ამოს წინასწარმეტყველი

წმინდა ამოს წინასწარმეტყველიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 15 ივნისი, ახალი სტილით — 28 ივნისი. თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან მესამე, ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში ცხოვრობდა. ამ დროს ებრაელთა სახელმწიფო ორ სამეფოდ იყო დაყოფილი: იუდეად და ისრაელად. იერუსალიმში მეფობდა იუდეველთა მეფე ოზია, მათგან გამოყოფილ, ჭეშმარიტი ღვთისგან განმდგარ ისრაელთა ათ ტომს კი კერპთაყვანისმცემელი იერობოამ II განაგებდა. მან ბეთილში ოქროს ხბოს კერპი აღმართა და უსჯულოებაში ჩავარდნილ მთელ თავის სამეფოსთან ერთად მას ეთაყვანებოდა.

ამოს წინასწარმეტყველი

წინასწარმეტყველი ამოსი იუდეველი იყო, სოფელ თეკუიდან. ლიტონსა და უსწავლელ, მაგრამ მხურვალე რწმენითა და საღვთო მოშურნეობით გაძლიერებულ მწყემსს უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის მოუწოდა და ისრაელში გაგზავნა სჯულის მაგინებელი იერობოამისა და მის გზა შეცდომილ მკვიდრთა სამხილებლად. ამოსი წინასწარ უცხადებდა მათ იმ უბედურებებს, რომელიც ისრაელის სამეფოსა და მის გარშემო მცხოვრებ წარმართ ხალხს უნდა დასტყდომოდა თავს უღმრთოებისთვის. ამის გამო მრავალჯერ უხდებოდა გვემისა და დევნის დათმენა, მაგრამ იგი კვლავ უბრუნდებოდა ბეთილს, ისრაელელებს მოწევნილ რისხვას მოაგონებდა და სინანულისკენ მოუწოდებდა. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით სძულდა საკერპოს ქურუმს, ამასიას. ამოსმა კერპთმსახურსა და მთელ მის სახლეულს აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა. ამასიას ვაჟმა, ოზიამ წმიდანს ხელკეტი ჩასცხო თავში და სასიკვდილოდ დაჭრა. სულთმობრძავმა წინასწარმეტყველმა გაჭირვებით მიაღწია მშობლიურ სოფელს და იქ გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 783 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.