ბარბარა ცელიელი (სლოვენ. Barbara Celjska, გერმ. Barbara von Cilli, ჩეხ. Barbora Celjská, უნგრ. Cillei Borbála; დ. 1392 — გ. 11 ივლისი, 1451) — საღვთო რომის იმპერატრიცა 1433-1437 წლებში, უნგრეთის დედოფალი 1405-1437 წლებში, ბოჰემიის დედოფალი 1419-1437 წლებში და გერმანიის დედოფალი 1411-1437 წლებში როგორც იმპერატორ სიგიზმუნდ I-ის მეორე მეუღლე. მას ძალიან უყვარდა ოფიციალური ღონისძიებები, რის გამოც გერმანიაში ამ მხრივ მის დროს ბევრი რამ დაიხვეწა. მასვე მიეწერება დრაკონის ცნობილი, არისტოკრატიული ორდერის დაარსება. იგი უნგრეთს რეგენტი სტატუსით მართავდა 1412, 1414, 1416 და 1418 წლებში.

ბარბარა ცელიელი
საღვთო რომის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 31 მაისი, 1433
მმართ. დასასრული: 9 დეკემბერი, 1437
წინამორბედი: ელიზაბეთ პომერანიელი
მემკვიდრე: ელეანორა პორტუგალიელი
უნგრეთის დედოფალი
მმართ. დასასრული: 9 დეკემბერი, 1437
წინამორბედი: მარგერიტა დურაცო
მემკვიდრე: ელიზაბეთ ლუქსემბურგელი
გერმანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 21 ივლისი, 1411
მმართ. დასასრული: 9 დეკემბერი, 1437
წინამორბედი: ელიზაბეთ ნურემბერგელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ ლუქსემბურგელი
ბოჰემიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 19 ივლისი, 1419
მმართ. დასასრული: 9 დეკემბერი, 1437
წინამორბედი: სოფია ბავარიელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ ლუქსემბურგელი
ბრანდენბურგის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 21 ივლისი, 1411
მმართ. დასასრული: 9 დეკემბერი, 1437
წინამორბედი: აგნესა ოპოლელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ ბავარია-ლანდშუტელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1392
დაბ. ადგილი: ცელიე, სლოვენია
გარდ. თარიღი: 11 ივლისი, 1451, (59 წლის)
გარდ. ადგილი: მნელნიკი, ჩეხეთი
მეუღლე: სიგიზმუნდ I, საღვთო რომის იმპერატორი
(ქ. 1405 - გარდ. 1437)
შვილები: ელიზაბეთი, გერმანიის დედოფალი
დინასტია: ცელიე
მამა: ჰერმან II, ცელიეს გრაფი
დედა: ანა შაუნბერგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული წლები რედაქტირება

ბარბარა დაიბადა 1392 წელს ცელიეში, თანამედროვე სლოვენიის ტერიტორიაზე. იგი იყო ცელიეს გრაფ ჰერმან II-ისა და მისი მეუღლის, ანა შაუნბერგელის ქალიშვილი.

1405 წელს ბარბარა დანიშნეს საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდ I-ზე. სიგიზმუნდის მეუღლე, უნგრეთის დედოფალი მარია I 1395 წელს დაიღუპა უშვილოდ, რის გამოც იმპერატორმა მემკვიდრის გასაჩენად მეორე ცოლის შერთვა მოისურვა. სიგიზმუნდისა და ბარბარას ქორწინება ამავე, 1405 წელს შედგა.

დედოფალი და იმპერატრიცა რედაქტირება

სიგიზმუნდი 1411 წელს გერმანიის მეფე, 1419 წელს ბოჰემიის მეფე, ხოლო 1433 წელს საღვთო რომის იმპერატორი გახდა და შესაბამისად, ბარბარამაც მისი ეკვივალენტური ტიტულები მიიღო.

იგი თავისი დროის დიდ ნაწილს ქმართან ერთად ატარებდა უნგრულ ციხე-დარბაზებში, რომლებიც მათ ძალიან უყვარდათ. სიგიზმუნდის უნგრეთში არ ყოფნისას, ბარბარა ქვეყანაში რჩებოდა და მის ნაცვლად მართავდა, როგორც რეგენტი. მსგავსი შემთხვევა იყო 1412, 1414, 1416 და 1418 წლებში. 1429 წელს, დედოფალ ბარბარას თაოსნობით ქალაქ ლუცკში მოეწყო უნგრელი დიდებულების ყრილობა. იგი უნგრეთის დედოფლად 1408 წელს ეკურთხა, მისი გერმანიის დედოფლად კურთხევა 1414 წელს შედგა აახენში, 1433 წელს შედგა მისი საღვთო რომის იმპერატრიცად კორონაცია, ხოლო 1437 წელს, დაქვრივებამდე სულ ცოტა ხნით ადრე იგი ეკურთხა ბოჰემიის დედოფლადაც. იგი სიგიზმუნდ I-ს თან ახლდა 1414-1418 წლების კონსტანცის საეკლესიო კრებაზე.

1409 წელს, დედოფალმა ბარბარამ გააჩინა თავისი პირველი და უკანასკნელი ქალიშვილი — ელიზაბეთ ლუქსემბურგელი, რომელიც ავსტრიისა და გერმანიის მეფე ალბრეხტ II-ზე დააქორწინეს.

კონფლიქტი ალბრეხტ II-თან რედაქტირება

1437 წლის 9 დეკემბერს ზნოიმოში, როდესაც მძიმედ დასნეულებული იმპერატორი სიგიზმუნდ I სასიკვდილო სარეცელზე იწვა, უნგრეთში ბარბარას ვრცელი მამულების კონფისკაცია მოახდინეს. უნგრელმა დიდებულებმა განრისხებულ დედოფალს განუცხადეს, რომ ამის სათავეში მისი სიძე, ტახტზე ახლად ასული მეფე ალბრეხტ II იყო. განსვენებული სიგიზმუნდის სამეფო კანცლერმა — კასპარ შლიკმა დედოფალი ბარბარა მისივე უსაფრთხოების მიზნით, სასწრაფოდ გადაიყვანა ბრატისლავას ციხესიმაგრეში. საბოლოოდ ბარბარა იძულებული გახდა, რომ უნგრული მიწების დიდი ნაწილი სიძისთვის გადაეცა, მათ შორის ისეთი მამულებიც, რომელიც მას მზითვში მოჰყვა. ალბრეხტთან კონფლიქტი გარდაუვალი იყო, ამიტომაც ბარბარამ გადაწყვიტა პოლიტიკური თავშესაფარი ეპოვნა პოლონეთის სამეფო კარზე. იგი კრაკოვში, პოლონეთის მეფე ვლადისლავ III-ის კარზე 1438-1441 წლებში ცხოვრობდა. პოლონეთის მეფე მას მთელი ამ წლების მანძილზე ეხმარებოდა ფინანსურად და საპატიო წოდებას მიანიჭა.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება რედაქტირება

1441 წელს, ალბრეხტ II-ის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში, ბარბარამ დატოვა პოლონეთი და მნელნიკში, ბოჰემიაში დასახლდა. ეს საგრაფო ჯერ კიდევ სიგიზმუნდის სიცოცხლეში გადაეცა მას. ბარბარამ მთელი თავისი უზარმაზარი უნგრული მამულები დაკარგა, რომელთა უმეტესობაც დაქვრივების შემდეგ მის ქალიშვილ ელიზაბეთს ერგო. დარჩენილი ცხოვრება ბარბარამ ბოჰემიაში გაატარა. იგი მოსწყდა ჰაბსბურგების ინტრიგებით სავსე სამეფო კარს და ჩეხეთში მეცნიერების მფარველობა-შესწავლას შეუდგა. იგი განსაკუთრებით ალქიმიით იყო დაინტერესებული. ბარბარა ცელიელი გარდაიცვალა 1451 წლის 11 ივლისს მნელნიკში, ბოჰემიაში, 59 წლის ასაკში. მისი სიკვდილის მიზეზი შავი ჭირის ინფექცია გახდა. დედოფალი ბარბარა დაკრძალულია პრაღაში, წმინდა ვიტის საკათედრო ტაძრის წმ. ანდრიას სახელობის სამლოცველოში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Szathmáry, László: Alkémisták a magyar királyi udvarban, Természettudományi Közlöny, 60. kötet, 1928. február 1.
  • Pálosfalvi, Tamás: Borbála és a Cilleiek, História, 2006
  • Engel, Pál – C. Tóth Norbert: Borbála királyné itineráriuma (1405–1438), Itineraria Regum et Reginarum (1382–1438), MTA Támogatott Kutatóhelyek Irodája, Budapest, 169-187, 2005
  • Dvořáková, Daniela (2013). Čierna kráľovná. Barbora Celjská (1392–1451): Životný príbeh uhorskej, rímsko-nemeckej a českej kráľovnej [Black Queen. Barbara of Cilli (1392–1451): A Life Story of the Hungarian, Holy Roman and Bohemian Queen] (in Slovak). Budmerice-Bratislava: Vydavateľstvo Rak, HIÚ SAV. ISBN 978-80-85501-60-5.
  • Sitar, Sandi (1987). "8. Barbara Celjska: astrologinja in alkimistka (ok. 1387–1451)" [Chapter 8. Barbara of Cilli: An Astrologer and Alchemist (c. 1387–1451)]. Sto slovenskih znanstvenikov, zdravnikov in tehnikov [Hundred Slovenian Scientists, Doctors and Technicians] (in Slovenian). Ljubljana: Prešernova družba. pp. 76–77.