სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასლან აბაშიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

ასლან იბრაჰიმის ძე აბაშიძე, ასლანბეგი (დ. 1877 — გ. 1924) — ქართველი გენერალი (1918). ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ აბაშიძის ძმა.

ბიოგრაფია რედაქტირება

ახალგაზრდობიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, ხელმძღვანელობდა სამხედრო რაზმს. იბრძოდა რუსეთის იმპერიული ხელისუფლების წინააღმდეგ აჭარაში. რეაქციის წლებში იძულებული გახდა სტამბოლში წასულიყო, სადაც მიიღო სამხედრო განათლება ოსმალეთის იმპერიის უმაღლეს სამხედრო სკოლაში. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას და პრო-ქართულ ორიენტაციას აჭარაში. მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. 1918 წელს ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმთა შეიარაღებულ რაზმებს. იმავე წელს დაინიშნა სამხედრო სამინისტროს დავალებათა ოფიცრად, მიენიჭა ჯერ პოლკოვნიკის, შემდეგ კი გენერლის ჩინი. იყო საქართველოს ერთადერთი გენერალი აჭარიდან. 1918 წლის ბოლოს მონაწილეობდა სომხეთთან ომში

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გადასახლდა თურქეთში, საიდანაც ცდილობდა აჭარაში ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებას. ნოემბერ-დეკემბერში მცირე ხნით დაბრუნდა აჭარაში. იყო სტამბოლის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წელს აჯანყების ორგანიზაციაში. მოკლეს სტამბოლში 1924 წელს, სავარაუდოდ მოწამლეს საბჭოთა კავშირის აგენტებმა. არის ავტორი მხედრული სიმღერისა „ასლანური“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 8.