ალი-ბეი ალ-ქაბირი (არაბ. علي باي الكبير; დ. 1728 — გ. 8 მაისი, 1773) — ეგვიპტის მმართველი, ქართული წარმოშობის მამლუქი. დაამარცხა მომთაბარე ბედუინები, გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე, შემოიერთა ჰიჯაზი, დაიწყო რეგულარული არმიის შექმნა, გაატარა რეფორმები სამართალწარმოებასა და საფინანსო სფეროებში. გაანადგურა ეგვიპტეში მყოფი ოსმალური ნაწილები და ოსმალეთისათვის ხარკის გადახდა შეწყვიტა. 1770 წლის ივლისში ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სულთნის ტიტული მიიღო. აიღო დამასკო და დაიკავა სირია. ალი-ბეი ეგვიპტეს 1757 წლიდან 1773 წლამდე მართავდა და ისტორიკოსთა ნაწილი მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლადაც კი მიიჩნევს.

ალი-ბეი ალ-ქაბირი (1728–1773)

წარმოშობა რედაქტირება

ისტორიული წყაროების თანახმად, ალი-ბეი ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი იყო. 1728 წელს აფხაზეთში, მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლის ოჯახში დაიბადა და იოსები დაარქვეს. 13 წლისა იყო როდესაც მოიტაცეს და ტყვედ გაყიდეს. იგი ქართული წარმოშობის მამლუქმა იბრაჰიმ ქათხოდამ იყიდა, გაამაჰმადიანა, ახალი სახელი დაარქვა და თავად აღზარდა. ქათხოდას გარდაცვალების შემდეგ კი დაიკავა მისი ადგილი[1].

მმართველობა რედაქტირება

ალი-ბეი ალ-ქაბირთან დაახლოებულ ქართველ მამლუქთა შორის იყო მისივე აღზრდილი, ასევე ქართველი, მუჰამედ ბეი აბუზაჰაბი, რომელიც ალი-ბეის სიძეც იყო. სწორედ მუჰამედი დაუპირისპირეს ალი-ბეის წარმატებებით შეშფოთებულმა ოსმალებმა ეგვიპტის ქართველ მმართველს. 1773 წელს, როდესაც ალი-ბეი სირიაში იმყოფებოდა, ეგვიპტეში დარჩენილმა მუჰამედმა საკუთარი აღმზრდელის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. აჯანყების ჩასახშობად, სირიიდან ეგვიპტისკენ გაემართა ალი-ბეი, მაგრამ ქაირომდე მისვლა ვერ მოასწრო, აჯანყებულმა ბეგებმა მისი ჯარი დაამარცხეს. ამ ბრძოლაში დაიჭრა ალი-ბეი და 1773 წლის 8 მაისს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ეგვიპტის მმართველი მუჰამედი გახდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ალ. ელერდაშვილი, უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი; თბ., 2006

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება