ამფიქტიონია (ბერძ. Ἀμφιϰτιονία — „გარშემო მცხოვრებთა კავშირი“) — ძველ საბერძნეთში ტომთა გაერთიანება რომელიმე ღმერთის ერთობლივად თაყვანის საცემად. ასეთი ტიპის გაერთიანებები, თავდაპირველად რელიგიური, ხოლო შემდეგ რელიგიურ-პოლიტიკური ხასიათისა, გავრცელებული იყო არქაიკის პერიოდში, ზოგიერთმა არსებობა შემდგომშიც განაგრძო. ყველაზე ცნობილი იყო პილე-დელფოს და დელოსის ამფიქტიონიები.[1]

პილე-დელფოს ამფიქტიონია წარმოიქმნა უპირატესად შუა და ჩრდილოეთ საბერძნეთის ტომებისაგან ანთელეში (თერმოპილეს, ანუ პილეს რაიონში) — დემეტრას, ხოლო დელფოში აპოლონის თაყვანის საცემად. ამ ამფიქტიონიის მთავარი ცენტრი იყო დელფოს ტაძარი. მასში შედიოდა 12-მდე ტომი, მათ შორის თესალიელები, ფოკიდელები, ბეოტიელები, დორიელები, იონიელები (ათენელების ჩათვლით) და სხვ. ძვ. წ. VI–IV საუკუნეებში, ტაძრის ინტერესების დაცვის საბაბით, ამფიქტიონიამ არაერთხელ დაიწყო ე.წ. საღვთო ომები. მაკედონიის მეფემ ფილიპე II-მ, რომელიც მე-3 საღვთო ომის შემდეგ დელფოს ამფიქტიონიის წევრი და პროტექტორი გახდა, იგი ელადაში მაკედონიური ჰეგემონიის განმტკიცებისათვის გამოიყენა.[1]

დელოსის ამფიქტიონია აერთიანებდა, ძირითადად, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე მცხოვრებ იონიელებს. ძვ. წ. V საუკუნეში იგი ათენის საზღვაო სახელმწიფოს საფუძველი გახდა.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Фролов Э. Д. Амфиктиония // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 642.