ქემალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/სოფია ქიტიაშვილი|სოფია ქიტიაშვილი]].|18|01|2021}}
 
'''ქემალიზმი''' ({{lang-tr|Kemalizm}}), აგრეთვე ცნობილი როგორც ათათურქიზმი ({{lang-tr|Atatürkçülük, Atatürkçü düşünce}}), ან ექვსი ისარი ({{lang-tr|Altı Ok}}) — [[თურქეთი|თურქეთის რესპუბლიკის]] იდეალოგიის უმთავრესი ნაწილი.
 
Line 12 ⟶ 14:
# [[ეტატიზმი]]
# [[რეფორმიზმი]]
 
ქემალიზმი, თავისი არსით, წარმოადგენდა მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში დაწყებული ოსმალური რეფორმიზმის - თანზიმათის პროცესის გაგრძელებას და მის კულმინაციას, რომელიც, გარდა თანზიმათისა, შთაგონებული იყო [[ოსმალეთი]]ს იმპერიაში მოღვაწე ისეთი რეფორმისტული მოძრაობებით, როგორებიც იყო ახალგაზრდა თურქების და ახალგაზრდა ოსმალების მოძრაობები.
 
ქემალიზმი ამავე დროს, წინამორბედ რეფორმისტულ მოძრაობებზე ბევრად რადიკალური გახლდათ დამკვეთრად კორპორატისტულ ხასიათს ატარებდა. დროთა განმავლობაში, ქემალიზმი ჩამოყალიბდა იდეოლოგიურ მიმდინარეობად, რომელიც თურქული პოლიტიკის ოფიციალურ განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა, თუმცა მრავალი სახით და არაერთი ინტერპრეტაციით, რამაც შესაძლებელი გახადა როგორც „მემარცხენე“, ისე „მემარჯვენე“ ქემალიზმის არსებობა. დღეს, ქემალიზმი მეტწილად ასოცირებულია სახალხო რესპუბლიკურ პარტიასთან, რომელიც [[1923]] წელს დააარსა [[მუსტაფა ქემალ ათათურქი|მუსტაფა ქემალ ათათურქმა]] და რომელიც, [[1923]]-[[1950]] წლებში [[თურქეთი|თურქეთს]] ერთპიროვნულად მართავდა.
 
==ფილოსოფია==
 
ქემალიზმი, ეწოდება იდეოლოგიურ და ფილოსოფიურ მიმდინარეობას, რომლის საფუძველზეც, მრავალეროვნული [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ადგილას შეიქმნა თურქული ეროვნული სახელმწიფო და რომელიც, მოგვიანებით, მის დამაარსებლად აღიარებული [[მუსტაფა ქემალ ათათურქი]]ს სიკვდილის შემდეგ, ოფიციალურ სახელმწიფო იდეოლოგიად გამოცხადდა, ხოლო ათათურქის პიროვნების გარშემო, მისივე სიცოცხლეში დაწყებული პიროვნების კულტის შექმნა დასრულდა და [[1951]] წელს, დემოკრატიული პარტიის მიერ მიღებული კანონით „ათათურქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ“, ათათურქის ფიგურის საკრალიზაცია საკანონმდებლო დონეზეც განხორციელდა. ამავე დროს, ქემალიზმთან მიმართებაში, ხშირად ვხვდებით ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს, რომ იგი „თურქული ტიპის ფაშიზმი“ ან „თურქული ტიპის სოციალიზმია“.
 
==ექვსი ისარი - ქემალიზმის ძირითადი პრინციპები==
 
ქემალიზმს გააჩნია ექვსი მთავარი პრინციპი, რომლებიც ექვსი ისრის სახელით არიან ცნობილი და რომლებიც, ექვსი ისრის სიმბოლოს სახით, დღევანდელ თურქულ პარტიულ სპექტრში, ქემალისტური ტრადიციის გამგრძელებლად მიჩნეული სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლოგოზეც არიან გამოსახული.
 
ეს პრინციპები შემდეგია: რესპუბლიკანიზმი, სახალხოობა, [[ნაციონალიზმი]], ლაიციზმი, [[ეტატიზმი]] და რეფორმიზმი. მოგვიანებით, ეს პრინციპები, კონსტიტუციურად იქცა - [[1937]] წლის საკონსტიტუციო შესწორებამ ისინი პირველადი სახით აქცია კონსტიტუციის ნაწილად, ხოლო [[1982]] წლის კონსტიტუციამ, ეს პრინციპები შეიტანა კონსტიტუციაში, როგორც მუხლები, რომელთა შეცვლაც კონსტიტუციურად აკრძალულია.
 
===რესპუბლიკანიზმი===
 
რესპუბლიკანიზმი, ქემალიზმის მთავარი პრინციპია. ქემალიზმის მიხედვით, რესპუბლიკური წყობილება, ეროვნული სახელმწიფოს მოწყობისათვის ყველაზე შესაფერისი სახელმწიფო მოწყობის ფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის წარმომადგენლობას ქვეყნის მართვაში და ამავე დროს, განსხვავებით [[მონარქია|მონარქიისაგან]], რომელსაც, სახალიფოს სახით, რელიგიური ელემენტებიც ჰქონდა, სრულ შესაბამისობაშია [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნებში მიღებულ, სეკულარული სახელმწიფოს მართვის მოდელებთან.
 
[[რესპუბლიკა]], ქემალიზმის მიხედვით, ამავე დროს, ეროვნული სუვერენობის გარანტიად უშუალოდ ხალხის ნება გვევლინება. ამასთანავე, კიდევ ერთ მიზეზად იმისა, რომ რესპუბლიკურ წყობას, განსხვავებით მონარქიულისაგან, სახალხო ლეგიტიმაცია გააჩნდა, ათათურქი მიიჩნევდა იმას, რომ [[საბერძნეთი]]ს წინააღმდეგ ომში, ჯარი, რომელმაც გაიმარჯვა და რომელსაც [[მუსტაფა ქემალ ათათურქი]] სარდლობდა, [[თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა|თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს]] ექვემდებარებოდა, რომელიც წარმოადგენდა არა სულთან ან [[მონარქია]]ს, არამედ ხალხს.
 
ამგვარად, ქემალისტურ რესპუბლიკანიზმში, ცენტრალურ როლს ასრულებს მეჯლისი,როგორც ხალხის წარმომადგენელი, რომელიც ამავე დროს ირჩევს პრეზიდენტს და პასუხისმგებელია დაამტკიცოს და აკონტროლოს მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც უშუალოდ მეჯლისის წინაშეა პასუხისმგებელი.
 
თუმცა პრაქტიკაში, ეს პირდაპირი არჩევნების გზით მეჯლისის და ხელისუფლების არჩევას ყოველთვის არ გულისხმობდა. მაგალითად, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ერთპარტიული მმართველობის პერიოდში - [[1923]]-[[1946]] წლებში, საპარლამენტო არჩევნები ორ ეტაპიანი იყო. ამომრჩევლები ირჩევდნენ დელეგატებს, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოდგენილი სიიდან ირჩევდნენ დეპუტატებს. არჩევნების ასეთი სისტემის გამო, ერთპარტიული პერიოდის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდნენ და აკრიტიკებენ, ხალხის რეალური მოსაზრებების იგნორირების და მათი პოლიტიკურ სისტემაში მონაწილეობის შეზღუდვის გამო.
===სახალხოობა===
 
სახალხოობა(თურქულად: Halkçılık), ქემალიზმის მეორე ფუნდამენტურ პრინციპს შეადგენს და მიუხედავად თარგმანის თავისებურებებისაგან, პოპულიზმის დასავლეთ ევროპული გაგებისაგან განსხვავებულია.
 
ქემალიზმის მიხედვით, სახალხოობა, პირველ რიგში პოპულარული ლეგიტიმაციის მქონე [[სახელმწიფო]]ს შექმნაა, სადაც ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო ხალხი იქნება, ხოლო სახელმწიფოს ფუნქცია, საზოგადოების თანამედროვე, პროგრესულ ნიადაგზე გარდაქმნა იყო. ქემალისტური სახალხოობის პრინციპისავე მიხედვით, [[თურქები|თურქი ერი]], მონოლითურ და უკლასო ეროვნულ ფორმაციას შეადგენდა და ამგვარად, ქემალიზმის მთავარი მახასიათებლები, განსაკუთრებით სახალხო რესპუბლიკური პარტიის ერთპარტიული მმართველობის პერიოდში, [[კორპორატივიზმი|კორპორატიზმი]] და სოლიდარიზმი იყო.
 
ქემალისტური კორპორატიზმი, მეტწილად ზია გოქალფისეულ ფორმულირებას ეყრდნობოდა, რომელიც საზოგადოებას, სხვადასხვა პროფესიული და ეკონომიკური გაერთიანებების რთულ სინთეზად მოიაზრებდა, რომლებიც ერთმანეთზე საერთო საჭიროებებით და სოციალური ფაქტორებით იყვნენ გადაბმულნი.
 
გოქალფისეული კორპორატიზმი სახალხო რესპუბლიკური პარტიის [[1935]] წლის პროგრამაში მოცემულ სახალხოობის განმარტებაში შემდეგნაირად აისახა:
„ჩვენი მთავარი პრინციპია, თურქეთის რესპუბლიკის ხალხი მივიჩნიოთ, არა როგორც სხვადასხვა კლასების ნარევი, არამედ საზოგადოებად, რომელიც პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მხრივ, პროფესიის და შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესრულებული ფუნქციების მიხედვითაა დაყოფილი; მეურნეები, ხელოსნები, წვრილი მოვაჭრეები და მუშები, თავისუფალი პროფესიის მქონენი,მეწარმეები, ვაჭრები და მოხელეები თურქული ეროვნული ფორმაციის მთავარი მამოძრავებელნი არიან.
 
თითოეული მათგანის შრომა სხვებისათვის და საზოგადოების არსებობისა და აღმავლობისათვის აუცილებელია. ამ (სახალხოობის) პრინციპით, ჩვენი პარტია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგისა და სოლიდარობის შექმნას და სხვადასხვა სეგმენტების ინტერესების ერთმანეთთან ჰარმონიზებას,ისე რომ ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.
 
ამგვარად, სახალხოობა ამავე დროს, ახალი ერის მშენებლობის პროცესს წარმოადგენდა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი, უკლასო, ახლად ფორმულირებული თურქული სამოქალაქო იდენტობის მქონე საზოგადოების შექმნას. გარდაქმნის და ახალი საზოგადოების ფორმირების, ასევე საზოგადოების შემადგენელ სეგმენტებს შორის მშვიდობის გარანტიად სახელმწიფო გვევლინებოდა.
 
ქემალისტური სახალხოობა, მეტწილად, ზია გოქალფის აზრებს ემყარებოდა, თუმცა, განსაკუთრებით ერთპარტიული პერიოდის შუა და გვიანდელ პერიოდებში ჩამოყალიბებული ელიტიზმი, ოფიციალური სახალხოობის პრინციპის გოქალფისეულ გაგებასაც ეწინააღმდეგებოდა - გოქალფი მიიჩნევდა, რომ თურქეთის ხელისუფლება, ზეპარტიული,ზეკლასობრივი,ნეიტრალური და „მთელი ერის კუთვნილი“ უნდა ყოფილიყო.
 
ქემალისტურმა სახალხოობის პრინციპმა, დროთა განმავლობაში არაერთი ცვლილება განიცადა და დღეს, ქემალისტური ტრადიციის გამაგრძელებლობაზე პრეტენზიის მქონე სახალხო რესპუბლიკური პარტიის პროგრამაში, ეს პრინციპი აღწერილია როგორც „პოლიტიკური ლეგიტიმაციის წყაროდ ხალხზე დაყრდნობა,ეკონომიკური და პოლიტიკური პრივილეგიების მოსპობა, ჩაგრულთა პატრონობა და სოციალური პრობლემების ხალხთან ერთად, ხალხის ინტერესების შესაბამისად მოგვარება.“.
ლაიციზმი
 
ქემალიზმის მესამე მთავარ პრინციპს ლაიციზმი წარმოადგენს. თურქული ლაიციზმი, დიდწილად ფრანგულ ლაიციზმს ემყარება და ფრანგული პოზიტივიზმის გავლენის შედეგია, რომელიც, [[ოსმალეთის იმპერია]]ში ფრანგული კულტურის პოპულარობის შედეგად, [[ოსმალეთი]]ს და [[თურქეთი]]ს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
 
ოფიციალურად, ქემალისტური ლაიციზმი, პოლიტიკურ ცხოვრებაში რელიგიის როლის შეზღუდვას ისახავდა მიზნად და სახალიფოს გაუქმება, სუფიური რელიგიური საძმოების მოღვაწეობის შეზღუდვა, [[სუფიზმი|სუფიური]] რელიგიური დაწესებულებების დიდი ნაწილის დახურვა, კონსტიტუციიდან სახელმწიფო რელიგიის გრაფის ამოღება, რელიგიური სამოსის აკრძალვა და [[მედრესე]]ების დახურვა და მათ ნაცვლად საერო განათლების მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელება, ქემალისტური სეკულარიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი მოვლენები იყო.
 
მაგრამ ქემალისტური ლაიციზმი, განსხვავებით ევროპული მოდელებისაგან, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სეკულარიზაციასთან ერთად, რელიგიური ცხოვრების კონტროლზე სახელმწიფო მონოპოლიის დაწესების გზით, ამავე დროს ისლამის თურქიზაციას ისახავდა მიზნად.
 
რელიგიაზე ოფიციალური სახელმწიფო კონტროლის არსებობას [[ოსმალეთის იმპერია]]ში ხანგრძლივი ტრადიცია ჰქონდა და არსებობდა შეიხულისლამის თანამდებობაც,რომელსაც იმპერიის რელიგიურ საქმეთა კონტროლი ევალებოდა. რელიგიური ცხოვრების კონტროლზე სახელმწიფო მონოპოლიის დაწესების პირველი მცდელობები ახალგაზრდა თურქების პერიოდში დაიწყო, შეიხულისლამი მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდა, ხოლო რელიგიური ორგანიზაციების კუთვნილი ქონების მართვა მინისტრთა კაბინეტს დაევალა.
 
რესპუბლიკის დაარსების და სახალიფოს გაუქმების შემდეგ, [[1924]] წელს, ჩამოყალიბდა რელიგიურ საქმეთა სამმართველო, რომელსაც თურქეთში რელიგიური ცხოვრების კონტროლი დაევალა. გადაიდგა ნაბიჯები ისლამის თურქიზაციისაკენ; ისლამური ლოცვისკენ მოწოდება -აზანი, რომელიც ტრადიციულად არაბულად იკითხებოდა, თურქულად ითარგმნა, თურქულადვე ითარგმნა მუჰამედის დაბადების აღსანიშნავად წაკითხული მევლიდის ტექსტებიც, მთლიანად გათურქულდა პარასკევის ქადაგებებიც. ამავე დროს, იყო შემთხვევები, როდესაც რელიგიურ საქმეთა სამმართველო ერეოდა დოქტრინის საკითხებშიც,მაგალითად, [[1951]] წელს, სტამბოლის ერთერთი მეჩეთის იმამი, [[შიიზმი]]ს პროპაგანდის ბრალდებით გაათავისუფლეს.
 
ქემალისტური ლაიციზმი, გარკვეული დოზით ტრანსფორმაციას ექვემდებარება. მაგალითად, [[1961]] წელს, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დროებითი მთავრობის - ეროვნული ერთობის კომიტეტის თაოსნობით მიღებულმა ახალმა კონსტიტუციამ, რელიგიურ საქმეთა სამმართველოს კონსტიტუციური სტატუსი მიანიჭა. [[1927]]-[[1946]] წლებში, საჯარო სკოლებიდან ამოღებული რელიგიის გაკვეთილები, [[1948]] წელს, არჩევითი საგნის სახით, კვლავ [[თურქეთის_სახალხო_რესპუბლიკური_პარტია|სახალხო რესპუბლიკური პარტიის]] დამსახურებით დაბრუნდა სასწავლო პროგრამაში.
 
[[1982]] წელს კი, ასევე სამხედრო ხელისუფლების მიერ, რომელიც თავს ქემალისტად მიიჩნევდა და წარმოაჩენდა, რელიგიის გაკვეთილები, კონსტიტუციის ძალით, საშუალო განათლების ყველა ეტაპზე სავალდებულოდ გამოცხადდა.
 
ქემალისტური ლაიციზმი, ოფიციალურად, რელიგიის გავლენისაგან თავისუფალ საზოგადოებას და რელიგიურ ცხოვრებაზე სახელმწიფო კონტროლს აერთიანებს. მაგრამ, რელიგიის საქმეთა სამმართველოს, როგორც შეიხულისლამის ინსტიტუტის მემკვიდრის, ოფიციალური თეოლოგიური დოქტრინა, სუნიტური ისლამის ჰანაფიტური მაზჰაბია, რაც, თურქეთში მცხოვრები არასუნიტი მუსლიმების რაოდენობის და სოციოლოგიური პროფილის გათვალისწინებით, პრობლემური სიტუაციების შექმნას უწყობს ხელს და კვლავ ღია საკითხად რჩება.
 
ქემალისტური ლაიციზმის კიდევ ერთ პრობლემად, არამუსლიმებთან დამოკიდებულება რჩება. მიუხედავად კონსტიტუციაში არსებული მუხლისა, რომელიც თურქეთის ყველა მოქალაქეს თურქად მიიჩნევს. არამუსლიმები თურქებად არ მიიჩნეოდნენ, ხოლო არათურქი მუსლიმები, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ერთპარტიული პერიოდის ყველაზე სეკულარულ პერიოდშიც, თურქებად მოიაზრებოდნენ.
===რეფორმიზმი===
 
რეფორმიზმი(თურქულად:inkılâpçılık) ქემალიზმის მეოთხე მთავარ პრინციპს წარმოადგენს და აუცილებლად მიიჩნევს ტრადიციული ინსტიტუციების და წყობილების, პერმანენტულ ცვლილებას, ისე, რომ ქვეყანაში არსებული სისტემა თანამედროვე ცივილიზაციასთან სრულ შესაბამისობაში იყოს.
 
ქემალისტური ნორმების მიხედვით, ნებისმიერი სახის რეფორმა წინ გადადგმული ნაბიჯია, საიდანაც უკან დახევის შესაძლებლობა არ არსებობს. რეფორმების მონაპოვარის დაცვა, აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოებამ თანამედროვე ცივილიზაციის შესაბამის მდგომარეობას მიაღწიოს. ამგვარად, თურქეთის ორივე კონსტიტუციაში, რომლებიც ქემალისტური რეფორმების შემდეგ იქნა მიღებული ხელისუფლებების მიერ რომლებიც საკუთარ თავს ქემალისტებად მოიაზრებდნენ, არსებობს მუხლები, რომლებიც მიზნად რეფორმების მონაპოვრად მიჩნეული კანონების დაცვას ისახავენ მიზნად.
 
ქემალისტური რეფორმიზმის მიხედვით, მთავარი მიზანი, თურქული საზოგადოების განვითარებული საზოგადოების დონეზე მიყვანაა და ამისათვის, დასავლური ცივილიზაციისმონაპოვარის გადმოტანა და თურქულ საზოგადოებაში დანერგვაა საჭირო, რასაც, არ არის აუცილებელი, რომ ხალხის ფართო მასები მხარს უჭერდნენ. რეფორმიზმი, თურქულ და ქემალისტურ კონტექსტში, ამავე დროს, რელიგიურ ნიადაგზე დაყოფილი თემიდან ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს და მის თანმდევ მოვლენებსაც მოიცავს. ქემალისტური რეფორმიზმი ამავე დროს, წარსულთან კავშირის გაწყვეტასაც მოიცავს, რის ფარგლებშიც, შესაძლებელია გატარდეს რადიკალური ცვლილებებიც, როგორიცაა ისეთი დიდი კულტურული მნიშვნელობის მქონე ატრიბუტიკის ცვლილება, როგორიცაა ანბანი, კალენდარი, ტრადიციული კანონმდებლობა და სხვა.
 
 
===ნაციონალიზმი===
 
ქემალიზმის მეხუთე პრინციპი ნაციონალიზმია. [[თურქეთის რესპუბლიკა|თურქეთის რესპუბლიკის]] პერიოდის ყველა [[კონსტიტუცია]]ში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ოფიციალურად, ქემალიზმი, სამოქალაქო ნაციონალიზმია, რომლის მიხედვითაც, თურქეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქე,წარმოშობის და რელიგიის მიუხედავად თურქად მიიჩნევა.
 
თურქეთის ეთნიკური შედგენილობის გათვალისწინებით, ამგვარი დეფინიცია, ამავე დროს, კორპორატიზმის გავლენად შეიძლება იქნეს მიჩნეული, რომელიც, მიზნად თურქეთის მთელი მოსახლეობის ერთი იდენტობის ქვეშ გაერთიანებას ისახავს მიზნად.
ამავე დროს, ქემალისტური ნაციონალიზმი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თვითიდენტიფიკაციას, რის მაგალითადაც ათათურქის ცნობილი ფრაზა „რა ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია საკუთარ თავს თურქი უწოდოს!“(Ne Mutlu Türküm Diyene).
პრაქტიკაში ქემალისტური ნაციონალიზმი ევროპული ტიპის სამოქალაქო ნაციონალიზმისაგან განსხვავდება, რადგანაც, აგრძელებს ახალგაზრდა თურქების ტრადიციას და ქემალისტურ ნაციონალიზმშიც, თურქი ერის „საშენ მასალად“ ოსმალეთის იმპერიის მუსლიმი მილეთია აღებული.
 
შესაბამისად, არამუსლიმი მოქალაქეები მხოლოდ იურიდიულად ითვლებიან თურქებად, პრაქტიკაში კი თანასწორუფლებიან მოქალაქეებად არ განიხილებიან. არათურქი მუსლიმი მოქალაქეები პოტენციურ თურქებად განიხილებიან და სახელმწიფო პოლიტიკა მათი, თურქული იდენტობის ფარგლებში ნებაყოფლობითი ან იძულებითი ასიმილაციაა. ამავე დროს, ქემალისტური ნაციონალიზმი, არ არის ტრადიციული გაგებით რასისტული და უფრო მეტად ეთნიცისტურ ხასიათს ატარებს, რომლის მიზანიც, ერთპარტიულ პერიოდში, ახალი ერის შექმნა იყო.
 
რელიგიური ფაქტორისადმი დამოკიდებულებით, ქემალისტური ნაციონალიზმი მისდევს სხვა პოსტ-ოსმალური სახელმწიფოების ტენდენციას, სადაც დომინანტური ეთნიკური ჯგუფის იდენტობის ერთერთ მთავარ განმსაზღვრელს ასევე რელიგია წარმოადგენდა.
ოფიციალურად დეკლარირებული სეკულარიზმი, ქემალისტურ ნაციონალიზმში თურქის დეფინიციას არ ცვლის და მხოლოდ და მხოლოდ აიძულებს თურქული იდენტობის მქონე მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოერგონ სახელმწიფოს მიერ დადგენილ საზღვრებს.
 
ასევე, თურქი, ვალდებული იყო მორგებოდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი რელიგიური პრაქტიკის საზღვრებს, რამაც, ისლამის რელიგიის საქმეთა სამმართველოს მიერ აღიარებული ვერსიის მიმდევრობა, სრულუფლებიანი მოქალაქეობისათვის აუცილებელ პირობად აქცია, შესაბამისად, ჩამოყალიბდა „იდეალური მოქალაქის“(Makbul Vatandaş) ცნება, რომელიც გარკვეული ცვლილებებით, თურქულ სამეცნიერო წრეებში და მედიაში დღემდე აქტიური განხილვის საგანია და მისი ერთერთი მთავარი კომპონენტი იდეალური მოქალაქის რელიგიური თვისებებია.
 
ქემალისტურ ნაციონალიზმში რელიგიის როლზე მიუთითებს ისიც, რომ თურქეთს და საბერძნეთს შორის მოსახლეობის გაცვლა არა ეთნიკურ, არამედ რელიგიურ ნიადაგზე განხორციელდა და ქემალისტური ელიტის რადიკალური და უარყოფითი რეაქცია ენობრივად და ეთნიკურად თურქული მოდგმის, ქრისტიანი გაგაუზების თურქეთში გადმოსახლების მცდელობებთან დაკავშირებით.
 
===ქემალისტური ნაციონალიზმი და ირედენტიზმი===
 
მთავარი თავისებურება, რაც ქემალისტურ ნაციონალიზმის მისი წინამორბედი - აბდულჰამიდის პერიოდის პანისლამიზმის და ახალგაზრდა თურქების პერიოდის პანთურქიზმისგან განასხვავებს, ტერიტორიულ საკითხთან მისი პრაგმატული დამოკიდებულებაა. ქემალისტური ნაციონალიზმი, თურქების სამშობლოს ანატოლიას მოიაზრებს და მის გარეთ დარჩენილ ტერიტორიებთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება სრულიად პრაგმატული და გარკვეულწილად ოპორტუნისტულია.
 
ტერიტორიული ექსპანსია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. ქემალისტური ნაციონალიზმის ტერიტორიული პოლიტიკის პრაგმატულობის მაგალითი კარგად ჩანს ეროვნული აღთქმის (Misak-ı Millî) საზღვრებთან მიმართებაში [[მუსტაფა ქემალ ათათურქი]]ს ხელისუფლების დამოკიდებულებაში.
 
[[192]] წლის 28 იანვარს მიღებული, ეროვნული აღთქმის საზღვრები, მოიცავდა [[ბათუმი|ბათუმს]] დასავლეთ თრაკიას, [[მოსული|მოსულს]], [[კირკუკის პროვინცია|კირკუკს]], ალექსანდრეტას სანჯაყს (დღევანდელი ჰათაის პროვინცია), დეირ აზ-ზურს, [[ალეპო]]ს და ეგეოსის ზღვის კუნძულებს.
 
ამის მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებამ, ხელი მოაწერა ლოზანის ხელშეკრულებას, რომელმაც თურქეთის საზღვრებში, ეროვნული აღთქმის საზღვრებიდან მხოლოდ ანატოლია და აღმოსავლეთ თრაკია სცნო.
 
[[1926]] წელს, [[თურქეთი|თურქეთმა]], ანალოგიურადვე, ანკარის ხელშეკრულებით, [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთის]] გარანტორობით, აღიარა [[ერაყი]]ს სუვერენობა მოსულზე, მოსულის ნავთობის შემოსავლის გარკვეული წილის სანაცვლოდ.
 
[[თურქეთი]] ცდილობდა ჰქონოდა კარგი ურთიერთობა როგორც მეზობელ, ისე ევროპის ქვეყნებთან და ამგვარად, ტერიტორიული ექსპანსია დღის წესრიგში არ იდგა და პრიორიტეტი დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას ემყარებოდა. სწორედ ამ პოლიტიკის სიმბოლიზაციად და დევიზად გამოიყენებოდა ათათურქის სიტყვები „მშვიდობა სამშობლოში, მშვიდობა მსოფლიოში“(Yurtta Sulh,Cihanda Sulh).
 
ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც თურქეთმა დაარღვია სტატუს-კვოს შენარჩუნების პრინციპი და ტერიტორიული ექსპანსია განახორციელა, [[1939]] წელი იყო, როდესაც, თურქეთის ხელისუფლებამ, ისარგებლა იმ ფაქტით, რომ საბერძნეთი აპირებდა მიენიჭებინა დამოუკიდებლობა მის დაქვემდებარებაში მყოფი სირიისათვის და იმ ფაქტით, რომ [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტური გერმანიის]] საფრთხის გამო [[საფრანგეთი|საფრანგეთს]] არ შეეძლო [[თურქეთი]]ს წინააღმდეგ რაიმე სახის სამხედრო მოქმედება ეწარმოებინა და მიიერთა ალექსანდრეტას სანჯაყი, რომელზეც პრეტენზიას სირიაც აცხადებდა და მას ჰათაის პროვინცია უწოდა.
 
===ეტატიზმი===
 
ქემალიზმის მეექვსე და ბოლო მთავარი პრინციპი ეტატიზმია. ეტატიზმი, ქემალისტურ კონტექსტში აქცენტირებს სახელმწიფოს როლზე, როგორც ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრალურ მამოძრავებელზე.
 
ეკონომიკაში, ინფრასტრუქტურის განვითარება და [[ინდუსტრიალიზაცია]], სახელმწიფოს პასუხისმგებლობად და პრეროგატივად იქცა, ისე, რომ კერძო საკუთრების არსებობა მთლიანად არ გამოირიცხებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო სექტორს უშუალოდ სახელმწიფოც უწევდა მხარდაჭერას.
 
ქემალისტური ეტატიზმის მნიშვნელოვან იდეოლოგიურ კომპონენტებს შეადგენდნენ თვითკმარობის პრინციპი და სახელმწიფოს როლი მასობრივი პროფესიული განათლების დანერგვაში, რაც, პროვინციებში სასოფლო ინსტიტუტების ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნაში გამოიხატა. ამავე დროს, ეტატიზმი გამოიხატებოდა, ეკონომიკის მნიშვნელოვან, მაგრამ კერძო სექტორისათვის ნაკლებად საინტერესო ან ფინანსური საჭიროებების გამო არარენტაბელურ, მაგრამ სტრატეგიულ დარგებში, უშუალოდ სახელმწიფოს პირდაპირი მონაწილეობით ინდუსტრიული ბაზის შექმნაში.
 
==იდეოლოგია მრავალი სახით - მემარცხენე და მემარჯვენე ქემალიზმი==
 
ქემალიზმი, როგორც იდეოლოგია, მიუხედავად ძირითადი პრინციპების არსებობისა, ერთპარტიულ პერიოდში საკმაოდ არამყარ ხასიათს ატარებდა და მისი სტატიკურ იდეოლოგიად ჩამოყალიბება მრავალპარტიული სისტემის ფორმირების და სახალხო რესპუბლიკური პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განხორციელდა.
 
შედეგად, დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ქემალიზმის ორი მთავარი ინტერპრეტაცია არსებობს - მემარცხენე ქემალიზმი, რომელიც, სათავეს 1930-იან წლებში გამომავალ, ჟურნალ Kadro-დან იღებს და ძირითადად, მაგრამ არა ექსკლუზიურად სახალხო რესპუბლიკური პარტიის კონტექსტში, სოციალ-დემოკრატიასთან და მემარცხენე ცენტრიზმთან(Ortanın Solu) არის ასოცირებული, ხოლო მის გარეთ მემარცხენე პოლიტიკასთან, რომელიც ქემალიზმს, სოციალისტური რევოლუციის პირველ ეტაპად - ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციად მოიაზრებს, ხოლო მისი შეცდომების და ნაკლულოვანებების შესწორებას ახალი თაობის რევოლუციონერების მოვალეობად მოიაზრებს.
 
მემარჯვენე ქემალიზმი მეტწილად [[ცივი ომი]]ს პერიოდის ანტიკომუნისტურ მოძრაობასთან და თურქეთის შეიარაღებული ძალების [[1971]] წლის 12 მარტის შემდგომ პოლიტიკასთან ასოცირდებოდა. [[თურქეთი]]ს შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ნარატივში, ქემალისტური პერიოდის პროდუქტს - [[1930]]-იანი წლების პერიოდის მილიტარისტულ ნაციონალიზმს ეყრდნობოდა.
 
[[1980]] წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ. ახალი ხელისუფლების მიერ გამოცემული პოლიტიკური ბროშურები და პროპაგანდისტული მატერიალიც, რომელიც ქემალიზმს ეხებოდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ქემალიზმის შემადგენელ ნაციონალიზმის პრინციპზე და აცხადებდა, რომ ქემალიზმი პირველ რიგში ნაციონალიზმია. ამავე დროს, ქემალიზმი, მოიაზრებოდა კომუნიზმის მთავარ ანტიდოტად და ეროვნულ, ნაციონალისტურ იდეოლოგიად.
 
[[თურქეთი]]ს შეიარაღებული ძალები, ამასთანავე ქემალიზმს მოიაზრებდნენ როგორც დაყოფილი საზოგადოების რთულ სიტუაციაში გამაერთიანებელ იდეოლოგიას, რომელიც, ნებისმიერი სახის პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა იდგა და ქვეყნის იდეოლოგიას წარმოდგენდა. [[1980]] წლის შემდგომი თურქეთის პოლიტიკური სისტემა, ქემალიზმის, [[1980]] წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალების ლიდერის [[ქენან ევრენი]]ს კუთვნილი ინტერპრეტაციის მიხედვით მოეწყო და ახლად შექმნილი სისტემა, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა [[ბიულენთ ეჯევითი|ბულენთ ეჯევითმა]], მისი თვისებების გამო, შეადარა ჩიტს, რომელსაც მხოლოდ მარჯვენა ფრთა ჰქონდა.
 
ასევე, არსებობს მოსაზრებაც, რომ ქემალიზმი, კორპორატისტული წარმოშობის გამო, მემარცხენე ან მემარჯვენე იდეოლოგია არ არის და თავისი არსით წარმოადგენს თურქეთისათვის სპეციფიკურ იდეოლოგიას, რომელიც ერთგვარ მესამე გზად შეიძლება შეფასდეს.
 
მრავალი და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ინტერპრეტაციის არსებობის პირობებში, აკადემიურ წრეებში საკმაოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ქემალიზმი, რეალურად, კონკრეტულ იდეოლოგიას არ წარმოადგენს და რეალურად, შეადგენს გარკვეული პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც ძალიან ფართოდ და ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულად შეიძლება იქნეს გააზრებული.
===ქემალიზმი დღეს===
 
დღევანდელ [[თურქეთი|თურქეთში]] ქემალიზმი, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი მუხლები, რომლებიც მის როლს განსაზღვრავენ, კვლავ ძალაშია. ხელისუფლების და სახელმწიფოს ოფიციალურ იდეოლოგიას ფაქტობრივად აღარ წარმოადგენს და ხშირი კრიტიკის ობიექტს წარმოადგენს, როგორც სახელისუფლებო,ისე ოპოზიციური მედიაში. ქემალიზმს აკრიტიკებენ როგორც იდეოლოგიას, რომელიც მორწმუნე მუსლიმების უფლებებს ზღუდავდა, ჩაგრავდა უმცირესობებს და ხალხის სურვილის გარეშე იყო თავს მოხვეული.
 
ამასთანავე, ბოლო პერიოდში, თურქეთის მმართველი, სამართლიანობის და აღმავლობის პარტია, ხშირად ხდება კრიტიკის საბაბი, იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ნაწილების მიერ მის „ქემალიზმზე მოქცევად“ან „ქემალიზმთან ალიანსად“ ფასდება.
 
პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, თურქეთში, არსებული [[მუსტაფა ქემალ ათათურქი]]ს პიროვნების კულტი შენარჩუნებულია. ქუჩების სახელების, ძეგლების, სასწავლო პროგრამაში არსებული დეტალების უმრავლესობა შენარჩუნებულია და საერო დღესასწაულებზე, სახელმწიფო დაწესებულებებიდან ათათურქის გამოსახულებიანი დროშების გამოფენა მიღებული პრაქტიკაა. ათათურქის პორტრეტები კვლავ არის თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში.
 
პარტიული სპექტრზე, ქემალიზმი თურქეთში წარმოდგენილია მთავარი ოპოზიციური პარტიის სახალხო რესპუბლიკური პარტიის სახით, რომელიც საკუთარ თავს [[1923]] წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ დაარსებული პარტიის მემკვიდრედ მოიაზრებს და ბულენთ ეჯევითის მიერ დაარსებული, [[2002]] წლის შემდეგ ძალიან დასუსტებული და მცირერიცხოვანი დემოკრატიული მემარცხენე პარტიის სახით.
 
ორივე პარტია, ქემალიზმის მემარცხენე-ცენტრიზმის მიმდევარ ვერსიას წარმოადგენს. დემოკრატიული მემარცხენე პარტია, ქემალიზმის სუვერენისტულ და თვითკმარობისაკენ მიმართულ პრინციპებთან ერთად, ყურადღებას სოციალურ სამართლიანობაზე, საჯარო სექტორის როლზე, დოვლათის სამართლიან გადანაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას.
 
სახალხო რესპუბლიკური პარტიის პროგრამა კი, ახლებურად განმარტებულ 6 ისრის პრინციპით იწყება, სადაც რესპუბლიკანიზმი განმარტებულია როგორც პლურალიზმზე და ადამიანის უფლებებზე დამყარებული, ათათურქისეული ნაციონალიზმი როგორც კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტული თანასწორუფლებიანი მოქალაქეობა, ეტატიზმი როგორც სოციალური სამართლიანობა და სამართლიანი განვითარების მოდელი, სეკულარიზმი როგორც განსხვავებული სარწმუნოებების და ცხოვრების სტილების პატივისცემაზე დაყრდნობილი, სახალხოობა როგორც ჰუმანისტური სოლიდარობის პრინციპი და ქემალისტური რეფორმიზმი/რევოლუციურობა, როგორც განმანათლებლობა და დემოკრატიული რევოლუციისკენ სწრაფვა.
 
ამავე დროს, სახალხო რესპუბლიკური პარტიის შინაგანაწესი, ათათურქს აღიარებს მის მუდმივ ლიდერად, ხოლო პარტიის ლოგო არის წითელ ფონზე ექვსი თეთრი ისარი, რომლებიც ქემალიზმის ექვს ძირითად პრინციპს წარმოადგენს.
 
==ლიტერატურა==
 
*ISBN: 6058314900 Ayata, Sencer - CHP Söylem, Politika, İdeoloji, KA Kitap, İstanbul, 2016,
*ISBN:9789750500053 Bora, Tanıl, Gültekingil, Murat (Eds.) – Modern Türkiye’de Siyasi Düşünce, 2. Cilt,Kemalizm, İletişim Yayınları, İstanbul, 2009,
*ISBN:9789750500879 Bora, Tanıl, Gültekingil, Murat (Eds.) – Modern Türkiye’de Siyasi Düşünce, 4. Cilt:Milliyetçilik, İletişim Yayınları, İstanbul,2008,
*ISBN 0–415–38458–3 Çağaptay, Soner – Islam, Secularism and Nationalism in Modern Turkey: Who is a Turk?, Routledge, 2006,
*ISBN 10: 0-203-88474-4 Ciddi, Sinan – Kemalism in Turkish Politics: The Republican People’s Party, Secularism and Nationalism, Routledge,2009,
* ISBN 978-3-95650-633-8 Düzyol, Tamer, Berger, Lutz (Eds.) – Kemalism as a Fixed Variable in the Republic of Turkey: History,Society, Politics, Ergon Verlag, Baden-Baden, 2020,
*1SBN-13: 978-975-470-026-8 Köker, Levent – Modernleşme,Kemalizm ve Demokrasi, İletişim Yayınları, İstanbul, 2007,
*ISBN 975-470-000-l Parla, Taha – Ziya Gökalp, Kemalizm ve Türkiye’de Korporatizm, İletişim Yayınları, İstanbul, 1991,
*ISBN 978-3-319-97403-3 Ter Matevossyan, Vahram - Turkey, Kemalism and the Soviet Union: Problems of Modernization, Ideologyand Interpretation, Palgrave Macmillan, 2019,
*ISBN: 978 1 78453 186 7 Zürcher, Erik Jan – Turkey – A Modern History, I. B. Tauris, London – New York, 2017,
*ISBN: 978-1-84885-271-6 Zürcher, Erik Jan – The Young Turk Legacy and Nation Building: From the Ottoman Empire to Atatürk’s Turkey, I.B. Tauris, London – New York, 2010, გვ. 136,
 
 
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქემალიზმი“-დან