ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: == ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში == ანგლიკანური ტრადიცი...
(განსხვავება არ არის)

16:15, 27 აპრილი 2021-ის ვერსია

ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში

ანგლიკანური ტრადიციის ეკლესია, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია 2018 წლიდან. ქვეყანაში არსებული სხვა ქრისტიანული ეკლესიებისგან განირჩევა მისი პროგრესული და ლიბერალური კურსით.

ანგლიკანური ეკლესიის დაარსება

ანგლიკანური ეკლესია არის ქრისტიანობის მესამე უდიდესი თანაზიარება (რომის კათოლიკურის და აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიების შემდეგ), რომელიც დაახლოებით 85 მილიონ მორწმუნეს მოიცავს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ამ ეკლესიის იდენტობა და ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ინგლისის ნაციონალურ ეკლესიასთან (ინგლისის ეკლესია), რომელიც არის მსოფლიო ანგლიკანური თანაზიარების დედა ეკლესია. ინგლისის ეკლესია XVI საუკუნეში, რეფორმაციის ხანაში, გამოეყო რომის პაპის იურისდიქციას. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მეფე ჰენრი VIII-ს უთანხმოება მოუვიდა პაპთან ცოლთან გაყრის საკითხზე, ამავე დროს იმ პერიოდის ინგლისში საკმაოდ ფესვგადგმული იყო რეფორმატორული იდეები არა მხოლოდ მორწმუნეებში, არამედ ეპისკოპატშიც. რეფორმატორული სულისკვეთების იყო კენტერბერიის არქიეპისკოპოსი თომას კრანმერიც, რომელმაც მეფე წააქეზა რომ ინგლისის ეკლესიას გაეწყვიტა კავშირი პაპთან. მეფისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა ეს იდეა და ამიტომაც ინგლისის ეკლესია 1534 წელს, ინგლისის პარლამენტის „უზენაესობის აქტის“ საფუძველზე გამოეყო რომის კათოლიკე ეკლესიას. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისის ეკლესიის რომისაგან განთავისუფლების სულისკვეთება ჯერ კიდევ 1215 წლის „თავისუფლების დიდ ქარტიაში“ (Magna Carta Libertatum) იკითხება. ქარტიაში წერია - „ინგლისის ეკლესია უნდა იყოს თავისუფალი“ (Anglicana Ecclesia Libera Sit), სწორედ ამ “Anglicana“-სგან წარმოდგება ტერმინი ანგლიკანი, რომელიც აღნიშნავს ინგლისის ეკლესიასა და მისგან განვითარებულ ეკლესიებს.

ანგლიკანური ეკლესიის დაარსების პირველ წლებში, რეფორმა შეეხო მხოლოდ იმას, რომ ეკლესია მოწყდა პაპის იურისდიქციას, ღვთისმსახურების ენა - ლათინური ინგლისურით ჩანაცვლდა, სასულიერო პირებს მოეხსნათა ცელიბატიის აღთქმის დადების აუცილებლობა. არქიეპისკოპოსმა კრანმერმა დაწერა საზოგადო ლოცვათა წიგნი (Book of Common Prayer), რომელიც შეიცავს წირვისა და სხვა საეკლესიო რიტუალების აღსრულების წესს, ასევე ლოცვებსა და ფსალმუნებს. საზოგადო ლოცვათა წიგნში რამდენჯერმე შევიდა ცვლილებები, მაგრამ ის იმეორებს კრანმერისეულ სტილს. მეფე ჰენრი VIII კათოლიკური დოქტრინის ერთგული რჩებოდა, ამიტომაც მისი მმართველობისას ეკლესიის თეოლოგიაში არ გატარებულა მნიშვნელოვანი ცვლილებები. მეფე ედვარდ VI-ის (1547-1553) მმართველობისას ინგლისის ეკლესიამ შეისისხლხორცა რეფორმატორული სულისკვეთება და უფრო მეტად დაუახლოვდა კონტინენტური ევროპის პროტესტანტიზმს. ამან ხელი შეუწყო ანგლიკანური, როგორც დამოუკიდებელი დენომინაციის, იდენტობის ჩამოყალიბებას. მე-19 საუკუნეში, ინგლისის ეკლესიაში გამოიკვეთა ანგლო-კათოლიკური მოძრაობა, რომელსაც სხვაგვარად ოქსფორდის მოძრაობასაც ეძახიან, რადგან მოძრაობის სულისჩამდგმელთა უმრავლესობა ოქსფორდის უნივერსიტეტთან იყო კავშირში. ოქსფორდის მოძრაობის წევრები თვლიდნენ რომ ქრისტიანობა არის ერთი ხე, რომელსაც აქვს 3 ტოტი და ეს ტოტები წარმოდგენილნი არიან კათოლიკური, მართლმადიდებლური და ანგლიკანური ეკლესიების სახით. მათი დამსახურებით იმატა წმინდა მამების, კრებებისა და ეკლესიის ერთობისადმი ინტერესმა. ისინი კათოლიკური ეკლესიის ანალოგი რიტუალიზმითა და მაღალი ლიტურგიული კულტურით გამოირჩეოდნენ. საბოლოოდ კი ანგლიკანურ ეკლესიაში გამოიკვეთა 3 ფრთა:

1 - დაბალი ეკლესია (Low church) - რეფორმატორული პრინციპების ერთგულებით, კონსერვატიზმითა და ნაკლები რიტუალიზმით გამოირჩევა.

2 - მაღალი ეკლესია (High church) - იგივე ანგლო-კათოლიკეობა. რიტუალებითა და ფორმებით ჩამოგავს რომის კათოლიკურს, ხოლო თეოლოგიით აღმოსავლეთის მართლმადიდებლურთან სიახლოვეს იჩენს.

3 - საშუალო ეკლესია - ამ ორ გზას შორის ბალანსს ინარჩუნებს, შედარებით ლიბერალურია.

ბრიტანული კოლონიალიზმისა და ანგლიკანური სამისიონერო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ეს ეკლესია გასცდა ბრიტანეთის კუნძულებს და გავრცელდა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ოკეანეთში, აფრიკასა და აზიაში. მსოფლიო ანგლიკანთა უდიდესი წილი დღეს უკვე აფრიკის ქვეყნებზე მოდის (მაგალითად, 17 მილიონი ანგლიკანია ნიგერიაში, დიდ ბრიტანეთში კი 13 მილიონი). დღეს მსოფლიოში 40 ანგლიკანური პროვინციაა (მართლმადიდებლური ეკლესიის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ - ავტოკეფალური ეკლესია), რომლებიც გაერთიანებულნი არიან ‘ანგლიკანურ თანაზიარებაში’, რომლის თავიცაა კენტერბერიის არქიეპისკოპოსი (Primus inter pares - პირველი თანასწორთა შორის), ამჟამად ჯასტინ ველბი. ანგლიკანური თანაზიარების წევრი ეკლესიები იზიარებენ საერთო რწმენასა და ლიტურგიული პრაქტიკის მემკვიდრეობას, არიან თანაზიარებაში კენტერბერიის არქიეპისკოპოსთან. ყოველ 10 წელიწადში, ლონდონში იკრიბება ‘ლამბეთის კონფერენცია’, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ჩასული ანგლიკანი ეპისკოპოსები ესწრებიან და განიხილავენ იმ დროისთვის აქტუალურ და ეკლესიისთვის გამომწვევ საკითხებს.

განსხვავება ანგლიკანურსა და ეპისკოპალურს შორის

ანგლიკანური თანაზიარების წევრი ეკლესიების ნაწილი (მაგალითად აშშ-ს, ფილიპინების, სუდანის, იერუსალიმის, შოტლანდიის ეკლესიები) იწოდება არა ანგლიკანურად, არამედ ‘ეპისკოპალურ ეკლესიებად’, ამით ისინი აკეთებენ იმის ხასგასმას რომ დაკარგული აქვთ ინგლისური/ბრიტანული იდენტობა და არიან ნაციონალური ეკლესიები.

მოძღვრება

ანგლიკანური ეკლესია აღიარებს წმინდა წერილის, ასევე 7 მსოფლიო საეკლესიო კრების ავტორიტეტს. ეკლესიის რწმენა გადმოცემულია მრწამსის სამ ტექსტში - სამოციქულო, ნიკეა-კონსტანტინეპოლის და ათანასეს რწმენის სიმბოლოებში, ასევე რწმენის 39 პუნქტსა და კატეხიზმოში. ანგლიკანურ ეკლესიაში აღესრულება 2 (ნათლობა და ევქარისტია) უმთავრესი და 5 სხვა საიდუმლოება (ჯვრისწერა, მღვდლობა, აღსარება, სნეულთა მირონცხება, კონფირმაცია). ანგლიკანური ევქარისტიული თეოლოგია მნიშვნელოვნად გავს აღმოსავლეთის მართლმადიდებლურს. ანგლიკანები აღიარებენ ევქარისტიული პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაქმნას, თუმცა არ იზიარებენ რომის კათოლიკეთა ტრანსუბსტანციის რწმენას. ეკლესიას აქვს უწყვეტი სამოციქულო ჯაჭვის უწყვეტობა და ხელდასხმის სამკეცი წესი - დიაკვნის, მღვდლისა და ეპისკოპოსის.

სოციალური სწავლება

ეკლესია თავისი თეოლოგიითა და პრაქტიკით მკვეთრად ტრადიციულია. უმთავრესი მახასიათებელი, რითაც ის სხვა ტრადიციონალისტური ეკლესიებისგან განსხვავდება არის ის რომ მისი სოციალური მოძღვრება პროგრესულია, რაც გამოიხატება იმაში რომ ეკლესიის წიაღში არ ხდება ადამიანების დისკრიმინაცია არც სქესის, არც კანის ფერის, არც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. ეპისკოპალურ ეკლესიაში ხდება ქალთა როგორც დიაკვნად, ისე მღვდლად და ეპისკოპოსად ხელდასხმა.

ეპისკოპალური თემის დაარსება საქართველოში

2018 წლის 21 აპრილს თბილისში შეიკრიბა ლიბერალურად მოაზროვნე ქრისტიანთა ჯგუფი (მართლმადიდებლური, კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიებიდან), რომელსაც ხელმძღვანელობდა თომა ლიპარტიანი (თავად ყოფილი რომის კათოლიკე), მათ გადაწყვიტეს შეერთებოდნენ ეპისკოპალურ-ანგლიკანურ ეკლესიას, იმის გამო რომ ეს ეკლესია ინარჩუნებს ტრადიციულ ქრისტიანულ რწმენასა და პრაქტიკას, სოციალური სწავლებებით კი არის ლიბერალური და პროგრესული. 2019 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის ეპისკოპალური თემი შევიდა ამერიკის ეპისკოპალური ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ. ამერიკის ეპისკოპალურ ეკლესიას კონტინენტურ ევროპაში აქვს "ეპისკოპალურ სამრევლოთა გაერთიანება ევროპაში", რომლის ეპისკოპოსიცაა მისი მაღალღირსება მარკ ედინგტონი. სწორედ ხსენებული ეპისკოპოსის სამწყსოს წარმოადგენს ეპისკოპალური ეკლესიის თემი საქართველოში. სამრევლოთა გაერთიანების ცენტრი მდებარეობის პარიზში, სადაც არის ეპისკოპოსის კათედრა წმინდა სამების კათედრალში.

საქართველოში ეპისკოპალური ეკლესიის მრევლის უმრავლესობა თბილისში ცხოვრობს, შესაბამისად ეკლესიის აქტივობების უმრავლესობა თბილისის სამრევლოში ხორციელდება. თბილისის წმინდა ნინოს სამრევლოში ყოველ კვირას ტარდება ჯერ ქართული, ხოლო შემდგომ ინგლისური ღვთისმსახურება. ეკლესია ასევე ატარებს ინგლისურისა და ბიბლიის უფასო გაკვეთილებს. რეგულარული ღვთისმსახურებები ასევე ტარდება რუსთავის სამრევლოშიც. მრევლის წევრები ცხოვრობენ ქუთაისში, ქობულეთსა და ხობის რაიონში. ეკლესიის წევრები არიან ქართველები, ამერიკელები, ბრიტანელები და აფრიკელი სტუდენტები.

საქართველოში მცხოვრებ ეპისკოპალური ეკლესიის მრევლს პასტორალურ მზრუნველობას უწევს ღვთისმსახურების ლიდერი თომა ლიპარტიანი.

რესურსები ინტერნეტში