მუსლიმი მესხები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: 1944 წლის 15 ნოემბრის ღამეს, საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართ...
(განსხვავება არ არის)

19:24, 20 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

1944 წლის 15 ნოემბრის ღამეს, საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში განახორციელა მკაცრად გასაიდუმლოებული და მასშტაბური ოპერაცია: მესხეთის რამდენიმე ასეული სოფელი ერთ ღამეში დაცარიელდა. ათეულობით ათასი კაცი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეჰყარეს სატვირთო მატარებელში და შუა აზიის გზას გაუყენეს.

აღნიშნული დეპორტაცია განხორციელდა სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N6279-სს დადგენილებისა და იმავე წლის 20 სექტემბრის სსრკ შსს N00117 ბრძანების საფუძველზე, რომელიც ინსტრუქციით ადგენდა თურქების, ქურთების, ხემშილების, აზერბაიჯანლების, იეზიდებისა და თათრების საქართველოს სსრ-ს საზღვრისპირა რაიონებიდან, კერძოდ ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძის, ბოგდანოვკის, აგრეთვე - აჭარის ა/რ ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს რაიონებიდან სპეცგადასახლების წესსა და რიგს.

შენიშვნა: იმ დროინდელ ოფიციალურ დოკუმენტებში მაჰმადიანი მესხები მოხსენიებულნი არიან, როგორც თურქული წარმომავლობისა და ეროვნების პირები. ტერმინები - "კავკასიელი თურქები", "საბჭოთა თურქები", "მესხეთელი თურქები" და "თურქი მესხები" საბჭოთა კავშირის საინფორმაციო საშუალებების მიერ მოგვიანებით, 70-იან წლებში დამკვიდრდა, რომელთაგანაც უკანასკნელმა ორმა ტერმინმა განსაკუთრებით ფართო გავრცელება ჰპოვა.

ეროვნული ნიშნით გადასახლებას ექვემდებარებოდა დასახელებული რაიონების ყველა მცხოვრები, გარდა აღნიშნულ ეროვნებათაგანს მიკუთვნებული მდედრობითი სქესის პირებისა, რომლებიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.

ოპერაციის დაწყების წინ უბნის ოპერ-რწმუნებულს უნდა შეემოწმებინა დასახლებული პუნქტების ალყისა და იქ მოწყობილი ჩასაფრებების საიმედოობა, რის შემდეგადაც იწვევდნენ ზრდასრულ მამაკაცთა კრებას, რომელზეც საქართველოს სსრ-ს საზღვრების უკეთ დაცვის საბაბით, ცხადდებოდა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება მათი შუა აზიის სამხრეთ რეგიონებში გადასახლებისა და გადასახლების პირობების შესახებ. ოპერ-რწმუნებული მათ აიძულებდა კრების დამთავრებისთანავე შედგომოდნენ გადასახლების სამზადისს და აფრთხილებდა შესაძლო პასუხისმგებლობაზე, სპეცგადასახლებისადმი თავის არიდების ან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევებში.

თითოეულ ოჯახზე მიმაგრებული იყო თითო ოპერატიული ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც ოჯახის უფროსს სთავაზობდა თავისი ნებით ჩაებარებინა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, რის შემდგეგაც, მიღებული პასუხის მიუხედავად, ატარებდა ჩხრეკას.

გადასახლებულთ ნება ეძლეოდათ თან წაეღოთ პირადი და სხვა ნივთები (ტანისამოსი, ჭურჭელი, სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო ინვენტარი, ფული, ძვირფასეულობა, საკვების მარაგი), ოღონდ ოჯახზე არაუმეტეს 1.5 ტონისა. გარდა ამისა ხორციელდებოდა სახლში მყოფი ყველა პირის დაკავება, რომლებიც ოპერატიულად გადამოწმდებოდნენ და თუკი რომელიმე მათგანი არ ექვემდებარებოდა გადასახლებას, ისინი ოპერაციის დამთავრებისთანავე თავისუფლდებოდნენ. ამასთანავე, ოპერატიული ჯგუფის წევრებს უნდა გაეთვალისწინებინათ გადასასახლებელთა ოჯახებში იმ პირთა შესაძლო ყოფნის შესახებ, რომლებიც იძებნებოდნენ ან რომელთაც ბრალი ედებოდათ ანტისაბჭოთა საქმიანობაში.

გადასახლებულთა მთელი დარჩენილი ქონება, საყოფაცხოვრებო ინვენტარი და სამეურნეო სავარგულები აღიწერებოდა ადგილობრივი კომისიების მიერ და გადაეცემოდა სახელისუფლებო ორგანოებს.

სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასა და კომისიებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა გადასახლებულთა დარჩენილი ქონების (პირუტყვი, პროდუქტები...) დროულად და სრულად შეგროვების, აღწერის, დოკუმენტურად გაფორმებისა და მათი დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

სულ საქართველოს სსრ-დან, სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N6279-სს დადგენილების საფუძველზე სპეცგადასახლებულ იქნა 19 818 ოჯახი. მათ შორის: თურქები - 14 493 ოჯახი; ქურთები - 1 830 ოჯახი; აზერბაიჯანლები - 3 058 ოჯახი; იეზიდები - 7 ოჯახი; თათრები - 126 ოჯახი და ხემშილები - 304 ოჯახი;

რაიონების მიხედვით გადასახლების სურათი ასე გამოიყურებოდა:

ახალციხის რაიონიდან: თურქები - 2 609 ოჯახი; ქურთები - 389 ოჯახი; აზერბაიჯანლები - 2 473 ოჯახი; თათრები - 126 ოჯახი; სულ - 5 597 ოჯახი.


ადიგენის რაიონიდან: თურქები - 6 702 ოჯახი; აზერბაიჯანლები - 278 ოჯახი; სულ - 6 980 ოჯახი.


ახალქალაქის რაიონიდან: თურქები - 614 ოჯახი; ქურთები - 155 ოჯახი; სულ - 769 ოჯახი.

ასპინძის რაიონიდან: თურქები - 3 743 ოჯახი; ქურთები - 488 ოჯახი; აზერბაიჯანლები - 301 ოჯახი; სულ - 4 532 ოჯახი.


ბოგდანოვკის რაიონიდან: თურქები - 157 ოჯახი; ქურთები - 6 ოჯახი; აზერბაიჯანლები - 6 ოჯახი; იეზიდები - 7 ოჯახი; სულ - 176 ოჯახი.

საქართველოს სსრ-ს აჭარის ა/რ-დან გადასახლებული იყო 1 764 ოჯახი, მათ შორის:

ქ. ბათუმიდან: თურქები - 84 ოჯახი; ქურთები - 75 ოჯახი; ხემშილები - 6 ოჯახი; სულ - 165 ოჯახი.


ბათუმის რაიონიდან: თურქები - 346 ოჯახი; ქურთები - 472 ოჯახი; ხემშილები - 231 ოჯახი; სულ - 1 049 ოჯახი.


ქობულეთის რაიონიდან: თურქები - 70 ოჯახი; ქურთები - 198 ოჯახი; ხემშილები - 34 ოჯახი; სულ - 302 ოჯახი.

ქედის რაიონიდან: თურქები - 44 ოჯახი; ქურთები - 12 ოჯახი; ხემშილები - 5 ოჯახი; სულ - 61 ოჯახი.


ხულოს რაიონიდან: თურქები - 124 ოჯახი; ქურთები - 35 ოჯახი; ხემშილები - 28 ოჯახი; სულ - 187 ოჯახი.

არასწორი გადასახლების შესახებ გადასახლებულთა 106 განხილული განცხადებიდან 89 შემთხვევაში პირები ცნობილ იქნენ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ერების წარმომადგენლებად და საქართველოს სსრ-ს პროკურატურისა და შს ორგანოების დასკვნების შესაბამისად გათავისუფლდნენ სპეცგადასახლების ადგილებიდან.

დანარჩენი კონტიგენტი აღრიცხვიდან მოიხსნა და სხვა გადასახლებულთაგან განსხვავებით, კონფისკირებული ქონებისა და უწინდელ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების უფლების გარეშე გათავისუფლდა სპეცგადასახლებიდან სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 28 აპრილის N135/42 დადგენილების საფუძველზე.

თურქებთან, ქურთებთან, ხემშილებთან და იეზიდებთან ერთად აზერბაიჯანული ეროვნების შეცდომით გასახლებულ პირებს, სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1957 წლის 31 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე მიეცათ მათი სურვილისამებრ აზერბაიჯანის სსრ-ში დასახლების უფლება.

სსრკ შს სამინისტროს 1955 წლის 10 მაისის N86 სატელეგრაფო მითითებისა და 1957 წლის 19 მარტის N1259/ÂÏ განმარტების შესაბამისად, სკკპ-ს წევრები სპეცგადასახლებულთა აღრიცხვიანობიდან მოიხსნენ შემდგომი საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლების შეუზღუდავად.

გარდა ამისა, შინსახკომის 1944 წლის 18 მაისის N546 დადგენილების საფუძველზე საქართველოს სსრ-ს ყვარლის რაიონიდან დაღესტნის ასსრ-ში გადასახლებული იყვნენ ლეზგინური წარმომავლობის პირები, სულ 800 ოჯახი.

ე.წ. "თურქი მესხების" ჩასახლება განხორციელდა შუა აზიის რესპუბლიკებში. მათ დეპორტაციას დროის სხვადასხვა პერიოდებში გამოეხმაურნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები, ინტელიგენცია, დისიდენტური და არაფორმალური ორგანიზაცები (ამ ტალღაზე 80-იან წლებში საქართველოში ორგანიზებულად და მასობრივად დაბრუნდა რამოდენიმე ასეული ოჯახი), თუმცაღა მოგვიანებით, განსაკუთრებით 1989 წლის 23 მაისის ფერგანას ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ზოგიერთმა მათგანმა პოზიცია შეიცვალა და გაისმა მოწოდებები “თურქების” საქართველოდან უკან გარეკვის შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო როგორც მთლიანად ქართულ საზოგადოებაში, ასევე თვით “თურქ მესხთა” შორისაც, ვინაიდან იკვეთებოდა განსხვავებული თვითშეგნება და პოზიცია. ერთი ნაწილი საკუთარ თავს თვლიდა და თვლის ქართველებად, მეორე ნაწილი - თურქებად; არსებობდა მესამე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილიც, რომელსაც ნაციონალური იდენტობა არ გააჩნდა.

საკითხი კვლავ დადგა დღის წესრიგში 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც პრობლემის მოგვარების მცდელობაში ჩაერთვნენ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები და განახლდა მუშაობა დეპორტირებულთა რეპატრიაციისა და რეინტეგრაციის პროცესის დაწყებისათვის აუცილებელი საშუალებებისა და გზების მოსაძიებლად.