ბაიასებრნი (ლათ. Ranunculaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უმთავრესად მრავალწლოვანი ბალახებია, ზოგჯერ ბუჩქები და ლიანები. ფოთოლი თათისებრ ან ფრთისებრ დაყოფილია, იშვიათად მთლიანი. ყვავილები ორსქესიანია, მარტივი ან ორმაგი ყვავილსაფრით; აქვს მრავალი ბუტკო და მტვრიანა. ნაყოფი რთული — კაკლუჭა.

ბაიასებრნი
დიდბაია (Caltha palustris)
დიდბაია (Caltha palustris)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ბაიასებრნი
სახეობა:  მაჟარა
ლათინური სახელი
Ranunculaceae

შეიცავს 30 გვარსა და 1300-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად ზომიერი და ცივი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. საქართველოში 11 გვარი და 90-მდე სახეობა გვხვდება, რომელთაგან 22 ენდემურია. შედარებით ფართო გავრცელებითა და სახეობათა სიჭარბით საქართველოს ფლორაში გამოირჩევა ბაია, მაჟარა, ფრინტა, კატაბარდა, მედგარა, ცხვირისატეხელა და სხვა.

ბაიასებრთა ოჯახის წარმომადგენელთა უმრავლესობა ხმელეთზე იზრდება. გამონაკლისია წყლის ბაიას (ლათ. Batrachium) სახეობები. მრავალი სახეობა შხამიანია (შეიცავს ალკალოიდებსა და გლუკოზიდებს), ზოგი სამკურნალო (ცხვირისატეხელა) ან დეკორატიულია (კატაბარდა, მედგარა, ფრინტა), ბევრი სარეველაა (ბაია, ჩაწყობილა ბაია და სხვა). ამ ოჯახს აკუთვნებდნენ ისეთ გვარებს (ხარისძირა, იორდასალამი და სხვა), რომლებიც დღეს ცალკე ოჯახებადაა გამოყოფილი. თანამედროვე ფილოგენეზურ სისტემაში მცენარეთა ეს ჯგუფი მორფოლოგიური აგებულების გამო ყვავილოვან მცენარეთა ერთ-ერთ წინაპრულ ჯგუფადაა მიჩნეული.

ლიტერატურა რედაქტირება