ქოდალოს ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ქოდალოს ღვთისმშობლის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი გურ...
(განსხვავება არ არის)

10:19, 14 ივნისი 2020-ის ვერსია

ქოდალოს ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოდალოს სამხრეთ განაპირას ჰ. იოსელიანის ცნობით ეკლესია აუგია მეფე გიორგი XII-ს მინბაშის, კახეთის სამეფოს პოლიტ და სამხრეთ მოღვაწის აბელ ანდრონიკაშვილს 1817-1835 წლებს შორის.

ნაგებია მთლიანად ქართული აგურით. დგას ქვიშა-ქვის ნატეხი ქვით ნაშენ ერთსაფეხურიან ცოკოლაზე. ეკლესია გეგმით ტეტრაკონქს წარმოადგენს. ცენტრი გუმბათქვეშა კვადრატს ყოველი მხრიდან კონქით გადახურული ნახევარწრიული აფსიდით უერთდება. ყოველი მათგანის წინ მოკლე (დაახლოებით 70 სანტიმეტრის სიმაღლის ) ბემაა. ნაგებობას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (ჩრდილოეთ შესასვლელი ერთ-ერთი რემონტის დროს ამოუშენებიათ) ორივე კარი შესაბამისი აფსიდების ღერძებზეა განთავსებული ქვიშაქვის ნათალი ქვის წყობით გამოყვანილ შესასვლელთა ფართო ღიობები გარედან სწორკუთხაა, შიგნით კი კედლის თაღოვან შეღრმავებაში არის მოქცეული.

საკურთხეველში სამი თანაბარი ზომის ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი სამივე სარკმლის ქვემოთ თითო თაღოვანი ნიშაა. ნიშები სარკმლების მსგავსად ერთ დონეზე მდებარეობს და კედლის მცირედ შეღრავებულ ნაწილებში არის ჩასმული. თითო ნახევარწრიული თაღოვანი პატარა ნიშა საკურთხევლის ბემის კედლებშიცაა. თითო ნიშაა სამხრეთ და ჩრდილოეთ ბემების აღმოსავლეთ კედლებში, რომლებიც როგორც ჩანს ხატების დასაბრძანებლად იყო განკუთვნილი. შიდა სივრცის გასანათებლად, საკურთხევლის სარკმლების გარდა, მძიმე თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი დანარჩენ აფსიდებშიც ყოველ მათგანში ხის შემინული ალათაა ჩასმული. საკურთხევლის ბაქანი ეკლესიის იატაკზე ერთი საფეხურით მაღლაა, იგი საკურთხევლის საზღვრებს სცილდება და გუმბათქვეშა სივრცეში გამოდის.

ეკლესიის გუმბათქვეშა სივრცე აფსიდებისაგან მარტივი პილასტრების წყვილთა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული საბჯენი თაღებითაა გამოყოფილი. პილასტრებს იმპოსტები აგვირგვინებს, რომელთა პროფილს თარო და ამოზნექილი ზედაპირი ქმნის. გუმბათქვეშა თაღების შუა სიმაღლეზე მოთავსებულია ორ საფეხურიანი შეკიდული საბჯენი თაღები, რომელთა მეშვეობით გუმბათქვეშა კვადრატის არე საგრზნობლადაა შემცირებული. გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში მოწყობილია აფრები, რომელებიც საბჯენ თაღებთან ერთად გუმბათის ყელის წრიულ საფუძველს ქმნის. გუმბათის ყელში თორმეტი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. შიგნიდან გარეთკენ მკვეთრად შევიწროვებულ ამ სარკმლებსაც ხის შემინული ალითები აქვთ.

ეკლესიის გარეგანი აღნაგობა პირდაპირ იმეორებს სივრცის შიდა დანაწევრებას. ეკლესიის ორივე შესასვლელი და საკურთხევლის ცენტრალური სარკმელი ორი საფეხურ შეღრმავებულ და თაღით დასრულებულ მაღალ ნიშებშია ჩასმული. თითოეული ნიშის ზემოთ წყობაში შეღრმავებული თითო მაღალი ჯვარია, გვერდებზე კი ერთ ვერტიკალზე განლაგებული ურთიერთგადაბმული რომბების მწკრივი აუყვება, რომლებიც აფსიდთა შვერილების თითქმის მთელ სიმაღლეს მოიცავს. თითო მაღალი ნიშაა გამოყვანილი აფსიდთა კედლების თანხვედრის ადგილებში, შენობას ოთხი ასეთი ნიშა აქვს, ოთხივე ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში, რომელიც დასრულებულია აგურის ხერხულა წყობით გამოყვანილი საფეხურიანი ფრიზით.

ეკლესიის კედლებს მაღალი, პროფილირებული ლავგარდანი ასრულებს. იგი ყირაზე დაყენებული ლეკალური აგურებითაა შექმნილი. ლავგარდნის ქვემოთ, ღია ფერის აგურების თავისებური წყობით გამოყვანილია დეკორატიული (მეანდრის მსგავსი) ზოლი (სიმაღლე 25-30 სანტიმეტრი), რომელიც კედლების მთელ პერიმეტრზე შემოუყვება. ამ ზოლის არეში, ერთმანეთისაგან გარკვეული შუალედებით დაცილებული პატარა კვადრატული ხვრელობები გამოდის (კონქების სივრცის გასანიავებლად?). შენობის ოთხივე აფსიდი კრმიტის სახურავითაა გადახურული.

გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. წახნაგები ერთმანეთისაგან ლეკალური აგურით გამოყვანილი ლილვებითა გამიჯნული, რომლებიც წახნაგების წიბოებს თითქმის სიმაღლის 3/4-ზე აუყვება. ზედა ნაწილში კი ჯვრის მკლავების მსგავსი განშტოებები აქვს. წახნაგების ღერძზე სარკმელთა ვიწრო ხვრელობებია. თვითოეულ სარკმელს ლილვი ევლება, რომლებიც ლილვითვე შემოფარგლულ ფართო თაღოვან არეშია მოქცეული და წახნაგის მთელ სიგანეს მოიცავს. გუმბათის ყელი სიმაღლეში ლეკალური აგურით ნაწყობი ოთხი სარტყლით რამდენიმე სხვადასხვა სიმაღლის ნაწილად იყოფა. ერთი სარტყელი გუმბათის ყელის ფუძეს შემოუყვება, მეორე, რომელსაც წახნაგების გამმიჯნავი ლილვები ეყრდნობა; ქვედა სარტყლიდან 40-ოდე სანტიმეტრის სიმაღლეზეა - სარკმელთა ფუძის დონეზე, მესაემ კი საგრძნობლად მაღლაა ატანილი წახნაგთა გამმიჯნავ ლილებზეა დაყრდნობილი; მის ზემოთ კიდევ ერთი სარტყელია, რომელიც მესამე სარტყელის თავზე დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის არეს გამოყოფს. ამ არეზე, სარკმლების გასწვრივ, თითო სარკმლის გამოტოვებით. თითო პატარა ფრონტონია გამოყვანილი. გუმბათის ყელის მაღალი, ლეკალური აგურით ნაწყობი პროფილირებული ლავგარდანი აგირგვინებს. გუმბათი გადახურულია კარვისებრი ფორმის თუნუქის სახურავით. ეკლესიის დასავლეთ აფსიდის კონქზე კვადრატული გეგმის სამრეკლოა დადგმული. სამრეკლოს თითოეული წახნაგი თითო შეისრულ თაღოვანი ღიობითაა გახსნილი და თუნუქით შემოსილი პირამიდული სახურავი აქს.

ეკლესიას გარს ევლებოდა ოთხკუთხა მოხაზულობის ზღუდე, რომლის ნაშთები აქ-იქღაა შემორჩენილი.

XX საუკუნის 90-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა, აღადგინეს ლავგარდნის დანგრეული ნაწილები. ეკლესიის ძირითადი კორპუსი გადახურეს კრამიტით, ხოლო გუმბათი და სამრეკლო-თუნუქით.

ლიტერატურა