სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყარაშვილი.

ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1857, თბილისი — გ. 15 მარტი, 1925, იქვე) — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი.

ბიოგრაფია რედაქტირება

სწავლობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში, 1873 წელს განათლების მისაღებად გაემგზავრა იტალიაში. 1877 წელს სწავლა განაგრძო კონსტანტინოპოლის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სხვა საგნებთან ერთად ეუფლებოდა ორგანზე დაკვრას და კომპოზიციას. 1878 წელს ჩავიდა პეტერბურგში და ჩაირიცხა კონსერვატორიის სავიოლინო კლასში. 1881 წელს იმპერატორ ალექსანდრე II-ის მოკვლასთან დაკავშირებით დაწყებული რეაქციების დაწყების გამო დატოვა პეტერბურგი და ვარშავაში გაემგზავრა. აქ იგი შევიდა კონსერვატორიაში და მეცადინეობდა პროფესორ ისიდორ ლოტოს კლასში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1885 წელს და იქვე დატოვეს პროფესორის ასისტენტად.

ვარშავაში დაიწყო ა. ყარაშვილის შემოქმედებითი, საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობა. ამიტომაცაა, რომ მის პირველ ნაწარმოებებში იგრძნობა პოლონური მუსიკის გავლენა. ა. ყარაშვილმა დიდი ამაგი დასდო მევიოლინეთა ქართული კადრების აღზრდას. მეოცე საუკუნის დამდეგს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში დააარსა მოწაფეთა პირველი სიმებიანი კვარტეტი, რომელმაც შეასრულა კომპოზიტორის კვარტეტი „ლოთებო“, ალექსანდრე ჭავჭავაძის ტექსტზე „ლოთებო, ნეტავი ჩვენა“. მასვე ეკუთვნის სავიოლინო პიესები, საგუნდო სიმღერები — „პატარა მურია“, „მრავალჟამიერი“. საფორტეპიანო პიესა „საზანდარი“ (გუნდისთვის დაამუშავა ზ. ჩხიკვაძემ, შემდეგ — ზ. ფალიაშვილმა. გავრცელდა „სამშობლოს“ სახელწოდებით). მასვე ეკუთვნის პოპულარული რომანსები: „ისევ შენ“, „დავრდომილი“, „სნეული“ და სხვა.

ღვაწლმოსილ კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს ჩაფიქრებული ჰქონდა დაეწერა ოპერა „ვეფხისტყაოსანი“, მაგრამ არ დასცალდა — შემორჩენილია ნაწყვეტები ამ დაუმთავრებელი ოპერიდან. იგი იყო საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 354, თბ., 1994