არფა (მუსიკალური საკრავი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არფა (მრავალმნიშვნელოვანი).

არფა — უძველესი საკრავი, გავრცელებული იყო ეგვიპტეში, ფინიკიაში, ასურეთ-ბაბილონში, იუდეაში, საბერძნეთში, რომში და ბიზანტიაში. პირველად არფა, როგორც საოპერო ორკესტრის შემადგენელი საკრავი, გამოიყენა ჰენდელმა. მის შემდეგ ეს საკრავი მონაწილეობს საოპერო, საბალეტო, სიმფონიური და კამერული მუსიკის შესრულებაში. 45-47 სიმიანი არფა, ფორტეპიანოს მსგავსად, სრული დიაპაზონის მქონეა. მასზე მიიღწევა სხვადასხვა სახის ჟღერადობა: არპეჯიოები, გლისანდოები, ფლაჟოლეტები, აკორდული კომპლექსები და სხვ. არფის სოლოებს არაჩვეულებრივი სინატიფე და კოლორიტულობა შეაქვს ორკესტრის ჟღერადობაში. ეს საკრავი სიმფონიურ ორკესტრში პირველად შემოიღო ბერლიოზმა „ფანტასტიკური სიმფონიის“ მეორე ნაწილში („მეჯლისზე“). ცნობილია აგრეთვე არფის ბრწყინვალე სოლოები ჩაიკოვსკის ბალეტებში: „ყვავილების ვალსი“ - „მაკნატუნიდან“, „სცენა“ და „ადაჟიო“ — „გედების ტბიდან“ და „მძინარე მზეთუნახავიდან“, სოლო გლაზუნოვის ბალეტიდან „რაიმონდა“, რიმსკი-კორსაკოვის „ესპანური კაპრიჩიოდან“ და სხვ. ამ საკრავს ხშირად მიმართავდნენ დებიუსი, რაველი, ჰინდემიტი და სხვ.

არფა, როგორც პოპულარული ეროვნული საკრავი, იმდენადაა გავრცელებული ირლანდიაში, რომ აღიარებულია ამ ქვეყნის ემბლემად. ამიტომაა, რომ არფის გამოსახულება, კოკარდის სახით, მოთავსებულია სახელმწიფო მოხელეთა, პოლისმენებისა და სხვათა ქუდებზე. არფას იყენებენ ერთი ან ორი საკრავის სახით. გამონაკლისია ვაგნერის ოპერა „რაინის ოქრო“, რომელშიც კომპოზიტორმა გამოიყენა ექვსი არფა, რათა მათი არპეჯირებული ჟღერადობით გადმოეცა ცისარტყელის გზით ღმერთების სვლა მათ სამყოფელ ვალჰალასკენ.