არსენა ჯორჯიაშვილი (ფილმი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არსენა.

არსენა ჯორჯიაშვილი — პირველი ქართული საბჭოთა მხატვრული ფილმი. გადაღებულია ივანე პერესტიანის მიერ 1921 წელს. დაფუძნებულია მენშევიკი რევოლუციონერის, არსენ ჯორჯიაშვილის რეალურ ისტორიაზე.

„არსენა ჯორჯიაშვილი“
ჟანრი ისტორიული
დამდგმელი რეჟისორი ივანე პერესტიანი
პროდიუსერი გერმანე გოგიტიძე
სცენარის ავტორი შალვა დადიანი
ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი თევდორე პუში
სტუდია საქართველოს განათლების სახელმწიფო კომისარიატის კინოსექცია
გამოსვლის თარიღი ოქტომბერი, 1921
ხანგრძლივობა 49 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა მუნჯი

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

დეპოს მუშა არსენა ჯორჯიაშვილმა გაფიცულ მუშათა რევოლუციური კომიტეტის გადაწყვეტილებით მოკლა რევოლუციური მოძრაობის სასტიკი მტერი, კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი გენერალი ფიოდორ გრიაზნოვი. თავდადებული ტერორისტი ვაჟკაცურად ეგებება საველე-სამხედრო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსა და სიკვდილს. მას ნარიყალას ციხეზე დახვრეტენ.

როლებში რედაქტირება

გადაღება რედაქტირება

ფილმის გადაღება დაწყებული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს. მაშინ არსებობდა იდეა, გადაღებულიყო კინოეპოპეა, რომელიც ასახავდა 1905 წლის რევოლუციიდან 1917 წლის რევოლუციამდე პერიოდს. ეპოპეის პირველ ფილმად ჩაფიქრებული იყო „გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა“.[1] რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ ეპოპეის გადაღება ჩაშალა, მაგრამ ამ ფილმის გადაღება მაინც გაგრძელდა.

შეფასება რედაქტირება

ფილმის წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მისი გამოსვლისთვის ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ არსენა ჯორჯიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ამბის უშუალო მონაწილენი. პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელებმა, რომლებიც დაესწრნენ ფილმის პრემიერას „აპოლოში“, მადლობა გადაუხადეს შემქმნელებს.[2] ძალადობით, ინტრიგითა და სასიყვარულო რომანტიკით დახუნძლული ფილმი დადებითად შეაფასეს. მთავარი როლის შემსრულებელ მიხეილ ჭიაურელს კი მაშინდელი ამერიკის და მსოფლიოს კერპს დაგლას ფეირბენქსს ადარებდნენ.[3]

ფილმმა იმ დროს ჩვენების რეკორდი მოხსნა, თბილისში ის 155-ჯერ უჩვენეს. პირველ ორ კვირაში მან სრულად აანაზღაურა გაწეული ხარჯები. მოგებამ საშუალება მისცა კინოსექციას გაეუმჯობესებინა კინოატელიე, ლაბორატორია და გაეზარდა თანამშრომელთა რიცხვი. ფილმი საქართველოს ფარგლებს გასდცა და რუსეთში გავიდა სათაურებით „გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა“, „სიცოცხლე სიკვდილში“, „სიკვდილი სიცოცხლისთვის“. რუსულმა პრესამ მაღალი შეფასება მისცა ფილმს.

ისტორიული ფაქტები რედაქტირება

არსენა ჯორჯიაშვილი სინამდვილეში ნარიყალას ციხეზე არ დაუხვრეტიათ, ის ჩამოახრჩვეს საგუბერნიო ციხის ეზოში და იქვე დამარხეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მახარაძე ი., „დიადი მუნჯი“, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ბაქრაძე ა., „კინო და თეატრი“, თბილისი: „ხელოვნება“, 1989. — გვ. 70.
  2. გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013. — გვ. 75, ISBN 978-9941-0-5910-0.
  3. Denise J. Youngblood, "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s", გვ. 77 — Cambridge University press. 1992