ანა სოფია რევენტლოვი

ანა სოფია რევენტლოვი (დან. Anna Sophie Reventlow, ნორვ. Anna Sophie Reventlow; დ. 16 აპრილი, 1693 — გ. 7 იანვარი, 1743) — დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1721-30 წლებში როგორც ფრედერიკ IV-ის მესამე ცოლი. რევენტლოვის გრაფ კონრად ფონ რევენტლოვის ასული.

ანა სოფია რევენტლოვი
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 4 აპრილი, 1721
მმართ. დასასრული: 12 ოქტომბერი, 1730
წინამორბედი: ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი
მემკვიდრე: სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 აპრილი, 1693
გარდ. თარიღი: 7 იანვარი, 1743, (49 წლის)
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: ფრედერიკ IV, დანიისა და ნორვეგიის მეფე
შვილები: ხუთი შვილი
დინასტია: რევენტლოვები
მამა: კონრადი, რევენტლოვის გრაფი
დედა: სოფია ამალია ჰანი
რელიგია: ლუთერანიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ანა სოფია დაიბადა 1693 წლის 16 აპრილს კლაუსჰოლმის სასახლეში. იგი იყო რევენტლოვის გრაფ კონრადისა და მისი მეორე ცოლის, სოფია ამალია ჰანის ასული. მას მამამისის პირველი ქორწინებიდან ერთი ნახევარ-და და ერთი ნახევარ-ძმა ჰყავდა.

1711 წელს, ანა სოფიამ ჩოგბურთის თამაშისას გაიცნო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ IV, რომელსაც იგი თავდავიწყებით შეუყვარდა. ამ დროისათვის ფრედერიკი უკვე იყო დაქორწინებული დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველზე და ერთხელ დაქვრივებულიც იყო, ამიტომაც ანა სოფიას პირდაპირ ცოლად ვერ შეირთავდა. ამის გამო, 1712 წელს მეფე მასზე მორგანატიკულად დაქორწინდა, ანუ იგი მეფის ცოლი იყო, მაგრამ არა დედოფალი. ამრიგად ფრედერიკ IV ორცოლიანი მამაკაცი გახდა, უკვე მეორედ. ამის შემდეგ მან ანა სოფიას შლეზვიგის ჰერცოგინიის წოდება უბოძა. 1721 წელს, დედოფალ ლუიზას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 4 აპრილს მეფე მასზე ღიად დაქორწინდა და დედოფლად დაისვა.

ანა სოფია რევენტლოვი დანიის ისტორიაში ერთადერთი დედოფალია, რომელსაც სამეფო წარმომავლობა არ ჰქონია. მართალია რევენტლოვები დანიურ-გერმანული არისტოკრატიული ოჯახი იყვნენ, მაგრამ არა სამეფო.

ქორწინებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია არა მხოლოდ არისტოკრატიაში, არამედ თავად სამეფო ოჯახშივე. ახალი დედინაცვალი მალევე შეიძულეს ფრედერიკის შვილებმა, რომლებიც აქტიურად გამოდიოდნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ ამაოდ. მისი დედოფლობის დროს რევენტლოვების ოჯახმა დიდი პოლიტიკური გავლენა მოიპოვა. 1730 წელს, ფრედერიკ IV გარდაიცვალა და ტახტზე ანა სოფიას გერი, კრისტიან VI ავიდა, რომელმაც იგი არა მხოლოდ სამეფო კარიდან, არამედ კოპენჰაგენიდანაც გააძევა. სულ მალე მეფემ მისი ქონების კონფისკაცია მოახდინა და იგი იძულებული გახდა კლაუსჰოლმში დაბრუნებულიყო, სადაც გარდაიცვალა 1743 წელს, 49 წლის ასაკში.

შვილები რედაქტირება

ანა სოფიასა და ფრედერიკ IV-ს სულ ექვსი შვილი შეეძინათ:

  1. ფრედერიკა სოფია (1721), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. ფრედერიკა კონრადინა (1722), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. მკვდარშობილი ვაჟი (1723);
  4. კრისტიანა ამალია (1723-1724), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. ფრედერიკ კრისტიანი (1726-1727), გარდაიცვალა ჩვილი;
  6. კარლი (1728-1729), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hvidt, Marie (2004). Frederik IV (in Danish). Copenhagen: G.E.C. Gads Forlag. p. 291.
  • "Reventlow Hertuginde af Slesvig" (in Danish). roskildehistorie.dk. Retrieved 24 December 2015.
  • "Kong Frederik 4 og Anna Sophie Reventlow" (in Danish). www.akj-cbj.dk. Archived from the original on 25 December 2015. Retrieved 24 December 2015.
  • "Anna Sophie Reventlow - Dronning af Danmark" (in Danish). genealogi.singlehand.dk. Retrieved 24 December 2015.