ნორვეგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 149:
 
1814 წლის 19 მაისს ნორვეგიის მეფედ რეგენტი უფლისწული ქრისტიან-ფრიდრიხი ერთხმად იქნა არჩეული. შვედეთის ხელისუფლება ნორვეგიელი ხალხის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა; შვედეთმა ნორვეგიის დასაპყრობად ჯარი მიმართა. უცხო სახელმწიფოთა მხრიდან კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებლად. ნორვეგიულ ჯარებს გამოუცდელი ადამიანები სარდლობდნენ, რამაც რიგითი ჯარისკაცები ღალატსა და გაცემაზე აალაპარაკა. მეორეს მხრივ, შვედეთის მემკვიდრე პრინცი კარლ-იოანი ერთობ წინდახედულად მოქმედებდა, დიდი ყოყმანის შემდეგ მან ნორვეგიელებთან, როგორც დამოუკიდებელ და ღირსეულ ერთან, გადაწყვიტა შეკავშირება. წინადადება მიღებულ იქნა, საზღვაო კონვენციას ხელი 14 აგვისტოს მოეწერა, კილის ხელშეკრულება კი თავად შვედეთის მხრიდან გაუქმდა. მეფე ქრისტიანმა ტორთინგი 1814 წლის 7 აგვისტოს იწვია. მსჯელობისას თანდათან გამოიკვეთა, რომ გაერთიანება გამოსავალი იყო, რადგან ნორვეგიას ძვირადღირებული ბრძოლის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდა. მეფემ ყრილობას გზავნილი გადასცა, სადაც გამოხატავდა განზრახვას დაეტოვიბინა ტახტი და შესაბამისად, გაეთავისუფლებინა ნორვეგია ფიცისგან. ნორვეგიისა და შვედეთის გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად, ქვეყანას შვედი კომისრები ეწვივნენ. შემუშავდა შემდეგი მოლაპარაკება: ნორვეგია ჩამოაყალიბებს თავისუფალ და დამოუკიდებელ სამეფოს, რომელსაც ერთიანი მეფე ეყოლება შვედეთთან. ყველა შინა საქმეში ნორვეგია აბსოლუტური თავისუფლებით ისარგებლებს, საგარეო საქმიანობაში კი შვედეთის დარად. ნორვეგიას საკუთარი საგარეო საქმეები მარტოს უნდა ეწარმოებინა, თუმცა, თუკი ორივე სახელმწიფოს შეეხებოდა საკითხი, მაშინ შვედეთ-ნორვეგიის გაერთიანებულ საბჭოs უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება. ნორვეგიას ყოველთვის შეეძლო შვედეთის საშინაო საქმეებში ჩარევა, როდესაც კი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს შეეხებოდა საქმე. ამ მშვენიერ იმედებს ახდენა არ ეწერა. შვედეთმა ამოჩემებულ იდეას — ნორვეგიის დაპყრობას — ვერ უღალატა, ხოლო ნორვეგიას თავდაცვითი პოზიციიდან არ დასცალდა გამოსვლა. პირველ ხანებში შვედებს უხაროდათ, მიიჩნევდნენ, რომ ნორვეგია საბოლოოდ იყო დაპყრობილი, ზოგიერთი კი ფიქრობდა, რომ ნორვეგია თანდათან თვითონაც გადაწყვეტდა შვედეთთან შერწყმას, ამდენად, ერთი მთლიანი ერის მიღება გახდებოდა შესაძლებელი. მაგრამ, ვინაიდან საქმე სურვილებისამებრ არ წავიდა, შვედეთში უკნაყოფილებამ იმატა.
პირველი შეტაკება ნორვეგიისა შვედეთთან 1815 წელს მოხდა, როდესაც სტორთინგმა ადგილობრივი თავად-აზნაურობა და სამემკვიდრეო უფლებები გააუქმა. კარლ-იოანი სტორთინგის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. მუქარას მუქარა მოსდევდა, იყო პრესის შეზღუდვის მცდელობები, სხვა სახელმწიფოთა ჩარევით დამუქრებები, მაგრამ, დემოკრატიულად განწყობილ ნორვეგიას აზრი ვერ შეაცვლევინეს. ასევე შეუდრეკლად აგრძელებდნენ მოღვაწეობას ნორვეგიის წარმომადგენლები მომავალშიც. მეფემ 1824 წელს, კონსტიტუციაში შესატანად, მთელი რიგი შემზღუდავი ცვლილებებისა წარმოადგინა. არც ერთი ეს წინადადება ტორთინგმა არ მიიღო. დიდ სირთულეს ქმნიდა საკითხი ნორვეგიის საგარეო წარმომადგენლობის შესახებ. 1836 წელს დადგინდა, რომ ნორვეგიას როგორც გაერთიანებული საბჭოს წევრ-ქვეყანას სახელმწიფოებრივი საკითხების გადაჭრისას ხმის უფლება ეძლეოდა, თუმცა, ამ ხმას ნულოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. ასეთი „დათმობა“ არავის აწყობდა. იმავე წელს გაუქმდა მიწის უკანასკნელი გადასახდელიც. 1838 წელს სოფლის მეურნების საქმიანობა იქნა რეფორმირებული, შედეგად, მასზე ადმინისტრაციული ჩარევის უფლება ყველას ჩამოერთვა. 1839 წელს ახალი წინადადება დაისვა, შეცვლილიყო სამეფო ვეტო აბსოლუტურით და მომხდარიყო სტორთინგის ნატურალიზაცია. 1842 წელს სტორთინგმა გადაწყვიტა, რომ ნორვეგიაში ნატურალიზაციისთვის მეფის სანქცია არ იყო საჭირო. 1840-იან წლებში ახალი ბრძოლა დაიწყო შტატჰალტერობაზე, რაც N 14 კონსტიტუციით გადაწყდა, რომ სამეფოში შტატჰალტერობის უფლება განურჩევლად ჰქონდა შვედსაც და ნორვეგიელსაც. მოკლე ხანში ნორვეგიელებს აღარ მოეწონათ ამ კანონის შედეგები და შტატჰალტერობის საერთოდ გაუქმება მოითხოვეს. 1859 წელს ტახტზე ასვლისას მეფე კარლ XV -მ დაპირება დადო, რომ ნორვეგიელთა მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, თუმცა, მას რიგსდაგი არ დაეთანხმა და მანაც ვერ შეასრულა დანაპირები. ამან ნორვეგიელები საშინლად აღაშფოთა. სტორთინგი ნორვეგიის შიდა საქმეებში შვედური რიგსდაგის ჩარევის სასტიკი წინააღმდეგი გამოდიოდა. ამის მიუხედავად, unionskomité მაინც იქნა წვეული, რომელმაც ახალი სამოკავშირეო საბჭო დააწესა ორივე ქვეყნისათვის, ამასთან, ორივე ქვეყანას საერთო მინისტრები უნდა ჰყოლოდათ და საერთო კონსტიტუცია უნდა ეღიარებინათ, რომელიც მაღლა იდგებოდა ცალკე რომელიმე სახელმწიფოს საკუთარ კონსტიტუციაზე. სტორთინგი ამ გადაწყვეტილებას შეძლებისდაგვარად უწვდა წინააღმდეგობას, მაგრამ, უკვე ნათელი იყო, მას საკმარისი ძალა აღარ შესწევდა ბრძოლისა, როდესაც საქმე ნორვეგიის დამოუკიდებლობის საკითხებს ეხებოდა. 1872 წელს ტახტზე ასულმა ოსკარ II-მ ნორვეგიული სტორთინგის განწყობა არაერთი დათმობით მოიპოვა. განწყობა იმდენად სახეცვლილი იყო, რომ ნორვეგია შვედეთს საბაჟო საქმიანობის (1874) გამარტივებასა და საერთო სკანდინავიური მონეტების მოჭრის საქმეშიც ეთანხმებოდა (1875). 1880 წელს ბრძოლა განახლდა. ხელისუფლება არმიისა და ფლოტის გაზრდას მოითხოვდა, სტორთინგი კი წინააღმდეგი იყო და ამ საკითხის გვერდის ავლით, შვეიცარიულის ყაიდაზე, მილიციის ინსტიტუტი დააწესა. მეფემ ეს პროექტი არ დაამტკიცა. სტორთინგმა მინისტრებს უჩივლა და გასამართლებასაც მიაღწია, მაგრამ, მეფემ განაჩენი გააუქმებინა. უნიის საკითხი ხელახლა 1885 წელს ამოტივტივდა, როდესაც შვედეთმა უცხოეთთან ურთიერთობების საკითხი ნორვეგიის უკითხავად გადაწყვიტა. მეფემ შეწყვიტა საგარეო საქმეთა მართვა, ეს საქმე საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, რომელიც კონსტიტუციურ პასუხიმგებლობას კისრულობდა თავის თავზე. ამგვარად, რადგან შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელში გადაიოდა ნორვეგიის საგარეო ურთიერთობების მართვის სადავეები, ეს იმას ნიშნავდა, რომ ნორვეგიის საგარეო საკითხების მართვას ამიერიდან შვედეთი მოახერხებდა. გარდა თავისი იდეური მნიშვნელობისა, საკითხს პრაქტიკული ხასიათის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ნორვეგიის ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის არსებობისთვის წერტილი დაესვა. საგარეო პოლიტიკა ნორვეგიისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო როგორც სავაჭრო ქვეყნისთვის, განსხვავებით მიწათმოქმედი შვედეთისაგან. დაიწყო ნორვეგიის სვერდრუპის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის ანალოგის მოლაპარაკებები. შედეგად, 1885 წლის 15 მაისს პროტოკოლი იქნა მიღებული:
 
დაწესდა, რომ სამინისტროს საბჭოში იმდენივე ნორვეგიელი წევრი შესულიყო, რამდენიც შვედი. ამის სანაცვლოდ კი ნორვეგიელებს უნდა ეღიარებინათ, რომ საგარეო პოლიტიკის საქმეები შვედეთის ხელში გადავიდოდა. სტორთინგი ისეთ გაურკვევლობაში მოექცა, რომ სვერდრუპს გადადგომა მოუწია. ამან მოლაპარაკებების შეწყვეტა გამოიწვია. მომდევნო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მემარცხენეები მოვიდნენ, შვედეთთან მოლაპარაკებები ისევ განახლდა, თუმცა, ასევე უშედეგოდ. ყოველნაირი მოლაპარაკება უნაყოფოდ სრულდებოდა, ამიტომაც, საქმე ახალ სტადიაზე გადავიდა, რომელიც 1891 წლის 30 იანვრის არჩევნებით გამოიხატა. გამარჯვებული მემარხცენეების პარტია გამოვიდა, რომელმაც პირდპირ მოითხოვა, რომ ნორვეგიას საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლოდა. სტორთინგი, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას მოერიდა და სხვადასხვა სახის ნორვეგიული საკონსულოების ჩამოყალიბებას დასჯერდა, რომელთაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნდათ ზღვაოსნობითა და ვაჭრობით მცხოვრები ქვეყნისთვის. 1892 წლის 10 ივნისს სტორთინგმა ფული გამოყო ხსენებული მოთხოვნების საწარმოებლად, მაგრამ მეფემ მხარი არ დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. 1893 წელს რადიკალებმა დადგენილება მიიღეს, რომლის ძალითაც, მეფის სამოქალაქო სია და მინისტრთა შენახვის სახსრები უმცირდებოდა. სტორთინგის უმრავლესობამ ნორვეგიული საკონსულოების შვედურისგან გამოყოფის თარითად 1895 წლის 1 იანვარი დაასახელა და მათი შენახვისთვის 340-350 კრონი განსაზღვრა. ხელისუფლებამ ამას უარით უპასუხა. ქვეყანა ორ პარტიად : მემარცხენეებად და მემარჯვენეებად გაიყო.
 
==შეიარაღებული ძალები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნორვეგია“-დან