ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ატილა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ატილა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ატილა (მრავალმნიშვნელოვანი).

ატილა (ლათ. Attila, ბერძ. Ἀττήλας, ზემო გერმ. Etzel, დ. დაახლ. 405 — გ. 453) — ჰუნების ბელადი 434 წლიდან 453 წლამდე, რომელმაც, თავისი მმართველობის ქვეშ, რაინიდან შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირომდე ბარბაროსული ტომები გააერთიანა.

ატილა
ლათ. Attila
ბერძ. Ἀττήλας
ჰუნების ბელადი
მმართ. დასაწყისი: 434
მმართ. დასასრული: 453
წინამორბედი: რუგილა
მემკვიდრე: ვაჟები
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: თარიღი უცნობია
გარდ. თარიღი: 453
გარდ. ადგილი: პანონია
მეუღლე: ილდიკო, კრეკა და სხვა
შვილები: ერნაკი, დენგიზიქი და სხვები
მამა: მუნძუკი

ატილას სიკვდილიდან ერთი საუკუნის შემდეგ გოთი ისტორიკოსი იორდანისი ასე აღწერდა ჰუნების ბელადს:

ვიკიციტატა
მეუფეი ყველა ჰუნისა და მმართველი, ერთადერთი მსოფლიოსა ზედა, თითქმის მთელი სკვითიის ტომთა გამაერთიანებელი, ღირსი გაოცებისა ბარბაროსთა შორის სახელის გათქმისათვის.[1]

ჰუნთა მმართველის სახელი ფიგურირებს გერმანულ ხალხურ ეპოსში, საიდანაც ის სკანდინავიურ საგებში გადავიდა. ხალხთა დიდი გადასახლებისას შეთხზულ გერმანელთა ადრეულ თქმულებებში ატილა გერმანელ მეფეთაგან უდიდესად ითვლება.[2]

ატილას დაბადების წელი და ადგილი დღემდე უცნობია. მისი ასაკის დადგენა შეიძლება დიდი ვარაუდით პრისკე პანიონელის 448 წლის აღწერით ატილა იყო წვერიანი მამაკაცი, რომლის თმას სითეთრე სულ მცირედით შეხებოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ატილა უნდა დაბადებულიყო V საუკუნის პირველ ათწლეულში.

ბიოგრაფია რედაქტირება

წარმოშობა და ხელისუფლებაში მოსვლა რედაქტირება

ატილას დაბადების წელი და ადგილი უცნობია. ძალიან უხეშად, მისი ასაკი შეიძლება განისაზღვროს თვითმხილველთა ჩვენების საფუძველზე. პრისკე პანიონელი, რომელმაც 448 წელს ნახა ატილა, მას აღწერს როგორც წვერებიან მამაკაცს, რომელსაც ჭაღარა ჰქონდა შეპარული. ატილას უფროსი ვაჟი, რომელიც მან ამავე წელს გაგზავნა აკაცირების მმართველად, ისეთი ასაკში იყო, რომ მას სჭირდებოდა მცველი სარდალი ონეგესიუსის სახით. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ივარაუდება, რომ ატილა დაიბადა V საუკუნის პირველ ათწლეულში.

ერთი ვერსიის თანახმად სახელწოდება უკავშირდება მდინარე ვოლგის თურქულ სახელწოდებას „იტილს“ და აქედან გამომდინარე ატილა უნდა ნიშნავდეს „კაცი ვოლგიდან“.[3] სხვა ვერსიით, სახელი მომდინარეობს თურქული სიტყვიდან „atly, atli“, რაც ნიშნავს „გამოჩენილს“, „განდიდებულს“, ამ სიტყვის მეორე მნიშვნელობა არის „ცხენოსანი“, „ცხენოსანი“.

440-იან წლებამდე ჰუნები დიდ საფრთეებს არ უქმნიდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის იმპერიებს და უფრო ხშირად ფედერატების სახით ეხმარებოდნენ მათ გერმანული ტომების წინააღმდეგ ბრძოლებში. 420-იან წლებში ჰუნები ცხოვრობდნენ პანონიის ტერიტორიაზე (დაახლოებით დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე). ისინი გადაადგილდებოდნენ დუნაისა და რაინს შორის არსებულ უზარმაზარ სივრცეებში და იმორჩილებდნენ ადგილობრივ ბარბაროსულ ტომებს.

ატილას მამა მუნძუკი წარმოშობით იყო ჰუნების სამეფო გვარიდან. მისი ძმები ოქტარი (ან ოპტარი) და რუა (როასი, რუგილა, რუგა, როილი) იყვნენ ჰუნების ბელადები. პრეისკე პანიონელი ასევე ახსენებს მათ მეოთხე ძმას ოივარსიუსს. მუნძუკის შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ის იყო მომავალი ლიდერების ატილასა და ბლედას მამა. ოპტარი სოკრატე სქოლასტიკოსის „ისტორიაში“ მოიხსენიება, როგორც ჰუნების წინამძღოლი, რომელიც 420-იან წლებში რაინზე იბრძოდა ბურგუნდიელებთან და მოკვდა ზედმეტი ჭამისაგან.[4]

წყაროებში ყველაზე ცნობილი რუა იყო. 433 წელს რუამ, რომელსაც აღმოსავლეთ რომის იმპერია ყოველწლიურა ხარკს უხდიდა 350 ლიტრი ოქროს სახით, დაიწყო კონსტანტინოპოლის მუქარა სამშვიდობო ხელშეკრულებების დარღვევით. მოლაპარაკების პროცესში და ადგილობრივი თავდასხმების დროს რუა გარდაიცვალა.

434 წელს რუას ძმისშვილები ატილა და ბლედა ჰუნების ბელადები გახდნენ. სავარაუდოდ ბლედა უფროსი იყო, რადგან 452 წლის „გალიური ქრონიკა“ მას მოიხსენიებეს რუას მემკვიდრედ. თუმცა ბლედა დიდად არ გამოირჩეოდა, ისტორიკოსი პრისკე მოვლენების აღწერისას ყოველთვის ახსენებს ატილას, როგორც ლიდერს, რომელთანაც იმპერია იძულებული გახდა მოლაპარაკება მოეწყო. რუას მიერ დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელებით, ატილამ აიძულა ბიზანტიის იმპერატორი თეოდოსიუს II გადაეხადა ორმაგი წლიური ხარკი (700 ლიტრი ოქრო, ანუ 230 კგ) და დააწესა სხვა რთული პირობები მშვიდობის შესანარჩუნებლად. სამშვიდობო ხელშეკრულება შენარჩუნდა 7 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ჰუნები იბრძოდნენ რომის იმპერიის საზღვრებს გარეთ ბარბაროსულ ტომებთან.

ერთ-ერთი ცნობილი მოვლენა იყო ჰუნების მიერ ერთ-ერთი პირველი გერმანული სახელმწიფოს, ბურგუნდიის სამეფოს დამარცხება რაინზე, 437 წელს, სადაც, იდაციუსის მიხედვით დაიღუპა 20 000 ბურგუნდიელი, გადარჩენილებს დასავლეთ რომის იმპერიამ ახალი მიწები მისცა გალიაში, მდინარე რონას შუა წელზე დასასახლებლად (საფრანგეთისა და შვეიცარიის თანამედროვე საზღვრის მიდამოებში).

ატილა და ბლედა რედაქტირება

 
ატილას გამსახულება უნგრეთის მუზეუმიდან

წყაროებში ატილასა და ბლედას სახელები, როგორც წესი, გვერდიგვერდ იხსენიება მათი ერთობლივი მეფობის დროს. არ არსებობს იმის მტკიცებულება, თუ როგორ იყოფდნენ ძმები ძალაუფლებას. ინგლისელი ისტორიკოსი ჯონ ბაგნელ ბიური ვარაუდობდა, რომ ბლედა მართავდა ჰუნების სამფლობელოების აღმოსავლეთ ნაწილს, ხოლო ატილა იბრძოდა დასავლეთში.

ჰუნების მიერ 442 წელს ილირიაში ბიზანტიის იმპერიის განადგურების პერიოდში, ორივე ძმა ბლედა და ატილა ჰუნთა ლიდერებად იწოდებოდა.

444 წელს პროსპერ აკვიტანიელის ცნობით, რომელიც მოვლენების თანამედროვე იყო, ატილამ მოკლა ბლედა. VI საუკუნის II ნახევრის მემატიანე მარცელინუს კომესი ბლედას გარდაცვალებას 445 წლით ათარიღებს, ხოლო 452 წლის გალიური ქრონიკა ამ მოვლენას 446 წლით ათარიღებს.

444 წლიდან სიკვდილამდე, 453 წლამდე, ატილა ერთპიროვნულად მართავდა ჰუნების ძლიერ იმპერიას, რომელიც წარმოადგენდა სხვადასხვა ბარბაროსული ტომების კონგლომერატს, რომლებიც ცხოვრობდნენ დუნაის ჩრდილოეთით უზარმაზარ ტერიტორიებზე შავი ზღვიდან რაინამდე.

ბიზანტიასთან ომი რედაქტირება

პირველი ლაშქრობა რედაქტირება

ატილასა და ბლედას პირველი ლაშქრობა ბიზანტიის პროვინცია ილირიაში (თანამედროვე სერბეთი) დაიწყო 441 წელს, ბიზანტიელებისათის უკიდურესად კრიტიკულ მომენტში, როდესაც მათი ჯარები გადავიდნენ სიცილიაში სპარსელებთან და ვანდალების მეფე გაიზერიხთან საბრძოლველად. იმავე 441 წელს ბიზანტიურ სამფლობელოებს მცირე აზიაში შეუტიეს სპარსელებმა, თუმცა მათთან ომი სწრაფად დასრულდა ზავით, აღმოსავლეთ ანატოლიაში ბიზანტიური ძალების მეთაურის დათმობის ხარჯზე.

პრისკე პანიონელის თანახმად ბრძოლა დაიწყო ჰუნების თავდასხმით რომაელებს სავაჭრო ბაზრობაზე, დღევანდელი ბელგრადის მხარეში. თავდასხმის საბაბი იყო ქალაქ მარგის ეპისკოპოსის მიერ ჰუნების საგანძურის ქურდობა სამეფო სამარხებიდან. მარგი აიღეს, დაეცა დუნაის მახლობლად ქალაქი სინგიდუნუმი (თანამედროვე ბელგრადი) და ვიმინაცი (თანამედროვე სერბული ქალაქი კოსტოლაცი). ჰუნები უფრო აღმოსავლეთით გადავიდნენ დუნაის გასწვრივ რატიარიაში (თანამედროვე ბულგარული სოფელი არჩარი) და სამხრეთით მორავას ხეობის გასწვრივ ნაისამდე (თანამედროვე სერბული ქალაქი ნიში). ნაისას შტურმი და დაპყრობა დეტალურად აქვს აღწერილი პრისკე პანიონელს.

ედვარდ ტომპსონმა პრისკე პანიონელის თხრობის სტილი შეადარა თუკიდიდეს თხობის სტილს, როდესაც ის გვიამბობდა ძვ. წ. 430 წელს პლატეას ალყის შესახებ.[5] თუმცა, სხვა ისტორიკოსები არ ეთანხმებოდნენ ტომპსონის აზრს[6] და აღნიშნავდნენ, რომ კლასიკური ლიტერატურის მიბაძვა იშვიათი არ იყო ბერძნულენოვან მწერლებს შორის.[7]

442 წელს საომარი მოქმედებები, როგორც ჩანს, დასრულდა. პრისკეს თანახმად, ჰუნებმა დაიპყრეს უზარმაზარი ტერიტორია თანამედროვე სერბეთის რეგიონში დუნაის სამხრეთით ხუთი დღის სავალზე.

მეორე ლაშქრობა რედაქტირება

 
ჰუნების იმპერია

ბიზანტიის წინააღმდეგ პირველ და მეორე ლაშქრობებს შორის პერიოდში ბლედა გარდაიცვალა და ატილამ თავის ხელში მოაქცია ჰუნების მთელი სამხედრო ძალა. ამ პერიოდში ომი მიმდინარეობდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის მომთაბარე ჰუნებსა და აკაცირებს შორის.

ბიზანტიის წინააღმდეგ ლაშქრობების ქრონოლოგია სხვადასხვა ისტორიკოსის მიერ სხვადასხვანაირადაა გააზრებული. ატილას ლაშქრობები ბიზანტიის წინააღმდეგ ყველაზე დეტალურად აღადგინა ისტორიკოსმა ოტო მენხენ-ჰელფენმა თავის ნაშრომში „ჰუნების სამყარო“. პირველი ლაშქრობის დასრულების შემდეგ ატილამ, როგორც ჰუნების ერთადერთმა წინამძღოლმა, ბიზანტიას მოსთხოვა შეთანხმებული ხარკი და დეზერტირების ექსტრადიცია. იმპერატორმა თეოდოსიუს უმცროსმა სამეფო საბჭოზე გადაწყვიტა ომის დაწყება, ჰუნების დამამცირებელი მოთხოვნების შესრულების ნაცვლად. შემდეგ ატილამ დაიპყრო რატიარია, საიდანაც 446 წლის ბოლოს ან 447 წლის დასაწყისში თავს დაესხა ბიზანტიის ბალკანეთის სამფლობელოებს. მარცელინუს კომესი თავის ქრონიკაში 447 წლის ამბების თხრობისას აკეთებს შემდეგ ჩანაწერს:

 
„საშინელ ომში, რომელიც ბევრად უფრო რთული იყო ვიდრე პირველი, ატილამ თითქმის მთელი ევროპა გაანადგურა.“

რატიარიას აღმოსავლეთით მდინარე უტუმზე მიმდინარე ბრძოლაში დაამრცხეს ბიზანტიის ჯარები სარდალ არნეგისკლუსის მეთაურობით, თავად არნეგისკლუსი ბრძოლაში დაიღუპა. ჰუნები შეუფერხებლად გაემართნენ აღმოსავლეთით დუნაის და ბალკანეთის ქედის შორის დაბლობზე მარკიანოპოლისკენ (ვარნასთან ახლოს), აიღეს ეს ქალაქი და გადაუხვიეს სამხრეთით, სადაც აიღეს ფილიპოპოლი და არკადიოპოლი. ჰუნების შემოსევის მასშტაბები საკმაოდ დიდი იყო. ეს კარგად ჩანს მოვლენის თანამედროვე მემატიანის, კალინიკოსის სიტყვებიდან, რომელიც იტყობინება ჰუნების მიერ 100-ზე მეტი ქალაქის აღებისა და თრაკიის სრული განადგურების შესახებ.

საშიშროება იგრძნობოდა თვით კონსტანტინოპოლშიც, რომელიც ნაწილობრივ დაანგრია 447 წლის 27 იანვარს ძლიერმა მიწისძვრამ. წყაროებიდან არ არის ნათელი, იყო თუ არა ქალაქის კედლები სრულად აღდგენილი 447 წლის მაისისათვის (იმ დროისთვის, როცა ჰუნები მას მიუახლოვდნენ). ბევრი ადამიანი გაიქცა ქალაქიდან, თავად იმპერატორი თეოდოსიუსი მზად იყო გასაქცევად. ნესტორიუსი თავის ჰაგიოგრაფიულ ნაშრომში „Bazaar of Heracleides“ მოგვითხრობს ქალაქის სასწაულებრივ ხსნაზე ჯვრების აღმართვით, რისი დანახვის შემდეგ ჰუნებმა უწესრიგოდ დაიხიეს უკან.

ჰუნების რაზმები გაუყვნენ მარმარილოს ზღვას, მიუახლოვდნენ საბერძნეთს და მივიდნენ თერმოპილესთან. კიდევ ერთი ბრძოლა ჰუნებთან გაიმართა გალიპოლის ნახევარკუნძულზე, რის შემდეგაც ბიზანტიისთვის მძიმე ზავი დაიდო.

ზავი ბიზანტიასთან რედაქტირება

ბიზანტიასა და ჰუნებს შორის ზავის პირობები დეტალურად არის აღწერილი პრისკე პანიონელის შემორჩენილ ფრაგმენტში:

 
„გადაეცით ჰუნებს მოღალატეები და ექვსი ათასი ლიტრი ოქრო (დაახლ. 2 ტონა) უკვე ნამსახურებ ხელფასად, გადავუხდით ყოველწლიურად გარკვეული ხარკს 2100 ლიტრა ოქრო. ჰუნებისაგან გამოქცეულ ყოველ რომაელ ტყვეზე და გადასულს თავის მიწაზე გამოსასყიდის გარეშე, ვუხდით 12 ოქროს მონეტას. თუ მათი მიმღებები არ გადაიხდიან ამ ფასს მაშინ ვალდებულები არიან გადასცონ ჰუნებს გაქცეული. რომაელებმა არ მიიღონ თავისთან არცერთი ბარბაროსი, რომელიც მათთან გადავა.“

თუკი იმპერატორ თეოდოსიუსის 444 წლის 29 ნოემბრის ედიქტში (ჰუნების პირველი კამპანიის შემდეგ) საუბარი იყო მიწის მამულებისთვის საგადასახადო მოთხოვნების შემცირების შესახებ, ახლა ყველა შეღავათი გაუქმებულია. ხარკს აგროვებდნენ ცემით, შეძლებული მოქალაქეები ყიდდნენ ცოლების პირად ქონებას და ძვირფასეულობას. პრისკეს მიხედვით:

 
„ამ ომის შემდეგ რომაელებს [ბიზანტიის მცხოვრებლებს] ისეთი უბედურება დაატყდათ თავს, რომ ბევრი მათგანი შიმშილით მოკვდა, ან სიცოცხლე კისერზე მარყუჟით დაასრულა.“

ბიზანტიამ მძიმე ხარკი გადაიხადა. 448 წლისათვის ატილას შემდეგი მოთხოვნები ჰქონდა დამარცხებული იმპერიისთვის: ჰუნების მიწებიდან გაქცეულთა ექსტრადიცია და მის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეწყვეტა. აღნიშნული მიწები გადაჭიმული იყო დუნაიდან ნაისამდე და სერდიკამდე (თანამედროვე სოფია). 448 წელს ბიზანტიიდან ატილასთან თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიაზე მოსალაპარაკებლად გააგზავნეს ისტორიკოსი და დიპლომატი პრისკე პანიონელი, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყარო გახდა ჰუნების საქმეებისა და ატილას ცხოვრების შესახებ.

448 წელს ატილამ შავი ზღვის რეგიონში აკაცირების ტომების წინამძღოლად უფროსი ვაჟი ელაკი დანიშნა.

449 წელს ბიზანტიის ელჩებმა ანატოლიმ და ნომმა შეძლეს ატილას დათანხმება, რომ დუნაის მიწებს ისევ იმპერიას დაუბრუნდებოდა და სანაცვლოდ ჰუნებისგან გაქცეულთა ექსტრადიცია მოახდენდნენ. პრისკეის თქმით:

 
„ატილასთან უთანხმოება შეწყდა.“

450 წლის ივლისში იმპერატორი თეოდოსიუსი ცხენიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. 25 აგვისტოს იმპერატორის დამ პულხერიამ ბიზანტიის ტახტზე ახალი იმპერატორი დასვა, მხედართმთავარი მარკიანე, რომელმაც უარი თქვა ჰუნებისთვის ხარკის გადახდაზე.

პარალელურად გამწვავდა ატილას ურთიერთობა დასავლეთ რომის იმპერიასთან, რისი მიზეზიც იყო რომის იმპერატორ ვალენტინიანეს დის, ჰონორიას ქმედება, მან დახმარებისათის მიმართა ატილას, რამაც გამოიწვია ატილას დამანგრეველი ლაშქრობა იტალიასა და გალიაში. 451 წლის ადრეულ გაზაფხულზე ჰუნები და ატილას დაქვემდებარებული სხვა ტომები გალიაში შეიჭრნენ.

რომის იმპერიასთან ომი რედაქტირება

ლაშქრობა გალიაში რედაქტირება

 
ატილას ლაშქრობა გალიაში

შემოსევის მიმდინარეობა არ არის ასახული მემატიანეთა ჩანაწერებში და მოვლენათა მთელი მსვლელობა აღდგენილია აგიოგრაფიული წყაროების მიხედვით, როგორიცაა კათოლიკე წმინდანთა ცხოვრება, რომლებიც 451 წლისათვის ცხოვრობდნენ.

451 წლის 7 აპრილს ჰუნებმა აიღეს და გაანადგურეს მეცი. ასევე დაეცა ქალაქები ტრირი, კიოლნი, რეიმსი, ტონგერი, ტრუა. ატილა მიუახლოვდა ორლეანს გალიის ცენტრში და სავარაუდოდ ალყა შემოარტყა მას. ქალაქი რომ აეღო, ლუარის ხიდებით შეძლებდა გალიის დასავლეთით გადასვლას ვესტგუთების ტულუზის სამეფოს ტერიტორიაზე. საკმაოდ კირტიკულ მომენტში, 14 ივნისს წმინდა ანიანის ცხოვრების მიხედვით, როდესაც ქალაქის კედლები უკვე ჩამოქცეული იყო, რომაელი სარდალ აეციუსისა და ვესტგოთების მეფე თეოდორიხის გაერთიანებული ჯარები ორლეანს დაეხმარნენ.

ატილამ გადაინაცვლა კატალაუნის ველზე (ორლეანიდან აღმოსავლეთით 200 კმ-ზე), გადაკვეთა მდენარე სენა და გადავიდა მის მარჯვენა სანაპირეზ, სავარაუდოდ ქალაქ ტრუასთან. ქალაქის ჩრდილოეთით, უზარმაზარ დაბლობზე, თანამედროვე შამპანის პროვინციაში, გაიმართა გენერალური ბრძოლა, რომლის ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ბრძოლა გაიმართა 451 წლის ივნისის ბოლოდან ივლისის დასაწყისამდე.

სასტიკი ხოცვა-ჟლეტის შედეგად ორივე მხარემ დიდი დანაკარგი განიცადა, ბრძოლაში დაღუპა მეფე თეოდორიხი. როგორც ჩანს, ატილას არმიამ უფრო მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა, რადგან მეორე დღეს იგი ჩაიკეტა გამაგრებულ ბანაკში, რომელიც ყველა მხრიდან კარვებით იყო გარშემორტყმული. ინიციატივა გადავიდა გოთურ-რომაული კოალიციის ხელში, თუმცა, თორისმონდმა, ვესტგუთების ახლად არჩეულმა მეფემ, პირველმა გაიყვანა თავისი ჯარი ბრძოლის ველიდან ტულუზაში, რათა დაეცვა თავისი ძალაუფლება ტახტის მოცილე ძმებისგან.

ატილამაც დატოვა ბრძოლის ველი. გადარჩენილ ჯარებს დუნაისკენ გაუძღვა, საიდანაც მომდევნო 452 წელს შეუტია იტალიის ჩრდილოეთს.

ლაშქრობა იტალიაში რედაქტირება

452 წლის ზაფხულში ატილამ იტალიაზე იერიში მიიტანა პანონიის მხრიდან, ალპების გადასასვლელების გამოყენებით. პირველი დარტმის ქვეშ მოექცა აკვილია, რომელიც იმ პერიოდში უდიდესი ქალაქი იყო ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. იორდანისის თანახმად

 
„ხანგრძლივი და ინტენსიური ალყის შემდეგ ატილას იქ თითქმის უშედეგოდ იდგა; ქალაქის შიგნით უძლიერესი რომაელი ჯარისკაცები მას წინააღმდეგობას უწევდნენ, მისივე ჯარი კი უკვე დრტვინავდა და წასვლას ცდილობდა.“

თუმცა, ატილა დაჟინებით მოითხოვდა ალყის გაგრძელებას და მიაღწია კიდეც საწადელს, სასროლი და საალყო მანქანების გამოყენებით ქალაქი დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ იორდანისი აკვილიის სრულ განადგურებაზე წერს, ქალაქი მალევე აღორძინდა, მაგრამ ბუნებრივად გაქრა მომდევნო საუკუნეში ლომბარდების შემოსევის შემდეგ, რადგან მაცხოვრებლების უმეტესობამ ამჯობინა გადასვლა ახალ, ბევრად უკეთესად დაცულ საზღვაო ქალაქში, რომელსაც ვენეცია ​​ერქვა. 458 წელს აკვილეას ეპისკოპოსმა პაპ ლეოსთან განიხილა ჰუნების ტყვეობიდან დაბრუნებული კაცების და მათი ცოლების სხვებზე დაქორწინების საკითხი.

 
რომის პაპ ლეო I-ისა და ატილას შეხვედრა. რაფაელის ფრესკა, ვატიკანი (1514 წ.)

ვენეტების დანარჩენი ქალაქებიც აიღეს, რის შემდეგაც ატილა ჩრდილოეთი იტალიის დასავლეთ ნაწილში გადავიდა. სავარაუდოდ რომაელთა მთავარსარდალმა აეციუსმა გადაწყვიტა მოეწყო თავდაცვითი ხაზი მდინარე პოს გასწვრივ. ჰუნებმა დაიპყრეს მედიოლანუმი (თანამედროვე მილანი) და ტიცინუმი (თანამედროვე პავია). მედიოლანუმში ატილამ დაიკავა საიმპერატორო სასახლე (ქალაქი იყო რომის იმპერიის დედაქალაქი V საუკუნის დასაწყისში). სვიდას ცნობით, ატილამ დაინახა სურათი, სადაც გამოსახული იყო რომის იმპერატორები ტახტზე, მათ ფეხებთან კი მკვდარი სკვითები. შემდეგ მან ბრძანა, ეპოვათ მხატვარი და აიძულა იგი ტახტზე დაეხატა თავად ატილა, ხოლო რომის იმპერატორები გამოესახა ისე თითქოს მის ფეხებთან ოქროს ტომრებს ალაგებდნენ. მოსახლეობის უმეტესობა გაიქცა მედიოლანუმიდან, მათი სახლები გაძარცვეს ან გადაწვეს, ხოლო ეკლესიები დაანგრიეს.

რომის პაპის მდივანმა პროსპერმა თავის ქრონიკაში დაწერა, რომ პაპი ლეო, დიდგვაროვანი რომაელების ავიენისა და ტრიგეტიუსის თანხლებით, შეხვდა ჰუნების ლიდერს და დაარწმუნა იგი დუნაის მიღმა გასულიყო. ატილა დათანხმდა რომის პაპს. იტალიიდან ატილას წასვლის დამაჯერებელი მიზეზები მოყვანილია მოვლენების თანამედროვე იდაციუსის მატიანეში:

 
„იმპერატორ მარკიანეს მიერ გაგზავნილმა დამატებითმა ჯარებმა, აიეციუსის მეთაურობით, დახოცეს ისინი [ჰუნები] საკუთარ ბანაკებში. ისინიც გაანადგურა ზეციდან გამოგზავნილმა ჭირმა.“

ისტორიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ჰუნებს შორის ჭირი ბევრად უფრო გადამწყვეტი ფაქტორი იყო მათი იტალიიდან წასვლისას, ვიდრე პაპის დარწმუნება.

თავდასხმა გალიაზე რედაქტირება

იტალიის წინააღმდეგ ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ, ატილა კვლავ დაემუქრა ბიზანტიას, მოითხოვა იმპერატორ თეოდოსიუსთან შეთანხმებული ხარკი. იმპერატორი მარკიანე ცდილობს ჰუნების ლიდერთან მოლაპარაკებას, უგზავნის საჩუქრებს, მაგრამ ატილა უარს ამბობს. იორდანისის აზრით, ბიზანტიის მიმართ მუქარა მხოლოდ ატილას რეალური გეგმების მზაკვრული საფარი იყო:

 
„ამით ის, მზაკვარი და ეშმაკი, ერთი მიმართულებით დაემუქრა და მეორე მიმართულებით მიმართა იარაღი.“

ატილამ მოარბია ალანები, რომლებიც ლუარის ნაპირებზე, ცენტრალურ გალიაში ცხოვრობდნენ. თუმცა, ვესტგუთების მეფე თორისმონდმა მოახერხა მათ დასახმარებლად მისვლა და ბრძოლაში ატილა, თუ არ დამარცხდა, იძულებული მაინც გახდა უკან დაეხია პანონიასა და დაკიაში. იორდანისის მოკლე ტექსტის გარდა, ატილას ამ ბოლო ბრძოლის შესახებ სხვა წყაროები არ არსებობს.

453 წელს ატილას სიკვდილმა რომის იმპერიის საზღვრების მუდმივი საფრთხე მოხსნა.

ატილას სიკვდილი და მისი იმპერიის დაშლა რედაქტირება

ატილას გარდაცვალების მიზეზად ცხვირიდან სისხლდენა ითვლება. იორდანისი, რომელიც იმეორებს პრისკეს, ერთადერთია, ვინც აღწერა ატილას სიკვდილი და მისი დაკრძალვა:

 
„უამრავი ცოლის შემდეგ მან ცოლად შეირთო საუცხოო სილამაზის გოგონა, სახელად ილდიკო. ქორწილში დიდი სიამოვნებისგან დასუსტებული, ღვინითა და ძილით დამძიმებული იწვა სისხლში, რომელიც ჩვეულებრივ ნესტოებიდან მოდიოდა, ამ სისხლმა გაგუდა იგი. […] სტეპებს შორის აბრეშუმის კარავში მოათავსეს მისი ცხედარი, ეს იყო გასაოცარი და საზეიმო სანახაობა. ჰუნნების ტომის ყველაზე რჩეული ცხენოსნები მისი ცხედრის გარშემო წრიულად მოძრაობდნენ და სამგლოვიაროდ გალობდნენ. […] ღამით, ცხედარს ფარულად ასაფლავებენ მიწაში, მყარად ათავსებენ მას [სამ] კუბოში — პირველი დამზადებული იყო ოქროსგან, მეორე — ვერცხლისაგან, მესამე კი ძლიერი რკინისგან. […] ამხელა სიმდიდრის წინაშე ადამიანური ცნობისმოყვარეობის აღკვეთის მიზნით, მათ მოკლეს ყველა, ვისაც ეს საქმე დაევალა.“

ისტორიკოსები თვლიან, რომ ილდიკო გერმანული სახელია. მარცელინუს კომესმა გაავრცელა ჭორი, რომ „ევროპის დამღუპველი“ ატილა ძილში დანით მოკლა უსახელო ცოლმა. ეს ლეგენდა ასახულია სკანდინავიურ ეპოსში „უფროს ედაში“, სადაც ბურგუნდიის მეფის გუდრუნის და კლავს თავის მთვრალ ქმარს, ჰუნების მეფე ატლის (ატილას).

ატილას მრავალრიცხოვანი ვაჟები ჩქარობდნენ მამის იმპერიის გაყოფას, მაგრამ ბარბაროსთა ლიდერებს, რომლებიც ადრე ატილას ემორჩილებოდნენ, არ სურდათ დამორჩილებოდნენ ახალ მმართველებს. გეპიდების მეფე არდარიხმა, რომელიც ხელმძღვანელობდა რამდენიმე გერმანული ტომის აჯანყებას 454 წელს ნედაოზე (თანამედროვე ნედავა — მდინარე პანონიაში, სავას შენაკადი), ბრძოლაში დაამარცხა ჰუნები და მოკლა ატილას უფროსი ვაჟი ელაკი. დამარცხების შემდეგ გაბნეულმა ჰუნების ტომებმა სხვადასხვა ადგილები დაიკავეს. ატილას უმცროსი ვაჟი ერნაკი ტომის ნაწილთან ერთად დასახლდა დობრუჯაში, უფრო ძლიერმა ჰუნებმა დუნაის გავლით ბიზანტიის ტერიტორიას მიაღწიეს, სადაც ისინი შემდეგ ებრძოდნენ გოთებს.

უკანასკნელად ატილას სახელი მოიხსენიება მარცელინუს კომესთAნ, როდესაც ამბობს:

 
„ატილას ძის, ჰუნების მეფის დენგიზიქის თავი კონსტანტინოპოლში გაგზავნეს.“

ჰუნური ტომების ნაშთები შეერია სხვა მომთაბარე ტომებს და ეთნონიმი „ჰუნები“ დამკვიდრდა VI საუკუნის ავტორების ლექსიკონში. ასე აღნიშნავდბებ ბარბაროს მომთაბარეთა ლაშქარს, რომელიც მოძრაობდნენ დასავლეთ ევროპისკენ შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროდან.

ატილას პიროვნება რედაქტირება

ატილას გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ, იორდანისი მის შესახებ წერს:

 
„ეს ადამიანი დაიბადა, რათა შეეძრა ერები და შიში დაეთესა ყველა ქვეყანაში. არ ვიცით, როგორ და რა საშუალენბებით ახერხებდა იგი ენით აუწერელი შიშის აღძვრას ყველა ადამიანის გულში, ერთი კი ჭეშმარიტად ასეა: ყველა მისი შიშით ლოცულობდა. ის წელში გამართული გამოდიოდა და ერთი თვალის მოვლებითაც კი ახერხებდა მასებისათვის შიშის ზარი დაეცა. ომის მოყვარული იყო, ჭამაში ზომიერი, რჩევაში მყარი, შემწყნარებელი მათ მიმართ, ვინც მის მფარველობას ნებაყოფლობით მიიღებდა. დაბალი იყო, ფართო მკერდითა და დიდი თავით, თვალები ვიქრო, მეჩხერი ჭაღარაშერეული წვერით, მოკაუჭებული ცხვირით, მუქი კანით, რომელიც ხაზს უსვამდა მის წარმომავლობას.[8]

პრისკე პანიონელი 448 წელს ჰუნებთან ელჩობის დროს ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ატილას ქცევას. მისი აღწერით განსხვავდებოდა თავისი სამხედრო ლიდერებისგან არაპრეტენზიულობით, ეცვა უბრალო ტანსაცმელი, არ იყო შემკული ოქროს ნივთებით, დღესასწაულზე ჭამდა ხის თეფშიდან, ხოლო სტუმრებს ვერცხლის თეფშებით მაართმევდნენ კერძებს.

451 წელს ატილას გალიაში შეჭრამ და 452 წელს პაპ ლეოსთან შეხვედრამ დიდი კვალი დატოვა კათოლიკურ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში. შუა საუკუნეების მწერლობაში ატილას ეწოდა „ღმერთის უბედურება“ ან „ღვთის რისხვა“. მოგვიანებით, ატილა ველური ბარბაროსობის სიმბოლოდ აღიქმებოდა, რამაც დასავლურ ცივილიზაციას მხოლოდ განადგურება მოუტანა.

საეკლესიო ტრადიციისგან განსხვავებით, ატილა გერმანულ ეპოსში პრაქტიკულად არ განსხვავდება გერმანელი მეფეებისგან და ხასიათდება როგორც სათნო, დიდებული მმართველი, სტუმართმოყვარე და სამართლიანი ვასალების მიმართ. ასეთი აღქმა განვითარებულია უფროსი ედდას სკანდინავიურ სიმღერებში და „ნიბელუნგების ლეგენდაში“.

ატილა ხელოვნებაში რედაქტირება

ნუმიზმატიკა რედაქტირება

 
ატილა (მედალი)

2009 წელს ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა სამახსოვრო ვერცხლის მონეტა „ატილა“ „დიდი სარდლების“ სერიით, ნომინალური ღირებულებით 100 ტენგე და ტირაჟი 13000 ცალი. მონეტა დამზადებულია 925 სინჯის ვერცხლისგან, წონა 31,1 გრამი, დიამეტრი 38,61 მმ.[9] ატილას მონეტის წინა მხარეს (ავერსი) გამოსახულია ცხენზე ამხედრებული მეომარი, უკანა მხარის ცენტრალურ ნაწილში (რევერსი) ატილას უძველესი მედალიონის მოოქროვილი გამოსახულება. ქვედა სექტორში სამი მეომარია ცხენზე ამხედრებული, ზედა სექტორში გარშემოწერილობის გარშემო არის წარწერა „ATTILA THE HUN“ ინგლისურად და ციფრები "406-453", რომელიც მიუთითებს მეთაურის ცხოვრების წლებს.

ლეგენდები რედაქტირება

ატილა, სახელწოდებით ეტცელი, არის გერმანული ეპოსის, სიმღერა ნიბელუნგებზე ერთ-ერთი მთავარი გმირი. უფროს ედდაში ის არის ატლი, ბრინჰილდის ძმა და გუდრუნის ქმარი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • დანტემ ატილა თავისი ღვთაებრივი კომედიის (1321) ერთ-ერთ პერსონაჟად აქცია და მას „დედამიწის უბედურება“ უწოდა.
  • პიერ კორნელმა დაწერა პიესა ატილა, რომელიც მოლიერის დასმა 1667 წელს დადგა.
  • ფელიქს დანი, ისტორიული რომანი „ატილა“ (1888)
  • გეზა გარდონი, ისტორიული რომანი „უხილავი კაცი“ (1901)
  • ევგენი ზამიატინი, რომანი „ღვთის უბედურება“, 1935
  • დიმიტრი კედრინი, ლექსი „ქორწილი“, 1940
  • ლუი დე ვოლი, „ატილა“. მოსკოვი: ექსმო, 1996

მუსიკა რედაქტირება

  • ატილა (1846) — იტალიელი კომპოზიტორის ჯუზეპე ვერდის ოპერა.
  • Attila (2004) — სიმღერა ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფის Iced Earth-ის ალბომიდან The Glorious Burden.
  • ატილა (2007) — სიმღერა დიმიტრი რევიაკინის ალბომიდან „მოსავალი“
  • ატილა (2011) — სიმღერა რუსული მძიმე მეტალის ჯგუფის „არიას“ ალბომიდან „Phoenix“.[10]
  • Attila (2011) — ყაზახური ეთნიკური მძიმე მეტალის ჯგუფის Aldaspan-ის სადებიუტო ალბომი.[11]
  • Attila (2005 წლიდან — დღემდე) — Deathcore ჯგუფი ატლანტადან.[12]

ფილმები რედაქტირება

მხატვრული რედაქტირება

დოკუმენტური რედაქტირება

  • ანტიკურობის საიდუმლოებები. ბარბაროსები. ნაწილი 3. ჰუნები (აშშ; 2003 წ.).
  • BBC-ის 45-წუთიანი ფილმი „ატილა“ ციკლში „დიდი მეომრები“. ატილას როლს მსახიობი რორი მაკკენი ასრულებდა.
  • გადაცემა „უძლეველი მეომრის“ მეორე სეზონის მეორე ეპიზოდი, ატილასა და ალექსანდრე მაკედონელის იარაღისა და ტაქტიკის შედარება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. იორდანისი, О ПРОИСХОЖДЕНИИ И ДЕЯНИЯХ ГЕТОВ
  2. გერმანული პოეზიის უძველეს ნიმუშში – „ვიდსიდა“ (შექმნილია IV—VII საუკუნეებში.) ჰუნთა ბელადი ეტლა (ატილა) მოხსენიებულია ადამიანთა შორის „უძლიერესის“ -ალექსანდრეს (მაკედონელის) შემდეგ.
  3. Иловайский Д.И. Начало Руси. Под редакцией Л.М. Суриса. Москва-Берлин, 2015. — С.322.
  4. სოკრატე სქოლასტიკოსი, „საეკლესიო ისტორია“, 7.30
  5. E. A. Thompson, The Classical Quarterly, Vol. 39, No. 3/4 (1945), pp. 92-94
  6. Peter J. Heather, The Fall of the Roman Empire, Oxford University Press US, 2006, p. 301. ISBN 0-19-515954-3
  7. П. В. Шувалов, Чуждое: опыты преодоления. Очерки из истории культуры Среднеземноморья, М.: Алетейа, 1999, с. 259
  8. იორდანისი, გოთიკა, XXXV
  9. «Аттила» вышел в тираж.
  10. Официальный сайт группы «Ария». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-05. ციტირების თარიღი: 2011-10-01.
  11. Дискография группы Aldaspan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-01. ციტირების თარიღი: 2012-02-12
  12. Attila — Atlanta, GA. ციტირების თარიღი: 2012-09-01