სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანჩისხატი.

ანჩის კარედი ხატი — ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი, შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუში — კარედი ხატი (ტრიპტიქონი, სიმაღლე 146,5 სმ, სიგანე გაშლილი კარით 156 სმ) სხვადასხვა დროის ნაწილებით, მოოქრული ვერცხლი, ხოლო პირისახე წარმოადგენს, ფიცარზე ენკაუსტიკის წესით შესრულებულ ფერწერას. თავდაპირველად ინახებოდა კლარჯეთში ანჩის მონასტერში. მისი სახელიც აქედან მომდინარეობს. მოგვიანებით ხატი სამცხის ათაბაგთა ოჯახს ეკუთვნოდა. XVII საუკუნეში გამოისყიდეს, ჯერ გივი ამილახვრების სახლში ესვენა, ბოლოს კი თბილისში ჩამოიტანეს „ზარების ეკლესიაში“, რომელსაც ანჩისხატი ეწოდა. ამჟამად დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

ანჩისხატის კარედი

„პირი ღვთისა“ რედაქტირება

 
შ. ამირანაშვილის მიერ წარმოდგენილი ანჩის ხატის პირვანდელი სახე.

კარედი შესრულებულია „პირი ღვთისას“ (105 X 71 სმ). მაცხოვარი გამოსახულია წელზევით, მაკურთხებელი მარჯვენით და ხელში სახარებით. სახე შესრულებულია ცვილოვანი საღებავით (ენკაუსტიკური ტექნიკით, VI-VII საუკუნეები). ასეთი ხატი იყო ნაწერი წმინდა სანთელში გახსნილი ფერების ფხვნილით. თვით მაცხოვრის ტიპი, თვალებისა და ცხვირის მოყვანილობა არკვევს, ძეგლის სიძველეს.

მაცხოვრის „ხელთუქმნელი ხატის“ იკონოგრაფიული ტიპი, რომელიც ჩამოყალიბებული იყო IV და V საუკუნეში სირიასა და პალესტინაში, წარმოადგენს მაცხოვრის გამოსახულებას ბიუსტის გარეშე, ორ ნაწნავად შუაზე გაყოფილი თმით და მოგრძო წვერ-ულვაშით. თავის მოყვანილობა და ტილო, რომელზეც მოთავსებული იყო მაცხოვრის „ხელთუქმნელი“ გამოსახულება, ჩვეულებრივად გვაძლევს საკმაოდ ზუსტ კვადრატულ ფორმას, რაც თავისთავად ცხადია ნაკარნახევი იყო გამოსახულების იკონოგრაფიული ტიპით.

მაცხოვრის ხატი დაწერილია ფიცარზე (106 X 71 X 4,6 სმ). ფიცარი დაზიანებულია ბევრ ადგილას, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ზემოდან ხატის შუაგული გაპობილია ორ ნაწილად, ხოლო გაპობილი ღრუ ამოვსებულია სანთლით. ხატის ქვედა ნაწილი დაზიანებულია ისევე, როგორც ზედა და აქაც ღრუ ამოვსებულია ცვილის სანთლით. ხატის მხატვრულსა და შესრულების ტექნიკის ანალიზს აბრკოლებს ის გარემოება, რომ ხატი ძლიერ დაზიანებულია, განსაკუთრებით მაცხოვრის პირისახის ქვედა ნაწილი, სადაც მხატვრობა თითქმის სულ გადასულია. მაცხოვრის თმა, რომელიც ორ ნაწილად იყოფოდა, ძლიერ დაზიანებულია. შედარებით კარგად ჩანს მისი მარცხენა ნაწნავი. მარცხენა ნაწნავის მხატვრობის ფერი სავსებით გადასულია XVII საუკუნის მეორე ნახევრის მუქი ყავისფერი საღებავით, რომელზედაც შემდეგ წაუსვამთ ლაქი.

1929 წელს მოჭედილობის ახსნის დროს აღმოჩნდა, რომ მხატვრობაზე გარდა იმ ნაწილისა, რომელიც მოჭედილობაში დატოვებული იყო მაცხოვრის სახის გამოსაჩენად, დაკრული იყო ზემოდან ტილო.ტილოსა და მოჭედილობას შუა მოთავსებული ღრუ ამოვსებული ყოფილა აგურისფერი მასით — ფისით. ტილო ფარავდა მაცხოვრის მთელ ბიუსტსა და ორივე ნაწნავის უდიდეს ნაწილს. ტილო ამოჭრილი ყოფილა მაცხოვრის პირისახის გამსოაჩენად, მაგრამ იგი მაცხოვრის სახის მოყვანილობას არ მიუყვება ზუსტად, პირიქით მას ფარავს. მოჭედილობის ახდის დროს გაირკვა, რომ ტილო რომელიც ზუსტად მიუყვება მოჭედილობის კონტურს და არა პირვანდელ მხატვრობას, დაუკრავთ ძველ მხატვრობაზე ახალი მოჭედილობის სარჩულად 1825 წელს.

ხატის კვლევისას ტილო, რომელიც ფარავდა პირვანდელ მოხატულობას მოიხსნა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ თავდაპირველ მხატვრობას დაკავებული ჰქონდა ფიცრის მთელი არე. მაცხოვრის ნიმბი განახლებულია XVII საუკუნეში ღია ოქროთი, კონტური მოხაზულია აგურისფერი მუქი საღებავით. ფონი ხატისა დაფარულია ღია მოცისფრო საღებავით, რაც დამახასიათებელია XVII-XVIII საუკუნეების ქართული ხატწერის ძეგლებისათვის. თეთრი საღებავით ხატის მარცხენა არეზე შენახულა წარწერა ქ~ე. მარცხნივ ქვემოთ მოჩანს სახარების ყდა, თვალებით შემკული, რომელიც დაწერილია არაუადრეს XVII საუკუნისა. მარცხენა თითების გამოსახულება ოდნავ შემორჩენილია, რომლითაც ირკვევა, რომ მაცხოვარს სახარება ეკავა ქვემოდან.

ძეგლის დეტალური განხილვისას შალვა ამირანაშვილი თვლის, რომ XVII საუკუნის განახლების დროს მხატვარს უკვე აღარ ესმოდა მაცხოვრის „ხელთუქმნელი“ გამოსახულების იკონოგრაფიული ტიპის რაობა და შინაარსი. მან მაცხოვრის პირისახეს მიუმატა ბიუსტი, მარცხენა ხელში დააჭერინა სახარება, ხოლო მარჯვენა ხელის თითებს კურთხევის ნიშანის სახე მისცა.

მოჭედილობა რედაქტირება

ანჩისხატის მაცხოვრის გამოსახულება მოთავსებული ყოფილამოგრძო ვიწრო ოთხკუთხედში, ჯერ კიდევ ბექა ოპიზარისა და იოანე რკნაელის დროს. მაცხოვრის ბიუსტი და სახარების გამოსახვა მარცხენა ხელში, რომელიც მოცემულია 1825 წლის მოჭედილობაში, გვაძლევს მაცხოვრის განსხვავებულ იკონოგრაფიულ ტიპს, რომელიც ცნობილია „ყოვლისმყრობელის“ სახელწოდებით.

ხატის ნიმბი შემკულია ძვირფასი თვლებით. მაცხოვრის კვართი და მთელი ხატის შიდა მხარე დამზადებულია დიდი ზომის ვერცხლის მთლიანი ფირფიტიდან 1825 წელს. ამას ამტკიცებს შესრულების ტექნიკა და ფონის ორნამენტის მოტივი. ხატის ეს ნაწილი წარმოადგენს გვიანი ხანის რუსული ხელობის ნაწარმოებს.

მნიშვნელოვან ყურადღებას იპყრობს ჩარჩოს მოჭედლობა, რომელიც წარმოადგენს ქართული ოქრომჭედლობის ძეგლს და წარწერის მიხედვით ეკუთვნის ბექა ოპიზარს. ჩარჩოს ზედა ნაწილზე ცენტრში გამოსახულია „საყდარი“, ხატის მარჯვენა კუთხეში — მთავარანგელოზი მიქაელი, მარცხენა კუთხეში კი მთავარანგელოზი გაბრიელი. ხატის მარცხენა გვერდით ჩარჩოზე შუა ადგილას, ვედრების პოზაში, მთელი ტანით გამსახულია იოანე ნათლისმცემელი, მეორე გვერდზე კი სიმეტრიულად მოთავსებულია ამავე ვედრების პოზაში ღვთისმშობელი. ქვედა ჩარჩოზე წელზევით გამოსახულნი არიან მარჯვენა კუთხეში პეტრე მოციქული, შუაში — პავლე მოციქული და მარცხენა კუთხეში — იოანე მახარებელი.

აღნიშნულ გამოსახულებათა შორის მოთავსებულია საკმაოდ მაღალი რელიეფიანი ჩუქურთმა, რომელიც ძირითადად წარმოადგენს მცენარის ფოთლის სტილიზაციას. მას სამმაგი წრე აქვს შემოვლებული. თუმცა კომპოზიცია ზოგად ხაზებში ექვემდებარება ზუსტად სიმეტრიის კანონს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ერთი და იგივე ფორმა წრეში მოთავსებულ ფოთლისა განმეორებული არ არის.

ჩარჩოს ქვედა ნაწილზე მოთავსებულია რელიეფურად მოცემული ასომთავრული წარწერა, რომელიც კარგადაა დაცული.

 
„ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღუთივ გჳრგჳნოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ჴელ-ვჰყავ საშინელისა
ამის ხატისა პატივითა მოჭედად. მფარუჱლ-მცუჱლ-არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ჴელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე.“

წარწერის შინაარსიდან ირკვევა, რომ თამარ მეფის „ნივთის ბოძებით“ ანჩელ ეპისკოპოსს იოანე რკინაელს, ბექასათვის შეუკვეთია ხატის მოჭედილობა.

კარედის კუბო რედაქტირება

ხატის კარების მოჭედილობა, როგორც ირკვევა წარწერების მოწმობით და სტილის ანალიზის საშუალებით, შესრულებულია შიგნით — XIV საუკუნე, ხოლო გარე მოჭედილობა — XVII საუკუნეს ეკუთვნის.

კარების მოჭედილობის შიდა ნაწილზე და კუბოზე დაცულია წარწერები, რომელთა საშუალებით ირკვევა, რომ ხატის კუბო და კარები დამზადებული ყოფილა XIV საუკუნის პირველ ნახევარში, ხოლო კარების გარეთა ნაწილის მოჭედილობა თარიღდება 1686 წლით.

კუბოს თავზე ამშვენებს ამაღლების კომპოზიცია, რომლის კამარაზე დაცულია შემდეგი ასომთავრული წარწერა:

 
„სტყვაო ღმრთისა მამისაო, შეიწირე უნდოი ესე მკობაი წმიდის და საშინელისა განკაცებისა შენისა ხატისა კუბოჲ. პატრონსა მანდატურთუხუცესსა ბექასა და მიანიჭე მკუიდრებაჲ, რათა შენთა თანა მე და ძემნი ჩემნი გუიჴსნენ. აქა თა...“

კარების შიდა და გარე მხარეზე გამოსახულია თორმეტი საუფლო დღესასწაულის კომპოზიცია.

მარცხენა კარის შიდა მხარეს გამოსახულია (ზემოდან ქვემოთ) ხარების, შობის და ნათლისღების კომპოზიციები. ამ უკანასკნელის თავზე კი დატანილია ასომთავრული წარწერა:

 
„სულსა პატრონისა მანდატურთუხუცესისა ბექისასა, განუსუჱნე ღმერთო.“

და ქვევით:

 
„მეუღლისა მისისა მარინეს, განუსუჱნოს ღმერთმან.“

მარჯვენა კარის შიდა მხარეზე ასევე გამოსხულია ფერისცვალების, ჯვარცმის, აღდგომის კომპოზიციები. აქაც ქვედა ხატის თავზე არის შემდეგი წარწერა:

 
„სულსა პატრონისა მანდატურთ-უხუცესისა და მეუღლისა მისისა მარინესსა, განუსუჱნოს ღმერთმან.“

და ქვევით:

 
„ძენი მათნი მანდატურთუხუცესი სარგის, ყუარყუარე და შალუა ადიდენ ღმერთმან.“

აღნიშნულ წარწერებში მოხსენიებული პირები არიან ბექა I სამცხის ათაბაგი „მანდატურთუხუცესი“, მისი მეუღლე მარინე და სამი ძე სარგის II, ყვარყვარე და შალვა.

კარების გარეთა მხარეზე წარმოდგენილია ლაზარეს აღდგინება, მიძინება, საიდუმლო სერობა, ბზობა, თომას დარწმუნება და სულთმოფენობა, ხოლო მის ქვედა ნაწილზე დაცულია შემდეგი მხედრული წარწერა:

 
„ჵ სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელო, და ძეო მამისათანა სწორო და სულო წმინდაო ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის-ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, - ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მონდობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან, თვით ამილახორმან გივმან და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყაფარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადყოფასა და განსაცდელს განვერენით და ვითაც კარები არ ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძით და ასულით ჩვენით. იყოს მადლი და ცვა-ფარვა თქვენი ჩვენზედა. გაკეთდა კარები ესე მეფობასა მეფეთ-მეფისა გიორგისასა, ინდიკტიონსა მეფობისა მეშვიდესა, ქორონიკონსა ტოდ (1686 წ.) ამისი სარქარი ლოლაძე ბერაუკა, ღმერთმან შეუნდნეს.“

გივი ამილახორისწარწერის ქვემოთ დატანილია კათალიკოზ-პატრიარქის დომენტი III-ის მხედრული წარწერა:

 
„ქ. ადიდენ ღმერთმან კათოლიკოზი პატრიარქი, რომელმან განაახლა ხატი ესე ჴელით-უქმნელი, პირუჱლ ედესიდგან კონსტანტინოპოლეს წარმოესუჱნებინათ, და ოდეს ლეო ისავრო და სხუანი ხატ მებრძოლნი გამოჩნდნენ, მას ჟამსა მუნითგან წარმოესუჱნათ და დაესუჱნათ კლარჯეთს, საეპისოპოზოსსა საყდარსა ანჩისასა. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა მეფეთ-მეფისს თამარისათა, იოანე ანჩელს პატიოსნად მოეჭედა და ოდეს გათათრდა სამცხე, მაშინ აღსრულიყო თფილისის ვაჭარი, და ეყიდა ფასითა და მოეხსენებინა ბიძისა ჩუჱნისა კათოლიკოს-პატრიარქის დომენტისათჳს და მას ძჳრფასად ეყიდნა და დაესუჱნა თფილისის საყდარსა საკათალიკოზოსა, მეფობასა პაპისა ჩუჱნისა მეფის ვახტანგისასა. მას აქეთ დიდად დაძუჱლებულ-იყო ხე და მოჭედილობა. ჩუჱნ მეფეთ შარავანდედმან, ყოვლისა საქართუჱლოსა პატრიარქმან დომენტი კუალად განვაახლეთ და მოვჭედეთ გული და კუბო და შევმატე თუალი და მარგალიტი, ქრისტე ღმერთო, შემინდევ ყოველნი ცოდუანი ჩემნი, სტანჯუჱლსა და ყოველთა მტერთა, ხილულთა და უხილავთაგან მიხსენ და შემრაცხე მარჯუჱნით შენსა, და დაიცევ მეფე მეფეთა საქართუჱლოს ბაგრატოვანი ვახტანგ, და მეუღლე მათი დედოფალი რუსუდან, ბაქარ, გიორგი და ასულნი მათნი ყოველნივე, იხსენ განსაცდელისაგან, ამინ. ქორონიკონს ტოგ (373/1685წ). კუალად განახლებულ-იქმნა სიძუჱლისა გამო კუბო ესე მაცხოვრისა ჩყკგ (1823) წელსა, ქორონიკონს ფიგ (513/1825წ).“

ისტორია რედაქტირება

 
ავგაროზი იღებს ხელთუქმნელ ხატს თადეოზისგან. სინას მთა, ენკაუსტიკა, X საუკუნე.

ანჩის ხატის მოჭედვის ინიციატორის, ანჩელ მთავარეპისკოპოს იოანე ანჩელის, საგალობელის ავტორის მოსაზრებით ხატი ანდრია პირველწოდებულმა გადმოიტანა იერაპოლიდან (თან. ქალაქი მანბიჯი) საქართველოში. ხატისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული კანონის ერთ-ერთ ტროპარში იოანე ანჩელი ამბობს: „ანდრია, თავი მოციქულთა, პირველწოდებული მოწაფე მეუფისა დიდისა, იდიდებოდენ ყოველთაგან უღაღთა ღადოთა კლარჯეთისათა, იერაპოლით მოვიდა და ხატი ესე საშინელი ჩვენ, მოსავთა მისთა, მოგვანიჭა“.[1]

ანჩის ტრიპტიქონის წარწერათა ისტორიული ანალიზის საშუალებით ირკვევა, რომ მაცხოვრის „პირი ღვთისა“ ჯერ ედესიდან გადმოუტანიათ კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი 717-747 წლებში ბიზანტიის კეისრის ლეონ III ისავრიელის ცნობილი ხატმებრძოლის დროს კი კონსტანტინოპოლიდან — ანჩის მონასტერში. აღნიშნულ ფაქტს ეწინააღმდეგება ის გარემოება, რომ ხატი მხოლოდ 944 წელს კონსტანტინე VII პირფიროგენეტის დროს გადმოიტანეს ედესიდან კონსტანტინოპოლში.

1184-1193 წლებში (თამარ მეფის გამეფებისა და ლაშა-გიორგის დაბადების წლები) ბექა ოპიზარს მოუჭედავს იოანე რკნაელის თაოსნობით.

წალკის სახარების (რომელიც დაწერილი იყო წყაროსთავში) მინაწერის მიხედვით, მწიგნობარ სოფრომს, თამარ მეფის ყოფილ ვეზირს, რომელმაც წყაროსთავიდან შეიძინა აღნიშნული სახარება და მოაჭედინა ბექა ოპიზარს, შეუტანია თავის მხრივ რაღაც წვლილი ამ ხატის შემკობაში: „ამისა წინაჲთ ხატი ღმრთისა განკაცებისა ჴელვყავ და შევამკვე მისვე ბექაჲსა ხელითა“. სახელდობრ კონკრეტულად, რაგვარი შემკულობა იყო დამატებით შესრულებული ბექას მიერ აღნიშნული პირის თაოსნობით, არ ჩანს.

დაახლოებით 1308-1334 წლებში (ბექა I და სარგის II-ის გარდაცვალების წლების შუალედი) ჩაუსვამთ მოჭედილ კარედ კუბოში.

1664 წელს სამხრეთ საქართველოს ოსმალების მიერ დაპყრობის შემდეგ, თბილისელ ვაჭარს იევარგუნიშვილს ამირჯანას ჩამოუტანია სამცხიდან ათი ხატი, მათ შორის ანჩის ხატი და 2000 მარჩილად მიუყიდია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დომენტისათვის[2]. ცნობილია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა დომენტიმ განაახლა ანჩისხატი და 1675 წელს ააგო სამრეკლო. ხატი დიდხანს ყოფილა იოთამ ამილახვარის სახლში დასვენებული. 1686 წლის წარწერა ამბობს, რომ ხატს კარები არ ჰქონდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ირკვევა დაცული ყოფილა კარების შიდა მოჭედილობა, რომელიც XIV საუკუნეში იყო გაკეთებული. მოძველებული ხის კარები ახლით ჩაანაცვლეს და ზედ გადაუკრავთ არსებული ძველი მოჭედილობა. XIV საუკუნის მოჭედილობა, ვინაიდან ახალი ხის კარები უფრო მცირე ყოფილა ზომით, დაუზიანებიათ დაკვრის დროს, განსაკუთრებით ქვედა ნაწილი, სადაც ნაწილი ორნამენტისა გადაკეცილია.

დომენტი კათალიკოსის 1715 წლის წარწერაში აღნიშნულია, რომ მისი, ვახტანგ მეფისა და მისმი მეუღლის რუსუდან დედოფლის დროს, განუახლებია ხე და მოჭედილობა გულის, კუბოსი და შეუმატებია თვალი და მარგალიტები.

შალვა ამირანაშვილის აზრით ქორონიკონი „ტოგ-ის მაგივრად ოქრომჭედელს უნდა ამოეჭრა უგ (403), რაც მოგვცემს 1715 წელს. მართლაც, 1715 წელს საქართველოს ტახტი ეჭირა ვახტანგ VI და კათალიკოსად იყო დომენტი III, ხოლო მეფის შვილი გიორგი უკვე დაბადებული იყო. აღნიშნული წარწერის შემსრულებელს მოსვლია შეცდომა: მან 403 აღნიშნა არა „უგ“ ნიშნით, არამედ ტ (300), რ (100), გ (3). რ (100) ნიშნის დაწერის დროს მას დავიწყებია ზედა ხაზის გაკეთება (რაც გვაძლევს ო=70). ერთი სიტყვით, 400 აღნიშვნის დროს მან ერთი ნიშან უ-ს მაგივრად შეცდომით აღნშნა ორი ნიშნით ტ (300) და რ (100).

1825 წელს კიდევ განუახლებიათ ხატის კუბო წარწერის მიხედვით. ეს განახლება ეხება მაცხოვრის შესამოსელსა და ფონის ახლად დამზადებას.

პლატონ იოსელიანის სიტყვებით, 1852 წელს ოდესის მთავარეპისკოპოსის ინოკენტისათვის სპეციალურად დამზადდა ანჩისხატის ასლი.

ანჩის ტრიპტიქი გასაბჭოებამდე ინახებოდა ანჩისხატის ტაძარში. 1920-იანი წლებიდან კი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში.

1929 წელს შალვა ამირანაშვილის ხელმძღვანელობით ხატს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც იკონოგრაფიული ტიპისა და შესრულების ტექნიკიდან გამომდინარე ხატი VI-VII საუკუნეებით დაათარიღა.

ხატის მნიშვნელობა რედაქტირება

 

ანჩისხატთან დაკავშირებით ცნობილია მამა გაბრიელის მოწოდება ქართველი ერისადმი, რომელშიც იგი მუზეუმიდან ანჩისხატის ეკლესიაში გადატანაზე საუბრობს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ყენია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 171.;
  • ამირანაშვილი შ., ბექა ოპიზარი, თბ., 1956;
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • საყვარელიძე თ., XIV-XIX საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობა, თბ., 1987;
  • Ерицов А., Об иконе Спаса в Тифлисском Анчисхатском соборе, წგნ.: Кавказская старина, №1, გვ.15-20, тиф., 1872.
  • კაკაბაძე დ., ბექა ოპიზარი, „შვიდი მნათობი“, გვ. 154-158, ტფ., 1919.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ამირანაშვილი შ., ბექა ოპიზარი, თბ., გვ. ??? 1956;
  2. ჟორდანია თ., ქართლ-კახეთის მონასტრების და ეკლესიების ისტორიული საბუთები, გვ. 187, ტფ., 1903