არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ალუდა ქეთელაური (მომღერალი).

ალუდა ქეთელაური — ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1888 წელს დაწერა. პოემა მოგვითხრობს ხევსურების იმდროინდელ ადათ-წესებსა, ტრადიციებზე და საზოგადოების სულიერ მდგომარეობაზე.

ალუდა ქეთელაური
სრული სათაური ალუდა ქეთელაური
ჟანრი პოემა
ავტორი ვაჟა-ფშაველა
მშობლიური ენა ქართული ენა
დაწერილია 1888
დაწერის ადგილი საქართველო

შინაარსი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პოემა „ალუდა ქეთელაური“ იმ პერიოდს ეხება, როდესაც მეზობელ ტომებს შორის მკაცრი შინაომი და რელიგიური შუღლი იყო გამეფებული. მათი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ურთიერთ თავდასხმები და ძარცვა-გლეჯა შეადგენდა. ამ გაუთავებელ შეტაკებებში რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი ადამიანები ერთმანეთს უმოწყალოდ ხოცავდნენ.

ერთ-ერთ ასეთ დღეს ხევსურეთის სოფელ შატილში მაცნე მოვიდა: ქისტები თავს დაესხნენ მწყემსებს და ცხენები გარეკესო. ეს რომ გაიგო ალუდა ქეთელაურმა, სიმამაცით ცნობილმა, აისხა იარაღი და გამოეკიდა ქისტებს, რომელთაც მისი ცხენიც წაეყვანათ. გათენებისას, ალუდა წამოეწია ორ ქისტს და ერთი მათგანი გასროლით მაშინვე ცხენიდან ჩამოაგდო. მოკლულის ძმამ, მუცალმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა ალუდას. მუცალისა და ალუდას ბრძოლა რელიგიურ-ფანატიკური გამძვინვარების ხასიათს ატარებს, რაც გამოიხატება იმ შეძახილებში, რომელთაც თითოეული მათგანი გასროლილ ტყვიას თან აყოლებდა:

გამასტყვრა მუცალის თოფი, —

კლდის პირი დაიშლებოდა,

ნაძოძი ტყვიის ალუდას

კალთაში ჩაეშლებოდა.

— არა გჭირსაა, რჯულ-ძაღლო?! —

მუცალი ეუბნებოდა.

— ნუ გგონავ, მჭირდეს, რჯულ-ძაღლო,

ყმასა გუდანის ჯვრისასა.

მესამე გასროლით ალუდამ მუცალს გულის ფიცარი ჩაუმტვრია. სასიკვდილოდ დაჭრილმა მუცალმა თავი დამარცხებულად ჩათვალა და ღმერთის მიმართ საყვედური წარმოსთქვა. თუმცა, გამძვინვარებული და შეუდრეკელი მუცალი იყენებს დარჩენილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს. სასიკვდილო ჭრილობაზე მთის მწვანე ბალახს დაიფენს და ერთხელ კიდევ ესვრის თავის მოსისხლე მტერს. მაგრამ როცა დაინახა, რომ მისმა უკანასკნელმა ტყვიამაც მიზანს ვერ მიაღწია, თავისი თოფი ალუდას გადაუგდო, სთხოვა მას წაეღო და თავად მიწას გაერთხა. ასეთმა ვაჟკაცობამ, მტრის ძლევის ასეთმა ნებისყოფამ და წყურვილმა ალუდას გულში ისეთი სიბრალულის გრძნობა გამოიწვია, რომ მხედარი ატირდა მის მიერ ახლახან მოკლულის ცხედართან. მუცალისადმი სიბრალულით და პატივისცემით გამსჭვალული ალუდა მარჯვენას არ სჭრის მოკლულს. ამჯერად მუცალის მიმართ იგი ხელს იღებს ამ ძველთაძველ და საყოველთაოდ აღიარებულ, ყველასთვის სავალდებულო ადათზე. ალუდამ მუცალს მისივე იარაღი მკერდზე დააწყო და მის გვამს ნაბადი დაჰხურა.

მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,

იტყოდა: ცოდვა არიო;

ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,

ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.

შინ დაბრუნებულმა ალუდამ უამბო ხალხს, რომელიც მას შემოეგება, თავისი მდევრად გაკიდების, ქისტებთან შებმისა და მუცალის სიმამაცის შესახებ და მუცალს „ცხონებული“ უწოდა, ხოლო როდესაც ბებერი უშიშა უსაყვედურებს — „რას ამბობ? ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადო“, ალუდა უპასუხებს:

— მით ვაქებ ვაჟკაცობასა

არ იყიდება ფულადა.

მომხდარმა სრულიად შეცვალა ალუდას აზრები და შეხედულებები, ხელი ააღებინა რელიგიურ შეუწყნარებლობასა და ფანატიზმზე. როდესაც მინდია, ალუდას მეგობარი, მოკლული მუცალის მარჯვენას მოიტანს ბრძოლის ადგილიდან დაბრუნების შემდეგ — სადაც იმისთვის წავიდა, რომ შეემოწმებინა საქმის ნამდვილი მდგომარეობა და ალუდას სიმართლე დაემტკიცებინა, რადგან თემის წევრები ალუდას სიცრუესა და სიმხდალეს აბრალებდნენ — ალუდა მას გულისტკივილით შეხვდება, გმობს მის ნამოქმედარს და ეუბნება:

რაად სწყრებიან ხევსურნი,

რადა ტყვრებიან ჯავრითა?!

მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი

მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!

„წესი არ არის მტრის მოკვლა,

თუ ხელ არ მასჭერ დანითა“.

ვაი, ეგეთას სამართალს,

მონათლულს ცოდვა-ბრალითა!

ხატობას, გუდანის ჯვარში, ალუდა მიიყვანს მოზვერს მუცალისათვის შესაწირავად. ხევისბერი მოაგონებს, რომ ეს ეწინააღმდეგება წინაპართა რჯულით დადგენილ წესებს და მის საკუთარ ტრადიციასაც. ხევისბერი ბერდიას უარისა და საყვედურების შემდეგ ალუდა თვითონ დაჰკლავს კურატს. ამით მან საყოველთაოდ მიღებულ წესებს უღალატა. ალუდა გრძნობს ამას და ღმერთს თხოვნა-ვედრებით მიმართავს. მაგრამ ამ ვედრებაში არ არის მონანიების სიტყვები. ალუდა იმდენად დარწმუნებულია თავის საქციელში, რომ ის კი არ ინანიებს, არამედ სთხოვს ღმერთს მის მიერ ჩადენილი ცოვა ცოდვად არ ჩაუთვალოს და მისგან შეწირული მსხვერპლი მიიღოს როგორც სამართლიანი შესაწირავი „მოუნათლავი“ გმირისა. აღშფოთებული ხევისბერი მოუწოდებს ხალხს თემიდან მოჰკვეთონ ალუდა და ცოლ-შვილით უცხო მხარეს განდევნონ. ხევისბერის მოწოდებაზე, ხალხი ალუდას წინააღმდეგ აღსდგება, მხოლოდ მინდია გამდგარა განზე თვალაცრემლებული, რადგან არ ძალუძს რამე უშველოს ალუდა ქეთელაურს.

ხევისბერის ბრძანებით ხევსურები უნგრევენ ალუდას სახლს და ციხეს. ცოლ-შვილითა და მოხუცი დედით თემიდან სდევნიან, საშინელ ზამთარში. ცოლი და დედა სწყევლიან თემს, თუმცა ალუდას მაინც თავისი მიწა-წყლის, სახლ-კარის, მთისა და ჯვარის ჩაუქრობელი სიყვარული ჰქონდა გულში, ამას ადასტურებს მისი უკანასკნელი სიტყვები:

ერთხელ მაუნდა ალუდას,

ერთხელ მობრუნვა თავისა:

„მშვიდობით, საჯიხვეებო,

გამახარელნო თვალისა!

მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,

გულში ამშლელო ბრალისა!

მშვიდობით, ჩვენო ბატონო,

ყმათად მიმცემო ძალისა!“

პერსონაჟები რედაქტირება

პოემის ძირითადი პერსონაჟები არიან:

  • ალუდა ქეთელაური — ხევსურეთის მკვიდრი;
  • მუცალი — ქისტი. ალუდას მოწინააღმდეგე;
  • მინდია — ალუდას მეგობარი, რომელსაც ალუდას სიმართლის დასამტკიცებლად მოაქვს მუცალის მოჭრილი მარჯვენა;
  • ბერდია — ხევისბერი;
  • უშიშა — სოფლის მკვიდრი.
  • ლელა — ალუდას ცოლი;
  • ალუდას დედა.

ხალხური მოტივი რედაქტირება

პოემა აგებულია უბრალო ამბავზე, რომლის შესახებაც თავად ვაჟა წერს: „ალუდა ქეთელაურს ქისტებმა ცხენი მოჰპარეს, ქურდებს მდევრად გამოუდგება, ერთ მათგანს თოფით მოჰკლავს, ხოლო მოკლულის ამხანაგი ვაჟკაცურად დაუხვდება. თუმცა ესეც მსხვერპლი ხდება ალუდასი, მაგრამ მოჰხიბლავს მას თავისი ვაჟკაცობით და როცა ჩამოვარდება საუბარი მუცალის მოკვლაზე, ხანდახან შესანდობარს დაჰლევს ალუდა ქისტისას — ლუდს ან არაყს. მარჯვენის მოჭრა-მოუჭრელობაზე ზეპირგადმოცემა არაფერს გვეუბნება. ხალხური თქმულებისა მთელი თავი და ბოლო ეს არის“.[1]

ლიტერატურული კრიტიკა რედაქტირება

1909 წელს გაზეთ „ფასკუნჯში“ (№ 6 – 10) კიტა აბაშიძემ გამოაქვეყნა საკმაოდ ვრცელი კრიტიკული წერილი ვაჟა-ფშაველას შემოქმედების შესახებ, რომელიც მცირედი გადამუშავების შემდეგ, 1912 წელს შეიტანა თავისი „ეტიუდების“ მეორე ტომში. იგი ვაჟა-ფშაველას სიმბოლისტად თვლიდა. კიტა აბაშიძე აცხადებს, რომ პოეტისათვის „პირადობას დიდი მნიშვნელობა აქვს, თითქმის ერთად ერთი პირადობაა ცხოვრების გადამკეთებელი და გამაუმჯობესებელი“.[2]საზოგადოება კი დესპოტია და მედგარი დამცველი ძველ ზნე-ჩვეულებათა. ალუდა ქეთელაური უკიდურეს ინდივიდუალისტად მიაჩნია, იმ პიროვნულობის წარმომჩენად, „რომელიც ცხოვრებას ცხოვრებადა ჰქმნის, რომელიც ცხოვრებას სიცოცხლის ელფერსა სდებს“.[3]

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“, რომელშიც ავტორი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასაც შეეხო. ცალკეულ პოემებზე საუბრისას ხახანაშვილი უმთავრსად მათი შინაარსის მოკლე გადმოცემით კმაყოფილდება, არ ავითარებს თავის თვალსაზრისს ამ ნაწარმოებთა შესახებ და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში ცდილობს განმარტოს ამა თუ იმ პოემის ლაიტმოტივი. მისი აზრით, ალუდა ქეთელაურით ვაჟას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ქეთელაურის მსგავსად „ისჯება ის, ვინც გამოიჩენს თვითნებობას და დაარღვევს ძველს ჩვეულებას და ტრადიციულს შეხედულებას“[4]

იპოლიტე ვართაგავა ვრცელ კრიტიკულ ეტიუდში, „სიმღერა მთის შვილის — ვაჟა-ფშაველასი“ — რომლის ბეჭდვაც 1913 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჟურნალ „განათლებაში“, ხოლო ცალკე წიგნად 1921 წელს გამოსცა— წერს, რომ „ალუდა ქეთელაური“ ისეთ ნაწარმოებთა რიგს განეკუთვნება, რომლის მსგავსიც თვით გენიოსებად აღიარებულ მწერალთა შემოქმედებაში თითო-ოროლა თუ შეგვხვდება და რომელსაც „უდიდესი მწერალი რუსეთის მიწისა“ — ტოლსტოიც სიამოვნებით მოაწერდა ხელს.

 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბოცვაძე იოსებ, ვაჟა-ფშაველა და მისი კრიტიკოსები, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1965;
  • კიკნაძე გრიგოლ, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,1989;
  • ქუთელია ალექსანდრე, ვაჟა-ფშაველა მოაზროვნე და ჰუმანისტი, სახელგამი, 1947. — გვ. 93-109;
  • ჯიბლაძე გიორგი, ვაჟა-ფშაველა, თბილისი,1958.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ვაჟა-ფშაველა, „კრიტიკა იპ. ვართაგავასი“
  2. კიტა აბაშიძე, ეტიუდები, ტ. II, გვ. 225.
  3. კიტა აბაშიძე, ეტიუდები, ტ. II, გვ. 226
  4. ალექსანდრე ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერების ისტორია, 1913წ., გვ. 205.