და რომლის ხაზითაც ბარნი ასევე ემეგობრება ლილი ოლდრინს, მარშალ ერიკსენსა და რობინ შერბაცკის. ბარნის უამრავი წესი და სტრატეგია აქვს შემუშავებული, თუ როგორ უნდა დაითანხმოს ქალი მასთან ღამის გატარებაზე, თუმცა მეორე დღეს მას ქალისადმი ინტერესი უქრება და ისიც უჩინარდება. სერიალის პირველი სეზონების განმავლობაში პერსონაჟები წყვილად იყვნენ: ლილი და მარშალი, რომლებიც შემდეგში დაქორწინდნენ და ტედი და რობინი, რომლებიც ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ დაშორდნენ. ამ დროის მანძილზე ბარნი მარტოხელად გვევლინებოდა, თუმცა მეხუთე სეზონიდან იგი რობინთან იწყებს შეხვედრას.

როგორც ამ როლის შემსრულებელი მსახიობი ნილ პატრიკ ჰარისმა განაცხადა, ბარნი არის ადამიანი, რომელსაც „უყვარს გიჟური სიტუაციების შექმნა, შემდეგ უკან დაჯდომა და მისთვის ყურება“. იგი მიისწრაფვის ოპორტუნისტული და მანიპულაციური ქმედებებისაკენ, სადაც შეეძლება სიტუაციის გაკონტროლება. ამის მაგალითად, ბარნი ეპიზოდ „სახლის დალაგება“-ში საოცრად ოსტატურად არწმუნებს თავის ყველა მეგობარს, რომ დაეხმარონ სახლიდან გადასვლისას ნივთების ჩალაგებაზე, რა დროსაც მათ თავადაც ვერ გაიაზრეს როგორ აღმოჩნდნენ ლაგების პროცესში.

ბარნი სტინსონი მუშაობს გოლიათის ეროვნულ ბანკში, სადაც სავარაუდოდ ბინძურ საქმიანობას ეწევა და ერთობ მაღალი შემოსავალიც აქვს, რადგან ყოველთვის, როდესაც ვინმე ეკითხება თუ რას საქმიანობს, იგი პასუხობს: „გთხოვ რა!“. იგი ყველანაირად ცდილობს, რომ ტედსა და მარშალსაც დააწყებინოს თავისთან მუშაობა, რათა სამსახურში გართობა მოახერხოს, რასაც დროებით მიაღწია კიდევაც, როცა მარშალი მის კომპანიაში იურისტად მუშაობდა, ხოლო ტედი გოლიათის ბანკის ახალი სათაო ოფისის დაპროექტებით იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის შემდეგ ბარნიმ შური იძია თავის ძველ შეყვარებულ შენონზე, რომელმაც იგი მდიდარი ბიზნესმენის გამო მიატოვა. მისი შურისძიება იმაში გამოიხატა, რომ მან შენონის ქმარი თაღლითურ ქმედებებში საჯაროდ ამხილა და დააპატიმრებინა.

რობინთან ხანმოკლე რომანის შემდეგ, ბარნის კიდევ ორი სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა. პირველი ეს იყო რობინის მეგობარ ნორასთან, რომელსაც მალევე დაშორდა. ამის შემდეგ, ბარნიმ ურთიერთობა დაიწყო ქუინთან, რომელიც პროფესიით სტრიპტიზის მოცეკვავე იყო. საქმე იმდენად გასერიოზულდა, რომ ბარნიმ ქუინს ცოლობა სთხოვა და თანხმობაც მიიღო. მათი დაშორების მიზეზად უნდობლობა იქცა, რომელიც მაშინ გამომჟღავნდა, როცა ორივემ უარი თქვა ერთმანეთის მიერ შედგენილ საქორწინო კონტრაქტზე ხელის მოწერაზე.

ამის შემდეგ ბარნი კვლავ რობინს უბრუნდება, რომელთა ურთიერთობაც ქორწილით დაგვირგვინდა. მთელი მეცხრე სეზონი სწორედ ბარნისა და რობინის ქორწილის სიუჟეტზეა აგებული, სადაც ხდება სერიალის მთავარი მომენტი და ტედი ხვდება თავისი შვილების დედას. მართალია ტედმა მათი წყალობით იპოვნა თავისი მეორე ნახევარი, მაგრამ თავად მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რაც სამ წელიწადში განქორწინებით დაგვირგვინდა. სერიალის დასკვნით ნაწილში ჩანს, რომ ბარნის უცნობი ქალისაგან შეეძინა გოგონა, სახელად ელი.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება