ამერიკელი ფსიქოპათი (2000)

ამერიკელი ფსიქოპათი2000 წლის საშინელებათა ფილმი (სლეშერი), რომლის რეჟისორია მერი ჰერონი. ფილმი გადაღებულია ბრეტ ისტონ ელისის ეპონიმური რომანის მიხედვით. პროტაგონისტის, პატრიკ ბეიტმანის როლი შეასრულა კრისტიან ბეილმა.

„ამერიკელი ფსიქოპათი“
რეჟისორი მერი ჰერონი
პროდიუსერი ედუარდ პრესმანი
კრის ჰანლი
კრისტიან ჰალსი სოლომონი
სცენარის ავტორი მერი ჰერონი
გვინევერ ტარნერი
როლებში კრისტიან ბეილი
უილემ დეფო
ჯერედ ლეტო
ჯოშ ლუკასი
სამანტა მეტისი
მეტ როსი
ხლოე სევინი
კომპოზიტორი ჯონ კეილი
ოპერატორი ანჯეი სეკულა
მონტაჟი ენდრიუ მარკუსი
სტუდია Edward R. Pressman Productions
Muse Productions
დისტრიბუტორი

Lions Gate Films

Columbia Pictures (მსოფლიო)
გამოსვლის თარიღი 21 იანვარი, 2000 (2000-01-21) (სანდენსი) 14 აპრილი, 2000 (2000-04-14) (აშშ)
ხანგრძლივობა 101 წთ. [1]
ქვეყანა კანადის დროშა კანადა [2]
აშშ-ის დროშა აშშ[3]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $7 მილიონი
შემოსავალი $34.3 მილიონი[4]

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში მოვლენები ვითარდება 1987 წელს. მთავარი გმირი პატრიკ ბეიტმანი შეძლებული საინვესტიციო ბანკირია ნიუ იორკიში. იგი ხშირად ესწრება ძვირადღირებულ რესტორნებში სადილებს თავის საცოლესთან, ევილინთან და მდიდარ კოლეგებთან ერთად. პატრიკი ყოველ დილას ვარჯიშობს, უვლის კანს, აქვს მრავალფეროვანი დიზაინერული გარდერობი და ძვირადღირებული ავეჯი. პატრიკი მელომანია. ერთი შეხედვით მას სრულყოფილი ცხოვრება აქვს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, „ეს არის მხოლოდ იდეა პატრიკ ბეიტმანზე, აბსტრაქცია, სინამდვილეში კი მე სულ სხვაგან ვარ“.

პატრიკი და მისი კოლეგები ერთმანეთის სავიზიტო ბარათებს ადარებენ. პატრიკი გაცოფებულია, რომ მისი ერთ-ერთი თანამშრომლის, პოლ ალენის სავიზიტო ბარათი მის ბარათზე უკეთესია. საღამოს, სახლში დაბრუნებისას იგი კლავს უსახლკარო კაცს და მის ძაღლს. მეორე დღეს პოლ ალენს პატრიკი აერევა სხვა თანამშრომელში, მარკუს ჰალბერსტრამში და სადილზე დაპატიჟებს მას. პოლის უფრო ძვირადღირებული სავიზიტო ბარათით და ცინიკური დამოკიდებულებით აღშფოთებული პატრიკი სადილის შემდეგ სახლში მიიწვევს მას. იგი ნასვამ პოლს უყვება როკ-ჯგუფ „Huey Lewis and the News-ს“ სიმღერის, „Hip To Be Square-ის“ მუსიკალური და კომერციული წარმატების შესახებ, შემდეგ კი კლავს მას ქრომირებული ნაჯახით. იგი გადამალავს პოლის სხეულს და მის სახლში დატოვებს შეტყობინებას, რომ პოლი ლონდონში წავიდა.

პატრიკს თავის ოფისში პოლის გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით დაკითხავს ადვოკატი დონალდ კიმბალი. საღამოს იგი ორ მეძავს აიყვანს სახლში. პატრიკი მათ ჯგუფ „ჯენესისზე“ ესაუბრება. მათთან სექსით დაკავების შემდეგ ისინი ღამით ტოვებენ მის სახლს.

შემდეგ დღეს საქმიან ვახშამზე პატრიკს მისი კოლეგა ლუი კარუტერსი სავიზიტო ბარათს უჩვენებს, რომელიც პატრიკის ბარათზე უფრო ძვირია. ეს განარისხებს პატრიკს, რის გამოც იგი ლუისს გაგუდვას დაუპირებს საპირფარეშოში. იგი ბოლო მომენტში შეყოვნდება, რის გამოც ლუისი იფიქრებს, რომ ბეიტმანს მის მიმართ სასიყვარულო გრძნობები ამოძრავებს და სიყვარულს გაუმხელს მას. გაცოფებული პატრიკი ჩქარი ნაბიჯით ტოვებს რესტორანს.

მე ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება მაქვს: სისხლი, ქსოვილი, კანი, თმა; მაგრამ არცერთი გამოკვეთილი, იდენტიფიცირებადი გრძნობა, ზიზღისა და სიხარბის გარდა. რაღაც საშინელი ხდება ჩემ შიგნით და არ ვიცი რატომ. ღამეულმა სისხლის წყურვილმა დღის სინათლეზეც გამოაღწია. სასიკვდილოდ საშიში ვარ, სიგიჟის ზღვარზე. ეს-ესაა და გონიერების ნიღაბი ჩამომძვრება.
— პატრიკის მონოლოგი

ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)

I have all the characteristics of a human being: blood, flesh, skin, hair; but not a single, clear, identifiable emotion, except for greed and disgust. Something horrible is happening inside of me, and I don't know why. My nightly bloodlust has overflown into my days. I feel lethal, on the verge of frenzy. I think my mask of sanity is about to slip.

პატრიკი საკუთარ სახლში დაპატიჟებს თავის მდივანს, ჯეინს. ისინი ისაუბრებენ კარიერულ პერსპექტივებზე და ცხოვრებაზე, რის შემდეგ პატრიკი სჭვალების შურუპების ჩასახრახნი იარაღით დაუპირებს მოკვლას ჯეინს, თუმცა ამ დროს მისი მობილური დარეკავს და პატრიკის გეგმა ჩაიშლება, თუმცა ჯეინი ვერაფერს მიხვდება.

მეორე დღეს პატრიკი ხვდება ადვოკატ კიმბელს, რომელიც ეუბნება, რომ იგი არაა ეჭვმიტანილთა შორის. კიმბელი ასევე უამბობს პატრიკს, რომ პოლი თითქოს ლონდონში ნახა მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. პატრიკს პოლის სახლში აჰყავს ერთ-ერთი მეძავი და მისი ნაცნობი ელიზაბეთი, რომლებთანაც სექსით კავდება. სექსუალური აქტის დროს იგი კლავს ელიზაბეთს, რა დროსაც შეშინებული მეძავი შეეცდება გაიქცეს სახლიდან, თუმცა პატრიკი მასაც კლავს ბენზოხერხით.

საღამოს ქუჩაში სეირნობისას პატრიკი ბანკომატს მიუახლოვდება და დაინახავს წარწერას „შეაჭამე კატა“. იგი ერთ-ერთ ფისოს დაავლებს ხელს და მას მოკვლას დაუპირებს პისტოლეტით, რასაც გამვლელი მოხუცი ქალი დაინახავს. ბეიტმანი კლავს ამ ქალს და გაურბის პოლიციას. იგი ერთ-ერთ შენობაში შედის, სადაც დარაჯს პატრიკი აერევა კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელში. პატრიკი კლავს მას და ოფისს აფარებს თავს. იგი უკავშირდება თავის ადვოკატ ჰაროლდ კარენს და უტოვებს ხმოვან შეტყობინებას, სადაც აღსარებას აბარებს მას და დაწვრილებით უამბობს თავის საიდუმლო ცხოვრებაზე. მეორე დღეს ყველგან პატრიკის მსხვერპლების სურათებია გაკრული ქუჩებში. პატრიკი პოლის სახლში მიდის, თუმცა იგი გასაყიდადაა გამოტანილი. რიელტორი პატრიკს ეუბნება, რომ სახლი არ ეკუთვნის პოლ ალენს. შემდეგ იგი თავის კოლეგებთან მიდის ვახშამზე რესტორანში, სადაც ნახავს ჰაროლდს, თუმცა მან ხუმრობად ჩათვალა ბეიტმანის შეტყობინება და შეუქო მას იუმორის გრძნობა. პატრიკი ცდილობს დააჯეროს ჰაროლდი, რომ ეს არ იყო ხუმრობა და მან მართლაც მოკლა ბევრი ადამიანი, მათ შორის პოლ ალენი, თუმცა ჰაროლდი ეუბნება მას, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მან პოლი ლონდონში ნახა არც თუ ისე დიდი ხნის წინ. მოგვიანებით პატრიკი თავის კოლეგებთან რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო კამპანიას განიხილავს. იგი აცნობიერებს, რომ მისი დანაშუალებები სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება, თუმცა ამ აღიარებამ მას კათარსისი არ მოუტანა და იგი მთელი დარჩენილი წლები ტანჯვაში გააგრძელებს ცხოვრებას.

როლებში რედაქტირება

 
კრისტიან ბეილი პატრიკ ბეიტმანის როლში
  • კრისტიან ბეილი - პატრიკ ბეიტმანი
  • უილემ დეფო - დონალდ კიმბალი
  • ჯარედ ლეტო - პოლ ალენი
  • ჯოშ ლუკასი - კრეიგ მაკდერმოტი (პატრიკის თანამშრომელი)
  • ხლოე სევინი - ჯინი
  • რიზ უიზერსპუნი - ევილინ უილიამსი
  • სამანტა მეტისი - კოურტნი როულინსონი (პატრიკის საყვარელი)
  • ჯასტინ თერუ - ტიმოტი ბრაისი (პატრიკის თანამშრომელი)
  • მეტ როსი - ლუი კარუტერსი (პატრიკის თანამშრომელი)
  • ბილ სეიჯი - დეივიდ ვან პატერნი (პატრიკის თანამშრომელი)
  • კარა სეიმორ - კრისტი (მეძავი)
  • გვინევერ ტერნერი - ელიზაბეთი
  • სტეფან ბოგერტი - ჰაროლდ კარნესი
  • რეგ კართი - უსახლკარო

საუნდტრეკი რედაქტირება

  1. You Spin Me Round (Like a Record) — Dope (ქავერი Dead or Alive)
  2. Monologue 1 — ჯონ კეილი
  3. Something in the Air (American Psycho remix) — დეივიდ ბოუი
  4. Watching Me Fall (Underdog remix) — The Cure
  5. Hip To Be Square — Huey Lewis and The News
  6. True Faith — New Order
  7. Monologue 2 — ჯონ კეილი
  8. Trouble — დენიელ აში
  9. Paid In Full (Coldcut remix) — Eric B. & Rakim
  10. Who Feelin' It (Philip’s Psycho mix) — Tom Tom Club
  11. Monologue 3 — ჯონ კეილი
  12. What’s On Your Mind — Information Society (Pure Energy mix)
  13. Pump Up The Volume — M/A/R/R/S
  14. Paid In Full — The Racket (remix)
  15. Sussudio — ფილ კოლინზი
  16. Simply Irresistible – რობერტ პალმერი

შეფასება რედაქტირება

„ამერიკელი ფსიქოპათის“ პრემიერა შედგა სანდენსის კონფესტივალზე. მას კრიტიკოსების და აუდიტორიის არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. Rotten Tomatoes-ზე ფილმს ჰქონდა 69% მოწონება 150 რეცენზიის საფუძველზე, ხოლო საშუალო რეიტინგი 6.36/10. Metacritic-ზე ფილმა მიიღო 64/100 შეფასება.[5] CinemaScore-ის მიერ გამოკითხული აუდიტორიისგან ფილმმა დაიმსახურა საშუალოდ „D“ შეფასება F-A სკალაზე.[6] კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა ფილმი 4-დან 3 ვარსკვლავით შეაფასა და ხაზი გაუსვა კრისტიან ბეილის შესრულებას.

ბევრმა კრიტიკოსმა „ამერიკელი ფსიქოპათი“ შეაფასა როგორც სოციალური კომენტარი 1980-იანი წლების ამერიკის კორპორაციულ კულტურაზე. ჟურნალ „ნიუ იორკ თაიმსის“ რედაქტორმა სტეფან ჰოლდენმა ფილმს „სულიერებისგან დაცლილი მატერიალიზმის იუმორისტული სატირა“ უწოდა. [7] ჟურნალ „როლინგ სტოუნში“ კინოკრიტიკოსი პიტერ ტრავერსი წერდა: „ყოველ ჯერზე, როდესაც ჰარონი ჩადის ბრწყინვალე ზედაპირის სიღრმეში, იგი პოულობს გრძნობებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დაცლილი ემოციურობისგან“. [8]

ფილმმა წარმოშვა ფართო საზოგადოებრივი დებატები გართობის ინდუსტრიაში ძალადობის სიჭარბის შესახებ. ფილმის რეჟისორმა, მერი ჰარონმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „თუ ჩვენ დავიჯერებთ რომ ძალადობის ასახვა საზოგადოებისთვის საზიანოა, მსოფლიო კინემატოგრაფიის საუკეთესო ნაწილი უბრალოდ აიკრძალება... თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა ზედმეტად სარისკოა, მაშინ რა არის გამოსავალი? არ აჩვენოთ ძალადობა, არ აჩვენოთ ბოროტება, არ აჩვენოთ ადამიანური ბუნების არცერთი ასპექტი, რომელიც გვაშინებს და დისკომფორტს გვიქმნის. ამ შემთხვევაში კინემატოგრაფიას და ლიტერატურას და დრამას მოუწევთ უბრალოდ შეეშვან საზოგადოების ნამდვილ ასახვას და რობინ უილიამსის სიცოცხლისმოტრფიალე ფილმების უსასრულო ვარიაციების ჩვენება დაიწყონ. ნუთუ მართლა სჯერა ვინმეს, რომ სერიული მკვლელები და ძალადობა ქალებსა და მოზარდებზე ასე უბრალოდ გაქრებიან?“.[9]

2016 წელს „ნიუ იორკ თაიმსის“ რედაქტორი დუაით გარნერი 1991 წლის რომანის და 2000 წლის ფილმის გარშემო შექმნილი პოლემიკის და მორალური პანიკის თაობაზე წერდა, რომ რომანის ავტორმა ბრეტ ისტონ ელისმა „დროს გაუსწრო“: „კულტურა შეიცვალა და კარები გაუხსნა ბეიტმანს. ჩვენ გაგვიჩნდა ინტერესი ბარბაროსულად თავაშვებული გმირებისადმი მათი გადმოკარკლული თვალებით და ცოტაოდენი ელვარებით ნატანჯ სულებში. ტონი სოპრანო, უოლტერ უაითი „მძიმე დანაშაულიდან“, ჰანიბალ ლექტერი (რომელიც წინ უსწრებს „ამერიკელ ფსიქოპათს“) არიან უკანასკნელი 30 წლის პოპ კულტურის მთავარი პერსონაჟები... ამ პერსონაჟების და პირველი პირის შუტერების დამსახურებით, ჩვენ ვისწავლეთ მოძალადეებთან იდენტიფიცირება და არა მხოლოდ მათ უკან დამალვა“. [10]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. American Psycho. British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 15, 2014. ციტირების თარიღი: October 20, 2012.
  2. AFI|Catalog. ციტირების თარიღი: 2018-10-28
  3. BFI|. ციტირების თარიღი: 2018-10-28
  4. American Psycho (2000). ციტირების თარიღი: September 18, 2009.
  5. American Psycho. ციტირების თარიღი: 2019-05-09.
  6. Cinemascore. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-20. ციტირების თარიღი: 2020-12-24.
  7. Holden, Stephen (April 14, 2000). „Murderer! Fiend! Cad! (But Well-Dressed)“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2009-04-08.
  8. Travers, Peter (December 8, 2000). American Psycho. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 29, 2009. ციტირების თარიღი: 2009-04-08.
  9. The Risky Territory of American Psycho.
  10. Garner, Dwight (2016-03-24). „In Hindsight, an 'American Psycho' Looks a Lot Like Us“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2016-03-25.