რიხარდ ერნსტი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''რიხარდ რობერტ ერნსტი''' ({{lang-de|Richard Robert Ernst}}; დ. 14 აგვისტო, 1933, ვინტ...
(განსხვავება არ არის)

18:44, 10 ივნისი 2021-ის ვერსია

რიხარდ რობერტ ერნსტი (გერმ. Richard Robert Ernst; დ. 14 აგვისტო, 1933, ვინტერთური, შვეიცარია, — გ. 4 ივნისი, 2021, იქვე) — შვეიცარიელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში (1991). ერნსტმა შეიმუშავა ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის მაღალი გარჩევადობის ტექნიკა, რომელიც საბაზისო და შეუცვლელ მეთოდად იქცა ქიმიაში და გამოყენება ჰპოვა მეცნიერების სხვა დარგებშიც.

ერნსტმა დაამთავრა ციურიხის ტექნოლოგიათა ფედერალური ინსტიტუტი 1957 წელს და იქვე მოიპოვა დოქტორის ხარისხი ქიმიის მიმართულებით 1962 წელს. 1963-1968 წლებში სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა პალო ალტოში (კალიფორნია, აშშ). 1966 წელს თავის ამერიკელ კოლეგასთან ერთად აღმოაჩინა, რომ ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა ნელი, ფართო გავრცელების რადიოსიხშირული ტალღების ჩანაცვლებით უფრო მოკლე, ინტენსიური პულსური ტალღებით. ეს აღმოჩენა ბირთვების უფრო დიდი მრავალფეროვნების ანალიზის საშუალებას იძლეოდა. 1968 წელს ერნსტი შვეიცარიაში დაბრუნდა და პენსიაზე გასვლამდე თავის მშობლიურ ინსტიტუტში ასწავლიდა; 1970 წელს იქვე მიიღო ასისტენტ-პროფესორის, ხოლო 1976 წელს — სრული პროფესორის წოდება.

ერნსტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის განვითარებაში იყო მეთოდი, რომელიც დიდი ზომის მოლეკულების მაღალი გარჩევადობის „ორ-განზომილებიანი“ კვლევის საშუალებას იძლეოდა. ერნსტის მიღწევებზე დაყრდნობით მეცნიერებმა შეძლეს ორგანული და არაორგანული ნაერთების, ასევე ბიოლოგიური მაკრომოლეკულების სამ-განზომილებიანი სტრუქტურის განსაზღვრა, ბიოლოგიურ მოლეკულებსა და სხვა ნივთიერებებს (ლითონის იონები, წყალი, მედიკამენტები) შორის ურთიერთქმედების შესწავლა, თერმოდინამიკური სისტემების ქიმიური კომპონენტების დადგენა და ქიმიური რეაქციების სიჩქარის შესწავლა. 1991 წელს ერნსტი ქიმიაში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. მიღებული ჰქონდა სხვა სამეცნიერო და სახელმწიფო ჯილდოები. ერნსტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ რეჟისორმა კარლო ბარტონმა 2009 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „მეცნიერება + დჰარმა = საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა“.

რესურსები ინტერნეტში