ანექსია (ლათ. annexio - „შეერთება“) — ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის ან მისი ნაწილის მითვისება ძალით ან მისი გამოყენების მუქარით.

ანექსია წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ თავისი ტერიტორიის მიღმა სხვა ტერიტორიაზე საკუთარი სუვერენიტეტის გავრცელების გამოცხადებას. სეცესიისგან განსხვავებით, როდესაც მოცემული ტერიტორიის გადაცემა ან/და გაყიდვა ხელშეკრულების საფუძველზე ხდება, ანექსია არის სახელმწიფოს მხრიდან ცალმხრივი ქმედება რეალურად მისი კონტროლირებადი ტერიტორიის შეერთების და ამ აქტის სახალხო ლეგიტიმაციით აღიარების ნაბიჯებით.

ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ანექსია განიხილებოდა, როგორც გამარჯვებული სახელმწიფოს კანონიერი უფლება. გაეროს წესდებით, ძალის გამოყენებისა და დამუქრების აკრძალვასთან ერთად უკანონოდ გამოცხადდა ანექსიაც. თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ანექსია, როგორც ტერიტორიის შეძენის ფორმა, უკანონო ქმედებად არის მიჩნეული. იგი აგრესიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.

ანექსია განსხვავდება ოკუპაციისაგან, რადგან ის გულისხმობს ტერიტორიის კუთვნილების საკითხში იურიდიულ ცვლილებებს. მაგ: 1878 წლიდან ბოსნია და ჰერცეგოვინა ოკუპირებული იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მიერ, მაგრამ მისი ანექსირება ანუ იურიდიული დაკანონება მოხდა მხოლოდ 1908 წელს, მანამდე ის ფორმალურად ითვლებოდა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიად.

ანექსიას უმეტესწილად წინ უსწრებს ტერიტორიის დაპყრობა და მისი სამხედრო ოკუპაცია. თუმცა, 1938 წელს გერმანიის მიერ ავსტრიის ანექსია (ანშლუსი) არა რეალური სამხედრო აქტივობით მოხდა, არამედ ძალის გამოყენების მუქარით. თუმცა სამხედრო ოკუპაცია არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად ანექსიით დასრულდება. მაგალითისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიის კაპიტულაციით მისი ტერიტორიების მოკავშირე ძალების მიერ ოკუპაცია გერმანიის ანექსიით არ დასრულებულა. სამხედრო ოკუპაცია გადაიზრდება ანექსიაში, როდესაც ანექსორი ქვეყანა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი სუვერენულობის განვრცობის შესახებ და რომ ეს სუვერენიტეტი ამ ტერიტორიაზე მომავალშიც შენარჩუნდება. ისრაელმა მსგავსი განცხადება გააკეთა 1981 წელს გოლანის მაღლობების ანექსიისას და ასევე, რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიისას. სამხედრო ძალის არალეგალური გამოყენების შემდეგ ანექსიას გაეროს ქარტია გმობს.

ანექსიამდე შეიძლება არსებობდეს იმგვარი პირობები, რომ ტერიტორიის დაპყრობა და სამხედრო ოკუპაცია არ გახდეს აუცილებელი. მაგალითად, 1910 წელს იაპონიამ მისი პროტექტორატი კორეის ანექსია მხოლოდ ოფიციალური განცხადებით მოახდინა; სანამ 1925 წელს სვალბარდის კუნძულების ანექსიას მოახდენდა, ნორვეგიამ ამ კუნძულების ფლობაში კონკურენტ ძალებთან ხელშეკრულების დადებით ისინი გაანეიტრალა. ასევე, მშვიდობიანი ანექსია იყო XIX საუკუნეში, აშშ-ის მიერ ჰავაის კუნძულების მიერთება. ჰავაის მმართველობა თავის ტერიტორიაზე ამერიკულ ხელისუფლებას დათანხმდა.

ანექსიის პროცესის ფორმალური მხარე საერთაშორისო სამართლით არ არის განსაზღვრული, მას უმეტესწილად ანექსორი ქვეყნის კონსტიტუციური კანონი აწესრიგებს. 1936 წელს, იტალიის მიერ ეთიოპიის ანექსია იტალიის მეფის განკარგულებით განხორციელდა. კონგრესის რეზოლუციებზე დაფუძნებით მოხდა აშშ-ის მიერ 1845 წელს ტეხასის და 1898 წელს ჰავაის ანექსიაც. თუმცა ანექსიის საბოლოო ლეგალიზება ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აქტორების მხრიდან მისი აღიარებით.

საერთაშორისო სამართლის ევოლუცია რედაქტირება

XX საუკუნეში, საერთაშორისო სამართალმა სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენებასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ამის ცხადი მაგალითებია ისეთი შეთნხმებები, როგორიცაა 1907 წლის პორტერის კონვენცია, 1920 წლის ერთა ლიგის შეთანხმება, 1928 წლის ბრიან-კელოგის პაქტი და ბოლოს, გაეროს ქარტიის პირველი ნაწილის მუხლი 2, რომლიც დღევანდელ საერთაშორისო სამართალში მოქმედებს:

 
„გაეროს თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენების და მუქარისგან, რომელიც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს, ასევე, იმგვარი ქმედებებისგან, რომელიც არ შეესაბამება გაეროს მიზნებს.“

მას შემდეგ, რაც ძალის გამოყენება სხვა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ან სრულად დაპყრობისთვის არალეგალური გახდა, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია, მათზე სუვერენულობის გავრცელება სამართლის სფეროს დისკუსიის საკითხად იქცა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ანექსიის გამოყენებამ სახელმწიფოების მთლიან მოსახლეობებს ის უსაფრთხოება წაართვა, რაც მანამდე საერთაშორისო სამართლით ჰქონდათ გარანტირებული. 1949 წლის ჟენევის მეოთხე კონვენციამ გაამყარა 1899 და 1907 წლების ჰააგის კონვენციები მოსახლეობის უფლებების დაცვის შესახებ. ჟენევის მეოთხე კონვენციის ავტორებმა ხაზი გაუსვეს ამ უფლებათა ურღვევობის „აბსოლუტურ ხასიათს“, რითაც კიდევ უფრო გაართულეს ერთი ქვეყნის მიერ გარკვეული ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით. კონვენციის მუხლი 47, პირველი პარაგრაფის სექცია III: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, არცერთ შემთხვევაში, არ უნდა ჩამოერთვათ ამ კონვენციაში გაწერილი უფლებები რაიმე ტიპის ცვლილებებით, ამ ტერიტორიაზე მოქმედი ხელისუფლების მიერ ან მასსა და ოკუპანტ ძალას შორის გაფორმებული რაიმე შეთანხმების მიხედვით და არც ამ ტერიტორიის ანექსიის შედეგად.“

ანექსიის მაგალითები 1949 წლიდან რედაქტირება

ჩინეთი რედაქტირება

ცინის დინასტიის მმართველობა დამყარდა ტიბეტზე მას შემდეგ, რაც ცინთა სამხედრო ექსპედიციამ დაამარცხა ჯუნგარიის სახანო, რომლიც ტიბეტს 1720 წლამდე ფლობდა. ცინების მმართველობამ კი, 1912 წლამდე გასტანა. ჩინეთის რესპუბლიკას 1912-51 წლებში ტიბეტზე ეფექტური მმართველობა არ გააჩნდა, მაგრამ ჩინეთის ხელისუფლება თვლიდა, რომ ეს მდოგმარეობა არ გამოხატავდა ტიბეტის დამოუკიდებლობას და არცერთი სხვა დე-ფაქტო რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებდა, რადგან ეს ტერიტორიები ჩინეთის დროებითი დაქსაქსულობის გამო ხდებოდა, რომელიც გამოწვეული იყო მიწათმფლობელთა შორის დავების, სამოქალაქო ომისა და იაპონიის სამხედრო ინტერვენციის შედეგად.

ტიბეტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონტროლს ქვეშ გადავიდა მას შემდეგ, რაც რეგიონმა წარუმატებლად სცადა საერთაშორისო აღიარების მოპოვება და 1951 წელს ჩინეთის წნეხის შედეგად 17 პუნქტიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. დასავლური აზრით, ჩინეთის მიერ ტიბეტის ინკორპორირება ანექსიას წარმოადგენდა.

ინდოეთი რედაქტირება

1954 წელს, ინდოეთში პორტუგალიური ანკლავის, დადრასა და ნაგარ-ჰაველის მოსახლეობამ ნაციონალისტური ძალების მოხალისეთა დახმარებით, პორტუგალიური მმართველობა დაასრულა. 1954-1961 წლებში, რეგიონი დე-ფაქტო დამოუკიდებლობას ფლობდა, თუმცა 1961 წელს რეგიონის ხელისუფლებამ ინდოეთის მთავრობასთან რეგიონის ინდოეთთან შეერთების შეთანხმებას მოაწერა ხელი.

1961 წელს, ინდოეთი და პორტუგალია მცირე სამხედრო კონფლიქტში ჩაერთვნენ პორტიგალიის მიერ კონტროლირებად გოას, დამანისა და დიუს ტერიტორიებისთვის. ინდოეთი ამ ტერიტორიებზე შეიჭრა და 36 საათში დაიკავა, რითაც პორტუგალიელთა 451 წლიანი კოლონიური მმართველობა ამ ტერიტოირებზე დაასრულა. ინდოეთში ეს მოვლენები ისტორიული ინდოეთის გათავისუფლებად შეირაცხა, ხოლო პორტუგალიაში ეროვნულ ტრაგედიად. ინდოეთის ქმედების დაგმობის გაეროს უშიშორების საბჭოს რეზოლუციას საბჭოთა კავშირმა ვეტო დაადო. გოას, დამანისა და დიუს ანექსია შემდგომ უკვე ინდოეთმა განახორციელა.

სიკიმი რედაქტირება

ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის პერიოდში სიკიმს გაურკვეველი პოლიტიკური სტატუსი ჰქონდა, ის სამთავროს ან ინდოეთის პროტექტორატს წარმოადგენდა. ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ქვეყნის აღმასრულებელი საბჭოს ლიდერმა, ჯავაჰარლალ ნერუმ პირობა დადო, რომ სიკიმი, როგორც ინდოეთის ტერიტორია არ ჩაითვლებოდა. თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინდოეთის ნაციონალიზმმა სიკიმის ჩოგალის მონარქია წნეხის ქვეშ მოაქცია.

1950 წელს დადებული შეთანხმებით, სიკიმის სიუზერენი ინდოეთი გახდა, რომლის ფუნქციებში გადავიდა სიკიმის საგარეო ურთიერთობები, თავდაცვა და კომუნიკაციები. დროთა განმავლობაში ჩოგალის დინასტია სიკიმში პოპულარობას კარგავდა. შედეგად, 1975 წელს, ინდოეთის პარლამენტმა სიკიმის სტატუსი შეცვლა, რითაც მას რეგიონის ინდოეთთან შეერთების უფლება ეძლეოდა. იმავე წლის აპრილში, ინდური არმია სიკიმში შევიდა და მონარქის სასახლე დაიკავა. რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ხმის მიმცემთა (59 %) 97.5 %-მა ინდოეთთან ერთიანობას დაუჭირა მხარი. 1975 წლის 16 მაისს, სიკიმი ინდოეთის 22-ე შტატი გახდა და სიკიმის მონარქია გაუქმდა.

როკოლი რედაქტირება

1955 წლის 18 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის იმპერიის უკანასკნელი ტერიტორიული გაფართოება განხორციელდა — ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ როკოლის ანექსია მოხდა, მას შემდეგ, რაც მასზე სამეფო ფლოტის ვერტმფრენით ბრიტანელი მაღალჩინიანი სამხედროები გადასხდნენ. მათ კუნძულზე ბრიტანეთის დროშა აღმართეს. თუმცა როგორც საზღვაო სამართლითაა ხმელეთიდან 12 კმ-იანი საზღვაო ტერიტორიის ფლობა აღიარებული, ამ წესს როკოლზე არც ბრიტანეთი აღიარებს, არც კუნძულის მეზობლები, ისლანდია, ირლანდია, ფარერები და დანია.

ერიტრეის ანექსია რედაქტირება

1952 წელს, ეთიოპიის იმპერატორმა, ჰაილე სელასიე I-მა ერიტრეასთან ფედერაცია შექმნა. 1962 წელს, მან ფედერაცია დაშალა და ერიტრეის ანექსია გამოაცხადა, რასაც ერიტრეის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოჰყვა.

ინდონეზია რედაქტირება

დასავლეთ ახალი გუინეის ანექსია რედაქტირება

1969 წლის სადავო პლებისციტით, დასავლეთ პაპუა, იგივე დასავლეთ ახალი გვინეა ინდონეზიამ შეიერთა. 1960-იან წლებში, სეპარატისტული თავისუფალი პაპუას მოძრაობა ინდონეზიის ძალებთან მცირე მასშტაბის შეტაკებებში იყო ჩართული.

აღმოსავლეთ ტიმორის ანექსია რედაქტირება

1975 წლის ინტერვენციის შემდეგ, ინდონეზიამ აღმოსავლეთ ტიმორის ანექსია მოახდინა, რომელსაც ტიმორ ტიმური ეწოდებოდა. ის ქვეყნის 27-ე პროვინციად ითვლებოდა, თუმცა მას გაერო არ აღიარებდა. აღმოსავლეთ ტიმორელები ინდონეზიის წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი.

1999 წელს გაეროს დახმარებით, აღმოსავლეთ ტიმორში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ტიმორელებმა უარი განაცხადეს ინდონეზიის შემადგენლობაში ავტონომიურ სტატუსზე. შედეგად, 2002 წელს აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და დღეს მას აღმოსავლეთი ტიმორი ეწოდება.

დასავლეთი საჰარა რედაქტირება

1975 წელს, მადრიდის შეთანხმების შედეგად, ესპანეთმა დატოვა დასავლეთ საჰარის ტერიტორია და მისი მმართველობა მაროკოსა და მავრიტანიას გადასცა. ამ მოვლენამ დამოიკდებლობისთვის მებრძოლ პოლისარიოს ფრონტს ბიძგი მისცა, როგორც მაროკოს, ასევე მავრიტანიის წინააღმდეგ ებრძოლა. 1979 წლის სამხედრო პუტჩის შემდეგ, დასავლეთ საჰარა მავრტინიამაც დატოვა და მაროკოს დაუტოვა მისი მმართველობა.

1991 წელს, გაეროს ეგიდით დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც შემდგომ შეჩერდა. 2012 წლის მდგომარეობით, გაერო აგრძელებს პირდაპირ მოლაპარაკებებს მაროკოსა და პოლისარიოს ფრონტს შორის, რათა მიღწეულ იქნეს შეთანხმება. საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა ნახევრად აღიარებული სახელმწიფოა, რომელის 1975 წლიდან არსებობს.

დასავლეთ სანაპირო რედაქტირება

ანექსია იორდანიის მიერ რედაქტირება

1948 წლის ისრაელ-არაბული კონფლიქტის შედეგად, პალესტინის სამანდატოს ნაწილს, ებრაულ იუდეას და სამარეას დასავლეთ სანაპირო ეწოდა. მისი ანექსია პალესტინის დელეგაციის მოწვევით, 1950 წელს იორდანიამ მოახდინა. ანექსია მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა და პაკისტანმა აღიარა. ანექსია არ დაუგმია გაეროს უშიშროების საბჭოსაც და ეს ტერიტორია იორდანიის ნაწილად რჩებოდა 1967 წლამდე, სანამ მისი ოკუპაცია ისრაელმა არ მოახდინა. იორდანიას დასავლეთ სანაპიროზე პრეტენზია 1988 წლამდე უკან არ წაუღია.

აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსია ისრაელის მიერ რედაქტირება

1967 წლის ექვსდღიანი ომის შედეგად, ისრაელმა დასავლეთ სანაპიროს ნაწილის, აღმოსვალეთ იერუსლიმი დაიკავა. იმავე წელს, ისრაელმა ცალმხრივად მოახდინა აღმოსავლეთ იერუსალიმზე საკუთარი იურისდიქციის გავრცელება. იმ დროისათვის, ისრაელმა გაეროს შეატყობინა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ ადმინისტრაციული და მუნიციპალური მმართველობისთვის გადადგა და ის არ წარმოადგენდა ანექსიას. 1980 წელს, ისრაელის ქნესეთმა მიიღო კანონი იერუსალიმის შესახებ, რომლითაც იერუსალიმი გამოცხადდა ისრაელის დედაქალაქად, შესაბამისად მოახდინა მისი ანექსია. აღნიშნული ნაბიჯი გაეროს უშიშროების საბჭომ სხვადასხვა დროს არაერთი რეზოლუციით დაგმო.

ისრაელი — გოლანის ანექსია რედაქტირება

1967 წლის ექვსდღიან ომში ისრაელმა სირიის გოლანის მაღლობების 2/3 დაიკავა. 1981 წლის კანონით გოლანის მაღლობების შესახებ, ეს ტერიტორია ისრაელის იურისდიქციის ქვეშ მოექცა. გადაწყვეტილება გაეროს უშიშრეობის საბჭომ რეზოლუცია 497-ით დაგმო. ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც გოლანის ანექსია მაშინ აღიარა მიკრონეზიის ფედერაციული შტატებია. გოლანის ტერიტორიაზე მცხოვრები დრუზები და მაჯდალ შამსები სირიულ პასპორტს ინარჩუნებდნენ. 1981 წლის ანექსიის შემდეგ, მაჯდალ შამსების 95 %-მა უარი განაცხადა ისრაელის მოქალაქეობაზე და დღემდე ამ პოზიციაზე არიან.

2012 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ 110 მომხრე, 6 წინააღმდეგით მოითხოვა სირიის გოლანის ისრაელის სამხედრო ძალების მიერ სრულად დატოვება. 2019 წლის 25 მარტს, აშშ-მ გოლანის მაღლობები ისრაელის სუვერენულ ტერიტორიებად სცნო.

ვიეტნამი რედაქტირება

1975 წლის აპრილში, სამხედრო გამარჯვების შემდეგ, ჩრდილოეთ ვიეტნამმა სამხრეთის დე-ფაქტო ანექსია მოახდინა. ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტურმა რეჟიმმა ქვეყანა ოფიციალურად გააერთიანა.

ერაყი რედაქტირება

ირან-ერაყის ომის შემდეგ, 1990 წლის აგვისტოში, ერაყის სადამ ჰუსეინის ხელისუფლება ქუვეითში შეიჭრა და მისი ანექსია მოახდინა. ჰუსეინი ქუვეითს ერაყის პროვინციად მოაზრებდა. ანექსიის შედეგად ქუვეითის მონარქია დაემხო და მის ნაცვლად ერაყელ გუბერნატორს დაევლა ქუვეითის მართვა.

ერაყის ქმედებები აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უფროსმა დაგმო და ერაყული ძალების შეკავება გადაწყვიტა. გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვით, ქუვეითში 34 ქვეყნის კოალიცია შევიდა და ქუვეითის საემირო აღადგინა.

რუსეთი რედაქტირება

2014 წლის მარტში, რუსეთის ფედერაციამ უკრაინული ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, რომელიც უკრაინის შემადგენლობაში ორი ფედერალური სუბიექტით შედიოდა — ყირიმის რესპუბლიკითა და სევასტოპოლის ფედერალური ქალაქით. რუსეთი უარყოფს ანექსიას და თვლის, რომ უკრაინისგან ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ, რეგიონი ირედენტიზმის მოტივებით და რუსეთთან შეერთების რეფერედუმით რუსეთის ფედერაციაში შევიდა. ყირიმის ანექსიას რუსეთი მოიხსენიებს, როგორც „რეუნიფიკაციას“, რითაც ის ხაზს უსვამს, რომ ყირიმი წარსულში რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილი იყო.

ნორვეგია რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ანექსიების მაგალითია ნორვეგიის სამეფოს გაფართოება სამხრეთით, ანტარქტიდაზე, ქუინ მაუდ ლენდზე. რუკათა უმრავლესობაზე ქუინ მაუდ ლენდიდან სამხრეთ პოლუსამდე პრეტენზიას არავინ აცხადება. 2015 წლის 12 ივნისს, ნორვეგიამ ოფიციალურად მოახდინა ამ ტერიტორიის ანექსია. თუმცა ანტარქტიდის ხელშეკრულება ამბობს:

 
„ხელშეკრულება არ ცნობს, დავობს ან აღიარებს ტერიტორიულ სუვერენულ პრეტენზიებს, შესაბამისად, არანაირი პრეტენზია არ შეიძლება ჩაითვალოს ვალიდურად, სანამ ხელშეკრულება ძალაშია.“

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Avraham, S. 2002. Jerusalem. The Continuum Political Encyclopedia of the Middle East;
  • Freeman, L. 2013. Running From Tenda Gyamar: A Voluteer's Story of Life with the Refugee Children of Tibet. Winchester, UK: Mantra Books;
  • Putin signs laws on reunification of Republic of Crimea and Sevastopol with Russia. 2014. ITAR TASS;
  • Romano, A. 2003. A Historical Atlas of Jordan. The Rosen Publishing Group;
  • Trump formally recognises Israeli sovereignty over Golan Heights. 2019. Al Jazeera;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება