ავგუსტა ბავარიელი

ავგუსტა ბავარიელი (გერმ. Auguste von Bayern; დ. 21 ივნისი, 1788, სტრასბურგი, საფრანგეთი — გ. 13 მაისი, 1851, მიუნხენი, გერმანია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის ასული და მეფე ლუდვიგ I-ის და. ნაპოლეონ ბონაპარტის გერის, ლოიხტენბერგის ჰერცოგ ევგენი დე ბოარნეს მეუღლე.

ავგუსტა ბავარიელი
სრული სახელი
ავგუსტა ამალია ლუდოვიკა გეორგია
წოდებები
ლოიხტენბერგის ჰერცოგინია
დაიბადა 21 ივნისი, 1788
სტრასბურგი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 13 მაისი, 1851, (62 წლის)
მიუნხენი, გერმანია
საგვარეულო ვიტელსბახები
მეუღლე(ები) ევგენი, ლოიხტენბერგის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ჟოზეფინა, შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი
ევგენია, ჰოენცოლერნის პრინცესა
ავგუსტი, პორტუგალიის პრინცი
ამალია, ბრაზილიის იმპერატრიცა
თეოდორინა, ვიურტემბერგის პრინცესა
მაქსიმილიანი, ლოიხტენბერგის ჰერცოგი
მამა მაქსიმილიან I, ბავარიის მეფე
დედა ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ავგუსტა დაიბადა 1788 წლის 21 ივნისს სტრასბურგში. იგი იყო ცვაიბრიუხენის ჰერცოგ მაქსიმილიანისა და მისი პირველი ცოლის, ჰერცოგინია ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. მისი დაბადებიდან მალევე საფრანგეთში დიდი რევოლუცია დაიწყო, რის გამოც მისი ოჯახი გერმანიაში გაიქცა და ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა. ამ პერიოდში, 1796 წელს, დედამისი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. სულ რამდენიმე თვეში, 1797 წელს მამამისმა ახალი ცოლი შეირთო კაროლინა ბადენელის სახით. ისევე როგორც მის და-ძმებს, ავგუსტასაც არ მოსწონდა დედინაცვალი.

1799 წელს ბავარიის კურფიურსტი კარლ თეოდორი უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც მამამისი ბავარიის ახალი კურფიურსტი გახდა მაქსიმილიან III-ის სახელით.

 
ავგუსტა თავის ქალიშვილებს, ჟოზეფინასა და ევგენიას ამეცადინებს გეოგრაფიაში. 1809 წელი.

თავდაპირველად მაქსიმილიანი ავგუსტას ხელს ბადენის დიდ ჰერცოგ კარლს ჰპირდებოდა, თუმცა მათი ნიშნობა საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა ჩაშალა, რადგან ავგუსტა თავისი გერის საცოლედ სურდა. 1806 წლის 14 იანვარს მიუნხენში შედგა ავგუსტა ბავარიელისა და ნაპოლეონის გერის, პრინცი ევგენი დე ბოარნეს ქორწინება. ამ კავშირის აღსანიშნავად ნაპოლეონმა ბავარიას დიდძალი მიწები მიუერთა და იმავე წლის 1 იანვარს ავგუსტას მამა ბავარიის მეფედ გამოაცხადა მაქსიმილიან I-ის სახელით.

სულ მალე ნაპოლეონმა თავისი გერი იტალიის მეფისნაცვლად დანიშნა, რის გამოც წყვილი მილანში დასახლდა. აქ ავგუსტამ ხუთი ბავშვი გააჩინა. მიუხედავად დიპლომატიური მიზეზებისა, ეს ქორწინება ერთობ მყარი და იღბლიანი აღმოჩნდა, რამეთუ ცოლ-ქმარმა მალე გაუგო ერთმანეთს.

1814 წელს, ნაპოლეონის პირველი დაცემის შემდეგ წყვილმა დატოვა მილანი და მანტუაში გაიქცა. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა ტახტი დაიბრუნა ისინიც დაუბრუნდნენ მილანს, თუმცა მეორე ჩამოგდების შემდეგ ავგუსტა და მისი ქმარ-შვილი ბავარიაში გაიქცნენ, სადაც ისინი მაქსიმილიანმა შეიფარა.

1817 წელს მაქსიმილიან I-მა თავის სიძეს ლოიხტენბერგის ჰერცოგობა უბოძა, რითაც ავგუსტა ჰერცოგინია გახდა. ამის შემდეგ დამკვიდრდნენ ბოარნეები ლოიხტენბერგში.

ბავარიაში ჩასვლიდან სულ რამდენიმე წელიწადში, 1824 წლის 21 თებერვალს, 42 წლის ასაკში ევგენი ბოარნე გარდაიცვალა, თუმცა ავგუსტას მეორე ქორწინებაზე აღარ უფიქრია. დარჩენილი ცხოვრება მან მიუნხენში, ბავარიის სამეფო კარზე გაატარა. იგი სწორედ აქ, 1851 წლის 13 მაისს გარდაიცვალა, 62 წლის ასაკში. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ავგუსტას მულის, ნიდერლანდების დედოფალ ჰორტენზია ბოარნეს ვაჟი, ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელიც შემდგომში იმპერატორიც გახდა.

ავგუსტამ მოახერხა და თავისი ყველა შვილი სარფიანად დააქორწინა ევროპის სხვადასხვა მონარქზე, რის გამოც მისი იგი არის დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ბელგიისა და ლუქსემბურგის მონარქთა პირდაპირი წინაპარი.

შვილები რედაქტირება

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ჟოზეფინა   14 მარტი, 1807,

მილანი, იტალია

7 ივნისი, 1876,

სტოკჰოლმი, შვედეთი

(69 წლის)

ცოლად გაჰყვა შვედეთისა და ნორვეგიის მეფე ოსკარ I-ს, რომელთანაც შეეძინა

ხუთი შვილი, მათ შორის ორი მეფე: კარლ XV და ოსკარ II.

ევგენია   22 დეკემბერი, 1808,

მილანი, იტალია

1 სექტემბერი, 1847,

ფროიდენშტადტი, გერმანია

(38 წლის)

ცოლად გაჰყვა ჰოენცოლერნ-ჰეხინგენის მთავარ კონსტანტინეს, მაგრამ შვილები

არ ჰყოლია.

ავგუსტი   9 დეკემბერი, 1810,

მილანი, იტალია

28 მარტი, 1835,

ლისაბონი, პორტუგალია

(24 წლის)

ლოიხტენბერგის ჰერცოგი. ცოლად შეირთო პორტუგალიის დედოფალი მარია II,

მაგრამ შვილები არ ჰყოლია.

ამალია   31 ივლისი, 1812,

მილანი, იტალია

26 იანვარი, 1873,

ლისაბონი, პორტუგალია

(60 წლის)

ცოლად გაჰყვა ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ს, რომელთანაც შეეძინა

ერთადერთი ქალიშვილი — მარია ამელია.

თეოდორინა   13 აპრილი, 1814,

მანტუა, იტალია

1 აპრილი, 1857,

შტუტგარტი, გერმანია

(42 წლის)

ცოლად გაჰყვა ვიურტემბერგის გრაფ ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა ოთხი

შვილი.

მაქსიმილიანი   1 ნოემბერი, 1817,

მიუნხენი, გერმანია

1 ნოემბერი, 1852,

პეტერბურგი, რუსეთი

(35 წლის)

ლოიხტენბერგის ჰერცოგი. ცოლად შეირთო იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ასული

მარია ნიკოლაევნა რომანოვა, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Marita A. Panzer: Wittelsbacherinnen. Fürstentöchter einer europäischen Dynastie. Pustet, Regensburg 2012, ISBN 978-3-7917-2419-5, S. 147–159.
  • Armin Schroll: Prinzessin Auguste Amalie von Bayern (1788–1851). Eine Biographie aus napoleonischer Zeit. Meidenbauer, München 2010, ISBN 978-3-89975-725-5.
  • Friedrich Weissensteiner: Frauen auf Habsburgs Thron. Die österreichischen Kaiserinnen. Piper, München 2001, ISBN 3-492-23033-4, S. 74: Kaiserin Karoline Auguste.