ადამი (ებრ. אָדָם, ადამიანი; ერთფუძიანია სიტყვასთან დედამიწა ებრ. אדמה, მიწა და אדום, წითელი; ბერძ. Ἀδάμ, არაბ. آدم) — თორასა (ქრისტიანობაში ძველი აღთქმა) და ყურანში პირველი ადამიანი, შექმნილი ღმერთის მიერ, ადამიანთა პირველი წინაპარი. ევას ქმარი, კაენის, აბელისა და შეთის მამა.

„ადამის შექმნა“
ფრესკა სიქსტეს კაპელაში. მიქელანჯელო

იუდაიზმის თანახმად ადამი და ევა არის ადამიანური ურთიერთობის მაგალითი. ქრისტიანულ თეოლოგიაში ადამი ადამიანის სიმბოლოა თავის ურთიერთობასთან ღმერთთან. თაყვანს სცემენ ისლამში, მანდეიზმსა და ბაჰაიზმში.

ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა სამყაროს შექმნა მეექვსე დღეს დაასრულა იმით, რომ ადამი შექმნა თიხისაგან „ხატისაებრ თვისისა“, სიცოცხლის სული შთაბერა და საბრძანებლად დაუმკვიდრა დედამიწა და ყოველი სულიერი. ადამის მითი ყურანშიც აისახა, ამიტომ ადამი მუსლიმანებისთვისაც ადამიანთა წინაპარია. ადამის სახელთან დაკავშირებულია მრავალი ლეგენდა და თქმულება, რაც აპოკრიფულ და ბიბლიის შემდგომ იუდაისტურ ლიტერატურაში გვხვდება. ადამისგან წარმოდგება ქართული სიტყვა „ადამიანი“ — ადამის ჩამომავალი.

ლიტერატურა რედაქტირება