კავკასიის მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კავკასიის მუზეუმი''', ''კავკასიური მუზეუმი'', [[მეცნიერება|მეცნ...
(განსხვავება არ არის)

23:31, 7 დეკემბერი 2007-ის ვერსია

კავკასიის მუზეუმი, კავკასიური მუზეუმი, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი კერა საქართველოსა და ამიერკავკასიაში 1852-1919 წლებში. კავკასიის მუზეუმი, როგორც კომპლექსური სამხარეთმცოდნეო დაწესებულა, დაარსდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებასთან (რგსკგ) მწერალ ვლადიმერ სოლოგუბის ინიციატივით. მის შექმნაში მონაწილეობდნენ რუსი და ქართველი მოღვაწეები (ადოლფ ბერჟე, ი. ბარტოლომეი, ნიკოლოზ ხანიკოვი, ალექსანდრე ნიკოლაი, გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, გ. ერისთავი, რაფიელ ერისთავი და სხვა). 1853 წლის დამდეგს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ აირჩია კავკასიის მუზეუმის დირექცია (დირექციის თავმჯდომარე ა. ნიკოლაი, ერთ-ერთი დირექტორი ვ. სოლოგუბი, ზედამხედველი ა. ბერჟე).


კავკასიის მუზეუმს ჰქონდა 3 კაბინეტი: ეთნოგრაფიული, ისტორიული და საბუნებისმეტყველო. ეთნოგრაფიული კაბინეტის მოწყობაში დიდი წვლილი შეიტანა რაფიელ ერისთავმა (მოაწესრიგა ეთნოგრაფიული მასალა, დაიწყო ეთნოგრაფიული კატალოგის შედგენა). კავკასიის მუზეუმისთვის გამოყოფილი სახსრების სიმცირის გამო სამუზეუმო კოლექცია ივსებოდა უმთავრესად შეწირულებათა გზით. არსებობის პირველ წელს კავკასიის მუზეუმს ჰქონდა მცირე კოლექცია (105 საგანი — ტანსაცმელი, ავეჯი, იარაღი, ჭურჭელი, სამკაული, მუსიკალური საკრავები, ძვ. ფულები, მემორიალური ნივთები, ეგვიპტის მუმია, მინერალები და სხვა). შეძენილ ექსპონატებს მეცნიერები სწავლობდნენ. 1855 წლის სექტემბერში გაიხსნა პირველი გამოფენა. 1859 წელს საბუნებისმეტყველო კაბინეტის კონსერვატორა (მცველად) მოიწვიეს ფრიდრიხ ბაიერნი. მისი ხელმძღვანელობით მასალების შესაკრებად ეწყობოდა ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რის შედეგადაც ფონდებს 28600 ექსპონატი შეემატა (მუზეუმის სივიწროვის გამო ბაიერნის კოლექციების დიდი ნაწილი ინახებოდა მის ბინაზე). რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებაში სამუზეუმო საქმის საკითხში იმხანად ერთმანეთს უპირისპირდებოდა ორი თვალსაზრისი, ერთი თვლიდნენ, რომ საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარებისათვის ყველა პირობა არსებობდა (ამ თვალსაზრისს იცავდა რ. ერისთავი), სხვები მიიჩნევდნენ, რომ კავკასიის მუზეუმი უნდა დახმარებოდა დასავლეთის მეცნიერებს კავკასიის გაცნობაში და ექსპონატებით შეევსო ევროპის მუზეუმების ფონდები. თანდათან გაიმარჯვა მე-2 თვალსაზრისმა (მისი მთავარი გამომხატველი იყო ბარტოლომეი, რომელიც სოლოგუბის წასვლის შემდეგ, 1855 წლიდან, კავკასიის მუზეუმის დირექტორად დაინიშნა). კავკასიის მუზეუმის დირექცია ჯეროვანი ყურადღებით აღარ ეკიდებოდა ახალ ექსპონატების შეძენას. მაგ., 1857 წელს მან უარი თქვა შეეძინა მიხეილ ბარათაშვილის ნუმიზმატიკური კოლექცია, რომელიც შემდეგ ბერლინის მუზეუმში მოხვდა. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ გააუქმა კავკასიის მუზეუმის დირექცია და, არსებითად, მუზეუმის ხელმძღვანელობა ი. ბარტოლომეის დაეკისრა. 1864 წელს კავკასიის მუზეუმი დაიხურა.

ლიტერატურა

  • ჟორდანია გ., კავკასიური მუზეუმის დაარსება, თბ., 1951;
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი ოქტომბრის რევოლუციის 40 წლისთავზე, «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1957, ტ. 19 A და 21 B  ;
  • Радде Г. И., Краткий очерк истории развития Кавказскиги музея в первые 25 лет существования..., Тфл., 1891;
  • ჟორდანია გ., ქსე, ტ. 5, გვ. 306-307, თბ., 1980