ელიზაბეთ ჰესენ-დარმშტადტელი (1864-1918): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა წარჩინებული|სახელი=ელიზაბეთ ჰესენ-დარმშტადტელი|სურათი=Elizaveta Federovna.gif|ფოტოს სიგანე=250პქ|წოდებები=რუსეთის დიდი მთავრის მეუღლე|საგვარეულო=ჰესენები ''(დაბადებით)''<br/>რომან...
(განსხვავება არ არის)

12:29, 14 ივლისი 2021-ის ვერსია

ელიზაბეთ ალექსანდრა ლუიზა ალისა ჰესენ-დარმშტადტელი (გერმ. Elisabeth Alexandra Louise Alice von Hessen-Darmstadt), აგრეთვე ცნობილია, როგორც ელიზაბეტა ფიოდოროვნა (რუს. Елизавета Фёдоровна; დ. 1 ნოემბერი, 1864, დარმშტადტი, გერმანია ― გ. 18 ივლისი, 1918, ალაპაევსკი, რუსეთი) ― გერმანელი პრინცესა, ჰესენის დიდი ჰერცოგისა და დედოფალ ვიქტორიას ქალიშვილის, პრინცესა ალისას ასული. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ისა და იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას ძის, დიდ მთავარ სერგეის მეუღლე. რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას და და იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ცოლისდა. საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, რევოლუციის შემდეგ ისიც სიკვდილით დასაჯეს ბოლშევიკებმა.

ელიზაბეთ ჰესენ-დარმშტადტელი
სრული სახელი
გერმ. ელიზაბეთ ალექსანდრა ლუიზა ალისა ფონ ჰესენ-დარმშტადტი
რუს. ელიზაბეტა ფიოდოროვნა რომანოვა
წოდებები
რუსეთის დიდი მთავრის მეუღლე
დაიბადა 1 ნოემბერი, 1864
დარმშტადტი, გერმანია
გარდაიცვალა 18 ივლისი, 1918, (53 წლის)
ალაპაევსკი, რუსეთი
საგვარეულო ჰესენები (დაბადებით)
რომანოვები (ქორწინებით)
მეუღლე(ები) სერგეი ალექსანდრეს ძე
(ქ. 1884 - გარდ. 1905)
მამა ლუდვიგ IV, ჰესენის დიდი ჰერცოგი
დედა ალისა ბრიტანელი
რელიგია ჯერ ლუთერანობა
შემდეგ მართლმადიდებლობა

1981 წელს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა, 1992 წელს კი მოსკოვის პატრიარქატმა მას წმინდა მარტვილ ელიზაბეტა ფიოდოროვნას სახელი მიანიჭა.

ბიოგრაფია

 
ელიზაბეთის ოჯახი, 1876 წელი

ადრეული ცხოვრება

ელიზაბეთი დაიბადა 1864 წლის 1 ნოემბერს დარმშტადტში. იგი იყო ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ IV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ვიქტორიას ქალიშვილ პრინცესა ალისას ასული. დედის ძლიერი გავლენის გათვალისწინებით, ელიზაბეთის პირველი ენა ინგლისური გახდა და მხოლოდ მის შემდეგ ისწავლა მან გერმანული. უკვე 1878 წელს, დიპტერიის ეპიდემიისას ამავე დაავადებით გარდაიცვალა ჯერ მისი და, პრინცესა მარია, შემდეგ კი დედაც. ეპიდემიური ცენტრისგან დასაცავად მამამისმა დანარჩენი შვილები დედამისთან, ელიზაბეთ პრუსიელთან (ვის პატივსაცემადაც ერქვა მას სახელი) გაუშვა. უკან დაბრუნებული ელიზაბეთი ბებიასთან ვიზიტს „ყველაზე საშინელ კოშმარს“ უწოდებდა.

როდესაც წამოიზარდა მან განათლების მიღება ბონის უნივერსიტეტში გააგრძელა, რომლის დასრულების შემდეგაც ლუდვიგმა მის გათხოვებაზე დაიწყო ფიქრი. მალევე მისი ხელი ბადენის დიდმა ჰერცოგმა ფრიდრიხ II-მ ითხოვა. დედოფალ ვიქტორიას ეს კანდიდატურა მოეწონა, თუმცა სასიძო თავად ელიზაბეთმა დაიწუნა, რის გამოც ქორწინება არ შედგა. სხვა ხელისმთხოვნელთა შორის კი იყვნენ რუსეთის დიდი მთავარი კონსტანტინე კონსტანტინოვიჩი (საბერძნეთის დედოფლის ძმა) და პრინცი ფელიქს იუსუფოვი.

ქორწინება

 
ელიზაბეტა და სერგეი 1884 წელს

საბოლოოდ ელიზაბეთს თავად რუსეთის იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნამ შესთავაზა თავის რომელიმე ძეზე: სერგეიზე ან პავლეზე ქორწინება, რამეთუ მისი უფროსი ძე, ალექსანდრე, უკვე დაქორწინებული იყო პრინცესა დაგმარ დანიელზე. კანდიდატებიდან ელიზაბეთმა არჩევანი სერგეი ალექსანდროვიჩზე შეაჩერა. მათი ქორწინება დედოფალმა ვიქტორიამაც დალოცა, რის შემდეგაც იგი მართლმადიდებლად გადაინათლა ელიზაბეტა ფიოდოროვნას სახელით.

უკვე 1884 წლის 15 ივნისს ზამთრის სასახლის სამლოცველოში ელიზაბეტამ და სერგეიმ ჯვარი დაიწერეს. მათ ქორწილს ესწრებოდნენ სერგეის 16 წლის ძმისწული, დიდი მთავარი ნიკოლოზ ალექსანდროვიჩი და ელიზაბეტას უმცროსი და, პრინცესა ალისა, რომელთაც შემდეგში ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს კიდეც.

აღსანიშნავია, რომ მის გამართლმადიდებლობასთან დაკავშირებით დიდი უკმაყოფილება გამოთქვა მისმა რძალმა, დიდმა მთავრმა მარია მეკლენბურგ-შვერინელმა და ასევე იმპერატორმა ვილჰელმ II-მ. თუმცაღა, წყვილს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ და ბოლოსელსკი-ბოლოზერსკის სასახლეში ცხოვრობდნენ.

1892 წელს სერგეის მისმა ძმამ, იმპერატორმა ალექსანდრე III-მ მოსკოვის გუბერნატორ-გენერლის წოდებაც მისცა. ამის შემდეგ წყვილი საცხოვრებლად კრემლინის სასახლეში გადავიდა. ზაფხულობით კი ისინი ერთად დადიოდნენ ხოლმე ილინსკოეში, რომელიც სერგეის დედამისმა დაუტოვა.

21-წლიანი ქორწინების მიუხედავად, წყვილს შვილები არ ჰყოლია. ამის ნაცვლად, ისინი სერგეის ნაადრევად დაობლებული ძმისწულების: დიმიტრი პავლოვიჩისა და მარია პავლოვნას აღმზრდელი მშობლები გახდნენ. 1894 წელს მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვოდა იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და თავისი უმცროსი დის, პრინცესა ალისას, შემდგომში უკვე იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას ქორწინების საქმეში.

 
მონაზვნად აღკვეცილი ელიზაბეტა ფიოდოროვნა

დაქვრივება

1905 წლის 17 თებერვალს კრემლში დიდი მთავარი სერგეი ალექსანდროვიჩი რუსმა სოციალისმა რევოლუციონერმა ივანე კალიაევმა მოკლა. მართალია მეუღლის მკვლელობამ ელიზაბეტა შოკში ჩააგდო, თუმცა მას სიმშვიდე არასოდეს დაუკარგავს. მეტიც, მან განაცხადა კიდეც, რომ ღმერთმა ასე დასაჯა სერგეი 20,000 ებრაელის მოსკოვიდან გაძევებისა და უსახლკაროდ დატოვებისათვის.

სერგეის გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეტას გამუდმებით ძაძები ეცვა და ვეგეტარიანელი გახდა. 1909 წელს მან მთელი თავისი სამკაულები და ძვირფასეულობა ქველმოქმედებისათვის გაყიდა, მან სერგეისაგან ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედიც კი არ დაიტოვა. ამის შემდეგ საბოლოოდ თქვა უარი საერო ცხოვრებაზე და წმინდა მართასა და წმინდა მარიამის სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა, სადაც მალევე იღუმენიაც გახდა.

საკუთარი სახსრებით ელიზაბეტა ფიოდოროვნამ მოსკოვში გახსნა საავადმყოფო, ეკლესია და აფთიაქი. იგი თავის მონაზვნებთან ერთად ასევე აქტიურად მუშაობდა მოსკოველი გლახაკებისა და ღატაკების დასახმარებლად.

 
პრინცესა ელიზაბეთის აკლდამა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესიაში

1916 წელს ელიზაბეტა ცარსკოე-სელოში უკანასკნელად შეხვდა თავის დას, იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას. დების შეხვედრა პირადული იყო, არავინ დასწრებია, თუმცა ცნობილია, რომ იგი ალექსანდრას ესაუბრებოდა რასპუტინის დიდ გავლენებზე, რომელსაც მასზე და საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრებზე ახდენდა.

დახვრეტა და კანონიზაცია

1917 წლის თებერვალში რუსეთში რევოლუცია მოხდა, რომლის შედეგითაც მონარქია დაემხო და იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა. იმავე წლის ოქტომბერში ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკები მოდიან ვლადიმერ ლენინის თაოსნობით, რომელიც ერთობ უარყოფითად იყო განწყობილი არისტოკრატიის მიმართ. 1918 წელს ლენინის ბრძანებით დააპატიმრეს არა მხოლოდ საიმპერატორო ოჯახის ყველა წევრი, არამედ მონაზვნად აღკვეცილი ელიზაბეტაც კი. თავიდან ისინი პერმში, შემდეგ კი ეკატერინბურგში გადაასახლეს. გადასახლებაში ელიზაბეტასთან ერთად იყვნენ დიდი მთავარი სერგეი მიხაილოვიჩი, პრინცი ივანე კონსტანტინოვიჩი, კონსტანტინე კონსტანტინოვიჩი, იგორ კონსტანტინოვიჩი და ვლადიმირ პავლოვიჩი, ასევე ელიზაბეტას ქმრის მდივანი, ფიოდორ რემეზი და ელიზაბეტას მონაზონი, ვარვარა იაკოვლევა. 1918 წლის 20 მაისს ყველა ეს პირი ალაპაევსკში გადაიყვანეს.

1918 წლის 17 ივლისს ცეკას ოფიცრები მივიდნენ ალაპაევსკში და მათგან მთელი ფული და პირადი ნივთები წაიღეს. მეორე დღეს კი 53 წლის ელიზაბეტა ფიოდოროვნა და მისი მხლებლები დახვრიტეს. როგორც ცნობილია, დახვრეტის შემდეგ მათი ცხედრები წითელარმიელებმა ბეიჯინში, ჩინეთში გადაიტანეს, საიდანაც მხოლოდ 1921 წელს გადაასვენეს, ისიც მხოლოდ ელიზაბეტას და ვარვარას ცხედრები და დაკრძალეს იერუსალიმში, მარიამ მაგდალინელის სახელობის რუსულ ეკლესიაში.

1981 წელს ელიზაბეტა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1992 წელს კი მოსკოვის პატრიარქატმა მას წმინდა მარტვილ ელიზაბეტა ფიოდოროვნას სახელი მიანიჭა.

ლიტერატურა