ალექსანდრე კოტრიკაძე

ალექსანდრე კოტრიკაძე (დ. 3 დეკემბერი, 1930, თბილისი — გ. 1999) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „სპარტაკისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1954).[3] საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1966).[4][5] სერგო კოტრიკაძის უფროსი ძმა.

ალექსანდრე კოტრიკაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალექსანდრე პარმენის ძე კოტრიკაძე [1][2]
დაბადების
თარიღი
3 დეკემბერი, 1930
დაბადების
ადგილი
ტფილისი,
საქართველოს სსრ,
ამიერკავკასიის სფსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
1999
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1951 სპარტაკი თბ. 5 (0)
1952–1959 დინამო თბ. 116 (11)
სამწვრთნელო კარიერა
1961 დინამო თბილისი (მწვრთნელი)
1963–1965 დინამო თბილისი (მწვრთნელი)
1966 დინამო თბილისი
1967 დილა გორი
1968–1969 მეტალურგი რუსთავი
1970 ტორპედო ქუთაისი
1973 დინამო თბილისი
1980–1981 გურია ლანჩხუთი
1984–1986 დინამო თბილისი (მწვრთნელი)
1987 გურია ლანჩხუთი
1988–1989 შევარდენი თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1946 წელს თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელ არჩილ კიკნაძესთან. თამაშობდა თბილისის „სპარტაკში“ (1951)[6] და თბილისის „დინამოში“ (1952–1959). „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 116 მატჩი ჩაატარა და თერთმეტჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ასევე, დინამოელთა მაისურით საკავშირო თასის ექვს მატჩში დაიცვა გუნდის ღირსება. ამას გარდა, თბილისელთა რიგებში 24 საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი ბურთი გაიტანა. გუნდთან ერთად იყო საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლისა (1953) და ბრინჯაოს (1959) მედლების მფლობელი.[7]

თბილისის „სპარტაკის“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1951 წლის 11 ივნისს, საკავშირო პირველობის მე-13 ტურის კალენდარულ მატჩში, კუიბიშევის „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 25 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. თბილისელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: გივი იოსელიანი, თეიმურაზ გუგუნავა, ნიკოლოზ გოგლიძე, აკაკი ხურციძე, თენგიზ კუბლაშვილი, მერაბ გამყრელიძე, არჩილ ბერძენიშვილი, ანატოლი ნორაკიძე, ზაურ კალოევი, ალექსანდრე კოტრიკაძე და ნიკოლოზ სიხარულიძე. დაპირისპირება ზაურ კალოევის მიერ შეხვედრის 63-ე წუთზე გატანილი ერთადერთი ბურთის წყალობით მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 1–0 დამთავრდა.[8][9]

თბილისის „სპარტაკის“ მაისურით ბოლოჯერ იმავე წლის 18 სექტემბერს, საკავშირო ჩემპიონატის 30-ე ტურის კალენდარულ მატჩში, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ამჯერადაც თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 12 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. მასპინძლებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ვლადისლავ ჟმელკოვი, თენგიზ კუბლაშვილი, ნიკოლოზ გოგლიძე, იური კატანოვი, ნიკოლოზ გაგნიძე, მერაბ გამყრელიძე, ედუარდ დალაქიანი, ანატოლი ნორაკიძე, ზაურ კალოევი, ალექსანდრე კოტრიკაძე და ნიკოლოზ სიხარულიძე. შეხვედრა კიეველთა გამარჯვებით, ანგარიშით — 3–0 დამთავრდა.[10][11]

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ფარგლებში პირველად 1953 წლის 25 აპრილს, საკავშირო პირველობის მე-2 ტურის კალენდარულ მატჩში, ლენინგრადის „ზენიტის“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ვლადიმერ მარღანია, ვლადიმერ ელოშვილი, ნიკოლოზ გოგლიძე, იბრაჰიმ სარჯველაძე, რევაზ მახარაძე, ნიკოლოზ გაგნიძე, ალექსანდრე კოტრიკაძე, კონსტანტინე გაგნიძე, ზაურ კალოევი, ავთანდილ ღოღობერიძე და ავთანდილ ჭკუასელი. დაპირისპირება ავთანდილ ღოღობერიძის დუბლისა და ზაურ კალოევის გოლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 3–1 დამთავრდა.[12][13]

თბილისის „დინამოს“ მაისურით ბოლოჯერ 1959 წლის 31 ოქტომბერს, საკავშირო ჩემპიონატის 22-ე ტურის კალენდარულ მატჩში, კუიბიშევის „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა კუიბიშევის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 20 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, ედუარდ თორაძე, ალექსანდრე კოტრიკაძე, ჯემალ ზეინკლიშვილი, შოთა იამანიძე, თენგიზ მელაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, ზაურ კალოევი, ავთანდილ ღოღობერიძე და მიხეილ მესხი. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დამთავრდა. ბურთები კალოევმა და ზეინკლიშვილმა გაიტანეს.[14][15]

სამწვრთნელო კარიერა რედაქტირება

 
ალექსანდრე კოტრიკაძე

1961 წლიდან სამწვრთნელო სამუშაოზეა. 1961, 1963–1965 და 1984–1986 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ გუნდის მწვრთნელი.[7] 1966 და 1973 წლებში „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.[16][17] 1967 წელს გორის „დილას“, 1968–1969 წლებში რუსთავის „მეტალურგს“, ხოლო 1970 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ ედგა სათავეში.

1973 წელს ალექსანდრე კოტრიკაძის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) [18][19] გამარჯვებული ხდება.

სამხრეთ ესპანეთის, კერძოდ, ანდალუსიის ზღვისპირა ქალაქი უელვა — თბილისის „დინამოსა“ და ესპანეთის, პორტუგალიისა და ინგლისის ჩემპიონებს, შესაბამისად — მადრიდის „ატლეტიკოს“, ლისაბონის „ბენფიკას“ და „დერბი ქაუნთის“ მასპინძლობს, რომელთაც ურთიერთშორის საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის რიგით მეცხრე გათამაშების გამარჯვებული უნდა გამოავლინონ. ნახევარფინალში თბილისელები შესანიშნავ სპორტულ ფორმაში მყოფ მადრიდის „ატლეტიკოს“ უპირისპირდებიან. მრავალი მცდელობის მიუხედავად, გუნდები ძირითად დროში ბურთის გატანას ვერ ახერხებენ და მატჩიც უგოლო ფრით — 0–0 მთავრდება. ინიშნება თერთმეტრიანების სერია, სადაც თბილისელთა მეკარე დავით გოგია ორი პენალტის აღებას ახერხებს და „დინამოს“ ფინალისკენ უკაფავს გზას. მეორე ნახევარფინალში „ბენფიკა“ „დერბი ქაუნთის“ ამარცხებს და ფინალში ქართულ კლუბს უპირისპირდება. გადამწყვეტი მატჩი მეტად დაძაბულად, ხისტად და საკმაოდ უხეშად წარიმართა, რის გამოც შეხვედრის მსაჯს რამდენჯერმე მოუხდა ყვითელი და ერთი წითელი ბარათის გამოყენებაც. საბოლოოდ თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ, „კარაველას თასს“ ეუფლებიან და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ხდებიან ასეთი წარმომადგენლობითი ე.წ. „ოთხთა ტურნირის“ გამარჯვებულები.[20][21][22]

ამონარიდი თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე 2013 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნებული ამ გამარჯვებისადმი მიძღვნილი საიუბილეო მილოცვიდან [23] — „კარაველას თასი“:

 
„...დღეს 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „დინამომ“ ესპანეთში, ქალაქ უელვაში კოლუმბის „კარაველას თასი“ მოიგო. „დინამომდე“ ამ თასს მადრიდის „რეალი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და „სან-პაულუ“ ფლობდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო ტიტული ჩვენი გუნდისთვის. „დინამომ“ ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა (ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში „დინამომ“ 4:2 აჯობა მეტოქეს). ფინალში კი თბილისელებმა ლისაბონის „ბენფიკას“ 3:1 მოუგეს. გოლები გუცაევმა (2) და ყიფიანმა გაიტანეს.

„დინამომ“ ფინალში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, მ. მაჩაიძე (წერეთელი), ებრალიძე, ასათიანი, გუცაევი, ყიფიანი (მჭედლიშვილი), ლ. ნოდია

მწვრთნელი: ალექსანდრე კოტრიკაძე.“

1980–1981 და 1987 წლებში ლანჩხუთის „გურიას“,[4][5] 1988–1989 წლებში კი თბილისის „შევარდენის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.[24]

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1953
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1959

სამწვრთნელო რედაქტირება

  დინამო თბილისი
  • კარაველას თასის მფლობელი: 1973 [25]

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ალექსანდრე კოტრიკაძის ანგარიშზეა 11 გატანილი ბურთი. პირველი ბურთი მან 1953 წლის 7 აგვისტოს, საკავშირო ჩემპიონატის მე-19 ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „დინამოს“ ლეგენდარულ მეკარეს ლევ იაშინს შეხვედრის 33-ე წუთზე გაუტანა.[26][27] მე-11 და ბოლო ბურთი კი 1956 წლის 3 ივნისს, საკავშირო პირველობის, მე-10 ტურის კალენდარულ მატჩში, კიშინიოვის „ბურევესტნიკის“ წინააღმდეგ, მეკარე ვლადიმერ ერემეევის კარში, შეხვედრის 23-ე წუთზე შეაგდო.[28][29]

თბილისის „სპარტაკისა“ და თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებისა და თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებულ 131 შეხვედრაში ალექსანდრე კოტრიკაძეს მსაჯებისგან არცერთი გაფრთხილება არ მიუღია. ალექსანდრე კოტრიკაძემ დინამოელები მოედანზე გუნდის კაპიტნის სამკლაურით ოთხჯერ გაიყვანა — მოსკოვის „ლოკომოტივთან“ (03.05.1959), სტალინოს „შახტიორთან“ (25.05.1959), მოსკოვის „დინამოსთან“ (29.05.1959) და კიშინიოვის „მოლდოვასთან“ (06.06.1959) გამართულ შეხვედრებში.[30]

თბილისის „სპარტაკისა“ და თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული როგორც პირველი (11.06.1951), ასევე უკანასკნელი (31.10.1959) შეხვედრა ალექსანდრე კოტრიკაძემ კუიბიშევის „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ ჩაატარა.[30]

1956 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და 1956 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის ალექსანდრე პარმენის ძე კოტრიკაძე დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[2][31]

1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ალექსანდრე კოტრიკაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[32]

ლიტერატურა რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

თემატური საიტები
Dinamo-Tbilisi.ru · FC35.ge · FootballFacts.ru
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
მედია
Intermedia.ge · LeaderSport.ge · Worldsport.ge

სქოლიო რედაქტირება

  1. ალექსანდრე კოტრიკაძე (1930–1999) — ქართველი ფეხბურთელი (1951–1959) და ფეხბურთის მწვრთნელი (1961–1989). წყარო: ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“. წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი, 2020.
  2. 2.0 2.1 ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სპორტსმენების საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დაჯილდოების შესახებ // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
  3. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 108
  4. 4.0 4.1 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 55
  5. 5.0 5.1 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 32
  6. Чемпионат 1951. Спартак (Тбилиси). fc-dynamo. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  7. 7.0 7.1 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1986, გვ. 16
  8. «Спартак» Тб. 1–0 «Крылья Советов» Куйбышев // 11.06.1951. Тбилиси. Стадион «Динамо». Зрителей: 25 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  9. «Спартак» Тбилиси 1–0 «Крылья Советов» Куйбышев. fc-dynamo. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  10. «Спартак» Тбилиси 0–3 «Динамо» Киев // 18.09.1951. Тбилиси. Стадион «Динамо». Зрителей: 12 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  11. «Спартак» Тбилиси 0–3 «Динамо» Киев. fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  12. «Динамо» Тбилиси 3–1 «Зенит» Ленинград // 25.04.1953. Тбилиси. Стадион «Динамо». Зрителей: 40 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  13. «Динамо» Тбилиси 3–1 «Зенит» Ленинград. fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  14. «Крылья Советов» Куйбышев 1–2 «Динамо» Тбилиси // 31.10.1959. Куйбышев. Стадион «Динамо». Зрителей: 20 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  15. «Крылья Советов» Куйбышев 1–2 «Динамо» Тбилиси. fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  16. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1979, გვ. 60
  17. Aleksandre Kotrikadze. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-06. ციტირების თარიღი: 2020-01-06.
  18. კარაველას თასი. fcdinamo.ge (19 აგვისტო, 2013). ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2020.
  19. Trofeo Colombino de fútbol. es.wikipedia.org (1 ნოემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2020.
  20. Динамо (Тбилиси) 3–1 Бенфика (Лиссабон) // fc-dynamo.ru
  21. IX Trofeo Colombino de fútbol // dinamo-tbilisi.ru
  22. "კარაველას" რაინდები. 1973 წლის აგვისტო. ესპანეთის ქალაქი უელვა. ოთხთა ტრადიციული, რიგით IX ტურნირი. მონაწილენი: მადრიდის „ატლეტიკო“, ლისაბონის „ბენფიკა“, ინგლისის „დერბი ქაუნთი“ და თბილისის „დინამო“. ციტატა: „...აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის მთავარმა პრიზმა — „კარაველას თასმა“ მანამდე მხოლოდ ორჯერ დატოვა იქაურობა — ეს ბრაზილიის „სან-პაულუმ“ და უნგრეთის „დოჟა უიპეშტმა“ შეძლეს. დანარჩენ შემთხვევებში ყველას მადრიდის „რეალმა“, სევილიის „ბეტისმა“, ადგილობრივმა „რეკრეატივომ“ და იმავე „ატლეტიკომ“ აჯობეს.“ ავტორი: ბეჟან დოლიძე, „საქართველოს რესპუბლიკა“. 22 აგვისტო, 2013
  23. კარაველას თასი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-30. ციტირების თარიღი: 2016-12-30.
  24. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 75
  25. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზემარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე — ტურნირის საპატიო პრიზით ხელში. 19 აგვისტო, 1973. წყარო: ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. წაკითხვის თარიღი: 6 იანვარი, 2020.
  26. «Динамо» Тбилиси 3–2 «Динамо» Москва // 07.08.1953. Тбилиси. Стадион «Динамо». Зрителей: 40 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  27. «Динамо» Тб. 3–2 «Динамо» Москва. fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  28. «Буревестник» Кишинёв 2–1 «Динамо» Тб. // 03.06.1956. Кишинёв. Республиканский стадион. Зрителей: 25 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  29. «Буревестник» Кишинёв 2–1 «Динамо» Тб.. fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  30. 30.0 30.1 Котрикадзе Александр Парменович. Игры. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
  31. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
  32. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541. 1997 წლის 25 სექტემბერი, ქ. თბილისი. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ.. სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022