ბაზალეთის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

19:12, 2 აპრილი 2006-ის ვერსია

ბაზალეთის ბრძოლა 1626, ბრძოლა ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ისაგ. სააკაძის ლაშქარს შორის. სააკაძის მისწრაფებამ ქვეყნის გაერთიანებისა და თავადთა თვითნებობის ალაგმვისაკენ, ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შეძლეს მტრობა ჩამოეგდოთ გ. სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რომელსაც არ მოსწონდა დიდი მოურავის დამოუკიდებელი ურთიერთობა ოსმალეთის სულთანთან და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან. ქართლში მომხდარი განხეთქილების გამოყენება სცადა ირანის შაჰმა აბას I-მა და თეიმურაზ I-ს შერიგება შესთავაზა. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობია თეიმურაზსა და სააკაძეს შორის. 1626 წლის ზაფხულის დამლევს თეიმურაზი კახეთში გადავიდა, მას თან გადაჰყვა ქართლის დიდ ფეოდალთა ერთი ნაწილი, მათ შორის სააკაძის ცოლისძმა ზურაბ არაგვის ერისთავი და იოთამ ამილახვარი. სააკაძის მხარეზე დარჩნენ ქართლის გამგებელი ქაიხოსრო მუხრანბატონი, სააკაძის სიძე იესე ქსნის ერისთავი და ქართლის სამეფო აზნაურების დიდი ნაწილი. ქართლის ფეოდალთა ერთი ჯგუფი, რომელიც სიმონ II-ს ერთგულობდა, ბრძოლაში არ მონაწილეობდა. სააკაძემ იმერეთის მეფე გიორგი III-ს შესთავაზა მისი ვაჟიშვილის ალექსანდრეს ქართლში გამეფება. გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე და იმერეთის ტახტის მემკვიდრე იქნებოდა. ეს საქართველოს გაერთიანების საფუძველს შექმნიდა. გიორგი III-მ წინადადება მიიღო და დამხმარე ჯარიც გამოუგზავნა. სააკაძეს ოსმალეთის სულთნის ნებართვით სამცხედანაც მოუვიდა დამხმარე ჯარი. ბრძოლა გვიან შემოდგომაზე, ბაზალეთის ტბასთან გაიმართა. ცუდ ამინდში შორი გზით მოსულ სააკაძის ჯარს არახელსაყრელ პირობებში მოუხდა ბრძოლა. სააკაძემ ერთხანს ბრძოლაში პირადი მონაწილეობა არ მიიღო. გიორგის ცხენზე დავით (დაუთ-ბეგი) გოგორიშვილი შეჯდა და მისი სახელით ბრძოლაში შეიჭრა. იგი ზურაბ ერისთავმა მოკლა. ხმა გავარდა, სააკაძე მოკლესო. გიორგი იძულებული გახდა ბრძოლაში ჩაბმულიყო. სასტიკ შეტაკებაში მრავალი დაიხოცა და დაიჭრა (დაჭრილებს შორის იყვნენ გ. სააკაძე, თეიმურაზ I და ზურაბ ერისთავი). ბრძოლა თეიმურაზ I-სა და ზურაბის გამარჯვებით დამთავრდა, რაც დიდ ფეოდალთა გამარჯვებას მოასწავებდა.

ბაზალეთის ბრძოლაში საქართველოს გაერთიანების დიდი საქმე ჩაიშალა. სააკაძის დამარცხების მთავარი მიზეზი გამაერთიანებელ ძალთა სისუსტე იყო.