ანა ლეოპოლდის ასული

რუსეთის იმპერიის მმართველი ქალი

ანა ლეოპოლდის ასული (რუს. А́нна Леопо́льдовна), დაბადების სახელია ელიზაბეთ კათარინა კრისტინა მეკლენბურგ-შვერინელი (გერმ. Elisabeth Katharina Christine von Mecklenburg-Schwerin), აგრეთვე ცნობილია როგორც ანა კარლოვნა (რუს. А́нна Ка́рловна; დ. 18 დეკემბერი, 1718, როსტოკი, გერმანია — გ. 19 მარტი, 1746, არხანგელსკი, რუსეთი) — გერმანელი პრინცესა. მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ კარლ ლეოპოლდისა და ეკატერინა ივანოვნას ქალიშვილი. რუსეთის იმპერატორ ივანე V-ის შვილიშვილი. იმპერატორ ივანე VI-ის დედა და მისი რეგენტი 1740-1741 წლებში.

ანა ლეოპოლდის ასული
წოდებები
მეკლენბურგის პრინცესა
ბრაუნშვაიგის ჰერცოგინია
რუსეთის რეგენტი
დაიბადა 18 დეკემბერი, 1718
როსტოკი, გერმანია
გარდაიცვალა 19 მარტი, 1746, (27 წლის)
არხანგელსკი, რუსეთი
საგვარეულო მეკლენბურგები
მეუღლე(ები) ანტონ ულრიხი, ბრაუნშვაიგის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ივანე VI, რუსეთის იმპერატორი
მამა კარლ ლეოპოლდი, მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი
დედა ეკატერინა ივანოვნა
რელიგია ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია რედაქტირება

 
ანა ლეოპოლდოვნა 1740 წელს.

ანა ლეოპოლდის ასული დაიბადა 1718 წლის 18 დეკემბერს როსტოკში. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ კარლ ლეოპოლდისა და მისი მესამე ცოლის, დიდ მთავარ ეკატერინა იოანეს ასულ რომანოვას ერთადერთი ქალიშვილი. დედის მხრიდან იგი თავად რუსეთის იმპერატორ ივანე V-ის შვილიშვილი და იმპერატორ პეტრე I-ის ძმის შვილიშვილი იყო.

1722 წელს დედამისმა მიატოვა ოჯახი და რუსეთში დაბრუნდა. სულ მალე ეკატერინამ ასევე რუსეთში წაიყვანა ანაც, რომელიც 1734 წელს მართლმადიდებლად გადანათლა. 1739 წელს დედამისმა ანა ლეოპოლდოვნა ცოლად შერთო ბრაუნშვაიგის ჰერცოგ ანტონ ულრიხს. ქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1740 წელს ანამ ვაჟი გააჩინა, რომელსაც ბაბუის პატივსაცემად ივანე დაარქვა. ამ პერიოდში რუსეთში მამრობითი სქესის მემკვიდრის კრიზისი იყო. ამავე წელს, უშვილოდ გარდაიცვალა იმპერატრიცა ანაც, რის გამოც ეკატერინა ივანოვნამ რუს დიდებულებს თავისი შვილიშვილი რუსეთის იმპერატორად გამოაცხადებინათ ივანე VI-ის სახელით. მისი მცირეწლოვანების გამო, იმპერატორს რეგენტად დედამისი, ანა ლეოპოლდის ასული დაენიშნა.

თავისი ხანმოკლე რეგენტობის პერიოდში ანა საერთოდ არ ერეოდა პოლიტიკაში, თუმცა უთანხმოება ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას რომანი ჰქონდა საქსონიის ელჩ მორიც კარლ ცუ ლინართან. ამ ფაქტმა რუსებში საშინელი უკმაყოფილება გამოიწვია და სულ მალე იმ აზრმაც დაიწყო მუსირება, რომ შესაძლოა იმპერატორიც საყვარლისგან ჰყოლოდა გაჩენილი. ამის გამო რუსებმა შეთქმულების მზადება დაიწყეს ანას ბიძაშვილის, ელიზავეტა პეტროვნას მეთაურობით, რომელსაც ტახტზე ასვლა სურდა. 1741 წლის 5-6 დეკემბერს რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, რა დროსაც დაამხეს იმპერატორ ივანე VI-ისა და დედამისის, ანა ლეოპოლდოვნას მმართველობა და ტახტზე იმპერატორ პეტრე I-ის ქალიშვილი, ელიზავეტა I დასვეს.

ელიზავეტა I-ის ბრძანებით ანა ლეოპოლდოვნა ქმარ-შვილთან ერთად გადაასახლეს რიგაში, სადაც მათ შინა პატიმრობაში ამყოფებდნენ. მოგვიანებით ისინი არხანგელსკის ოლქში გადაასახლეს, სადაც 1746 წლის 19 მარტს, 27 წლის ანა ლეოპოლდოვნა მეხუთე მშობიარობას გადაჰყვა. ამის შემდეგ ელიზავეტამ მისი შვილები რუსეთიდან გააძევა, რის შემდეგაც მისი შვილები დანიაში გადასახლდნენ და იქ გარდაიცვალნენ, შთამომავლების გარეშე.

შვილები რედაქტირება

  1. ივანე VI (1740-1764), რუსეთის იმპერატორი 1740-1741 წლებში. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ეკატერინე (1741-1807), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  3. ელიზავეტა (1743-1782), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  4. პეტრე (1745-1798), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. ალექსეი (1746-1787), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Carl Schlettwein: Bild der Prinzessin Katharina, Enkelin des Herzogs Karl Leopold von Meklenburg In: Jahrbücher des Vereins für Mecklenburgische Geschichte und Altertumskunde, Band 41 (1876), S. 155–156 (Mit Ausführungen zum weiteren Schicksal seiner Abkömmlinge)
  • Erik Amburger: Anna Leopoldowna. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 1, Duncker & Humblot, Berlin 1953, ISBN 3-428-00182-6, S. 301 (Digitalisat).
  • Brückner: Die Familie Braunschweig in Russland. St. Petersburg 1876.
  • Anna Leopóldowna. In: Brockhaus’ Kleines Konversations-Lexikon. 5. Auflage. Band 1, F. A. Brockhaus, Leipzig 1911, S. 71.
  • Walentin Janin u. a.: Otetschestwennaja istorija: istorija Rossii s drewneischich wremen do 1917 goda : Tom 1. Bolschaja Rossijskaja enziklopedija, Moskau 1994, ISBN 5-85270-076-2, S. 86.