ალტიპლანო (ესპ. Altiplano — მაღალი ვაკე) — მაღალი ვულკანური, უდაბნო და ნახევარუდაბნო პლატო სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, იქ, სადაც ანდები ყველაზე განიერია. წარმოადგენს დედამიწაზე ყველაზე განიერ, მაღლა მდებარე პლატოს ტიბეტის შემდეგ. ტიტიკაკას ტბა სწორედ ალტიპლანოში მდებარეობს.

ალტიპლანოს მდებარეობა
ვულკანები სახამის ეროვნულ პარკში (პარინაკოტა და პომერაპე)

ალტიპლანო ცენტრალური ანდების შიგა ნაწილია, რომელიც იკავებს ჩრდილოეთი არგენტინისა და ჩილეს, დასავლეთ ბოლივიისა და სამხრეთ პერუს ტერიტორიებს. მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 3 750 მეტრია,[1] ოდნავ ნაკლები, ვიდრე ტიბეტის მთიანეთი. ტიბეტისგან განსხვავებით, ალტიპლანო გამოირჩევა აქტიური ვულკანების მთელი მასივით, ძირითადად დასავლეთ ნაწილში, ცენტრალურ ვულკანურ ზონაში. აქ მდებარეობს ისეთი ვულკანები, როგორებიცაა: ამპატო (6288 მ), ნევადო-სახამა (6542 მ), პარინაკოტა (6348 მ), გუალიატირი (6071 მ), უტურუნკუ (6008 მ), ლიკანკაბური (5916 მ).[2] ვულკანებით ასევე გამოირჩევა ალტიპლანოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი კორდილიერა-რეალი. ალტიპლანოს სამხრეთ დასდავლეთით მდებარეობს ატაკამა, მსოფლიოში ყველაზე მშრალი უდაბნო, ხოლო აღმოსავლეთით — ამაზონის ჯუნგლები.

ისტორია რედაქტირება

პლეისტოცენის ეპოქის სხვადასხვა დროს, სამხრეთი და ჩრდილოეთი ალტიპლანო დაფარული იყო ვრცელი ტბებით. დღეს მათი ნარჩენებია ტიტიკაკა პერუ-ბოლივიის საზღვარზე, მინერალების მაღალი შემცველობის ტბები პოოპო, სალარ-დე-უიუნი და კოიპასა სამხრეთ ბოლივიის ორუროს დეპარტამენტში. ეს სამი უკანასკნელი მსოფლიოში უდიდესი მარილის აუზებია.

კლიმატი რედაქტირება

ალტიპლანოში კლიმატი ცივი, ნახევრად-მშრალიდან მშრალში გარდამავალია. საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს 3 °C-დან (დასავლეთით) 12 °C-მდე (ტიტიკაკას ტბის სიახლოვეს). ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელიც 200 მმ-დან (სამხრეთ-დასავლეთით) 800 მმ-მდე (ტიტიკაკას სიახლოვეს) მერყეობს. მაქსიმალური ტემპერატურა 12 - 24 °C-ია, მინიმალური -20 °C.

ალტიპლანოში მდებარე მთავარი, ყველაზე ცნობილი ქალაქია ბოლივიის ფაქტობრივი დედაქალაქი ლა-პასი.

პერუს ალტიპლანოს პანორამა

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. The Use of Solar Energy for Improving the Living Conditions in Altiplano/Argentina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2011-03-28.
  2. Andes map. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-24. ციტირების თარიღი: 2011-03-28.