სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალციხე (მრავალმნიშვნელოვანი).

ახალციხე[6], ძველად ლომსია — ქალაქი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, ისტორიული სამცხის ცენტრი.

ქალაქი
ახალციხე

ახალციხე
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
კოორდინატები 41°38′20″ ჩ. გ. 42°59′10″ ა. გ. / 41.63889° ჩ. გ. 42.98611° ა. გ. / 41.63889; 42.98611
დაარსდა XII საუკუნე
პირველი ხსენება XII საუკუნე
ადრეული სახელები ლომსია
ამჟამინდელი სტატუსი 1840
ცენტრის სიმაღლე 1000
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 17 903[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 71,71 %
სომხები 26,71 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 365[3]
საფოსტო ინდექსი 0800[4]
ოფიციალური საიტი akhaltsikhe.gov.ge
ახალციხე — საქართველო
ახალციხე
ახალციხე — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ახალციხე

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვისწყლის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 214 კმ. ახალციხეში მთის სტეპების ჰავაა. იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3,8 °C, აგვისტოსი 20,5 °C. აბსოლუტური მინიმუმი -32 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 39 °C.

სამკურნალო წყლები რედაქტირება

ახალციხე ბალნეოლოგიური კურორტია. სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული, მაგნიუმ-ნატრიუმიანი თერმული (39 °C) მინერალური წყალი (დებიტი 0,5 მლნ ლ/დღ-ღ), რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის. სამედიცინო ჩვენებები: საყრდენ-სამოძრაო ორგანოთა, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებები (ქრონ. სტადიაში).

ისტორია რედაქტირება

ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხნის ნასახლარი, ეს ადგილი ცნობილია „ამირანის–გორის“ სახელით, რომელზეც არის ლომისის სალოცავის ნაშთები. ლეგენდის მიხედვით აქედან გადაუბრძანებიათ ლომისის ხატი ლომისას სალოცავში. ახალციხეში შემორჩენილია ასეთი ლექსი:

ლომისას ჯაჭვი ჰკიდია
არვინ არ იცის ვისია,
ე ჯაჭვი ჩემი ძმისია
მესხეთით (შავშეთით) წამოღებული
შავგრემანაის ყმისია.

ლომისის ხატიდან გამომდინარე ამ დასახლებულ პუნქტს ერქვა ლომისა, რომელიც მოიცავდა მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა სანაპიროს ამირანის გორიდან დღევანდელი რაბათის დასახლების ჩათვლით. ხოლო მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი: მოღნისი, ზემო მარდა, ქვემო მარდა, ურია მარდა, ხვანა მარდა და მარდა, ასევე ქვემო ლაშიხევი.

ლომსიას წარმოშობა და სამცხის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად გახდომა, განაპირობა მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რადგან იგი წარმოადგენს სტრატეგიულ გზაჯვარედინს, ქართლს, ჯავახეთს, აჭარა-იმერთსა და ტაო-კლარჯეთს შორის. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება, როცა სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა - აღადგინეს და განაახლეს ციხე სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.

XIII-XVII სს-ში ციხე-ქალაქი სამცხის ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა და ამ საგვარეულოს მფლობელობაში იყო. 1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა. XVII-XVIII საუკუნეებში იყო ლეკი ფეოდალების მიერ ტყვე ქრისტიანებით ვაჭრობის ბუდე.

ვახუშტი ბატონიშვილის XVIII საუკუნის ცნობები[7]
 
„...არს ახალციხე ქალაქი ფერსათის მთის კერძოთს ჩამოსულს კლდესა ზედა. ხოლო ქალაქი არ მოზღუდვილი ციხიდამ ქვიტკირის სამის ზღუდით... ჰავითა არს მშვენი, ზამთრის ცივი დათოვლიანი, ზაფხულს არა ეგდენ ცხელი. გარემოს ქალაქისა წალკოტნი, ვენახნი და ხილნი მრავალნი. აწ მჯდომარებს ფაშა მუნ, რომელსა უწოდებენ საქართველოსანი კვალად ათაბაგადვე, ხოლო ოსმალნი ახალციხის ფაშად, და უპყრავს ამას სრულიადი სამცხე-საათაბაგო.“

ჟან შარდენის ცნობით ახალციხე 1723 წლისთვის 400 კომლზე მეტს შეიცავდა. ახალციხის მოსახლეობა ეკუთვნოდა ხუთ ეროვნებას, ცხოვრობდნენ თურქები, სომხები, ქართველები, ბერძნები და ებრაელები.. ქალაქში ძირითადად ხის შენობები იყო, იდგა ხისავე ქარვასლა.[8]

რაფიელ დანიბეგაშვილის 1795 წლის ცნობები[9]
 
„ქალაქს გარემოცულობა დიდი არ აქვს, თვალწარმტაცი შენობები მასში სრულიად არ არის, მცხოვრებნი საშუალო შეძლებისანი არიან. მთავარი საქმიანობა მათი არს მეხილეობა.“

ახალციხის წინააღმდეგ გალაშქრება რუსეთმა ჯერ კიდევ 1810 წელს სცადა. მაგრამ მაშინ ქალაქის აღება ვერ მოხერხდა. ეპიდემიით შეშინებული ტორმასოვი მოშორდა ახალციხეს. 1828 წელს ახალციხე აიღო ი. პასკევიჩმა. 3 ოქტომბერს ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა[10], მიუხედავად იმავე წლის თურქების მცდელობისა დაებრუნებინათ ახალციხე მარცხით დამთავრდა. 1829 წლის სექტემბერში, ანდრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, თურქეთმა რუსეთს გადასცა ახალციხის საფაშოს ნაწილი. რადგანაც ძველი დასახლება ვეღარ იტევდა ახალმოსახლეებს, ქალაქი განვითარდა ფოცხოვისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, რის შედეგადაც გაქრა ადრე არსებული მარდიების დასახლებები. ახალციხეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1840 წელს. ამავე წელს გახდა ახალციხის მაზრის ცენტრი.

 
ფრაგმენტი რიგობერტ ბონის რუკიდან, გამოქვეყნებული ჟენევაში 1780 წელს. რუკაზე დატანილია ახალციხე, საქართველო

შვეიცარელი მოგზაურის მონპერეს ცნობები ახალციხის შესახებ

ქალაქის აღწერა[11]
 
„რამდენადაც ძველი კოლხეთი არის ტენიანი და ტყიანი, იმდენად ახალციხის აუზი, ქართველთა საათაბაგო, არის მოშიშვლებული და მშრალი. დაახლოებით შვიდ ვერსზე ფოცხოვის აყოლებით, მტკვართან შეერთებამდე ზემოთ, შედიხარ მშვენიერ ქალაქ ახალციხეში.“
ვითარება XIX საუკუნის 30–იან წლებში
ქალაქის დაცემა[11]
 
„თურქებმა ჯავრი ქალაქზე იყარეს, გაანადგურეს და ააოხრეს ყველაფერი, რაც რუსებმა დაინდეს. სახლებმა, რომლებიც შემორჩენილი იყო ციხე-სიმაგრის გარშემო, დიდი დაბრკოლება შეუქმნეს რუსებს, ვინაიდან იქ დაბანაკებული თურქები ცეცხლს უხსნიდნენ ალყაშემორტყმულებს. მათი გაქცევის შემდეგ, რუსები იძულებულნი გახდნენ გაეწმინდათ ეს ადგილი. მათ აიღეს ციხესიმაგრის გარშემო არსებული ყველა სახლი და ნანგრევი.“
ქალაქის აღდგენა[12]
 
„შემდეგ შეიქმნა ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი უნდა გადაეტანათ ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე. აქ გამოუყვეს მიწები სომხებს, რომლებიც მორბოდნენ ყარსიდან და არზრუმიდან. როდესაც მე იქ ჩამოვედი 1833 წელს, ვრცელი რაიონი უკვე შექმნილი და მოწყობილი იყო. მაგრამ ძველი ქალაქის მაცხოვრებლებს ვერ გადაეწყვიტათ მისი მიტოვება. ახალი ქალაქის მაცხოვრებლები კი ჩიოდნენ, რომ მათ დააარსეს ახალი ბაზარი, საცხოვრებელი ბინები, ქარვასლა და იქიდან ვერ იღებდნენ ვერავითარ სარგებელს. ამგვარი იყო საჩივრები, რომლებსაც ვისმენდი ჩემი იქ ყოფნის დროს. ყველაზე უკმაყოფილონი იყვნენ ის ახალმოსული სომხები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ახალციხეში ოქროს გორებს იშოვიდნენ. ეს ქალაქი თურქების დროს აწარმოებდა საკმაოდ მნიშვნელოვან ვაჭრობას. საფაშოს მთავარ ქალაქში განვითარებული იყო მრეწველობა. მას კავშირი ჰქონდა ყარსთან და არზრუმთან. ამასთანავე ახალციხე იყო მონათა მნიშვნელოვანი ბაზარი. იგი ხელმისაწვდომი იყო ლეკებისთვის, რომლებიც არა მარტო მსახურობდნენ ფაშათა დროშის ქვეშ, არამედ იყენებდნენ ყველა შესაძლებელ შემთხვევას, რათა მოეტაცებინათ ქართველები, რომლებიც მათ ადვილად გადაჰყავდათ თურქთა საზღვრებზე. ... თუმცა რუსებმა იმდენი დაბრკოლება შეუქმნეს, რომ მალე ახალციხე აღარ იქნება მონათა ბაზარი.“
სტრატეგიული ცვლილებები[13]
 
„თავისი ჩართვით რუსეთის საბაჟოების რანგში, ამ ქალაქმა ახალი დანაკარგი განიცადა, იგი აღმოჩნდა სრულიად იზოლირებული და თითქოს კუთხეში მიგდებული მას შემდეგ, რაც ჩამოერთვა ყოველგვარი უფლება ანატოლიის მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობისა. ამასთანავე, ის არ მდებარეობს არც ერთ ბუნებრივ დიდ სავაჭრო გზაზე. ახალციხესთან ყველაზე ახლოს მდებარე ბათუმის პორტი მისგან მოშორებულია მთების მაღალი ჯაჭვით. ამგვარად, ახალციხემ მნიშვნელობა დაკარგა. ქართველი და თურქი მუსლიმი მოსახლეობა გაიქცა ქალაქის აღების დროს. ახალციხის „სანჯაყი“ შეიცავდა 5000 განსხვავებულს და დაახლოებით 40 000 ორივე სქესის მცხოვრებს.“

1853 წლის 14 ნოემბერს ყირიმის ომის დროს, ციხეში გამაგრებულმა რუსმა ჯარმა გენერალ-ლეიტენანტი ივანე ანდრონიკაშვილის მეთაურობით მოიგერია ოსმალთა იერიში. 1871 წელს შემუშავდა ახალი გეგმა მდ. ფოცხოვის მარჯვენა მხარეს ქალაქის გასაშენებლად[11] 1876 წელს ახალციხემ საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. 1918 წლის ივნისში ახალციხე კვლავ ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა რამდენიმე თვით.

1930 წლიდან ახალციხე გახდა ახალციხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. საბჭოთა პერიოდში ახალციხე იყო სამხრეთ საქართველოს სამრეწველო ცენტრი, მოქმედებდა ღვინის ჩამომსხმელი, ლიმონათის, ყველ-კარაქის, ხე-ტყის ქარხნები, ხორცკომბინატი. 1944 წელს ბორჯომიდან გაყვანილ იქნა რკინიგზა, რომელიც ემსახურება სამცხე-ჯავახეთის მხარის მუნიციპალიტეტებს.

2014-17 წლებში არსებობდა, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული.[14]

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1864[15] 14 722 -- --
1882[16]   13 265
1910[17]   22 095 11 704 10 391
1939   12 200
1959   16 900
1970   26 300
1974   19 300
1989[18]   24 650 -- --
2002[18]   18 452 -- --
2014[1]   17 903 8500 9403
2022[19]   16 955

ქვემოთ[20] მოცემულია ფრანგი კონსულის ადრიენ დუპრეს მონაცემები ახალციხის მოსახლეობის შესახებ, რომელიც გამოყენებული აქვს ფრანგ მოგზაურს, კომერსანტს, საფრანგეთის პირველ კონსულს თბილისში, ჟაკ ფრანსუა გამბას თავის თხზულებაში „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ და რომლის მიხედვითაც 1820 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 40 000 სულს, მათ შორის იყო 500 კათოლიკური ოჯახი.

 
„ქალაქის საალყო მდგომარეობის გამო განადგურებული და გაფანტული მოსახლეობა [...] დააკომპლექტეს იმ ახალმოსახლე სომხებისაგან, რომლებიც გამოიქცნენ ყარსიდან და ერზრუმიდან. მათ შეადგინეს მოსახლეობის უმრავლესობა. როდესაც მე იქ ჩავედი, 1833 წელს, ახალციხის მთლიანი მოსახლეობა შედგებოდა 11 000 სულისაგან, გარნიზონის ჩაუთვლელად. მ. ევეცკის კავკასიის თავის სტატისტიკაში (1835), მოსახლეობა აჰყავს 13 000 სულამდე, ხოლო მე თვით ახალციხეში გარნიზონთან ერთად ის აღმირიცხეს 16 000 სულამდე.“

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

ქალაქის ძველ ნაწილში შემორჩენილია ციხე[21], სასახლე, მეჩეთი, სინაგოგა[22]. ახალციხეშია ჯაყელების ციხესიმაგრე (XIII-XIV სს.), წმ. მარინეს ეკლესია, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, აჰმედ-ფაშა ჯაყელის მიერ აშენებული აბანო.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 100.
  • მაღრაძე, ლ.. ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები სამცხე-ჯავახეთის შესახებ. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 76–100.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  4. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  5. georgia-religion2014
  6. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
  7. ვ. ბატონიშვილი "საქართველოს გეოგრაფიული აღწერა"
  8. ჯავახიშვილი ივ., „ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN 978-99940-28-60-3.
  9. ვ. ბერიძე სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები გვ. 15. 1970 წ.
  10. Указ Новгородской духовной консистории в Софийский собор о совершении благодарственного молебствия по случаю покорения российскими войсками крепости Ахалцихи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-25. ციტირების თარიღი: 2017-10-01.
  11. 11.0 11.1 11.2 ლეილა მაღრაძე. იქვე: გვ. 80
  12. ლეილა მაღრაძე. იქვე: გვ. 80–81
  13. ლეილა მაღრაძე. იქვე: გვ. 82
  14. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები
  15. Кавказский календарь на 1865 год გვ. 305
  16. Кавказский календарь на 1883 год გვ. 268
  17. Кавказский календарь на 1912 год
  18. 18.0 18.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  19. Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
  20. ლეილა მაღრაძე. ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები სამცხე-ჯავახეთის შესახებ. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 82
  21. ახალციხის ციხის ისტორია
  22. ყველაზე ძველი სინაგოგა საქართველოში