ბათუმის ხელშეკრულება

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ბათუმის საზავო ხელშეკრულება.

ბათუმის ხელშეკრულება — დაიდო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის 4 ივნისს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა.

ბათუმის ხელშეკრულების პირობები შემუშავდა მაშინ, როდესაც ამიერკავკასია ნაწილობრივ ოსმალეთის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. ბათუმის ხელშეკრულებით ოსმალეთს გადაეცა ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები, სურამალინის მაზრა, ალექსანდროპოლისა და ეჩმიაძინის მაზრების სამი მეოთხედი, შარურ-დარალაღეზის მაზრის ერთი მეხუთედი და სხვა.

ბათუმის ხელშეკრულებით საქართველოს ჩამოსცილდა 11 381 კმ² ტერიტორია 250 ათ. მცხოვრებით, ხოლო სომხეთს 18 125 კმ² ტერიტორია 404 ათ. მცხოვრებით. ბათუმის ხელშეკრულების პირობები ამიერკავკასიის ხალხებისათვის უფრო მძიმე იყო, ვიდრე ბრესტის 1918 ზავი, რომლის შესაბამისად ოსმალეთს უნდა გადასცემოდა ამიერკავკასიის 14 135 კმ² ტერიტორია.

1918 წლის 4 ივნისს საქართველოსა და ოსმალეთს შორის დაიდო აგრეთვე დამატებითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად საქართველო ვალდებული იყო დაუყოვნებლივ მოეხდინა ჯარების დემობილიზაცია, განედევნა თავისი ტერიტორიიდან ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირი იმ ქვეყნებისა, რომლებიც ოსმალეთს და მის მოკავშირეებს ეომებოდნენ. გარდა ამისა, ოსმალეთმა მიიღო უფლება კონტროლი დაეწესებინა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ რკინიგზებზე, გამოეყენებინა ისინი თავისი და მოკავშირეების სამხედრო ინტერესებისათვის. ბათუმის ხელშეკრულება გაუქმდა პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება