ახალი სამყარო

(გადამისამართდა გვერდიდან ახალი მსოფლიო)

ახალი სამყარო XV საუკუნის ბოლოს ევროპელი პირველაღმომჩენების მიერ ძველი სამყაროს საწინააღმდეგოდ ამერიკის კონტინენტისათვის შერქმეული სახელი. ძველ სამყაროში იგულისხმებოდა — ევროპა, აზია და აფრიკა. ძველ სამყაროსთან შედარებით აქ ყველაფერი იყო ახალი და უცხო — ახალი მდინარეები; ახალი ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის საბადოები; ახალი თევზები; ფრინველთა და ცხოველთა ახალი სამყარო ; ლამაზი ტყეები; ახალი ნაყოფიერი მცენარეები; ყვავილები; ხილ-ბოსტნეულის ახალი გემო და ახალი ადამიანები.

გადმოცემის თანახმად, ქრისტეფორე კოლუმბს სიკვდილამდე სჯეროდა, რომ აღმოაჩინა ახალი გზა ინდოეთისკენ, მაგრამ ძალიან მალე გავრცელდა აზრი, რომ აღმოჩენილი იყო არა ინდოეთი, არამედ სრულიად ახალი კონტინენტი. ამ ვერსიის ერთ-ერთი პირველი მომხრე იყო ამერიგო ვესპუჩი, რომლის სახელწოდებაც მიიღო სამყაროს ახალმა ნაწილმა. ითვლება, რომ შესაძლოა, ტერმინი „ახალი სამყარო“ თავად ვესპუჩიმ შემოგვთავაზა 1503 წელს, თუმცა ეს საკამათო საკითხია.

მთელი რიგი წყაროები ამ დამსახურებას მიაწერენ იტალო–ესპანელ ისტორიკოსს პიეტრო მარტირე დ’ანგიერას (იტალ. Pietro Martire d'Anghiera, ხოლო ესპ.Pedro Mártir de Anglería), რომელიც ჯერ კიდევ კოლუმბის პირველი ექსპედიციის მსვლელობისას, 1492 წლის 1 ნოემბრით დათარიღებულ წერილში იყენებს აღნიშვნას ლათინურ ფორმაში „novi orbis“, ერთი წლის შემდეგ სხვა წერილში ის იცვლება „orbis novus“ სახელით, ხოლო 1516 წელს გამოდის მისი ცნობილი ნაშრომი სათაურით, რომელიც იწყება „De orbe novo...“ — „ახალ სამყაროში...“, სადაც ის აღწერს აღმოჩენილი მიწების ადგლობრივ მცხოვრებლებთან ევროპელების პირველ შეხვედრას.

1524 წელს იგივე ტერმინს იყენებს ჯოვანი და ვერაცანო — უკვე ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებთან ცურვის მოსათხრობად. ყოველ შემთხვევაში, პირველაღმოჩენილი სანაპიროების კვალდაკვალ ვრცელდება ტერმინი „ახალი სამყარო“ მთელი სამხრეთ ამერიკის სახელწოდებად, ხოლო 1541 წლიდან სახელწოდება ამერიკასთან ერთად ის გავრცელდა ჩრდილოეთ მატერიკზეც — ევროპის, აზიის და აფრიკის შემდეგ ქვეყნის მეოთხე ნაწილის აღსანიშნავად.

დღეს ტერმინს „ახალი სამყარო“ იშვიათად იყენებენ, მხოლოდ ისტორიული მოვლენების კონტექსტში. ამასთან, როგორც წესი, ის გულისხმობს არა მარტო ამერიკას, აგრეთვე, ოკეანიასა და ანტარქტიკას

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება