ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი

ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი (გერმ. Anna von Österreich-Tirol; დ. 4 ოქტომბერი 1585, ინსბრუკი, ტიროლია — გ. 14 დეკემბერი 1618, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგინია, საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი 1611-1618 წლებში როგორც მატაის I-ის მეუღლე.

ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი
Anna von Österreich-Tirol
საღვთო რომის იმპერატრიცა, რომაელ გერმანელთა დედოფალი და ავსტრიის ერცჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 21 მაისი 1612
მმართ. დასასრული: 14 დეკემბერი 1618
წინამორბედი: მარია ესპანელი
მემკვიდრე: ელეონორა გონძაგა
უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 4 დეკემბერი 1611
მმართ. დასასრული: 14 დეკემბერი 1618
წინამორბედი: მარია ესპანელი
მემკვიდრე: ელეონორა გონძაგა
ბოჰემიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 4 დეკემბერი 1611
მმართ. დასასრული: 14 დეკემბერი 1618
წინამორბედი: მარია ესპანელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ სტიუარტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 ოქტომბერი 1585
დაბ. ადგილი: ინსბრუკი, ტიროლია
გარდ. თარიღი: 14 დეკემბერი 1618 (33 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: მატაის I, საღვთო რომის იმპერატორი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
დედა: ანა კატერინა გონძაგა
რელიგია: კათოლიციზმი

იგი იყო პირველი იმპერატრიცა საღვთო რომის იმპერატრიცა XV-საუკუნიდან მოყოლებული, რომლის კორონაციაც შედგა. ასევე მისი სურვილით გადავიდა იმპერიის დედაქალაქი პრაღიდან ვენაში. მისი მმართველობისას ვენა ევროპის კულტურული ცენტრი და უმთავრესი ქალაქი გახდა. მისი ზემოქმედებით, იმპერატორი მატაისი საშინლად დევნიდათ პროტესტანტებს. ასევე მისი მოწოდებით ვენაში დაარსდა ჰაბსბურგთა დინასტიის საძვალეთი, სადაც განისვენებს თითქმის ყველა ჰაბსბურგი და აგრეთვე მათი მეუღლეები.

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

ანა დაიბადა 1584 წლის 4 ოქტომბერს, ტიროლიის დედაქალაქ ინსბრუკში. იგი იყო ქვემო ავსტრიის ერცჰერცოგ ფერდინანდ II-ისა და მისი მეორე მეუღლის, ანა ჯულიანა გონძაგას მესამე და უკანასკნელი შვილი. მას ორი უფროსი და ჰყავდა, რომელთაგან ერთი ჩვილობაშივე გარდაიცვალა.

ანას ნათლობამ დიდი ზარ-ზეიმით ჩაიარა, რომელსაც ორგანიზება გაუწიეს შუა ავსტიის ერცჰერცოგმა მაქსიმილიან III-მ და ბავარიის პრინცმა ფერდინანდ ვიტელსბახმა. პრინცესა ანას ნათლია იყო საღვთო რომის იმპერატორი და ამავდროულად ბიძამისი მაქსიმილიან II (მომავალში მისი მამამთილიც).

 
ქვრივი ერცჰერცოგინია ანა ჯულიანა გონძაგა (მარცხნივ) თავის ქალიშვილებთან ერთად, შუაში პრინცესა მარია, ხოლო მარჯვნივ პრინცესა ანა

ანამ თავისი ბავშვობა ინსბრუკში გაატარა, რომელიც მისი მშობლების გულმოდგინე შრომის წყალობით რენესანსული კულტურის ცენტრს წარმოადგენდა. იგი დრო და დრო ცხოვრობდა ამბრას, ჰოფბურგისა და რუისეს სასახლეებში. იმისათვის, რომ ერცჰერცოგინია ანა ჯულიანას თავისი ქალიშვილების ჯანმრთელობა დაეცვა, მათ სპეციალურად დაუქირავა დეგუსტატორები. 1595 წლის იანვარში ანას მამა გარდაიცვალა. დაქვრივებულმა ანა ჯულიანამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მის ქალიშვილებს საუკეთესო განათლება მიეღოთ. ანას საუცხოო მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, რის განსავითარებლადაც დედამ მას კლავიკორდი უყიდა, რაც იმ დროს ძალიან ძვირიანი და იშვიათი ინსტრუმენტი იყო. ანას მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა.

ანა, ისევე როგორც სხვა ჰაბსბურგები უმკაცრეს კათოლიკურ გარემოში იზრდებოდა. ამ დინასტიის წარმომადგენლები განსაკუთრებული ღვთისმოშიშებით, ღრმადმორწმუნეობითა და კათოლიციზმის ერთგულებით გამოირჩეოდნენ. თვით საღვთო რომის იმპერატორიც კი, როდესაც ხვდებოდა, რომ შესცოდა, ხორციელ ტანჯვას მიეცემოდა ხოლმე. ანა ჯულიანა ქალიშვილებს ჭეშმარიტ კათოლიკეებად ზრდიდა და მათთან ერთად დღეში რამდენჯერმე დადიოდა მესაზე. 1606 წელს ანა ჯულიანა მონაზვნად აღიკვეცა და მონასტრულ ცხოვრებას მიჰყვა. დედის გზას გაჰყვა ანას უფროსი დაც, პრინცესა მარია, რომელმაც მონაზვნობისას დიდი ვენახი გააშენა, რომელსაც თავადვე უვლიდა. თუმცა თავად ანამ საერო ცხოვრება არჩია.

ქორწინება და კორონაცია რედაქტირება

სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ დაიწყო ანას ხელიმთხოვნელთა გამოჩენა. პირველად მისი ხელი ითხოვა პოლონეთისა და ლიტვის მეფე სიგიზმუნდ III-მ, თუმცა იმპერატორმა რუდოლფ II-მ (მისი ბიძაშვილი) ქორწინებაზე თანხმობა არ მისცათ. რამდენიმე წლის შემდეგ იმპერატორმა გადაწყვიტა, რომ ანა უკვე შესაბამის ასაკში იყო და მას ინსბრუკში მხატვარი გაუგზავნა, რათა საპატარძლოს პორტრეტი შეექმნა სასიძოსთან გასაგზავნად. მას შემდეგ რაც ანას დედა მიხვდა, რომ თავად რუდოლფს სურდა მასზე ქორწინება, ყველა სხვა ხელისმთხოვნელს უარი უთხრა, მაგრამ მოულოდნელად რუდოლფმა გადაიფიქრა. მაშინ მიხვდნენ, რომ შესაძლო იყო ანას დაქორწინება რუდოლფის უმცროს ძმაზე, ერცჰერცოგ მატაისზე. ამ ქორწინებაზე ყველა თანახმა იყო.

ანას და მატაისის ქორწინება 1611 წლის 4 დეკემბერს შედგა ვენაში. სიძე-პატარძალი პირველი თაობის ბიძაშვილები იყვნენ, ვინაიდან მატაისის მამა მაქსიმილიან II და ანას მამა ფერდინანდ II ღვიძლი ძმები იყვნენ. თუმცა ამას ყურადღება არავინ მიაქცია, რადგან ჰაბსბურგებში ფაქტობრივად ტრადიცია იყო უახლოეს ნათესავებზე ქორწინება. ამის მაგალითად მატაისის უფროსი და, დედოფალი ანა ავსტრიელი ცოლად შერთეს მის ღვიძლს ბიძას, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს. უკვე ორმოცდაათი წლის მატაისს იმედი ჰქონდა, რომ 26 წლის მეუღლე მას მემკვიდრეს გაუჩენდა. ამ ამბიდან ოთხ წელიწადში, როდესაც ანამ წონაში საგრძნობლად მოიმატა, სამეფო კარზე გავრცელდა ჭორი, რომ იმპერატრიცა ორსულად იყო. თუმცა სინამდვილის გარკვევის შემდეგ, სამეფო კარზე დაიწყეს ხუმრობა, რომ იმპერატრიცა ორსულობამ კი არა, არამედ კარგმა მადამ გაასუქა. საბოლოო ჯამში ქორწინება უშვილო აღმოჩნდა.

 
ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი თავისი კორონაციის დღეს

1612 წლის 21 მაისს რუდოლფის გარდაცვალების შემდეგ მატაისი საღვთო რომის იმპერატორი გახდა. 1612 წლის 15 ივნისს შედგა მატაისისა და ანას საღვთო რომის იმპერატორად და იმპერატრიცად კორონაცია. ამრიგად მათ აღადგინეს კორონაციის ტრადიცია, რომელიც დიდი ხნის მივიწყებული იყო გერმანიაში. ანა პირველი იმპერატრიცა იყო ელეონორა პორტუგალიელის შემდეგ, რომლის კორონაციაც შედგა. 1613 წლის 25 მარტს პრესბურგში შედგა ანას უნგრეთისა და ხორვატიის დედოფლად კურთხევა, ხოლო 1616 წლის 10 იანვარს პრაღაში ანა ბოჰემიის დედოფლად ეკურთხა.

როგორც "კარგ მეუღლესა და მოსიყვარულე დედოფალს", ანას დიდი გავლენა ჰქონდა იმპერატორ მატაისზე. აგრეთვე გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა ქმრის საყვარელ სუსანა ვოჩტელთან. ანას მოთხოვნით მატაისმა დედაქალაქი პრაღიდან ვენაში გადაიტანა და მალე მათი ერთობლივი ძალისხმევით ვენა ევროპის ერთ-ერთი კულტურულ ცენტრად იქცა. როგორც ღვთისმოშიშმა კათოლიკემ, ანამ კატეგორიული უარი თქვა პროტესტანტებთან საუბარსა და ურთიერთობაზე. იგი მოუწოდებდა თავის ქმარს პროტესტანტების, ებრაელებისა და მუსლიმების სისხლიანი დევნისაკენ, რაზეც იმპერატორი უარს არ ამბობდა. დედის მსგავსად ანამ ვენაში თავი მოუყარა უამრავ წმინად რელიქვიასა და წმინდანის ნაწილს. იგი ასევე მფარველობდა კაპუცინებს და დიდი როლი ითამაშა ავსტრიის კონტრ რეფორმაციაში. რომაული კათოლიციზმის თავგამოდებული ერთგულებისა და დაცვის გამო, რომის პაპმა პავლე V-მ დედოფალ ანას ოქროს ვარდი აჩუქა.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება რედაქტირება

1617 წელს ანამ და მისმა მეუღლემ დააარსეს ვენის კაპუცინების ეკლესია. 1618 წელს ანას იდეით ვენაში დაიწყო ჰაბსბურგთა დინასტიის აკლდამის მშენებლობა. მშენებლობის დაწყებიდან ერთ თვეში, 1618 წლის 14 დეკემბერს, 33 წლის ასაკში ანა გარდაიცვალა. იგი მშენებლობის დასრულების შემდეგ სწორედ ამ აკლდამაში გადაასვენეს და მისი ქმრის გვერდით დაკრძალეს, რომელიც ანას გარდაცვალებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში დაიღუპა. მშენებლობის დასრულებას ვერც მატაისი ვერ მოესწრო. თავიდან ისინი დაკრძალეს წმინდა კლარას მონასტერში, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი მათმა ბიძაშვილმა, საღვთო რომის იმპერატორმა ფერდინანდ II-მ მათი ნეშტები აკლდამაში გადაასვენა.

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Braun, Bettina; Keller, Katrin; Schnettger, Matthias (4 April 2016). Nur die Frau des Kaisers?: Kaiserinnen in der Frühen Neuzeit (in German). Böhlau Verlag Wien. p. 99–116.
  • Korotin, Ilse (2016). Lexikon österreichischer Frauen. Vienna: Böhlau. p. 152.
  • Wurzbach, C. von (2012) [1860]. "Eleonore Gonzaga". Biographisches Lexikon des Kaisertums Österreich (in German). Austria: Austrian Literature Online, University of Innsbruck. p. 152, 492.
  • Braun, Keller, Schnettger 2016, p. 114.

რესურსები ინტერნტეტში რედაქტირება

ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი
დაიბადა: 4 ოქტომბერი 1585 გარდაიცვალა: 14 დეკემბერი 1618
წინამორბედი:
მარია ესპანელი
საღვთო რომის იმპერატრიცა, რომაელ გერმანელთა დედოფალი და ავსტრიის ერცჰერცოგინია
1612-1618
შემდეგი:
ელეონორა გონძაგა
წინამორბედი:
მარია ესპანელი
უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი
1611-1618
შემდეგი:
ელეონორა გონძაგა
წინამორბედი:
მარია ესპანელი
ბოჰემიის დედოფალი
1611-1618
შემდეგი:
ელიზაბეთ სტიუარტი